სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    29.11.2017

     "მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ მთავრობამ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური ნიშნით მოახდინა", - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია. - "მინდა მკითხველს გავახსენო, როგორი ბაქი-ბუქით ლაპარაკობდა თეა წულუკიანი, რომ გაასაჩივრებს ერთ-ერთი პალატის გადაწყვეტილებას დიდი პალატის წინაშე და დარწმუნებულია, რომ ის გააუქმებს, ახლა კი გადაწყვეტილება უფრო მკაცრია, ვიდრე პირველ გადაწყვეტილებაში იყო".

    "რეზონანსი": მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა და ეს ეხება მისი 2013 წლის დეკემბერში ფარცხალაძის დავალებით საკნიდან გაყვანის ეპიზოდს. რას ნიშნავს ამ მუხლის დარღვევა?

    ლია მუხაშავრია: ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური ნიშნით მოახდინა. ის, რომ მერაბიშვილი სამართალშია მიცემული, განპირობებულია არა მარტო იმით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმითაც, რომ ის იყო წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი. ესაა ამ მუხლის შინაარსი. დანარჩენი გადაწყვეტილებაში ვრცლადაა ახსნილი.

    მერაბიშვილის საქმეზე მე-18-ის გარდა ასევე დაადგინეს, რომ მე-5 მუხლის პირველი ნაწილიც დაირღვა. ე.ი. დარღვევაა ის, რომ წინასწარი პატიმრობის გაგრძელება სავალდებულო არ იყო.

    "რ": "ნაციონალები" აცხადებენ, რომ სტრასბურგმა მერაბიშვილი პოლიტიკურ პატიმრად აღიარა და ხელისუფლებამ იმიჯის შესანარჩუნებლად ის უნდა გაათავისუფლოს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება წინასწარი პატიმრობის დროინდელ ერთ ეპიზოდს, ახლა კი მას უკვე ბრალი დამტკიცებული აქვს. ამდენად, მისი გათავისუფლება არავის მოუთხოვია და სტრასბურგს არსად უთქვამს, რომ ის უკანონო პატიმარია. რომელი მხარე ტყუის?

    ლ.მ: ჩემთვის მერაბიშვილი, მიუხედავად მის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა, არის უკანონო პატიმარი, მაგრამ ზუსტად ასეთი არგუმენტები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც თავის დროზე გია ფაცურიამ მოიგო თავისი საქმე სტრასბურგში მე-5-1-ის მუხლით. ევროსასამართლომ თქვა, რომ ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაში ევროკონვენციის დარღვევით იყო მიცემული და მაშინ ამ ადამიანზე "ნაციონალების" ხელისუფლებამ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და განაჩენი ძალაშია შესული. ანუ, ლაპარაკია იმაზე, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს კეთილი პოლიტიკური ნება, გადაწყვეტილება წაიკითხოს ან ისე, ან - ასე და შესაბამისად იმოქმედოს. კეთილი ნების გამოვლენა იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ინტერპრეტაცია მოხდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქარველოს მთავრობამ მერაბიშვილის საქმე მეორედ წააგო, ამჯერად დიდი პალატის წინაშე წააგო, მერაბიშვილი უნდა გაათავისუფლონ.

    მინდა მკითხველს გავახსენო, როგორი ბაქი-ბუქით ლაპარაკობდა თეა წულუკიანი, რომ გაასაჩივრებს ერთ-ერთი პალატის გადაწყვეტილებას დიდი პალატის წინაშე და დარწმუნებულია, რომ ის გააუქმებს. მაგრამ ახლა უფრო მკაცრია გადაწყვეტილება და დარღვევების მასშტაბი, ვიდრე პირველ გადაწყვეტილებაში იყო. ამდენად, "ქართული ოცნება" ნუ დაემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას".

    "რ": ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არსად არ წერია, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო დაპატიმრებული.

    ლ.მ: მე-18 მუხლი, აბა, რას ნიშნავს? ის გაყვანის ეპიზოდი, რომელიც არ არის საეჭვო და დაუსაბუთებელი ევროსასამართლოსთვის, რატომ არის გამოუძიებელი და ასეთი ბუნდოვანებით მოცული ადგილობრივი საგამოძიებო ორგანოებისთვის?!

    "რ": ე.ი. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მერაბიშვილი უკანონო პატიმარია?

    ლ.მ: "უკანონო პატიმარი", "პოლიტპატიმარი" - პირდაპირ ეს ტერმინოლოგია ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებში არსად არ იწერება, მაგრამ როგორ შეაფასეს მათ საქართველოს მთავრობა, ესაა მნიშვნელოვანი.

    სტრასბურგი საქართველოს მთავრობას, რა თქმა უნდა, ვერ მოსთხოვს, მერაბიშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ძალიან პრესტიჟული იქნებოდა ეღიარებინა, რომ შეეშალა და შეემსუბუქებინათ ის ზიანი, რაც უფლებების დარღვევით მერაბიშვილს მიადგა. მით უფრო, რომ ევროსასამართლომ ორჯერ უთხრა, რომ ამ ადამიანს ფუნდამენტური უფლება დაურღვიეს. თუმცა, მე მაინც გულისგულში მინდოდა, მერაბიშვილი გაესამართლებინათ, შიდა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ყველა მოთხოვნითა დაცვით, ნამდვილად მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის, რისთვისაც მას დღემდე არ უგია პასუხი და პასუხისგებას არ უპირებს ხელისუფლება. იგივე გირგვლიანის საქმე ჯერ დასრულებული არ არის და ისევ ჭიანურდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter