სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    27.11.2017

     ნოემბრის ბოლო დღეები საქართველოსთვის განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა. 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, პრაქტიკულად, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა - ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას ერთი სპეცრაზმელი შეეწირა და რამდენიმე დაიჭრა. ორი დღის შემდეგ კი ბათუმში, 22-სართულიან სასტუმრო "ლეოგრანდში", გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი შეეწირა.

    ბათუმის ტრაგიკული მოვლენების გამო დღეს საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დროებით დაეშვება სახელმწიფო დროშები. სასტუმრო "ლეოგრანდთან" კი მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.

    "ლეოგრანდში" დაღუპულთაგან - 10 საქართველოს, 1 კი ირანის მოქალაქეა. ყველაზე მეტი, 8 გარდაცვლილი - ლიფტში, 1 - აუზში, ხოლო 2 სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იპოვეს.

    აყველაფერი დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო, როდესაც, თვითმხილველების თქმით, სასტუმროს დერეფნებში მოულოდნელად შავი კვამლი გაჩნდა. ცეცხლი არავის უნახავს, თუმცა სასტუმროს დამსვენებლებმა გადმოცემით იციან, რომ ხანძრის ეპიცენტრი სპა სალონში იყო, საიდანაც კვამლი ზედა სართულებზე გავრცელდა და ხალხში პანიკა ატყდა. ვინც შეძლო, კვამლს ვერანდაზე გასვლით დააღწია თავი, ნაწილი სასტუმროს ნომრებში გამოიკეტა და შველას იქიდან ითხოვდა, ნაწილი კი გარეთ გასვლას შიდა კიბისა და ლიფტის დახმარებით შეეცადა.

    ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ლიფტის შემთხვევას უკავშირდება, რადგან, რამდენიმე თვითმხილველი იხსენებს, რომ, მიუხედავად დაკვამლიანებისა, შენობიდან ლიფტის დახმარებით გამოვიდა, რადგან იცოდა, რომ ასეთ დროსაც კი პირველ სართულამდე შეუფერხებლად ჩაიყვანდა მგზავრებს. თუმცა მოულოდნელად შუქი ჩაქრა, რასაც მეორე ლიფტის გაჭედვა მოჰყვა, შიგნით შეღწეულმა კვამლმა კი 8 ახალგაზრდის გაგუდვა გამოიწვია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არც ერთ თვითმხილველს საავარიო სიგნალიზაციის ხმა არ გაუგია.

    სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები თითქმის 9 საათის განმავლობაში ცდილობდნენ სასტუმროდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუირებას, რომელთაგან 21-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დაშავებულთა შორის 1 მეხანძრე-მაშველია.

    ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულიც არ იყო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებელი პირები უმკაცრესად დაისჯებოდნენ.

    როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტუმრო "ლეოგრანდი" 2017 წელს სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობისა და საევაკუაციო გეგმის არარსებობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაჯარიმდა. აჭარის ტურიზის დეპარტამენტის ცნობით კი, იმავე დარღვევის გამო სასტუმრომ ვერც მათი რეკომენდაციის ნიშანი მოიპოვა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ამავე მუხლის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.

    იყო თუ არა შენობაში სახანძრო კიბე? რატომ გაითიშა დენი მაშინ, როცა ლიფტში ადამიანები იყვნენ? რატომ არ ჩაირთო სიგნალიზაცია? ჰქონდა თუ არა სასტუმროს საევაკუაციო გეგმა? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ყველა შესაბამისი უწყება, პასუხისმგებელი პირი თუ დარგის სპეციალისტი გამოძიების დასრულებას ელოდება.

    სამაშველოს ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ რთულია, ისაუბრო ევაკუაციის სწორად წარმართვაზე მანამდე, სანამ ყველაფერი ცნობილი არ გახდება. თუმცა აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, ხანძრის დროს ლიფტის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია.

    "ჩემთვის ძალიან რთულია ასე საუბარი, რადგან არ ვიცი, ადგილზე რა ვითარება იყო, შენობას რა სახანძრო სისტემა აქვს, იყო თუ არა შესაბამისი ზომები დაცული და ა.შ. ყველა დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომხდარი შეაფასო.

    "ლიფტს რაც შეეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ სართულზე იყო ცეცხლის კერა. ასეთ დროს ლიფტის გამოყენება რეკომენდებული არც არის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება. გააჩნია სიტუაციას, ხანძრის მასშტაბებს, სართულს და დაკვამლიანებას. ამიტომ ჯერ უნდა გაირკვეს ყველა დეტალი, არ მინდა წინასწარ არასწორი დასკვნების დადება", - ამბობს თემურ გიორგაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ანი   (27.11.2017)
    ამერიკაში ხანძრისას ლიფტის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია,ხანძრისას სინათლე რომ არ გაითიშოს ლიფტს მაინც თიშავენ რომ ხალხი არ შევიდეს შიგ.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter