სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    24.11.2017

     ტერორიზმის საფრთხე საქართველოში, რომელი სახელმწიფო შეიძლება იყოს დაინტერესებული და ვინ არის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული სამი ეჭვმიტანილი? - სპეცოპერაციიდან მესამე დღეს ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია, ხელისუფლება დუმს. ოფიციალურად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც და საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.

    ოფიციალური ინფორმაციით, 22-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ეჭვიმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდათ კავშირი, დაკავებული პირი კი რუსეთის მოქალაქეა.

    შს მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. "პრაიმტაიმის" ცნობით, საქართველომ დახმარებისა და თანამშრომლობისთვის ავსტრიას მიმართა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ავსტრიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ტერორისტებთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენასა და იდენტიფიცირებაზე.

    შეგახსენებთ, რომ ბინის მეპატრონე, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები აფარებდნენ თავს, ავსტრიაში იმყოფება. გარდა ამისა, ავსტრიაში ცხოვრობდა და ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთი გავლენიანი პირი, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური ახმედ ჩატაევი, რომლის სახელსაც სხვადასხვა წყარო თბილისში გუშინ განეიტრალებულ ტერორისტულ ჯგუფს უკავშირებს.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულთა შორის, შესაძლოა, ახმედ ჩატაევიც იყოს, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება. ამის შესახებ ცნობა პირველად ყოფილმა სამხედრო ინსტრუქტორმა დავით მაკიშვილმა გაავრცელა. მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები..."

    "კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას, - ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას - გუშინდელი სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის არის თუ არა ახმედ ჩატაევი.

    უსაფრთხოების სამსახურში "რეზონანსის" კითხვებს ასე უპასუხეს: "რა ინფორმაციაც გავავრცელეთ, იმის მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. უახლოეს დღეებშიც თუ რამე ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი, დაგიკავშირდებით აუცილებლად".

     ცნობისთვის, ახმედ ჩატაევი 1980 წელს ჩეჩნეთში, სოფელ ვედენოში, დაიბადა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მან ხელი დაკარგა. რუსეთის ძალოვნები 2003 წლიდან ეძებენ. იგი ავსტრიაში ჩავიდა, სადაც ლტოლვილის სტატუსი მიიღო. 2010 წელს ჩატაევი უკრაინაში დააკავეს. ადგილობრივმა შს სამსახურებმა მის მობილურ ტელეფონში დივერსიული საქმის ინსტრუქცია და აფეთქების შედეგად დაღუპულების ფოტოები იპოვეს. უკრაინელ ძალოვნებს მისი დოკუმენტების ნამდვილობაში, მათ შორის ავსტრიის მიერ გაცემული ლტოლვილის სტატუსის, ეჭვი შეეპარათ.

    ევროპულმა სასამართლომ მისი რუსეთისთვის გადაცემა აკრძალა, ამიტომაც უკრაინელებმა საქართველოს გადასცეს, სადაც გარკვეული დრო ციხეში გაატარა. შემდეგ გაათავისუფლეს, დაოჯახდა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩა. 2011 წლის მაისში თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ბულგარეთის სასამართლო მისი რუსეთისთვის გადაცემის პროცედურას შეუდგა, თუმცა შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა.

    შემდეგ იყო 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაცია, როცა ქართველ სამართალდამცავებსა და ბოევიკებს შორის ორმხრივი სროლის დროს დაჭრილი ჩატაევი დააკავეს, მოგვიანებით კი გაამართლეს და გაათავისუფლეს.

    მას შემდეგ, რაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული აიუფ ბორჩაშვილი დააპატიმრეს, ჩატაევმა საქართველოში აუდიომუქარა გამოგზავნა და ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს დაემუქრა. საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა და ეს მიმართვა შესაბამისმა უწყებებმა აუფ ბორჩაშვილის "აი-სი-სისთან" კავშირის ერთ-ერთი მთავარ მტკიცებულებად გამოიყენეს.

    კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელ უმარ იდიგოვის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს ბინაში ქალი და ორი ბავშვი იმყოფებოდნენ, თუმცა სუსი ამას არ ადასტურებს.

    "ჩეჩნებმა მითხრეს, რომ ბინაში 2 პატარა ბავშვი, 1 ქალი და 2 მამაკაცი იყვნენ. ისინი ჩეჩნეთიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ სამკურნალოდ. ბინა პანკისელი ბიჭისგან ჰქონდათ ნაქირავები. მეზობლებისგან გავიგე, რომ უსაფრთხოების სამსახურებმაც იცოდნენ ამის შესახებ. არ ყოფილან ისინი ტერორისტები. იმ სადარბაზოს ყველა სართულზე მცხოვრები გარეთ ისე გამოვიდა, რომ არავის მძევლად აყვანა არ უცდიათ. მე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ბავშვებსა და ქალს გამოვიყვანდი, მოლაპარაკებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბინაში არ შეგვიშვეს. რაც შეეხება სროლას, ბინიდან პისტოლეტით სროლის ხმა იყო, მაგრამ ავტომატებით და ხელყუმბარებით - არა," - უთხრა "რეგინფოს" იდიგოვმა.

    ოფიციალური ინფორმაციით, იმ ბინის პატრონი, სადაც ეჭვმიტანილები თავს აფარებდნენ ახმეტაში, "სოკარის" ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელი ასლანბეგ ჯაბრაილოვია, რომელიც ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ გუშინ გათავისუფლდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter