სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    27.11.2017

     "ბოლო პერიოდია, პრობლემები გროვდება და ერთად იყრის თავს. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ან რაღაც მექანიზმი არ მუშაობს, ან თავად ვერ ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა", - ასე აფასებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.

    ხანძარი ბათუმში, სპეცოპერაცია თბილისში, ევროკავშირის ბრძოლა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ - ის საკითხებია, რაზეც "მთელი კვირა" კონსტიტუციონალისტს ესაუბრა.

    ვახტანგ ძაბირაძე: ეს ის შემთხვევაა, როცა ძიებამ უნდა დააგინოს ყველაფერი. საშინელებაა. თუ ეს შედეგი გაუფრთხილებლობამ გამოიწია, მით უმეტეს, როცა ამ კლასის სასტუმროზეა საუბარი.

    კონკრეტულად რა მოხდა, ჯერ გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, მერე კი ჯერი ხელისუფლებაზე მიდგება. იმიტომ, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებით მკაცრი დაცვა სწორედ სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს გაწერილი და მოთხოვნილი.

    "მთელი კვირა": როგორც ითქვა, ეს სასტუმრო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის გამო წლეულს უკვე დაჯარიმდა, მაგრამ ფაქტია, ამის შემდეგ ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. გვახსოვს 2015 წელს ქობულეთში მომხდარი ტრაგედიაც, როცა, ასევე, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზე იყო საუბარი. როგორ ფიქრობთ, დგას თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც?

    ვ.ძ.: ამ შემთხვევაში, ზოგადად, ხელისუფლების არა, მაგრამ კონკრეტულად ვინც ამ საკითხს კურირებს, იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამოვრიცხავ. ჩემი აზრით, აქ მეორე ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ ქობულეთის შემთხვევას, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა. ამხელა ტრაგედია დატრიალდა და საბოლოოდ ვერც დადგინდა, რა მოხდა. ასეთი მიმართულებით აღარ უნდა წავიდეს ეს შემთხვევა.

    მე ვფიქრობ, უსაფრთხოების წესები კიდევ უფრო მკაცრად უნდა იყოს გაწერილი ყველგან, სადაც კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია. პირველ რიგში, მეპატრონეებს უნდა მოეთხოვებოდეთ ამ ნორმების მკაცრად დაცვა. თუ ნორმა იღვევა, ე.ი. რადიკალური სანქციებია საჭირო, თუნდაც ასეთი ობიექტის დახურვა. ჩემი აზრით, გარდა ადმინისტრირებისა, საკანონმდებლო დონეზე გამკაცრებაც უნდა მოხდეს.

    სამწუხაროდ, ბოლო პერიოდია, პრობლემები გროვდება და ერთად იყრის თავს. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ან რაღაც მექანიზმი არ მუშაობს, ან თავად ვერ ითვალისწინებს იმ საფრთხეებს, რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა. ეს საკითხები მოსაგვარებელია, მაგრამ, პირველ რიგში, ძიებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიგვიყვანოს უტყუარ დასკვნამდე, რომლის მიმართაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ გაჩნდება. სხვა შემთხვევაში ისევ ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

    "მ.კ.": ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ახსენეთ და ალბათ 22 ნოემბრის სპეცოპერაციას გულისხმობდით. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ამ საკითხზე ამ დრომდე რატომ დუმს?

    ვ.ძ.: მე ვფიქრობ, კონკრეტული დეტალები და მათი ვინაობის აფიშირება საზოგადოებას ახალს არაფერს მისცემს, გარდა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა. თუმცა ის ფაქტი, რომ ქალაქის ცენტრში ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებს, საკმაოდ მძიმეა.

    აქ ისევ და ისევ კითხვების ჯაჭვი ჩნდება - ვიღაცამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცა, ვიღაცამ სოციალურ ქსელში მაკომპრომიტირებელი ვიდეოები გაავრცელა, უცებ ტერორისტული დაჯგუფება ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა და ამ ყველაფერზე საზოგადოებას პასუხები არ აქვს. მთელი ეს კომპლექსი უარყოფით ჯაჭვს ქმნის, რაც, ასევე, ძალიან ნეგატიურად აისახება სახელმწიფოზე. წარმოიდგინეთ, ქალაქის ცენტრიდან გაიტაცეს კაცი და დღემდე ვერ დავადგინეთ, რა მოხდა მაშინ, როცა ათასი ვიდეოკამერაა ქუჩაში. ამის მერე აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს, ბინა საბრძოლო მასალებით რომ იყო სავსე. იმის თქმა მინდა, რომ კონკრეტული სახელები და გვარები კი არა, მთავარია, როგორ მოხდა და რამ გამოიწვია მსგავსი შემთხვევა. გასაგებია, რომ ეს არ იყო მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმე, ტერორისტულ აქტს შეიძლება გაგრძელება ჰქონდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მივიდა საქმე აქამდე. მით უმეტეს, თუ ეს ლაფანყურს უკავშირდება.

    რა პროცესებიც ჩვენ ირგვლივ მიმდინარეობს, ამას კარგი გაანალიზება სჭრდება. ანალიტიკური ცენტრი უნდა არსებობდეს, რომელიც შიდა თუ გარე საფრთხეებს შეისწავლის. სხვაგვარად, როგორც ჩანს, ვერ მუშაობს სახელმწიფო და ისევ იმ რელობის წინაშე აღმოვჩნდებით, რომ ეს საქმეც ჩაიფარცხება და სანამ ახალი უბედურება არ მოხდება, მანამდე ვიქნებით მშვიდად.

    "მ.კ.": თქვენ ფიქრობთ, რომ გარკვეული საფრთხეები კიდევ არსებობს?

    ვ.ძ.: თუ გახსოვთ, ჩვენ არც ადრე ვაქცევდით სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის ტექსტებს ყურადღებას. იმიტომ ვამბობ, ანალიტიკური ცენტრი უნდა არსებობდეს-მეთქი, რომ ყველა მოსალოდნელი საფრთხის შესწავლა მოხდეს. უნდა გაირკვეს, რა იყო სამიზნე, რას აპირებდნენ. თუ ჩვენ გავარკვევთ, რა გეგმა ჰქონდათ, მაშინ გვეცოდინება იმ მუქარის შემცველი განცხადებების მიზანიც და მის უკან მდგომიც. უამრავი ვერსია ჩნდება როგორც ჩვენს მეზობლებზე, ისე "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლებზე, მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, არ მგონია, "ისლამურ სახელმწიფოს" ჩვენთვის ეცალოს. მათ თავისი გასაჭირიც ეყოფათ, მაგრამ თუ ვინმეს მათი სახელის გამოყენება უნდა, ეს სხვა საკითხია.

    "მ.კ.": როგორ შეაფასებდით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ რუსული საინფორმაციო კამპანიის წინააღმდეგ თანხა გამოყოს. ეს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის?

    ვ.ძ.: ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ რუსულ პროპაგანდას საქართველოში რაიმე ძირეული ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ამის თავის ნებაზე მიშვებაც არ შეიძლება. პროპაგანდით რუსებს ჩვენი მოხიბვლა ძალიან გაურთულდებათ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილი და სინამდვილეში სხვა პროცესების განვითარებას ემსახურებოდეს. ანუ, ზოგადად, ძალიან უარყოფითი ატმოსფერო შექმნას ჩვენ ირგვლივ. ამასთან დასაპირისპირებლად აუცილებელია ისეთი პროპაგანდა, რომელიც საქართველოს გააცნობს ევროპას. ჩვენ ევროპას უნდა შევხედოთ ანტირუსულ ჭრილში.

    როგორც მე ვიცი, ამ შემთხვევაში ძირითადად მაინც საუბარია მედიის დაფინანსებაზე, საიდანაც რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება უნდა მოხდეს. მაგრამ ჩვენ იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რუსეთი რა ცუდია, არამედ ევროპა გავაცნოთ საქართველოს მოსახლეობას. მაგალითისთვის, ხშირად გვესმის, რომ რუსული მართლმადიდებლობა კარგი საყრდენია და ა.შ. რომელიმე ტელევიზიამ რომ მოამზადოს თუნდაც ერთი გადაცემა ევროკავშირში შემავალ მართლმადიდებელ ქვეყნებზე, აი, ეს იქნება ძალიან კარგი პასუხი, თუ როგორია რუსული მართლმადიდებლობა სინამდვილეში.

    უამრავი ასეთი საკითხია, რომელსაც ჩვენ გავურბივარ და თუ ეს ფული სწორედ ასეთ შემეცნებით და კომპლექსურ საკითხებს მოხმარდება, ამას ექნება ძალიან კარგი ეფექტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter