სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    25.11.2017

     ზვიად მახარაძე, ბრიუსელი

    ბრიუსელში გამართული "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი დასრულდა და საბოლოო დეკლარაციაში ისევ არ ჩაიწერა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც თბილისის მთავარი ამოცანა იყო და რასაც ბოლო ორი სამიტია, ხელისუფლება უშედეგოდ ელოდება.

    დეკლარაციის მე-10 პუნქტში ჩაიწერა, რომ "სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში".

    "ევროპული პერსპექტივის" ჩაწერა ნიშნავს ევროკავშირის დაპირებას იმის შესახებ, რომ ოდესმე ქვეყანა გაერთიანების წევრი აუცილებლად გახდება. თუმცა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირმა ეს დაპირება ისევ არ მისცა და ახალ დოკუმენტში ჩაიწერა ის, რაც უკვე ეწერა 2015 წლის რიგის სამიტის დეკლარაციაში.გუშინ, 24 ნოემბერს, ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგით მე-5 სამიტი გაიმართა. სამიტში ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი - ლიდერები მონაწილეობდნენ. სამიტზე წელს პირველად პერსონალურად მიწვეული იყო ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ერთ-ერთი ინტრიგა სწორედ ეს იყო, რადგან ერთი, რომ მისი ჩასვლა რუსეთის წინააღმდეგ დემონსტრაციულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა და მეორეც, ბელარუსის ლიდერის მისამართით ევროკავშირში კითხვები არსებობს ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო და მის მოწვევას ისედაც ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი აპროტესტებდა.დასასრული

    საბოლოო ჯამში, ბელარუსის ლიდერი სამიტზე არ ჩავიდა და ინტრიგაც არ შედგა.

    სამიტის ფარგლებში სიახლე იყო ის, რომ სომხეთმა "პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება გააფორმა, რითაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო.

    სამიტის მონაწილეებმა გუშინ შეაჯამეს რიგის 2015 წლის სამიტიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები და დაისახა სამომავლო გეგმები.

    "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ევროკავშირი გვთავაზობს 20 ამოცანის შესრულებას 2020 წლისთვის. ეს ძირითადად ეხება ეკონომიკის განვითარებას, დემოკრატიის განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობას, მეტ დემოკრატიზებას. მთავარი აქცენტი პოლიტიკური ასოცირების დაჩქარებასა და ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციაზე გაკეთდა.

    ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი ფორმატი უფრო მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, ახალი ადამიანების დასაქმებაზე, სტარტაპებზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ამ ქვეყნებში ეკონომიკის გაძლიერებაზე.

    დეკლარაციაში სულ 21 პუნქტია და მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან, იმ სამ ქვეყანასთან უფრო მეტ თანამშრომლობას, რომლებთანაც ევროკავშირს "ასოცირების ხელშეკრულება" აქვს გაფორმებული. ასევე, ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეები კვლავ ვალდებულებას იღებენ, გააძლიერონ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლება.

    ევროკავშირი მხარს უჭერს პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. სამიტის მონაწილეები კვლავ ადასტურებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წინა სამიტის დეკლარაციაში გაწერილ პრინციპებსა და ვალდებულებას იღებენ, წინა სამიტზე მიღებული ვალდებულებები განახორციელონ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს რეფორმებს ამ ქვეყნებში და ფინანსური დახმარებები მიმართოს უფრო მიზანმიმართულად.

    დეკლარაციაში ჩაიწერა პუნქტი, სადაც საუბარია, რომ უნდა განახლდეს ძალისხმევა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით და, როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ჩანაწერი უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გაკეთდა.

    საქართველოდან დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, რომელიც სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და, როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, საქართველომ ამ ქვეყნების მხარდაჭერა მიიღო.

    კვირიკაშვილი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მან "საქართველოს განსაკუთრებულ პროგრესს" გაუსვა ხაზი, განაცხადა, რომ "საქართველო სამაგალითო პარტნიორია".

    სამიტის დაწყებამდე თბილისის მთავარი ამოცანა და, ამდენად, მედიის მთავარი კითხვა იყო, გაკეთდებოდა თუ არა ჩანაწერი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და პირდაპირ თუ ირიბად ითქვა, რომ ჯერ ამისთვის მზად არც ევროკავშირია და არც საქართველო.

    ზოგადად, ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდეს, განსხვავებით დასავლეთ ევროპის ლიდერებისგან.

    ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში ევროპულ პერსპექტივას მხარს არასდროს დაუჭერენ და წევრობის განხილვა უფრო ცალკე ფორმატში უნდა მოხდეს, ისე, როგორც ეს ხდება ბალკანეთის ქვეყნების - ალბანეთის, მაკედონიის, სერბეთისა და ჩერნოგორიის შემთხვევაში, რომლებიც გაწევრიანების რიგში დგანან და მოლაპარაკებას ინდივიდუალურად მართავენ.

    ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებაში იოჰანეს ჰანმა თქვა, რომ ამჟამად ევროკავშირში გამოწვევებია მიგრაცია, ბრექსიტი, ფინანსური პრობლემები და ის, რომ 2-3 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტური არ არის.

    ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ხავიერ ბეტელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ჯერჯერობით ახალი წევრები არ უნდა მიიღოს, "ახლა ამის დრო არ არის", რადგან ჯერ შიდა პრობლემებია მოსაგვარებელი.

    ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდამ განაცხადა, რომ ის, რასაც საქართველო აკეთებს და ახორციელებს, აღტაცებას იწვევს, თუმცა, ასევე თქვა ისიც, რომ ევროკავშირში მისაღებად ფანჯარა ჯერ გახსნილი არ არის, ეს შეიძლება მოხდეს ადრე ან გვიან და როდესაც ეს მომენტი დადგება, საქართველო ადამიანის უფლებების, დემოკრატიის კუთხით წინ უნდა იყოს.

    საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის სურვილი აქვს იმ სამ ქვეყანას, რომლებთანაც "ასოცირების ხელშეკრულებაა" გაფორმებული. გუშინდელ სამიტზეც საქართველოს მთავარი ამოცანა იყო, რომ საბოლოო დოკუმენტაციაში ჩაწერილიყო საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც არ მოხდა. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ამბობს, რომ შედეგებით და მიღებული დეკლარაციით კმაყოფილია.

    პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ, მართალია, სამიტზე ეს ჩანაწერი არ გაკეთებულა, თუმცა "ბატონ ტუსკთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ორი წლის შემდეგ ეს ჩანაწერი გაკეთდეს".

    "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ამ სამიტზე რაიმე გარღვევა არ ყოფილა და ეს მოსალოდნელი არც იყო.

    "მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტი აჟიტირებული იყო და ევროპული პერსპექტივის ჩაწერის მოლოდინი ჰქონდათ, ეს მოსალოდნელი არც ყოფილა, რადგან ევროპის თვალთახედვით სტრატეგიულად არაფერი შეცვლილა ამ ბოლო წლების განმავლობაში.

    "ევროპის შიგნით პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, იგივე ბრექსიტს, მიგრაციას, ფინანსურ პრობლემებს, დღეს ევროკავშირის ლიდერები მზად არ არიან, რაიმე ახალი საკითხები განიხილონ. ერთი სიახლე ისაა, რომ ამ სამიტზე იყო მცდელობა და დეკლარაციაში აისახა კიდეც, რომ სამი ქვეყანა - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გამოცალკევდეს და ამათზე მეტი ყურადღება და აქცენტებია," - ამბობს კაკაჩია

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    saba   (25.11.2017)
    gamocalkavdes ras nishnavs....vistanaa aba sakartvelo... dzaan sasaciloebi arian brdzeni evropelebi


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter