სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    27.11.2017

     საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიელებმა, შესაძლოა, წლის ბოლოდან განახორციელონ და 5 წლის შემდეგ საბოლოოდ მაინც მოხდეს იმ ხელშეკრულების აღსრულება, რომელიც 2011 წელს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ მოსკოვმა შესასრულებელ ვალდებულებად აიღო. თუმცა, საბოლოოდ, თვის ბოლოს შვეიცარიაში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. მოხდება თუ არა კიდევ ერთხელ დროის გაჭიანურება, უცნობია. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ ამ კვირაში დეტალები დაზუსტდება.

    აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ თავისი ვალდებულების შესაბამისად ჯერ კიდევ 2012 წელს შეარჩია კერძო კომპანია - შვეიცარიული კომპანია "ეს-ჯი-ესი", რომელიც საინსპექციო მომსახურებას ეწევა. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების მიხედვით, ამის შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტი თბილისმა და მოსკოვმა უნდა დადონ. სწორედ ამ კონტრაქტის დეტალებზე იგეგმება შვეიცარიაში შეხვედრა, მაგრამ კონკრეტულად რა არის გასარკვევი, უცნობია.

    მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან კონკრეტულად სად დადგებიან ნეიტრალური დამკვირვებლები და მათი უფლებების შესახებ ხელშეკრულებაშია გაწერილი.

    როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი განმარტავს, ხელშეკრულებაში საუბარია 3 დერეფნის ამოქმედებაზე. უფრო კონკრეტულად კი, კარასინის თქმით, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან დასრულდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნართან, აიღებს, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამე პუნქტის ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში - ზემო ლარსთან გეგმავს.

    ხელშეკრულების მიხედვით, მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღირცხვის უფლება ექნებათ.

    "ხელშეკრულებაში მონიშნულია ამ კორიდორების თავი და ბოლო, ამის კოორდინატები არსებობს. შვეიცარიელ მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღრიცხვის უფლება ექნებათ, აღნიშნავენ ტვირთს, რაც შევა და გავა იმ დერეფანში.

    "პატარა ნიუანსებია დარჩენილი. იმდენად არაორდინარული პროექტია, რომ გამოცდილებას ვერსად ნახავ. ამიტომ, როგორც ჩანს, რაღაც ნიუანსები კიდევ გასავლელია. ამის შემდეგ, იმედია, დადგება ხელმოწერის მომენტი", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას აბაშიძე.

    ჩვენს კითხვაზე - ქართული მხრიდან ვინ დაესწრება შვეიცარიაში შეხვედრას, გვპასუხობს, რომ ამ დღეებში გაირკვევა და ჩამოყალიბდებიან შესაბამისი უწყებები.

    "ევროპული საქართველოს" წევრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის - სერგი კაპანაძისთვის კი გაუგებარია, "რამდენიმე პატარა ნიუანსს" რატომ მოანდომეს 5 წელი. მისთვის გაურკვეველია, რა დეტალებზე შეიძლება იმსჯელონ შვეიცარიაში.

    "რა დეტალებზე ექნებათ საუბარი, ნამდვილად არ ვიცი. დეტალების უმრავლესობა ძალიან დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული. ახლა რა დარჩა და რის გამო გაიწელა ამდენი ხანი, არ ვიცი. მე მგონი, ეს დეტალები არ არის და პოლიტიკური გადაწყვეტილების ამბავია როგორც ერთი და ისე მეორე მხრიდან.

    "ის კონტრაქტი, რომლითაც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, მათ შორის ამ კონტრაქტის დეტალები, წინა ხელისუფლების დროს იყო შეთანხმებული. მხოლოდ იურიდიულად უნდა გაფორმებულიყო, რასაც რამდენიმე კვირაზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა. ამიტომ ჩემთვის გაურკვეველია, რა დარჩა ისეთი, ამდენი ხანი რომ ვერ დაიდო კონტრაქტი, ან რაზეა საუბარი", - გვითხრა კაპანაძემ.

    ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით კი, თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუფიქრებელ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

    "ეს ხელშეკრულება ჩემთვის ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. საკმაოდ მოუფიქრებელ დოკუმენტზე მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი. მათ არაფრის შემოწმების უფლება არ აქვთ. არ შეუძლიათ, გააჩერონ ტვირთი, გახსნან, ნახონ, შიგნით რა არის. მათ აქვთ უფლება, მხოლოდ და მხოლოდ აღნუსხონ.

    "გარდა ამისა, მარტო საავტომობილო ტრანსპორტზეა დოკუმენტი მომზადებული, არც საავიაციო და არც საზღვაო ტრანსპორტის მონიტორინგის უფლება არ აქვთ. რუსეთი ამ დოკუმენტით აღიარებს მხოლოდ ერთ რამეს - რომ ეს ტერიტორიები არის სადავო", - განაცხადა ცოტა ხნის წინ არეშიძემ.

    შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან. აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გააფორმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter