სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    29.11.2017

     სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა და დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია, რითაც ძალაში დატოვა 2016 წლის ივნისის ერთ-ერთი პალატის გადაწყვეტილება, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა გასაჩივრებული.

    როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გადაწყვეტილება დარჩენილ და წამოსულ "ნაციონალებში" შეფასდა, როგორც დიდი გამარჯვება და სტრასბურგის მიერ მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობა. "ოცნებაში" დამარცხებას არ აღიარებენ. უფრო სწორად, მხოლოდ ის აღიარეს, რომ "ერთ ეპიზოდში" - 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდში - არ გამართლდნენ, არადა, სწორედ ეს ეპიზოდი მიიჩნია 2016 წელსაც სტრასბურგის ერთ-ერთი პალატის 7-ვე მოსამართლემ დარღვევად და ეს გადაწყვეტიება ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს 2016 წელს სტრასბურგში გასაჩივრებული.

    "ოცნებაში" ასევე ამტკიცებენ იმასაც, რომ ამ ერთ ეპიზოდში დარღვევა არ ნიშნავს, რომ სტრასბურგი მას უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

    იურისტები აცხადებენ, მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგმა მერაბიშვილზე თქვა, მისი წინასწარი პატიმრობა უკანონო იყოო, ხოლო გაათავისუფლებს თუ არა "ოცნება" მას, ეს უკვე ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

    სტრასბურგის დიდმა პალატამ ორი მუხლის, კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა დაადგინა. კერძოდ კი აღიარა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არ იყო უკანონო, მაგრამ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული მოსამართლის მიერ. ასევე დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი იმ ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც წინასწარი პატიმრობისას ღამით საკნიდან ფარულად გაყვანის ეპიზოდს ეხება. ასევე სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად და სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელის ეს ნაწილი არ გაიზიარა. სასამართლომ მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით სახელმწიფოს 4 000 ევროს გადახდა დააკისრა.

    ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

    ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მე-18 მუხლის მე-5-1 მუხლთან ერთად დარღვევას 9 მოსამართლემ დაუჭირა მხარი 8-ის წინააღმდეგ. ამ 9 მოსამართლიდან ერთ-ერთი "ნაციონალების" დროს საქართველოს კვოტით დანიშნული ნონა წოწორიაა და "ოცნების" ზოგიერთი წევრი მერაბიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაზე გარკვეულ გავლენას მას უკავშირებს.

    სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ გასულ წელს, ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 7-ვე მოსამართლის მიერ 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წინასწარი პატიმრობა უკანონოდ მიჩნეული არ არის, თუმცა 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანა მე-18 მუხლის დარღვევაა.

    "მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იქნა არა მხოლოდ იმისთვის, რომ ის სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებით "გონივრული ეჭვის" საფუძველზე პასუხისგებაში მიეცათ, "არამედ პროკურატურამ ის გამოიყენა, როგორც დამატებითი შესაძლებლობა ბერკეტის მოსაპოვებლად" იმ გამოძიებებთან მიმართებაში, რომლებიც სხვა საქმეებზე მიმდინარეობდა, მათ შორის - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, - ნათქვამია 14 ივნისს გამოტანილ განაჩენში.

    საქმე ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის დროს საკნიდან უკანონო გაყვანას, რაშიც იმდროინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის სახელი ფიგურირებდა. მერაბიშვილი აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაციამ ის მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა და ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა ყველა კამერის ჩანაწერი წაშლილი აღმოჩნდა. ამ საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი არ დადასტურდა.

    მერაბიშვილის საქმე სახელმწიფოს მხრიდან მე-18 მუხლის დარღვევაზე ევროსასამართლოში უკვე მეშვიდეა, თუმცა ეს საქმე პრეცედენტულია, რადგან დიდმა პალატამ ასეთი საკითხი პირველად განიხილა.

    ამ გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ ორივე მხარიდან ბევრი განცხადება გაკეთდა.

    მერაბიშვილის მხარის განცხადებები

    მერაბიშვილის ადვოკატები, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" აცხადებენ, რომ სტრასბურგი მე-18 მუხლის დარღვევას იშვიათად ადგენს, ანალოგიური გამოყენებული იყო იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოს საქმეებზე. ამდენად, მე-18 მუხლის დარღვევის დადგენა ნიშნავს, რომ სტრასბურგში მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად აღიარეს და საქართველოს მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება - იმიჯის შესანარჩუნებლად ყოფილი შს მინისტრი უნდა გაათავისუფლოს.

    როგორც ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, "ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რომლებსაც სს-ის კოდექსი ითვალისწინებს და ემსახურებოდა აბსოლუტურად სხვა მიზნებს".

    "ნაციონალ" სალომე სამადაშვილის თქმით, სტრასბურგში კიდევ ერთხელ დადგინდა, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნას აწარმოებს.

    "მის წინააღმდეგ დაირღვა ფუნდამენტური უფლებები და ერთადერთი პასუხი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებამ გასცეს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ეს, რა თქმა უნდა, არის პატიმრის გათავისუფლება," - განაცხადა სამადაშვილმა, თუმცა დასძინა, რომ მერაბიშვილის გათავისუფლების არ სჯერა.

    მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი, "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სტრასბურგმა მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად ცნო.

    "სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა, ეს არის ცნობილი მუხლი, ცნობილი პოლიტიკური პატიმრები - იულია ტიმოშენკოსა და იური ლუცენკოს საქმეები იყო წარმართული სტრასბურგში და მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ, რომ მოახდინონ ზიანის მინიმიზება, რომელიც მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მოჰყვება მერაბიშვილის დაპატიმრებით, თუ სურთ ამ ზიანის გამოსწორება, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება მერაბიშვილის გათავისუფლებაზე," - განაცხადა კახიძემ.

    განცხადებები "ოცნებიდან"

    "ოცნებაში" არ თვლიან, რომ საქართველომ ეს საქმე წააგო. საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა საუბარი იმით დაიწყო, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეს დიდმა პალატის 17-ვე მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა. თეა წულუკიანის თქმით, მხოლოდ საკნიდან გაყვანაზე დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი და, ამდენად, მერაბიშვილისთვის არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ მას უნდა გადაუხადოს 4 000 ევრო, თუმცა, წულუკიანის განცხადებითვე, მერაბიშვილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, კომპენსაციის სახით, 15 ათას ევროს ითხოვდა.

    მას არ უთქვამს, დაიწყება თუ არა საკნის გაყვანის ეპიზოდზე ხელახალი გამოძიება, რადგანაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მაშინ მერაბიშვილის ამ საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა ფაქტის არარსებობის გამო.

    "ოცნების" დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ "ოპონენტები საზოგადოებას ატყუებენ", მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არ უღიარებიათ.

    "ოცნებაში" ძირითადად იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მერაბიშვილს 5 საქმეზე უკვე პატიმრობა აქვს მისჯილი, ამდენად, მისი გათავისუფლება გამორიცხულია.

    "შეუძლებელია, მას მისჯილი აქვს," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერაბიშვილის გათავისუფლების ალბათობაზე.

    დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, მერაბიშვილის პატიმრობა არ გადაიხედება და "სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბიშვილის პატიმრობასთან არანაირი საერთო არ აქვს".

    "სასამართლომ თქვა, რომ ამას პოლიტიკურ მოტივებთან შეხება არ ჰქონია. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ 9 მოსამართლის დარწმუნება, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს ადგილი ჰქონდა," - აცხადებს სუბარი, რომელიც მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს სასჯელაღსრულების მინისტრი იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter