სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    27.11.2017

     მოქმედ სახალხო დამცველს - უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება. დიდი ალბათობით, მის პოსტს გენერალური აუდიტის ყოფილი მოადგილე ნინო ლომჯარია დაიკავებს - მისი კანდიდატურა უკვე მოიწონა საპარლამენტო უმრავლესობამ.

    რას ფიქრობს მის შემცვლელზე თავად ნანუაშვილი და როგორ აფასებს განვილილ 5 წელს - "მთელი კვირა" ჯერ კიდევ მოქმედ სახალხო დამცველს ესაუბრა.

    "მთელი კვირა": პირველ რიგში, 22 ნოემბრის სპეცოპერაციით დავიწყოთ. თქვენ, როგორც სახალხო დამცველს, რა კითხვები გაქვთ ამ საქმის მიმართ, რა არის ძიების პროცესში მნიშვნელოვანი?

    უჩა ნანუაშვილი: რა თქმა უნდა, სპეცოპერაციის საქმის შესწავლა დავიწყეთ. ჩვენი წარმომადგენლები შეხვდნენ კიდეც დაკავებულს. ასევე, გავეცნობით ყველა იმ მასალას, რომელიც საქმეში იქნება, მოგვიანებით კი ჩვენი კომენტარიც იქნება. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები მაქვს, თუმცა ჯერჯერობით მათი თქმისაგან თავს შევიკავებ.

    "მ.კ.": თავად დაკავებული რას ამბობს?

    უ.ნ.: დაკავებული უარყოფს დანაშაულის ჩადენას და ტერორიზმთან კავშირს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს გარკვეული. ამიტომ შევისწავლით ყველა დეტალს, რომელიც საქმეში არსებობს.

    "მ.კ.": არის თუ არა დაკავებული ჩატაევის გუნდის წევრი ან რას საქმიანობდა?

    უ.ნ.: მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს, მაგრამ უარყოფს რაიმე კავშირს ტერორისტულ აქტთან და საერთოდ ტერორისტებთან.

    "მ.კ.": უფლებამოსილების ვადა გეწურებათ. როგორ შეაფასებდით განვლილ 5 წელს?

    უ.ნ.: ვფიქრობ, ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ანგარიში და რეკომენდაცია მოვამზადეთ, რათა ადამიანთა უფლებების სტანდარტი გაზრდილიყო. შევეცადე, ინსტიტუტი გამხადრიყო ეფექტური. ძალიან ბევრი მიმართულებით გაიზარდა სტრუქტურის მუშაობა. კანონის საფუძველზე ამოქმედდა გარკვეული მექანიზმები და ვფიქრობ, რომ დღეს ეს ინსტიტუტი ძალიან გაძლიერებულია.

    აპარატი, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით მუშაობს. ამუშავებულია ცხელი ხაზი, მოქმედებს რეგიონული ოფისები, რომელთა რაოდენობაც ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა. საბოლოო ჯამში, 70-ზე მეტი ანგარიში მომზადდა. ჩვენი საქმიანობა გავრცელდა ოკუპირებულ რეგიონებზე - 11 სპეციალური ანგარიში მომზადდა იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, არ დარჩა სფერო, რა საკითხზეც ჩვენი აპარატი არ მუშაობდა. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ, მაგალითად, გასულ წელს 8 ათასზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა. მომართვა გაზრდილია სწორედ იმის გამო, რომ აპარატის მიმართ ნდობა აქვთ.

    აპარატის მანდატი გაფართოვდა რამდენიმე მიმართულებით. მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონი მოექცა ჩვენი მანდატის ფარგლებში. ასევე, დავიწყეთ მუშაობა თავდაცვის სფეროზში წვევამდელებისა და ვეტერანების უფლებებზე.

    შეიძლება ითქვას, ბევრი მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. თუნდაც გამოვყოფ ჩვენს ინიციატივას, რომ ქვეყანას ჰქონოდა ეროვნული სტრატეგია, რაც პარლამენტმა დაამტკიცა. ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, ქვეყანას 7-წლიანი ეროვნული სტრატეგია აქვს.

    ასეთი მაგალითი ძალიან ბევრია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეკომენდაციების ნაწილი არ შესრულდა. ამაზე ხშირად ვსაუბრობდით, თუმცა მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრ საკითხს ჩაეყარა საფუძველი. რომ არა ჩვენი აქტიურობა, ვფიქრობ, კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იქნებოდა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

    "მ.კ.": რეკომენდაციების გათვალისწინების სტატისტიკა როგორია?

    უ.ნ.: შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა იყო დადებითი. რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი გათვალისწინებულ იქნა. გასულ წელს 50%-ზე მეტი შესრულდა, თუმცა დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო სისტემური ცვლილებები, ვგულისხმობ შრომის ინსპექციას და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას. ეს რეკომენდაციები დღემდე არ არის შესრულებული.

    "მ.კ.": იუსტიციის მინისტრმა თქვენ "ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი" გიწოდათ. მანამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ მას არ სურდა, ომბუდსმენის ინსტიტუტი კრიმინალების "გამპრავებელ" დაწესებულებად ქცეულიყო. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური კამპანია სახალხო დამცველის წინააღმდეგ. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს, ეს არის პოლიტიკური კამპანია ომბუდსმენის ინსტიტუტის წინააღმდეგ, თუ პერსონალურად თქვენ მიმართაა კრიტიკული დამოკიდებულება?

    უ.ნ.: მე მგონი, ყველამ ნათლად დაინახა, რომ ეს უშუალოდ პირდაპირ ინსტიტუტის მიმართ იყო. იმიტომ, რომ ეს არ იყო პირველი კრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მანამდე არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებები მოვისმინეთ უშუალოდ ამ ინსტიტუტის წინააღმდეგ. შეგვიძლია ვთქვათ, ეს იმის შედეგია, რომ სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მუშაობდა და არ ხუჭავდა თვალს არსებულ პრობლემებზე. კრიტიკაც სწორედ იმ სტრუქტურებიდან მოდიოდა, რომლებიც ამ პრობლემური ინსტიტუტების უკან მოიაზრება - შსს, პროკურატურა, სასამართლო და ა.შ. ანუ, ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვხედავდით ყველაზე მეტ პრობლემას და სწორედ ის მინისტრები გამოდიოდნენ ჩვენი კრიტიკით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს ხელმძღვანელობენ. ან თუნდაც დეპუტატები პარლამენტში, რომლებიც ამ სისტემის უკან მოიაზრებიან. რა თქმა უნდა, ეს არის შეტევა კრიტიკული ინსტიტუტის მიმართ და ამაზე, სხვათა შორის, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამაც განაცხადა. ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ რჩება არავის.

    სამწუხაროდ, ხელისუფლების კონკრეტულად რამდენიმე უწყება არ იღებს იმ კრიტიკას, რომელიც მომდინარეობს სახალხო დამცველის აპარატიდან. მათ სურთ, რომ ეს აპარატი იყოს კონტროლირებადი და სწორედ აქეთკენ არის მიმართული მათი კრიტიკა. მათ სურთ, ომბუდსმენმა შეწყვიტოს კრიტიკა, რომ მომავალი სახალხო დამცველიც იყოს კომფორტული ხელისუფლებისთვის და არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, როგორიც არაერთხელ გადავდგი.

    "მ.კ.": რას ფიქრობთ ნინო ლომჯარიას კანდიდატურაზე, რომელიც, სავარაუდოდ, თქვენ შეგცვლით?

    უ.ნ.: ამ საკითხზე ჯერჯერობით თავს შევიკავებ კომენტარისგან. დაველოდები პროცესის დასრულებას. სხვა კანდიდატებიც იყო დასახელებული, ამიტომ დაველოდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტი იყოს დამოუკიდებელი და მისი ხელმძღვანელი - პრინციპული.

    "მ.კ.": და დანარჩენ კანდიდატებზე რას იტყვით?

    უ.ნ.: ჩემგან არ იქნება სწორი ვინმეს გამოყოფა, ამიტომ ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

    "მ.კ.": თქვენ სად აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?

    უ.ნ.: არ ვიცი, არ მქონია დრო, რომ ჩემს გეგმებზე მეფიქრა. ვფიქრობ, ბევრი რამეა გასაკეთებელი ამ სფეროში, სადაც ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter