სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    25.11.2017

     ვინ არის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ეჭვმიტანილი, არის თუ არა მათ შორის ახმედ ჩატაევი და რა კავშირი აქვს ამ სპეცოპერაციას 2015 წელს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ აიუფ ბორჩაშვილთან - ამ საკითხზე ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. არაოფიციალურად კი ამ ვერსიას აქტიურად განიხილავენ და არგუმენტად ახმედ ჩატაევის ვიდეომუქარა მოჰყავთ, სადაც იგი "ოცნების" ხელისუფლებას ბორჩაშვილის გათავისუფლებას სთხოვდა.

    ისანში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. ოფიციალური ინფორმაციით, 22-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ეჭვიმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდათ კავშირი, დაკავებული პირი კი რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მისი ვინაობა უცნობია. პროკურატურამ გუშინ მხოლოდ დაკავებულის ინიციალები გაავრცელა - ს.დ.

    პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ. სამ თანამზრახველთან ერთად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებას, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებსა და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ.დასასრული

    მოგვიანებით დაკავებულის სავარაუდო ვინაობაც გავრცელდა - სუხო დუდაევი, თუმცა, დაკავებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სუხო დუდაევი არ არის.

    შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

    დაღუპულების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის, შესაძლოა, ახმედ ჩატაევიც იყოს, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება. ამის შესახებ ცნობა პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

    ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ორი ვერსი აქვს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" პრეზიდენტ ზაალ კასრელიშვილს. იგი ფიქრობს, რომ სამართალდამცავი უწყებები სწორ გზაზე დგანან.

    "კრიტიკა არც ხელისუფლებას და არც ძალოვნებს აკლიათ, მაგრამ ამ სიტუაციაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ძალოვნები სწორ გზაზე დგანან.

    "სანამ არ ვნახავთ ოფიციალურ სამედიცინო დასკვნას და არ მოვისმეთ სახელმწიფოს ოფიციალურ განცხადებას, მანამდე თავს შევიკავებთ რაიმე კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებისგან. ამიტომ ვერ გეტყვით, ლიკვიდრებულებს შორის არიან თუ არა ჩატაევი ან მისი თანაგუნდელები. სად იმყოფებოდა ბოლოს ჩატაევი, ამაზე ინფორმაცია სპეცსამსახურებს აქვთ.

    "რაც შეეხება მომხდარს, უფრო მგონია, რუსეთის ტერიტორიაზე გასვლა უნდოდათ და ამას მოჰყვებოდა ძალიან სერიოზული დაპირისპირება. ანუ, ტრანზიტულ დერეფნად მოხდებოდა საქართველოს გამოყენება. მეორე ვერსიით კი, ვფიქრობ, ქართულ ციხეში დაკავებული თანამოაზრის გასათავისუფლებლად ექნებოდათ რაღაც გეგმა. თუმცა დაველოდოთ ოფიციალურ პასუხს. სხვა ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა კასრელიშვილმა.

    ექსპერტ სულხან ბორძიკაშვილის აზრით კი, ლიკვიდირებულებს შორის, დიდი ალბათობით, ახმედ ჩატაევი არ იქნება. მისი თქმით, ანალოგიურად ფიქრობენ პანკისშიც. ამ სპეცოპერაციის კავშირს ბორჩაშვილთან კი იგი ალოგიკურად მიიჩნევს.

    "პანკისში ოფიციალურ დონეზე გავრცელებულ ინფორმაციას ნაკლებად ენდობიან. ამბობენ, რომ ლიკვიდირებულებს შორის ჩატაევი არ იქნება. პირადად მეც ამაში ეჭვი მეპარება. თუმცა შესაძლებელია, "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების წევრები იყვნენ, მაგრამ მათ შორის იყო თუ არა ჩატაევის გარემოცვა, არ ვიცი.

    "არ მგონია, ამ ადამიანებს რამე კავშირი ჰქონდეთ ბორჩაშვილითან. საქართველოში ტერაქტის მოწყობის საშიშროებასაც გამოვრიცხავ, მაგრამ ტერაქტზე ეჭვის დონეზე თუ ვიფიქრებთ, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო საერთაშორისო შეხვედრაზე ან ფორუმზე. ზოგადად, როგორც ევროპის ქვეყანაში აწყობენ, ასეთ ტერაქტებს საქართველოში ყოველთვის გამოვრიცხავდი და ახლაც ასე ვფიქრობ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბორძიკაშვილი.

    მას ეჭვი ეპარება 2015 წელს ჩატაევის მიერ გავრცელებული აუდიომუქარის ავთენტურობაშიც. ფიქრობს, რომ ბორჩაშვილი არ იყო წონიანი ფიგურა.

    "ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია, რომ რაც უნდა მოახდინონ, ციხეც ააფეთქონ, ბორჩაშვილს ვერ გაათავისუფლებენ. თან იგი არ იყო ისეთი ძლიერი ფიგურა, რომ მის გამოსაყვანად ჩამოსულიყვნენ. თვითონ "ისლამურ სახელმწიფოს" უდგას ცუდი დღე. მათი ბევრი თანაგუნდელია თურქეთში დაკავებული და მაშინ იქ მოაწყობდნენ რაღაცას. ზუსტად ვიცით, რომ ეს ვიდეო ნამდვილად ჩატევს ეკუთვნოდა?! თავად ბორჩაშვილს კავშირი რომ ჰქონდა "ისლამურ სახელმწიფოსთან", გასაგებია, ამაზე თავიდანვე ვისაუბრეთ, მაგრამ, მათი ახლანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოვრიცხავ ბორჩაშვილისა და სპეცოპერაციის კავშირს. "აი-სი-სი" ახლაც ისეთი ძლიერი რომ იყოს, როგორც თავის დროზე, ერთ-ერთ ვერსიად შესაძლებელია გვეფიქრა, მაგრამ ხალიფატი, პრაქტიკულად, დაინგრა, დაიშალა და ერთადერთი მათი საზრუნავი არის გადარჩენა, ყველა მხარეს გარბიან.

    "ამიტომ ვფიქრობ, რომ ესენიც გამოქცეულები იყვნენ. შიგნით ისეთი მდგომარეობა აქვთ, რომ ბორჩაშვილის გასათავისუფლებლად ჩამოსვლა ალოგიკურად მიმაჩნია.

    "ჩემი ინფორმაციით, ჩატაევი საქართველოში არ არის. დამატებით სხვა ინფორმაცია არ მაქვს", - გვითხრა ბორძიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter