სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    28.11.2017

     რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ, ისნის სპეცოპერაციიდან მხოლოდ მეოთხე დღეს ოფიციალური უწყება ირიბად ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტი ახმედ ჩატაევია.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროს ვახტანგ გომელაურის თქმით, ეჭვია, მოკლულთა შორის ახმედ ჩატაევიც იყოს და ახლა ამის დასაზუსტებლად ექსპერტიზა მიმდინარეობს. სპეცოპერაციის მეორე დღიდან ქართულ და თურქულ მედიაში გაჩნდა ვარაუდები, რომ 22 ნოემბრის ანტიტერორისტული ოპერაციისას "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთი საველე მეთაური, 36 წლის ჩატაევი მოკლეს.

    მედიაში ორ ვერსია ვრცელდება. "იმედის" ვერსიით, ჩატაევმა ბინაში თავი აიფეთქა და მისი ცხედარი დამწვარია, რის გამოც იდენტიფიცირება გაიწელა. ტელეკომპანიამ აჩვენა კადრები, სადაც ჩანს ნაჭერგადაფარებული გვამი და იქვე ფეხის პროთეზის ნაწილი.

    მეორე, "რუსთავი 2"-ის, ვერსიით, ჩატაევია ის პირი, რომელიც ჩანს "პრაიმ ტაიმის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში - სპეცოპერაციის დროს კოჭლობით გარბის ეზოში, ესვრიან და კლავენ. ამ გარდაცვლილის ფოტო გავრცელდა "ფეისბუქშიც". ორივე შემთხვევაში საუბარია, რომ ნანახია ფეხის პროთეზიც. ჩატაევს მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი ამპუტირებული ჰქონდა.

    ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის წინა დღეს პანკისში მცხოვრები ჩატაევის ცოლი მცირეწლოვანი შვილით საქართველოს საზღვრის დატოვებას ცდილობდა და უკან გამოაბრუნეს.

    "რუსთავი 2", ასევე, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბინაში, სადაც სპეცოპერაციისას 3 დამნაშავე მოკლეს, კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ მათ გაქცევა მოახერხეს და გამოძიება ამ დრომდე ეძებს. გავრცელდა მათი სავარაუდო ფოტოებიც. ისიც ითქვა, რომ წაღებულია ტერორისტების იარაღის ნაწილიც.

    ახმედ ჩატაევის საქართველოში გამოჩენა ექსპერტების ნაწილისა და ოპოზიციის მტკიცებით, კითხვებს აჩენს იმაზე, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაცული არ არის.

    ცნობისათვის, 21-22 ნოემბერს ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ანტიტერორისტული ოპერაცია 20 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, ლიკვიდირებულია 3 დამნაშავე, რომელთა შესახებ სუს-ში აცხადებენ, რომ მათი ვინაობის დადგენაზე ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა; ერთი დაკავებულია, რომლის ვინაობა არ საჯაროვდებოდა, თუმცა გუშინ მედიამ გაარკვია, რომ დაკავებული ადამიანი საედ დუდაევია, რაც მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა.

    სპეცოპერაციის გამოძიებაში ამერიკული "ეფ-ბი-აი"-ს ექსპერტები ჩაერთვნენ. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გნაცხადა. როგორც მან თქვა, იცის, რომ კითხვები არსებობს და აშშ მზადაა, საქართველოს ამის გარკვევაში დაეხმაროს. უპირველესად კი, 100%-ით უნდა დადასტურდეს, რომ ლიკვიდირებული ნამდვილად ჩატაევია.

    ამ სპეცოპერაციაზე მრავალი კითხვა არსებობს, რის გამოც გუშინ არაერთი ბრიფინგი ჩაატარა ოპოზიციამ. ისინი პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელს იბარებენ.

    აყველაზე მთავარი შეკითხვა ამ დროისთვის ისაა, არის თუ არა სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ჩატაევი და თუ ასეა, როგორ შემოვიდა საერთაშორისო ტერორიზმისთვის ძებნილი პირი საქართველოში და როგორ აღმოჩნდა დიდი რაოდენობის იარაღი მის ხელში. გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს, ხელისუფლებამ, იუსტიციის მინისტრმა პასუხი გასცეენ, რატომ გაათავისუფლეს ციხიდან ადამიანი, რომელიც 2012 წელს ლაფანყურში ტერორისტებს შეუერთდა და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ძალიან მძიმე ოპერაციაში იყო ჩართული.

    იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხად ამბობს, რომ ის "უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მიიღებს განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში".

    მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მას ბრალად ედებოდა საბრძოლო მასალის შენახვა, ნაკლებად მძიმე დანაშაული და თან ის არ გაუთავისუფლებია პარლამენტს, გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

    ჩატაევის გათავისუფლებას მაშინ მხარს უჭერდა მოქმედი სახალხო დამცველი და ამ ატეხილ აჟიოტაჟზე უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩატაევს ტერორიზმში კი არ ედებოდა ბრალი, არამედ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში და ეს ბრალდება არ დადასტურდა. ამდენად, ის ჩატაევის გათავისუფლების მიბმას მის შემდგომ ტერორისტულ საქმიანობასთან არასწორად მიიჩნევს.

    36 წლის ახმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა ახმედა", სხვადასხვა ქვეყანაში რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული, თუმცა ყოველ ჯერზე მოახერხა, ციხისთვის თავი დაეღწია. 2010 წელს უკრაინიდან მისი დეპორტაცია საქართველოში მოხდა. მას დახმარება საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აღმოუჩინა. 2010 წლიდან ჩატაევი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, სადაც მას მეუღლე - აინა მარგოშვილი და ერთი შვილი ჰყავდა.

    2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის სპეცოპერაციისას იგი ანტიტერორისტული ცენტრის დავალებით მომრიგებლად ჩაერთო. მოლაპარაკებიდან წამოსული ფეხში დაჭრეს, რის გამოც ხეობაში მიიმალა. 10 დღის შემდეგ კი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. მას მარცხენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს. ბრალად ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვა-ტარება წარუდგინეს, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

    2012 წლის დეკემბერში ჩატაევი გათავისუფლდა, შეწყდა სს დევნაც და 2013 წელს ის სამკურნალოდ ავსტრიაში წავიდა. 2015 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სირიაში იმყოფებოდა და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნურ დაჯგუფება "იარმუკს" ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ზაფხულში სტამბოლის აეროპორტში ტერაქტი მოაწყო, რომელსაც 45 ადამიანი ემსხვერპლა.

    კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ შესაძლებელია, მოკლული ჩატაევი იყოს და თუ ასეა, ძალიან სერიოზულ მოვლენასთან გვქონია საქმე. მისი თქმით, უკვე აშკარაა, რომ ისლამურმა იატაკქვეშეთმა საქართველო სამიზნედ ამოიღო და გარკვეული მოქმედებები დაგეგმა.

    "გამორიცხულია, მსოფლიოში ძებნილი ადამიანი რისკზე წასულიყო და საქართველოში შემოსულიყო, რომ არა ორი გარემოება: ერთი, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი მისია, რომელიც მის გარეშე ვერ შესრულდებოდა; მეორე, ჰყავდა მფარველი, ვიღაცამ მისცა გარანტია, რომ შესაძლოა, საქართველოსთვის გარკვეული დროით შეეფარებინა თავი. სერიოზული დავალება კი შეიძლება ყოფილიყო ტერაქტი მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მაგალითად, აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც გაიხსნა და რომელსაც 50 სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესწრება," - მიიჩნევს არეშიძე.

    მისი თქმით, საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით უამრავი პრობლემაა და სპეცსამსახურების შეცდომაა, რომ ის საქართველოში შემოვიდა. არეშიძე ასევე ამბობს იმასაც, რომ ჩვენი მიმართულებით ისლამისტების აქტიურობა ისევ გაგრძელდება.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, თუკი ლიკვიდირებულებს შორის ჩატაევია, მან ალბათ თავი აიფეთქა და ამიტომაც გაიწელა მისი იდენტიფიცირება. მისი აზრით, იმ კადრში, სადაც ფეხში დაჭრილი დამნაშავე კორპუსის გარეთ გამორბის, ჩატაევი ვერ იქნება, რადგან ჩატაევს მარცხენა ფეხზე აქვს პროთეზი და კადრებში დამნაშავე მარჯვენა ფეხს მიათრევს.

    იგი ამბობს, რომ "დაეშმა" საქართველო დიდი ხანია სამიზნეში ამოიღო, თუმცა, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაში იგეგმებოდა არა რაიმე ტერორისტული აქტი, არამედ საქართველო გამოყენებული იყო "შავ ტრანზიტად". თუ ჩატაევია მოკლული, ეს ძალიან სერიოზული ფაქტია, რადგან იგი სერიოზული ფიგურაა "დაეშში" და მისი ლიკვიდაცია გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter