სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობის გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის
    ნინო ქეთელაური
    09.11.2017

     ევროპარლამენტი ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ანგარიში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე მიიღო და მას კენჭი პლენარულ სესიაზე ეყრება, რომელიც სტრასბურგში ნოემბერის ბოლოს გაიმართება.

    ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება უნდა მოხდეს და ახალი გზები გამოიძებნოს, რათა მხარდაჭერა გაუწიონ ქვეყნებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე.

    რეკომენდაციების სიაში მოცემულია საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის მიზნობრივი ფონდის შექმნა, რომელიც განვითარების ინსტრუმენტს წარმოადგენს, რითიც ევროკავშირი სწრაფად და მოქნილად გასცემს პასუხს კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებს.

    ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა ინვესტირება მოხდეს სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში.

    ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასევე გამოდის რეკომენდაციით, გაიზარდოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და არსებული პარტნიორობის გაუმჯობესება.

    ევროპარლამენტის ანგარიშის ერთ-ერთი ავტორის, ლიტველ დეპუტატ ლაიმა ანდრიკიენეს განაცხადებით, "მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს მოდელის შექმნა ასოცირებული ქვეყნებისთვის საბაჟო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირში სამომავლო წევრობის შესაძლებლობით".

    რას გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს მოდელის შექმნა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება საქართველო და რას მიიღებს მისგან - პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ეს მაინც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გაირკვევა.

    თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ საუბარი იყოს შენგენის ზონის ხელმისაწვდომობაზე ან ქართული მუშახელის ევროპაში დასაქმების პერსპექტივებზე.

    ამასთან, ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა, ამიტომ ევროპა ცდილობს, გარკვეული პროგრამებით მისი შენარჩუნება მოახერხოს და ქართულ საზოგადოებაში სკეპტიკური განწყობები არ გამოიწვიოს.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ევროპა საქართველოსთან მიმართებით გააქტიურდა, რაც აღნიშნული ინიციტივითაც გამოიხატება.

    "სანამ დოკუმენტი არ გამოქვეყნდება, რთულია წინასწარ განსაზღვრო, რას გვთავაზობს ევროპა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თვითონ ფაქტი, რომ ევროპა გააქტიურდა, ძალიან კარგია.

    "იმიტომ, რომ, მთლინობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობას ძალიან მძიმე "მშობიარობა" და "ბავშვბის წლები" ჰქონდა. ვიცით, რომ თავიდან 6 ქვეყანა იყო და იქიდან მხოლოდ 3 შემორჩა. ამათგანაც კარგად ვხედავთ, უკრაინა რა დღეშია, მოლდოვაში პრორუსული ხელისუფლებაა და პრინციპში, მათ შორის საქართველო ყველაზე კარგ მდგომარეობაშია. ამიტომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, ევროჩინოვნიკების ინიციატივა რა ფორმას მიიღებს", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

    პოლიტოლოგი აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დიდ გარღვევებს არ ელოდება, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული წახალისებები იქნება.

    "ის, რომ ევროპას ახლა გაახსენდა აღმოსავლეთი პარტნიორობა, უნდათ ახალი სისხლი შეიტანონ ამ პროექტში და კაპიტალური რემონტი ჩაუტარონ, ძალიან კარგია.

    "თუმცა, გეტყვით, რომ პირადად მე, ჩვენ შემთხვევაში რადიკალურ გარღვევას არ ველოდები, რადგან თვითონ ევროპა დღეს ძალიან მძიმე დგომარეობაშია. რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკასა და მიგრანტებზე, ესპანეთის პრობლემა ძალიან მძიმე ტვირთად აწევს ევროკავშირს.

    "ბრიუსელი ნელ-ნელა ცდილობს, რომ კატალონიელ სეპარატისტებსაც ასიამოვნოს, ამასთან, არც ის უნდა, ესპანეთის მთავრობა მოიმდუროს და, საბოლოო ჯამში, ის ევროპული ორდერი, რომელზეც 2004 წელს თვითონ ბრიუსელის მთავრობას აქვს ხელი მოწერილი, პრაქტიკულად არ დააკმაყოფილა, ანუ პატიმრობაში არ დატოვა პუტჩდემონი. ამიტომ, ასეთი საერთო სურათის ფონზე, დიდ გარღვევას არ ველოდები.

    "ალბათ იქნება წამახალისებელი პროექტები, მაგრამ რომ ვთქვათ, დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპისკენ და პირიქით, ევროპამ ჩვენკენო, ეს გაზვიადებული მგონია. თუმცა, ფაქტი მაინც ძალიან პოზიტიურია ჩვენთვის", - აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ ახლა უკვე ძალიან ბევრი რამ საქართევლოს ხელისუფლებასა და დიპლომატებზე იქნება დამოკიდებული.

    "ევროპა ერთი ხელით ამას გვთავაზობს და მეორე ხელით შენგენის ქვეყნებთან დაკავშირებით ავტორიზაციის ინსტიტუტი შემოაქვს, ასევე ვიზალიბერალიზაციის გამკაცრებაზე მიდის საუბარი, ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რა იქნება შედეგი.

    "ევროჩინოვნიკებთან ურთიერთობა ძალიან რთულია, მათგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსა და ქმედებებს ვაწყდებით ხოლმე. ამიტომ, ძალიან ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. საუბარი მაქვს ჩვენს ხელისუფლებასა და დიპლომატიაზე.

    "ვნახოთ, რამდენად პრონციპული იქნება ქართული დიპლომატია იმ დაპირებების მატერიალიზაციაში, რასაც თავიდანვე ითვალისწინებდა აღმოსავლური პარტნიორობა. ამიტომ, სანამ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია არ დაიწყება, რთულია წინასწარი დასკვენების გაკეთება. დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებს ევროპა", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (09.11.2017)
    ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესება დიდად არის დამოკიდებული ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკური წინსვლის მიღწევა...მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი ხარისხიანად, გვეუბნებიან სასამართლოებში არსებულ ხარვეზებზე, ამასთან ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას კონსტიტუციაზე, ბევრი უკმაყოფილებაა არჩევნების თაობაზე, ლარის მერყევი კურსი მძიმედ აწვება მოსახლეობას, კვლავ ბევრი პრეტენზიებია ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვაზე, არ იზრდება ხელფასები და პენსიები...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter