სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სეპარატისტულდროშიან მემორიალს ძველ ადგილზე აბრუნებენ
    ეკატერინე ბასილაია
    01.12.2017

     შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში არსებული აფხაზური მემორიალის ამბავი ისევ გრძელდება. სოხუმში ომის დროს დაღუპულთა მემორიალი, რომელზეც სეპარატისტული აფხაზური დროშაა გამოსახული, ძველ ადგილზე უცვლელად ბრუნდება და შოტლანდიის მხარე სოხუმსა და თბილისს სთავაზობს, ერთად დასხდნენ და კომპრომისულ, ყველასათვის მისაღებ ტექსტზე და ფორმაზე შეთანხმდნენ, რათა მომავალში შეიცვალოს ძეგლი და არც ერთი მხარე შეურაცხყოფილი არ დარჩეს.

    სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზ გმირთა მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად ბრუნდება და ეს დიდი გამარჯვებაა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთი კვირის წინ ამტკიცებდა, მემორიალი ძველ ადგილზე მხოლოდ კორექტირებული სახით დაბრუნდებოდა, საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ეს არ გამართლდა.

    რატომ ამტკიცებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, რომ მემორიალი მხოლოდ კორექტირებული სახით დაბრუნდებოდა და რა შეიცვალა ახლა, ამაზე "რეზონანსის" შეკითხვას საგარეო საქმეთა სამინისტროში არ უპასუხეს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ განცხადების მიღებისთანავე დაგვიკავშირდებოდნენ, მაგრამ ეს განცხადება არ მიგვიღია.

    "ექსპერტთა კლუბის" წევრი, კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქართულმა დიპლომატიამ უკან დაიხია.

    "შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ქართულმა დიპლომატიამ უკან დაიხია. რადგან აფხაზეთში ამან საკმაოდ ხისტი შეფასებები გამოიწვია, ვფიქრობ, რომ ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაცხადებული შერიგების პოლიტიკის კონტექსტში გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე სჯობს, მემორიალი დაბრუნდეს. არ მგონია, შოტლანდიელების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ქართული მხარე ინფორმირებული არ იყო წინასწარ, ან თავად ქართულმა მხარემ თავად არ მოითხოვა, ამ ეტაპზე დაბრუნებულიყო მემორიალი არსებული სახით, რათა სოხუმში ეს აჟიოტაჟი მიწყნარდეს," - აცხადებს ცქიტიშვილი.

    ცნობისათვის, ორი დღის წინ აღმოსავლეთ ეირშირის (შოტლანდია) საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალაქ კილმარნოკში აღებული მემორიალი ძველ ადგილზე უცვლელად დაბრუნდება, ამავე დროს საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა შემუშავდეს ქვაზე დასატანი ყველა მხარისთვის მისაღები უნივერსალური ტექსტი და გაგრძელდეს დიალოგი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მემორიალი ეძღვნება კონფლიქტში მონაწილე არა რომელიმე ერთ მხარეს, არამედ კილმარნოკის დაძმობილებულ ქალაქ სოხუმში ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

    ქართულმა მხარემ აღნიშნული მემორიალის დემონტაჟის საკითხი ნოემბრის დასაწყისში დააყენა. 10 ნოემბერს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ ქალაქ კილმარნოკში 1992-93 წლების ომში დაღუპული სოხუმელების ხსოვნის მემორიალური ქვის დემონტაჟი მოითხოვეს, რადგან მასზე "აფხაზეთის რესპუბლიკის" დროშა იყო გამოსახული და შოტლანდიის ადგილობრივი ხელისუფლებიდან თანხმობაც მიიღეს.

    ამ განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი აღშფოთება მოჰყვა. განცხადება გაავრცელა სოხუმის ფე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სადაც მემორიალის დემონტაჟის მოთხოვნა შეფასდა, როგორც "საქართველოს აგრესიული ქმედება" და "ვანდალიზმის მორიგი აქტი". 15 ნოემბერს ე.წ. აფხაზური საზოგადოებრივი პალატის სახელით ქალაქ კილმარნოკის მუნიციპალიტეტის პალატაში მიმართვის წერილი გაიგზავნა, სადაც ითხოვდნენ, რომ არ დანებებულიყვნენ "საქართველოს ელჩის მიერ ინიცირებულ პროვოკაციას", რომლის ქმედება აფხაზეთის, ამ პატარა ერის, წინააღმდეგ საქართველოს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა და რომლის მიზანი დაძმობილებული ქალაქების - სოხუმისა და კილმარნოკის ურთიერთობის დანგრევაა. აფხაზები იმედს გამოთქვამდნენ, რომ კილმარნოკის ადგილობრივი ხელისუფლება არ დაუშვებდა "თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის დაცემულთა ხსოვნის შეურაცხყოფას".

    ამის შემდეგ თბილისში განცხადებით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და თქვა, რომ მემორიალი ადგილზე დაბრუნდებოდაა, ოღონდ კორექტირებული. თქვა, რომ დემონტაჟი ან ნგრევა ქართულ მხარეს არ მოუთხოვია, ადგილობრივ ხელისუფლებას მიუთითეს, რომ ეს მემორიალი შეიცავდა პოლიტიზებულ სიმბოლიკას, მათ კი გადაწყვიტეს, კორექტირებისათვის დროებითი დემონტაჟი მომხდარიყო და "როცა გასწორდება, თავის ადგილზე დაბრუნდება".

    რა იქნება მომავალში და არის თუ არა რეალური, რომ აფხაზი სეპარატისტები ოფიციალური თბილისისთვის მისაღებ წარწერას დაუჭერენ მხარს, ან მემორიალიდან მათი დროშის წაშლას დათანხმდებიან, პროგნოზი რთულია.

    ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, მემორიალთან დაკავშირებით აფხაზები რეალობის მხოლოდ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, სინამდვილეში კი ისტორია დამთავრებული არ არის, რადგანაც შოტლანდიის საბჭომ განაცხადა, რომ მოიწვიოს აფხაზური და ქართული მხარეები და მემორიალისთვის ალტერნატიული, უნივერსალური, ყველასთვის მისაღები შინაარსი უნდა შემუშავდეს. თუმცა დასძენს, რომ ეს დაბრუნება გარკვეულწილად არის ქართული დიპლომატიის მარცხი, რადგან დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიიყვანეს, რაც ძალიან ცუდია.

    "ცუდია თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზები ქილიკობენ, ქართველებმა უკან დაიხიესო. ეს საკითხი უფრო მკაცრად უნდა დაგვეყენებინა მიუხედავად იმისა, რომ ამ მემორიალზე მუშაობა ისევ გაგრძელდება, რაც ოფიციალურად არის გაცხადებული," - ამბობს ცქიტიშვილი.

    მისი თქმით, ბოლო პერიოდში ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით საგარეო უწყების პოლიტიკა შესუსტებულია, რაც იმაშიც აისახება, რომ ბოლო დროს აფხაზები და ოსები სხვადასხვა ფორუმში აქტიურად მონაწილეობენ, ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ხსნიან და ძალიან მოხშირებულია აფხაზების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის უცხოური ვიზიტები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter