სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მერია აღშფოთებულია, შსს საქმის აღძვრას არ აპირებს
    გვანცა ღვედაშვილი
    30.11.2017

     თბილისში ძეგლებზე პირბადეების აკვრის აქცია ახალი კამპანიის დასაწყისია, რომლის უკანაც "ჟანგბადის ნინძები" დგანან. როგორც "რეზონანსთან" "პარტიზანი მებაღე" ნატა ფერაძე აღნიშნავს, იგი იცნობს აქციის ორგანიზატორებს, თუმცა მათი ვინაობის გამჟღავნება არ სურს. ამასთან, ფერაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის პერფორმანსები მომავალშიც ჩატარდება, რაზეც ამ აქციის სავარაუდო ორგანიზატორთა მიერ გუშინ გავრცელებული ანონიმური წერილიც მიუთითებს.

    ცნობისთვის, გუშინ, დილით თბილისში არსებული ძეგლთა ნაწილი მოქალაქეებს პირბადეაკრული დახვდათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე შენიღბულია გიორგი ლეონიძის, გალაკტიონის, ილიასა და აკაკის, მიხეილ თუმანიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა ძეგლები.

    მოგვიანებით რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ ანონიმური შეტყობინება მიიღო, რომლის ავტორებიც აცხადებენ, რომ ეს აქცია მათ განახორციელეს.

    "სოციალურ აქტს თავის თავზე იღებენ "ჟანგბადის ნინძები". ვითხოვთ სუფთა ჰაერს ქალაქში! ეს მხოლოდ დასაწყისია. ნიღბებს ჩვენ თვითონ მოვხსნით 3 დღეში", - ნათვამია შეტყობინებაში.

    აღნიშნულმა აქციამ თბილისის ვიცე-მერის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

    "ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, მით უმეტეს, არც ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეეძლოთ ამის გაკეთება და არა - ძეგლების შეურაცხყობის გზით.

    "ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქცია, აუცილებლად გავატარებთ, რადგან ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ მერიას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, ვინ ატარებს ამ აქციას და ვინ აღჭურვა ძეგლები პირბადეებით.

    თუმცა, როგორც "რეზონანსს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ორგანიზატორებმა 28 ნოემბერს აღნიშნული პერფორმანსის ნებართვისთვის მერიაში განაცხადი შეიტანეს, მაგრამ უწყების მხრიდან შესაბამისი ნებართვა არ გაცემულა.

     "განცხადება შემოტანილი იყო 28 ნოემბერს, საღამოს ექვს საათსა და თხუთმეტ წუთზე, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა გაცემული იქიდან გამომდინარე, რომ დღის ბოლო იყო ანუ, წერილობითი სახის ნებართვა ამ ძეგლების აღჭურვაზე მიღებული არ ჰქონდათ", - განგვიცხადეს თბილისის მერიაში, თუმცა განაცხადის ავტორთა ვინაობა არ დაგვიკონკრეტეს.

    აღნიშნულ აქციაზე კომენტარი "რეზონანსთან" პარტიზანული მებაღეობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნატა ფერაძემაც გააკეთა. მისი განცხადებით, მერია ინფორმირებული იყო აღნიშნული პერფორმანსის შესახებ და მათი განცხადებები სასაცილოა.

    "ეს არის ძალიან ეფექტური პერფონმანსი, რადგან დილიდან მირეკავდა არაერთი მედიის წარმომადგენელი და ეს უკვე ნიშნავს, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვა აქციას. წინა პლანზე ისევ ჰაერის დაბინძურების თემა წამოვიდა.

    "ძალიან სასაცილო კომენტარები გააკეთა მერიამ ძეგლების შეურაცხყოფაზე. ძალიან მაინტერესებს, რამ შეურაცხყო, რადგან ამით არც ერთი ძეგლი არ დაზიანებულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ეშინიათ სოციალური აქტივიზმის.

    "კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ქმედებით არაფერი არ დაზიანებულა, მერიაში ორგანიზატორებს განაცხადიც კი ჰქონდათ შეტანილი, რომ ორ დღეში თავადვე მოაშორებდნენ ძეგლებს ამ ნიღბებს.

    "ეს არ არის რაიმე ჯგუფის მიერ მოწყობილი აქცია, არამედ რამდენიმე ადამიანის ერთობის მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციაა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე ძეგლთან პირბადეების დამონტაჟებისას მათთან დაცვაც მივიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს განაცხადი აჩვენეს, დაცვამ თავი დაანება", - აცხადებს ფერაძე.

    ჩვენს კითხვაზე, იცნობს თუ არა კამპანიის ორგანიზატორებს, ფერაძე გვპასუხობს, რომ პირადად იცნობს მერიაში წარდგენილი განცხადების ხელმომწერს, თუმცა მას საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს, ამ პერფორმანსზე გაჩერებას არ აპირებს და მსგავსი ტიპის აქტივობებს მომავალშიც ვიხილავთ.

    ამ ამბებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება შსს-მაც გააკეთა. პოლიციის ცნობით, უწყებაში შევიდა სამი მოქალაქის წერილი იმის შესახებ, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საზოგადო მოღვაწეთა და კულტურის ძეგლებს დაუდგენელმა პირებმა პირბადეები გაუკეთეს.

    "აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფაქტი ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა და დადგინდა, რომ განცხადებაში მითითებული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რის შესახებაც ეცნობა განცხადების ავტორებს", - განმარტავენ შსს-ში.

    როგორც "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, ეს "ძალიან კარგი საპროტესტო ფორმაა და ამ იდეის ავტორი და განმახორციელებელი არ უნდა იმალებოდეს."

    "ამასთან, თუკი, არ ყოფილა მერიასთან შეთანხმება, მაშინ შესაძლოა, განვიხილოთ როგორც ვანდალური ქმედება, მაგრამ ეს უფრო უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაული.

    "თუ არ იტყვიან, რომ ეს არის საპროტესტო აქცია, მაშინ ჩაითვლება, რომ ეს არის ვანდალიზმი და ძეგლთა შურაცხყოფა და საზოგადოების უპატივცემულობა, ხოლო თუ იტყვიან, რომ ეს იყო საპროტესტო აქციის ფარგლებში მოწყობილი ვიზუალიზაცია, მაშინ ჩაჯდება გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა აალაგონ ის, რაც ძეგლებზე დაამაგრეს", - განაცხადა მუხაშავრიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter