სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    29.11.2017

     "ახლა მთავარია, ხელისუფლებამ დაადგინოს, რა მიზანი ჰქონდა ამ გუნდს. იქ ჩატაევი იყო შემსრულებელი თუ არა, ეს, უბრალოდ, ტერორისტული გუნდის დაუნდობლობის ხარისხს ზრდის. თორემ თავისთავად პოლიტიკური მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რა უნდოდა გუნდს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

    ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" დატრიალებულ ტრაგედიასა და სახალხო დამცველის კანდიდატურაზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.

    რამაზ საყვარელიძე: ბათუმის ტრაგედიაზე ალბათ ბევრი საკითხი ამოტივტივდება. უპირველესი ის იქნება, არის თუ არა შემოწმების სისტემა შენარჩუნებული. ხელისუფლების ფუნქცია ეს არის, რომ არ დაუშვას მშენებლობაზე ადამიანები, თუ მისი ვარგისიანობა არ იყო შემოწმებული.

    როგორც მახსოვს, სააკაშვილის დროს სალიცენზიო და ნებართვის გამცემი ინსტიტუტი მოისპო. თუ იმ კანონმდებლობის პერიოდშია აშენებული, მაშინ ამ ხელისუფლებას პასუხს ვერ მოვთხოვთ.

    "რეზონანსი": ეს სასტუმრო ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა დიდი ზარ-ზეიმით.

    რ.ზ: მაშინ, წესით, უნდა იყოს შემოწმებული და ბუნებრივია, ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს.

    "რ": ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ხანძრები ტრაგედიით მთავრდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხარვეზები გვაქვს თავად კანონმდებლობაშიც?

    რ.ს: დაახლოებით იმავეს ვამბობთ მე და თქვენ. მე, უბრალოდ, ის დრო გავიხსენე, როცა ეს ნორმები სავალდებულო არ იყო. კანონები ჯერ უნდა დადგინდეს და მერე უნდა ამუშავდეს.

    სააკაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის ნიშნით ეს შემოწმებები მოხსნა, მანქანიდან დაწყებული მშენებლობებით დამთავრებული.

    გარდა დადგენისა, აქ აღსრულების საკითხიც დგას - მოახერხებენ თუ არა ამას ისე, რომ კორუფციამ არ იმძლავროს. თუმცა, რა თქმა უნდა, რეგულაციები გასაკეთებელია.

    "რ": რაც შეეხება სახალხო დამცველს, რას ფიქრობთ ნინო ლომჯარიას კანდიდატურაზე?

    რ.ს: მე, მაგალითად, ლომჯარიას კანდიდატურას ისე არ შევხედავდი, როგორც სხვები უყურებენ. ამბობენ, რომ ოპოზიციური ომბუდსმენი იქნება. ჩემზე ლომჯარიამ ბოლო თანამდებობაზე ყოფნისას დატოვა შთაბეჭდილება, რომ მას კარგად ესმის, ხელისუფლების ამა თუ შტოში ყოფნის დროს რა შეიძლება გააკეთოს და რა არა. ერთია, იყო ენჯეო და მეორეა აღამსარულებელ ხელისუფლებაში ამა თუ იმ თანამდებობაზე ყოფნა.

    ლომჯარია სხვანაირი იყო ენჯეოში და სხვანაირი იყო აუდიტის სამსახურში.

    "რ": და რამდენად კომფორტული იქნება "ოცნებისთვის" ლომჯარიასთან თანამშრომლობა?

    რ.ს: წესით, არ უნდა იყოს კომფორტული, მაგრამ თუ "ოცნება" წავიდა ამაზე, თავისთავად კარგია.

    "რ": ე.ი. არ ფიქრობთ, რომ ლომჯარია სახელისუფლებო კანდიდატია?

    რ.ს: არა. მას ოპონენტობაში გამოცდილება აქვს და იცის, რა არის მისთვის უკეთესი. მან იცის, თუ რამდენად რისკავს, თუკი გახდება ხელისუფლების მაამებელი კანდიდატი ან პირიქით.

    მეორე მხრივ, ჩვენ ომბუდსმენს ძირითადად ვაფასებთ იმით, არის კრიტიკული თუ არა. მე მგონი, ეს არასწორი შეფასებაა. ომბუდსმენის ძირითადი ფუქნციაა, დაეხმაროს ადამიანებს, ვისაც შველა სჭირდება.

    "რ": თუმცა ობუდსმენს აქვს ფუნქცია, რომ გასცეს რეკომენდაციები და შეისწავლოს ხელისუფლების ქმედებები.

    რ.ს: ეს არის ოპოზიციის საქმე და არა - სახალხო დამცველის. ომბუდსმენს აქვს ერთი ამოცანა - გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს. უარღესად დიდი პატივს ვცემ მოქმედ ომბუდსმენს, მაგრამ მის ჩამონათვალში უფრო კრიტიკაზეა აქცენტი, ვიდრე იმაზე, რომ მან დაუშვა ესა თუ ის პროგრამა.

    "რ": რაც შეეხება 22 ნოემბრის სპეცოპერაციას, ხელისუფლებამ პრაქტიკულად აღიარა, რომ ერთ-ერთი ლიკვდირებული ახმედ ჩატაევია. რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

    რ.ს: არა მგონია, რომ ჩატაევმა შეცვალოს მოვლენათა განვითარების მიმართულება. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ დაადგინოს, რა მიზანი ჰქონდა ამ გუნდს. იქ ჩატაევი იყო შემსრულებელი თუ არა, ეს, უბრალოდ, ტერორისტული გუნდის დაუნდობლობის ხარისხს ზრდის. თორემ თავისთავად პოლიტიკური მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რა უნდოდა გუნდს.

    "რ": ხელისუფლების ქმედებასთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაღაც კითხვები? ოპოზიციამ გომელაური დაიბარა...

    რ.ზ: მეჩვენება, რომ ხელისუფლებას ასეთი ტიპის ოპერაციებში გამოცდილება აკლია. სპეცრაზმელი, როგორც ვიცი, გარეთ როცა იყო, იმ დროს დაიღუპა. ასეთი ოპერაციების დროს სამიზნეს ქუჩაში დადგომა გამოუცდელობის ნიშანია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter