სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ძალიან სამწუხაროა, რომ გარკვეული არაადეკვატური ადამიანების გამო, შესაძლოა, ეს ურთიერთობა გაფუჭდეს"
    გვანცა ღვედაშვილი
    27.11.2017

     ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის საქართველოს საზღვარი, პრაქტიკულად, ჩაიკეტა. სოციალურ ქსელში ჩეჩნეთისა და დაღესტნის მოქალაქეები წერენ, რომ საზღვარზე მათ აღარ უშვებენ, რასაც თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებენ.

    ექსპერტების ნაწილი ხელისუფლებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საზღვრის უსაფუძვლო ჩაკეტვაზე უმჯობესია, დაადგინონ, თუ საიდან შემოვიდნენ ტერორისტები და რომელი ქვეყნის პასპორტებით გადაადგილდებოდნენ. ნაწილი კი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების დილეტანტობაზე მიუთითებს - ქვეყანას არ აქვს გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ ვითარებაში და ამიტომ აკეთებენ რაღაცას იმისთვის, რომ უმოქმედობაში არ დასდონ ბრალი. ექსპერტების აზრით, მსგავსი ტიპის ქმედებები არაეფექტური და უშედეგოა.

    როგორც "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა მარატ ყურბანოვმა დაწერა, "დაღესტნელებისთვის მთელი საქართველო ჩაიკეტა", სტატუსის ლოკაციად კი მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი მიუთითა. მას სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ და როგორც ერთ-ერთი მათგანი წერს, საქართველოში შემოსვლა ვერც მისმა მეგობარმა მოახერხა.

    "ჩემი მეგობარი უბოდიშოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე 40 წუთში იმავე თვითმფრინავით გამოაბრუნეს უკან, რომლითაც ჩაფრინდა. არადა, ყველაფერი ისე კარგად დაიწყო. ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე მივფრინავდით საჩუქრებით და ყვავილებით. მე უკვე ვეღარ გავრისკავ გაფრენას. მალე დაღესტნის მიერ გაცემული პასპორტები სამარცხვინოდ მიიჩნევა", - წერს ალინა ტურაევა კომენტარში.

    კომენტარებმა კითხვის ნიშნები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებენ ჩრდილოკავკასიის მოქალაქეები საქართველოში ზამთრის კურორტებზე დასვენებას. როგორც "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებლი წერს, ის საქართველოში სათხილამურო სეზონისთვის გეგმავდა ჩამოსვლას.

    "რუსეთიდან ძალიან ბევრი ტურისტი ჩადის თბილისში, სადაც მენიუც კი რუსულად აქვთ. სამწუხაროა, რომ გარკვეული არაადეკვატური ადამიანების გამო, შესაძლოა, ეს ურთიერთობა გაფუჭდეს", - ამბობს "კავკაზსკი უზელის" კორესპონდენტი მადინა იმაროვა.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "მთელ კვირასთან" საუბარში აცხადებს, რომ ქართული მხრიდან საზღვრის ჩაკეტვას სკეპტიკურად უყურებს და ამას დილეტანტის ქმედებას ამგვანებს, რომელსაც არ აქვს გამოცდილება, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში.

    "ასე საზღვრის ჩაკეტვის პრინციპის ეფექტურობას სკეპტიკურად ვუყურებ. კი, კონტროლის გაძლიერება ერთია, თუმცა ასე მასობრივად არშემოშვება კიდევ სხვა არის, ეს დილეტანტიზმს ჰგავს. კონტროლი აუცილებელია, მაგრამ არავინ შემოვუშვათ და საზღვარი ჩავკეტოთ, თუნდაც ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა, დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. გარდა ამისა, ტერორისტს თუ უნდა შემოსვლა, საზღვრის გარეშეც შემოვა დაღესტნიდან კახეთის ტერიტორიაზე, რომელიც ფეხით მაქვს მე შემოვლილი და დამიჯერეთ, რომ იქიდან შემოსვლა ძალიან ადვილია.

    "არ მგონია, რომ ტერორისტები ასე ოფიციალურად ტურისტულ ჯგუფებთან ერთად მოდიოდნენ, საბუთებს აბარებდნენ და ისე შემოდიოდნენ ჩვენთან", - განაცხადა პოლიტოლოგმა და აღნიშნა, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციაც ერთგვარი ნათლობა იყო.

    "დედაქალაქში ასეთი მასშტაბური ოპერაცია პირველი იყო. რასაკვირველია, ბევრი ხარვეზი გამოჩნდება. საზღვარზეც ჩვენების ქმედება, ვფიქრობ, გამოუცდელობის ბრალია, რაღაც ხომ უნდა გააკეთონ. ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება, ამიტომ მათი ქმედებები, მით უმეტეს ტერაქტის შემდეგ, მიმართულია იქითკენ, რომ უმოქმედობაში არ დასდონ ბრალი. მიმაჩნია, რომ ეს არის გადაჭარბებული რეაგირება, რომლის ეფექტურობაშიც, სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარება", - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

    ამ აზრს იზიარებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც, რომელიც აცხადებს, რომ ჩრდილოკავკასიელებისთვის საზღვრის ჩაკეტვა არაფექტური მეთოდია და ამის ნაცვლად ხელისუფლებისთვის უმჯობესი იქნებოდა, ის დაედგინა, ეს ჯგუფი საიდან შემოვიდა საქართველოში და რომელი ქვეყნის პასპორტით გადაადგილდებოდნენ.

    "მსგავს ქმედებას არ მივესალმები და არც სწორად მიმაჩნია. არ შეიძლება, ყველა ადამიანში ტერორისტი ეძებო. ეს უკვე დისკრიმინაციის ფაქტია და არღვევს საქართველოს კანონს დისკრიმინაციის შესახებ. ასეთი ქმედება სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ტერორისტს თუ უნდა, შეიძლება როგორც ევროპიდან, ისე სხვა ქვეყნიდან შემოვიდეს. ამას სჯობს, ის დაადგინონ, საიდან შემოვიდა ქვეყანაში ტერორისტთა ეს ჯგუფი, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ.

    "შეიძლება ვერ დაადგინონ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ ის მაინც გაიგონ, რომელი ქვეყნის პასპორტით გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საიდან შემოვიდნენ. უმჯობესია, ამ საკითხებს მიხედონ, ვიდრე საზღვრიდან გააბრუნონ ის ადამიანები, რომლებიც არავითარ კავშირში არ არიან ტერორიზმთან", - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter