სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    01.12.2017

     აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" გადმოცემის საპასუხოდ მოსკოვი თბილისს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ერთგვარ "გამაფრთხილებელ" მესიჯებს უგზავნის და ძალის დემონსტრირებისთვის გუშინ აფხაზეთის რუსულ ბაზაზე ასი ერთეული თანამედროვე სამხედრო ტექნიკა შეიტანა, ცხინვალის რეგიონში 4-ვე რუსულ ბაზაზე კი დაუგეგმავი მასშტაბური წვრთნები დაიწყო.

    ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე მოსკოვის გააქტიურება რომ "ჯაველინებზე" პასუხია, ამაში ეჭვი არ ეპარება უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას.

    საგულისხმოა, რომ 28 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის "ჯაველინის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემის მიყიდვის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრთხის შემცველია თბილისისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, კონკრეტულად კი საუბარია აშშ-დან "ჯაველინის" მიწოდებაზე, ასევე, აშშ-ის მიერ დაგეგმილი ახალი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობასა და სამხედრო შენაერთების მომზადების პროგრამაზე.

    "რუსეთი მსგავს სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს, როგორც პირდაპირ ბიძგს თბილისისთვის რეგიონში მორიგი საშიში ავანტიურის განხორციელებისკენ," - ნათქვამია განცხადებაში.

    ვახტანგ მაისაიას თქმით, მოსკოვი მარტო განცხადებით არ შემოიფარგლა და ახლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან "კუნთების ჩვენებაც" დაიწყო.

    რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის გუშინდელი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის გადაიარაღება ხდება და 100 ერთეული ახალი სამხედრო ტექნიკა შეიტანეს. სამხედრო ბაზას გადაეცა თანამედროვე ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, მოძრავი სადაზვერვო პუნქტები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გარკვეული შეიარაღება და რადიოელექტრონული ბრძოლის ავტომატიზებული კომპლექსები. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ტექნიკა აღჭურვილია მე-5 თაობის რადიოსადგურით, კოორდინატების განსაზღვრის სისტემებით და ა.შ.

    ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსული სამხედრო ბაზა, რომლის პირადი შემადგენლობაში შედის 4 ათასი სამხედრო, მათი წვრთნებისთვის კი გუდაუთის და ნაღვალოუს სამხედრო პოლიგონები გამოიყენება.

    რუსეთმა პარალელურად გაააქტიურა ცხინვალის რეგიონის რუსული ბაზებიც. გუშინ 4-ვე რუსულ სამხედრო ბაზაზე მასშტაბური სწავლება დაიწყო 3 ათასი რუსი სამხედროს მონაწილეობით. როგორც ოსური მედია წერს, მასშტაბური ტრენინგის დროს სამხედრო მოსამსახურეები სწავლობენ უსაფრთხოების მოთხოვნებს ყოველდღიური და საბრძოლო მოქმედებებისას ზამთრის პერიოდში.

     ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აფხაზეთში ახალი შეიარაღების შეტანაც და ცხინვალის რეგიონში საგანგებო წვრთნებიც "ჯაველინებს", აგრეთვე აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებას უკავშირდება და "ეს არის "კუნთების თამაში", ოღონდ მოდერნიზებულ სტილში. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი პრელუდია."

    ვახტანგ მაისაია: "რუსეთის თავდაცვამ სულ ახლახან შეისყიდა ახალი საბრძოლო ერთეულები, მაგალითად, აღმოსავლეთის სტრატეგიულმა სარდლობამ მიიღო 1 000 ახალი ტიპის საბრძოლო შეიარაღება, სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შედიან, მიიღო შეიარაღების 2 000 ახალი ერთეული და სწორედ ეს განათავსეს აფხაზეთის ბაზებზე. გამორიცხული არ არის, "ჯაველინების" შესყიდვაზეც იყოს ეს ერთგვარი პასუხი. ჩვენ ამერიკელებისგან შევისყიდეთ "ჯაველინების" ტიპის მეოთხე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები და რუსებმა საპასუხოდ თავიანთი ძალაც გვაჩვენეს - ახალი ტიპის შეიარაღების ელემენტები შემოიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის საუბარია დამრტყმელ ტანკებზე - ტე-80-უ. ეს ტანკი იმითაა ცნობილი, რომ მას აქვს დამატებითი დამცავი ჯავშანი, ელექტრონულ მართვაზეა, აქვს რადიოლოკაციური ბრძოლის ელემენტებიც, რომლის მეშვეობითაც შეუძლია, მოატყუოს კომპლექსიდან გამოსული რაკეტები."

    მაისაიას თქმით, ასევე, საქართველოს სამხედრო-დიპლომატიურ გააქტიურებას აშშ-ის მიმართულებით უკავშირდება ცხინვალის რეგიონში წვრთნების დაწყებაც.

    "ცხინვალის რეგიონის რუსულ ბაზებზე 5 600 სამხედროა და 3 000 ჯარისკაცის წვრთნებზე გამოყვანა არის რუსული სამხედრო შენაერთის, ფაქტობრივად, 80%. დიდი მკითხაობა არ სჭირდება, რომ ეს სწავლება არაგეგმური ტიპისაა. როგორც ჩანს, ერთგვარი უცაბედი განგაშის კონტექსტშია მოწყობილი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა ასეთი სპეციალური, არაგეგმური ტიპის სწავლების მოდელი, რათა ბრძოლისუნარიანობის დონე შეაფასონ და გარკვეული "იქს" სიტუაციებისთვის მუდმივად მზად იყვნენ. ეს მომენტები პასუხია ჩვენი მიმართულებით. ეს არის "კუნთების თამაში", ოღონდ მოდერნიზებულ სტილში. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი პრელუდია," - ამბობს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გუშინ   (01.12.2017)
    რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ ბაზაზე ახალი სამხედრო ტექნიკა შეიტანეს. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით. ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ბაზას 100 ერთეული საბრძოლო მანქანა გადაეცა, ტექნიკის მიწოდება გადაიარაღების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter