სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მორიგი "დიპლომატიური წარმომადგენლობა" და აფხაზეთის "განსაკუთრებულ დავალებათა" იტალიელი "ელჩი"
    ნინო ქეთელაური
    30.11.2017

     ოკუპირებული აფაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იტალიაში "დიპლომატიური წარმომადგენლობა" გახსნა, ქართული მხარე კი აცხადებს, რომ ეს ნონსენსია და აფაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ იტალიის ქალაქ ბარიში ჩატარებულ პრესკონფერენციას მინუციპალურ ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

    ექსპერტების შეფასებით, საქმე გვაქვს რუსული სპეცსამსახურების გავლენასთან, რომელთა ფინანსებიც "ბევრ რამეს წყვეტს".

    იტალიაში აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ "სპუნტიკ-აბხაზიას" დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ განუცხადა, რომელიც "სამუშაო ვიზიტით" იტალიაში იმყოფება. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყების საიტზე წერია, რომ იტალიაში, ქალაქ ბარიში, კან ტანიას პრესკონფერენციაც გაიმართა.

    მათი ინფორმაციის თანახმად, კან ტანიამ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის, მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ უამბო და ის ღონისძიებებიც ჩამოთვალა, რომლებიც იტალიასა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის განხორციელდა. მათ შორის დაასახელა ურთიერთობების დამყარება იტალიელ და აფხაზ ხალხს შორის, ასოციაცია "ევროპა-აფხაზეთის" გახსნა, აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტისა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლობის გახსნა.

    გარდა ამისა, პრესკონფერენციის მსვლელობისას გაცხადდა "აფხაზეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის შესახებ იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალზე".

    როგორც ტანია აცხადებს, მისი იტალიაში ყოფნის მიზანი "იტალიასა და ევროკავშირში აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის დასრულებაა".

    "კლასიკური დიპლომატიური ფუნქციები წარმომადგენლობას არ ექნება, ვინაიდან მას აკრედიტაცია არ აქვს გავლილი, რაც გამოწვეულია იმით, რომ იტალიას აფხაზეთის დამოუკიდებლობა ჯერ არ უღიარებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთის პოზიცია გავაცნოთ", - განაცხადა კან ტანიამ და აღნიშნა, რომ ე.წ. წარმომადგენლობა იქნება "ხიდი, რომელიც აფხაზებსა და იტალიელებს დაახლოებს".

    აღსანიშნავია, რომ ტანიას თან ახლდა "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი", ვინმე ვიტო გრიტანი.

    ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კარლო სიხარულიძე აცხადებს, რომ ეს დეზინფომაციაა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პრესკომფერენციას არავითარი კავშირი არ ჰქონდა მუნიციპალურ ხელისუფლებასთან.

    "რაც შეეხება "დიპლომატიური წარმომადგენლობის" გახსნას, ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთი რამ ბუნებაში არ შეიძლება, მოხდეს. ჩვეულებრივი დეზინფორმაციაა", - განაცხადა სიხარულიძემ.

    დეტალების გასარკვევად "რეზონანსი" საქართველოში იტალიის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ამასთან, განაცხადეს, რომ განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებდნენ, თუმცა ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს. "რეზონანსი" შეეცადა, ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც მიეღო, თუმცა, ასევე უშედეგოდ.

    აქვე შეგახსნებთ, რომ, როგორც სოხუმელი, ისე ცხინვალელი სეპარატისტების მხრიდან იტალიის ქალქებში და კერძოდ ბარიში სტუმრობა პირველი არ არის. მათ შორის იყო "თანამშრომლობის ხელშეკრულებები" და ევროპაში საკუთარი ინტერესების დამცველად იტალიელი ჟურნალისტის, ყოფილი ევროდეპუტატ ჯულიეტო კიეზას დასახელება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებები სწორედ მისი შუამავლობით ახერხებენ იტალიის ქალაქებთან მსგავსი კონტაქტების დამყარებას.

    აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი წარმომადგენლობა იტალიაში 2012 წელსაც გაიხსნა, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები ლობირებდნენ.

    "რუსული სპეცსამსახურების ხელშეწყობით, რომელთაც ძალიან დიდი გავლენა აქვთ ევროპაში ბევრ მემარცხენე ძალაზე, იტალიაში 2012 წელს უმასპინძლეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაციას. იქ მათ მაშინ გახსნეს "წარმომადგენლობა", ვინმე მაურო მურჯიას ხელმძღვნელობით.

    "თუ წარმოვიდგენთ, რას ნიშნავს წარმომადგენლობის გახსნა რომელიმე სახელმწიფოში, ამას სჭირდება ფინანსები და კონტინგენტი, რომელიც სათანადო მუშაობას გასწევს იქ. მსგავს წარმომადგენლობას ძირითადად სათავეში უდგანან ან იქაური პიროვნებები, რომლებიც ძალიან საეჭვოდ არიან დაკავშრებული რუსულ სპეცსასამახურებთან, ან კიდე - ევროპაში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.

    "ამასთან, მათ, ვინც იქ აფხაზურ სეპარატიზმს ლობირებენ, იტალიის პარლამენტში არავითარი გავლენა არ აქვთ. შესაბამისად, თვითონ სახელმწიფოს კურსი, რომ არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რჩება უცვლელად.

    "შეიძლება, ვინმეს ახსოვს კიდეც, 2011-12 წლებში ძალიან აქტიურობდა იტალიის პარლამენტის წევრი, ვინმე ალესანდრო როსი, რომელიც ასევე ლობირებდა ოკუპირებული აფაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და ცდილობდა, იტალიის მთავრობას ეღიარებინა მისი დამოუკიდებლობა. ეს ყველაფერი ერთი და იგივე ოპერიდანაა, ანუ რუსეთის სპეცსამსახურების გავლენით ხდება ეს ყველაფერი", - ამბობს ლევან კიკნაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter