სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ადამ გუმაშვილი, "ისლამური ხალიფატის" "იუსტიციის მინისტრი" ახლა სირიაშია, აცხადებს მისი მამიდა
    ნინო ქეთელაური
    28.11.2017

     ვინ იყვნენ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულები? იყო თუ არა ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად ახმედ ჩატაევი? როგორ შემოიტანეს იარაღი? და საერთოდ, როგორ მოხვდა ეს ჯგუფი საქართველოში? - სპეცოპერაციიდან მეშვიდე დღეს ხელისუფლება კვლავ დუმილს ამჯობინებს, საზოგადოებას კი მხოლოდ ვარაუდების მოსმენა უწევს.

    მოკლულთა შორის რომ ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, ამას ეჭვის დონეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურიც ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ ყველაფერს გამოძიება და შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.

    "კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტი უმარ იდიგოვი კი დარწმუნებულია, რომ მოკლული ახმედ ჩატაევია. მისი თქმით, ამის შესახებ ჩატაევის ახლობლებისგან გაიგო.

    როგორც იდიგოვი აცხადებს, დაღუპულებს რომ საქართველოში ტერაქტის განხორციელება ჰქონოდათ დაგეგმილი, სხვანაირად მოიქცეოდნენ.

    „ძალოვნებმა მსხვილკალიბრიანი იარაღი გამოიყენეს და უარი თქვეს სროლის შეწყვეტაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად იქნებოდა მიღწეული. ტერორიზმში ეჭვმიტანილებს საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სერიოზული გეგმები არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სახლის მობინადრეებს მძევლად აიყვანდნენ და საკუთარ მოთხოვნებსა და ულტიმატუმს დააყენებდნენ“, - ამბობს იდიგოვი.

    რაც შეეხება საედ დუდაევს, იდიგოვის ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს შეცდომით ჰყავთ დაკავებული, რადგან ის უბრალოდ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. 

    „საედ დუდაევი არაფერში არ იყო ჩართული. იმ ბინას, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენადაც ვიცი, ჩეჩენ ოჯახზე აქირავებდნენ და ეს ოჯახი იყო დუდაევის. ჩამოდიოდნენ საქართველოში და საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ, მანქანების ნაწილების ბიზნესი. ის ადამიანი შეცდომით ჰყავთ დაკავებული. თუ გახსოვთ, ამ ბინაში ადრე ვინც ცხოვრობდა, ისინიც ჰყავდათ დაკავებული. მას ტერორიზმთან არასდროს ჰქონია კავშირი. იმ ბინაში ვინც ცხოვრობდა, იმათგან არავის იცნობდა. თუ იცნობდა, მაშინ მათთან ერთად იბრძოლებდა და ალბათ, დაიღუპებოდა კიდეც“, - განაცხადა უმარ იდიგოვმა. 

    დუდაევის ადვოკატის სარჩელი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო. 

    არსებობს კიდევ ერთი ეჭვიც, რომ სპეცოპერაციისას ეზოში ლიკვიდირებულია გურამ, იგივე ადამ გუმაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2”-მა გაავრცელა, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერა მისი ოჯახის წევრებს.

    ახლობლების განცხადებით, ადამ გუმაშვილი სპეცოპერაციის შემდეგ დაუკავშირდა ოჯახს და დაადასტურა, რომ სირიაში იმყოფება. 

    მისი მამიდის, თინა გუმაშვილის თქმით, მან ნახა მედიაში გავცელებული კადრები, თუმცა იქ საკუთარი ძმიშვილი ვერ ამოიცნო.

    ამასთან, თინა გუმაშვილი ამბობს, რომ ადამ გუმაშვილი არის ”ისლამური სახელმწიფოს” ”იუსტიციის მინისტრი”, ის ამჟამად სირიაში იმყოფება და საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებდა.

    გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სპეცოპერაციისას ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის ორი წევრი გაიქცა, რაზეც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ირწმუნება, რომ არავინ გაქცეულა.

    „მინდა ყველა დავარწმუნო იმაში, რომ აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ამიტომ ოპოზიციის მიერ გამოთქმული ეჭვები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ გამოძიებას საშუალება, რომ გარკვეული პროცედურები გაიარონ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

    გამოძიების მიერ ფაქტებით დადასტურებული დეტალების გასაჯაროვების შემდეგ ამ თემაზე პარლამენტში მოსმენა გაიმართება. ირაკლი სესიაშვილის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე მზად არის, რომ ნდობის ჯგუფის წინაშეც წარდგეს. თუმცა, კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

    კითხვაზე, აიღებს თუ არა მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას მომხდარზე, თუკი მოკლული ტერორისტი ახმედ ჩატაევი აღმოჩნდება, უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია პასუხობს, რომ სიჩქარე საჭირო არ არის, რადგან “შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ”. 

    "მე შევეცდები, ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ ველოდებით და ვიღებთ პერიოდულად, მოგაწოდოთ იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ, ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება ის გვარები, რომელიც სახელდება. ზედმეტი სიჩქარე უფრო მეტ ეჭვებს ბადებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთივე უსაფუძვლო ბრალდებით გამოდის”, - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

    ხელისუფლების მიერ საქმის ობიქტური გამოძიების იმედი არ აქვს ოპოზიციას, რომელიც დაგროვილ კითხვებზე პასუხების გასაცემად პარლამენტში იუსტიციის მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს იბარებს. ისინი სპეცოპერაციის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter