სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    25.11.2017

     მიუხედავად დედაქალაქის ახალი მერის - კახა კალაძის დაპირებისა, რომ "სითი-პარკთან" ურთიერთობა სასამართლოს გზით გადაწყდებოდა, როგორც თბილისის ვიცე-მერი აცხადებს, შესაძლოა, პრობლემა ამის გარეშეც მოგვარდეს. ირაკლი ხმალაძის თქმით, ამისთვის თბილისის მერია "სითი-პარკს დარღვევების გამოსასწორებლად დამატებით ვადას მისცემს, მათი გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი ხელშეკრულების მყისიერი გაწყვეტა მოხდება.

    როგორც თბილისის ვიცე-მერი განმარტავს, იმისთვის, რომ "სითი-პარკის" მიმართ სათანადო ზომები გატარდეს, სასამართლოში ჩივილი საჭირო არ არის.

    "მე არაერთხელ მითქვამს, რომ "სითი-პარკი" არღვევს ხელშეკრულებას და ამას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება, რაც, ხელშეკრულების მიხედვით, არის დამატებითი ვადის დადგენა და ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ არ იქნება დარღვევები გამოსწორებული, ხელშეკრულების მყისიერად შეწყვეტა მოხდება. სასამართლოსთვის მიმართვას ამ შემთხვევაში არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ არ გვჭირდება", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "სითი-პარკი" მიიჩნევს, რომ მერია კომპანიას არამართებულად მოექცა, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს.

    იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს, რომ მერიისა და "სითი-პარკის" ხელშეკრულებაში თუ მსგავსი პირობა იდო და ის აქამდე არ ამოქმედებულა, ჩნდება ეჭვი, რომ საქმე კორუფციულ გარიგებას ეხება.

    "ძალიან საინტერესო ამბავია, რადგან ეს ხელშეკრულება გასაიდუმლოებული იყო ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩაგვეხედა შიგ და გავრკვეულიყავით, რასთან გვქონდა საქმე. თუკი შესაძლებელი იყო, რომ სასამართლო დავის გარეშე "სითი-პარკი" გაგვეძევებინა ქალაქიდან, ჩემთვისაც გასაოცარი ამბავია, ეს აქამდე რატომ არ გაკეთდა?! ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო გარკვეული კორუფციული გარიგების შედეგი და ქალაქის წინა ხელმძღვანელობა სწორედ ამიტომაც არ ცდილობდა ამ კონტრაქტის შესაბამისი მუხლების ამოქმედებას", - ამბობს ლია მუხაშავრია.

    იურისტ გელა ნიკოლაიშვილისთვისაც გაუგებარია, თუ არსებობდა მსგავსი ბერკეტი, რატომ არ მოხდა მისი აქამდე ამოქმედება.

    "რთულია, ისაუბრო ხელშეკრულებაზე, რომლის შინაარსიც უცნობია. საჯარო განცხადებებიდან რაც ვიცით, იმდენად კაბალური ხელშეკრულება იყო, რომ მერიის წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მისი შეწყვეტა, რადგან ქალაქის ბიუჯეტს ეს დიდ ზიანს მიყენებდა. არ ვიცი, ახლა კონკრეტულად რა მუხლის ამოქმედებას აპირებენ, შესაძლოა, ასეთი რამ მართლაც დევს ხელშეკრულებაში, თუმცა თუ ასეთი მუხლი არსებობდა და არ შესრულდა, რა თქმა უნდა, გარკვეული ეჭვი ჩნდება, რადგან ამდენი ხანია "სითი-პარკის" ქალაქიდან წასვლა საყოველთაო მოთხოვნაა.

    "ისიც უნდა ითქვას, რომ "სითი-პარკი" იქნება თუ სხვა რომელიმე კომპანია, ეს პრობლემა იარსებებს მანამდე, სანამ პარკირების ადგილების მოწყობა და შემდეგ მისი კონტროლი არ მოხდება. ეს ფუნქცია აუცილებლად ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე", - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მერაბი   (25.11.2017)
    რა მნიშვნელობაა მგელი შეგჭამს თუ მგლის ფერი ძაღლი


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter