სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    24.11.2017

     პატრიარქმა ილია II-ემ ქაშვეთის ტაძარში გიორგობის სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე თანამოსაყდრედ ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი დაასახელა და უკვე ცნობილია ისიც, რომ ეპისკოპოსი შიო პატრიარქობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კანდიდატიც იქნება. თეოლოგები კი უკვე პროგნოზირებენ, რომ ილია II-ის რჩეულს ყველაზე დიდი შანსი აქვს, მომავალი პატრიარქი გახდეს და, დიდი ალბათობით, ასეც მოხდება.

    საეკლესიო კანონის მიხედვით, თანამოსაყდრედ ან მემკვიდრედ ვინმეს დასახელება არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად მომავალ პატრიარქად უნდა აირჩიონ. პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში თანამოსაყდრე პირველიერარქის მოვალეობის შემსრულებელია ახლის არჩევამდე, რაც ხდება 40 დღის შემდეგ, არაუგვიანეს 2 თვისა. სინოდის სხდომაზე სახელდება 3 კანდიდატურა და არჩეულად მიიჩნევა ის, ვინც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. დღეს სინოდში ილია მეორის გარდა 46 მღვდელმთავარია და, ამდენად, მომავალმა პატრიარქმა 24 ხმა უნდა დააგროვოს.

    საპატრიარქოში რამდენიმე გავლენიანი დაჯგუფებაა და ყველა მათგანს თავისი სასურველი კანდიდატურაც ჰყავს. ამ ჯგუფებს შორის ყველაზე გავლენიანია საპატრიარქოს ე.წ. შორენა თეთრუაშვილის წრე, რომელშიც შედიან პატრიარქის ქორეპისკოპოსებიც, იაკობ იაკობაშვილი, თეოდორე ჭუაძე და გარკვეულწილად შიო მუჯირიც. თუმცა 48 წლის შიო მუჯირი, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მაინც უფრო დამოუკიდებელ ფიგურად მოიაზრება. მისი თანამოსაყდრედ დასახელება მოულოდნელი აღმოჩნდა ეპისკოპოსებისთვის და ამაზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმე შარაშენიძემაც განაცხადა.

    შიო მუჯირის პატრიარქის თანამოსაყდრედ გამოცხადებას სინოდის წევრთა შორის რაიმე გამოხმაურება და მილოცვები არ მოჰყოლია, რის გამოც თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქორეპისკოპოსის ასე გამორჩევას ეპისკოპოსებს შორის დიდი სიხარული არ მოჰყოლია.

    რა ვიცით შიო მუჯირის შესახებ? თეოლოგები ამბობენ, რომ ძალიან ცოტა რამ, რადგან ქორეპისკოპოსი საზოგადოებაში აქტიური არასდროს ყოფილა და მის შეხედულებებზე არავინ არაფერი იცის. ძირითადად ცნობილია მხოლოდ ის მწირი ინფორმაცია, რაც ბიოგრაფიიდან ჩანს.

    თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ შიო მუჯირი საჯარო სივრცეში არც ისე ხშირად ჩნდებოდა. ცნობილია, რომ დამთავრებული აქვს 53-ე სკოლა, ასევე, მუსიკალური სასწავლებელი, იყო კარგი ჩელისტი. 2001 წელს სწავლობდა რუსეთში, ტიხონის სასულიერო სასწავლებელში და შემდეგ იქ ქართული ეკლესიის წინამძღვარი იყო. ღვთისმეტყველებაში ფლობს დოქტორის ხარისხს და ამით გამორჩეულია, რადგან ქართულ ეკლესიაში თეოლოგიური განათლება ძალიან ცოტა ეპისკოპოსს აქვს.

    "ის გამოჩნდა, როდესაც აირჩიეს დემოგრაფიის განვითარების ფონდის ერთ-ერთ მესვეურად, რომელშიც შედიან მისი თანაკლასელი და მეგობარი ლევან ვასაძე, ლაშა პაპაშვილი და სხვა ქართველი ბიზნესმენები, რომელთა ჩანაფიქრი იყო ბავშვების შობადობის ზრდისთვის ხელშეწყობა საქართველოში. გარდა ამისა, შიო მუჯირი ვიხილეთ, როდესაც მისი სასწავლებელი სენაკში კლასელებმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ლევან ვასაძემ მოინახულეს და თანადგომა გამოუცხადეს," - ამბობს გამრეკელაშვილი.

    გამრეკელაშვილის თქმით, ქორეპისკოპოსთან დაკავშირებით კითხვებს ორი რამ აჩენს, ერთი ის, რომ მოსკოვში მოღვაწეობდა და მეორე - ლევან ვასაძის ახლო მეგობარია და იდეური თანამშრომლობაც აკავშირებს.

    "შიო მუჯირს პირადად არასდროს გამოუთქვამს აზრი დასავლურ კულტურასთან დაკავშირებით, თუმცა მისი გარკვეული იდეოლოგიური ტიპის საქმიანობა ლევან ვასაძესთან კითხვებს ბადებს. გარდა ამისა, ეპისკოპოსი შიო სწავლობდა რუსეთში, ტიხონის ჰუმანიტარულ მართლმადიდებლურ ფაკულტეტზე. 2001 წლიდან ის მოსკოვში ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი იყო, შესაბამისად, შეხება ჰქონდა რუსეთის ეკლესიის მაღალ იერარქიასთან," - ამბობს გამრეკელაშვილი.

    მისი თქმით, მიტროპოლიტი შიო მიეკუთვნება საპატრიარქოს ცენტრალური ბორდის ჯგუფს, სადაც შედიან შორენა თეთრუაშვილი, იაკობ იაკობაშვილი, თეოდორე ჭუაძე და გერასიმე შარაშენიძე.

    "ის ქორეპისკოპოსია და ამ პატარა კოლეგიის წევრია. თუმცა, იაკობისგან განსხვავებით, დაბალანსებული და გაწონასწორებულია, თეოდორე ჭუაძისგან განსხვავებით კი, განათებულია, გერასიმე შარაშენიძისგან განსხვავებით, დიპლომატია. ის, დიდი ხანია, პატრიარქის ქორეპისკოპოსია, რაც ნიშნავს, რომ ჩართულია მოცემულ პერიოდში არსებულ მმართველობაში და აქვს მმართველობის გამოცდილებაც. შესაბამისად, მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს თეთრუაშვილი," - ამბობს გამრეკელაშვილი.

    მისივე თქმით, მუჯირის დასახელება თანამოსაყდრედ აუცილებლად შეთანხმებული იქნება როგორც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, ისე რუსეთთან, რადგან საქართველოს ეკლესიისთვის ყველაზე დიდი მხარდამჭერიც და პრობლემური მოკავშირეც სწორედ რუსეთია.

    ვინ შეიძლება დაუპირისპირდეს პატრიარქობისთვის ბრძოლაში უკვე გამორჩეულ შიო მუჯირს. მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ სინოდის შიგნით პატრიარქობა ბევრს სურს, მაგრამ მეუფე შიოს წინ წამოწევამ დააყენა სავარაუდო კანდიდატების ტიპაჟის რაობის საკითხი.

    "მეუფე შიოს კონკურენტი ვერ იქნება მეუფე პეტრე, რადგან ის სხვაგვარი ტიპის ადამიანია, ვერც უხეში დიმიტრი შიოლაშვილი, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, კონკურენცია მოუგოს შიო მუჯირს, მაშინ შედარებით დახვეწილი და დაბალანსებული ადამიანი უნდა იყოს. ასეთები არიან ნიქოზის ეპისკოპოსი ისაია, ბელგიისა და ნიდერლანდების ეპისკოპოსი დოსითეოსი, რომლებსაც განათლება აქვთ და ამავე დროს მშვიდები და დახვეწილები არიან. აბრაამ გარმელია წლების წინ იყო აქტუალური ფიგურა, მაგრამ ახლა ის საკმაოდ მხცოვანია და შეიძლება ძალაც არ ეყოს," - მიიჩნევს გამრეკელაშვილი.

    იმას, რომ შიო მუჯირის გამორჩევა, შესაძლოა, რუსეთთან იყოს შეთანხმებული, არ გამორიცხავს არც თეოლოგი ლადო ნარსია და საუბრობს იმაზე, რომ რამდენიმე კვირის წინ თბილისში ჩამოსული იყო რუსული ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელი ილარიონ ალფეევი, რომელსაც პატრიარქი აფხაზეთის ეკლესიის საკითხზე ესაუბრა და გამორიცხული არ არის, თანამოსაყდრის თემაც ამ დროს შეთანხმდა.

    "რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელ ილარიონ ალფეევის საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობას ეჭვის თვალით შევხედავდი და მაინც ვიტყოდი, ხომ არ ჩამოიტანა ილარიონ ალფეევმა რუსეთიდან გზავნილი, ვინაა მათთვის სასურველი კანდიდატურა. როდის დასაბუთდება ამგვარი ეჭვი და როდის გახდება ის რეალური დასაბუთებული ინფორმაცია, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუკი მეუფე შიო ვერ შეძლებს ეკლესიაში გაბატონებული ჯგუფების, მათ შორის შორენა თეთრუაშვილისა და მისი დაჯგუფების ჩამოშორებას ეკლესიის მართვის სადავეებიდან, თუკი ეკლესიის მართვის წესი სინოდური მმართველობის ფორმებში არ გადანაწილდება, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ეს გადაწყვეტილება წავიკითხოთ, როგორც სურვილი და კარნახი გარკვეული წრეებიდან, ეს იქნება უშიშროების სამსახურებიდან, რაც ძალიან ცუდი იქნება. არაფერს ვამტკიცებ, ეს მხოლოდ ეჭვია და ვიდრე ამ პროცესებს არ აღმოვაჩენთ, მანამდე მინდა ვთქვა, რომ მეუფე შიოს ამ რთულ გზაზე წარმატებას ვუსურვებ," - ამბობს ნარსია.

    მისი თქმით, ძალიან ცოტა რამეა ცნობილი მიტროპოლიტი შიოს საჯარო განცხადებების შესახებ და მასზე მსჯელობა ამიტომ ჭირს. თუმცა იხსენებს, რომ შიო მუჯირმა წაიკითხა სინოდის გადაწყვეტილება მეუფე პეტრე ცაავასთვის გარკვეული სანქციების დადებაზე.

    "მან რამდენიმე კანონი ჩამოთვალა, რომლებიც იმ სანქციასთან სრულიად დაუკავშირებელი იყო და მაშინ პირდაპირ იკითხებოდა შორენა თეთრუაშვილისა და მისი გუნდის სადამსჯელო ღონისძიება. მეუფე შიოს უნდოდა, თვალი აეხვია საზოგადოებისთვის და ეთქვა, რომ ჩამოთვლილი კანონების მიხედვით დაუწესდა გარკვეული სანქციები მეუფე პეტრეს. მაშინ ეჭვი გამიჩნდა, ზედმეტად ხომ არ განიცდიდა ის თეთრუაშვილის ჯგუფის გავლენას. მაშინ ეს არ მომეწონა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ამ სტატუსში მეუფე შიო გავლენისგან გათავისუფლდება," - დასძენს ნარსია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (24.11.2017)
    რამდენი რამ იმალება ქართველი ხალხის ზურგს უკან და რამდენი ხმალი ხვდება მას სწორედ ზურგში...არადა ჩვენმა ხალხმა ეს მერამდენედ, გოლგოთის გზა გამოიარა...არავის ეპატიება სამშობლოს ღალატი, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენის ღალატი...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter