სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    08.11.2017

     მომავალ ოქტომბერს პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს არა 5, არამედ 6 წლის ვადით და "ქართულ ოცნებაში" სავარაუდო კანდიდატებზე მსჯელობა-განხილვა კულუარებში უკვე დაიწყეს კიდეც. "ოცნებაში" ყველა დარწმუნებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, თუმცა მანამდე გუნდის შიგნით რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის ერთგვარი შიდა კლანური შეჯიბრია იმაზე, ვინ შეძლებს ივანიშვილის დარწმუნებას, რომ კანდიდატად მისი ფრთის წარმომადგენელი დაასახელოს.

    ამ ეტაპზე მომავალ პრეზიდენტობის კანდიდატად არცთუ ცოტა გვარი განიხილება და საუბარია, რომ მომავალ თვეებში განხილვა-გაანალიზების შემდეგ ამ გვარებიდან მოხდება შერჩევაც. მაგალითად, მედიაში გავრცელდა, რომ ე.წ. კვირიკაშვილის გუნდიდან სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად შესაძლოა, დასახელდეს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

    ასევე ითქვა, რომ კახა კალაძის ე.წ. გუნდიდან სურვილია დასახელდეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თუმცა თალაკვაძეს ასაკი უშლის ხელს, ის მხოლოდ 34 წლისაა და დღეს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან.

    ასაკის პრობლემა არ აქვს და საუბარია, რომ ივანიშვილმა შესაძლოა, მომავალ პრეზიდენტად დაასახელოს 2 წლის წინ მთავრობის მეთაურობის პოსტიდან მოულოდნელად გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც.

    პოლიტოლოგების პროგნოზით, მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის მთავარი კრიტერიუმი აუცილებლად იქნება სრული ერთგულება და ის, რომ მისგან თუნდაც უმცირესი სიურპრიზის მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. პლუს, რადგანაც კონსტიტუციით პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, კანდიდატი საგარეო საკითხებში უნდა იყოს გარკვეული.

    ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი აუცილებლად განიხილავს: ერთ კანდიდატად - ღარიბაშვილს, რადგან ის იყო მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებელი, რომელსაც "ორჯერ განმეორება არ სჭირდებოდა" და თან, ერთგვარ დამნაშავედაც გრძნობს თავს, რადგან ამ ერთგულების მოუხედავად, მოულოდნელად გადააყენა თანამდებობიდან, მეორე კანდიდატად - სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მართალია, მისი პარტიის წევრი არ არის, მაგრამ "ქართული ოცნების" ნებისმიერ გადაწყვეტილებას თუ სურვილს აქტიურად უჭერს მხარს.

    ცისკარიშვილის მტკიცებით, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება არა "ოცნების" შიგნით არსებული რომელიმე კლანის მიერ მოწონებული კანდიდატი, არამედ უშუალოდ ის, ვისაც ივანიშვილი მოიწონებს.

    სოსო ცისკარიშვილი: "ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. მოთხოვნილებები სრულიად მკაფიოა: პირველი - მან უნდა დატოვოს პრეზიდენტის სასახლე, მეორე - არანაირი მცდელობა არ უნდა ჰქონდეს რეალური ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა, არ უნდა იყოს პრინციპული, იმდენად ჯიუტი, რომ მისი პრივატიზაცია ვერ მოხდეს, რისი სურვილიც დღევანდელმა პრეზიდენტმა ვერ გაუმართლა ჩვენს "მეოცნებეებს".

    "ჩამონათვალი ძალიან მწირი იქნება, რადგან ჩვენ კადრებთუხუცესს არ ჰქონდა საშუალება, ფართო საზოგადოებასთან ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა. დიდი ალბათობით, ამ თანამდებობაზე შეიძლება ვიხილოთ ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არ ექნება შესაბამისი უფლებები, ის იქნება იმდენად მორჩილი, რომ ვერანაირ კრიტიკულ ხმას ვერ გავიგონებთ.

    "ჩვენ ერთი და იმავე ფორმულით ვადევნებთ თვალს არჩევნებს და ფაქტია ის, რომ თუ მაჟორიტარს "მეოცნებეების" მხარდაჭერა არ აქვს, ის წარმატებული ვერ ხდება და სალომე ზურაბიშვილის კანდიდატად განხილვა გამოსარიცხი არ არის. ასევე არ გამოირიცხება, რომ უახლოეს პერიოდში გალაღებული რომელიმე ელჩად მყოფი ქალბატონიც ვნახოთ განსახილველთა შორის. ასევე, ძალიან დიდი მოულოდნელობა იქნება, თუ ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად არ განიხილა მისი ყველაზე უფრო სანდო პირი - ბატონი ღარიბაშვილი, რომლის მიმართაც თავს დამნაშავედ თვლის, რადგან მას მოუწია, მოულოდნელად გადაეყენებინა პრემიერ-მინისტრობიდან იმის გამო, რომ მისი გამოსვლა საკუთარი საქმიანობის 2 წლის შედეგების გაჟღერებისას მიუღებელი იყო კრემლის მწყემსისთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უვიზო რეჟიმს შემოიღებდა, ღარიბაშვილმა კი შემაჯამებელ გამოსვლაში რუსეთი საერთოდ არ ახსენა. ამის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი საჯარო გამოსვლა, სადაც კადრებთუხუცესს არ შეექო მის მიერ მოულოდნელად გაბითურებული პრემიერ-მინისტრი და ამიტომაც, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი განსახილველი კანდიდატი ღარიბაშვილი იქნება."

    პოლიტოლოგ და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეიძლება განიხილებოდეს, თუმცა თვლის, რომ "ოცნება" პრეზიდენტად ისეთ ადამიანს შეარჩევს, ვინც რაიმე სიურპრიზს არ შესთავაზებს და ასევე "თუ იმისდა მიხედვით ვიმსჯელებთ, რა გამოცდილებაც ანახა მარგველაშვილის პრეზიდენტობამ, ახალგაზრდა და ენერგიით სავსე ადამიანი ცოდვაა ამ თანამდებობისთვის, რადგან პრეზიდენტი ვერანაირ გადაწყვეტილება ვერ იღებს."

    "ამ ადგილისთვის ჯანელიძე ცოდვაა, რადგან ის საკმაოდ პროდუქტიულად მუშაობს, მის ხელში სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და მოწყვიტო მუშაობას და მოლოდინის რეჟიმში დასვა, ეს გამართლებული არ იქნება. თუმცა გამართლებულია იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტი მაინც უფრო საგარეო სფეროში ფიგურირებს და ჯანელიძე ყველაზე უფრო კომპეტენტური იქნება ამ მხრივ. ღარიბაშვილის კანდიდატურაც ცოდვაა, ენერგიული რომ არის, ვნახეთ და მგონია, რომ ვერ ჩაეტევა იმ ფარგლებში, რასაც კონსტიტუცია პრეზიდენტისთვის იძლევა. მგონია, რომ შეეცდება ეს ფარგლები გაარღვიოს. ასევე არ მგონია, რომ თალაკვაძე იყოს დასახელებული, ისიც ახალგაზრდა კაცია და მას მგონი, ასაკიც არ უწყობს ხელს," - აღნიშნავს საყვარელიძე.

    მისი თვალსაზრისით, "ოცნების" კრიტერიუმებია, რომ არ იყოს ძალიან ახალგაზრდა, არ იყოს მოლოდინი მისგან რაიმე სიურპრიზისა და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილების მქონე იყოს, ასეთად მას თედო ჯაფარიძე წარმოუდგენია.

    "მეჩვენება, რომ თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების პატრიარქია დღევანდელ საქართველოში, მას ამ ურთიერთობებში გამოცდილებაც აქვს და მისი კანდიდატურა მისაღები იქნება. საგარეო ურთიერთობების ანალოგიური პატრიარქია ირაკლი მენაღარიშვილი, ის დღეს გამდგარია საერთოდ პოლიტიკისგან, თუმცა შეიძლება, მისი ეს განდგომა გამოიყენოს ადამიანმა," - ამბობს საყვარელიძე.

    საყვარელიძის თქმით, ივანიშვილი დაასახელებს თუ არა კანდიდატს, ეს არ იცის, რადგან ბოლო ხანებში ის აშკარად ცდილობს, პოლიტიკას თავი აარიდოს. კალაძესა და კვირიკაშვილს შორის კი შესაძლოა, კალაძე უფრო გავლენიანი იყოს, რამდენადაც, კალაძე ახალი და ენერგიული ფიგურაა და თან ის ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსია. კვირიკაშვილი კი პარტიის მიერ მიღებული ხმებითაა და მისი გადაყენებაც ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე - კალაძისა, ამიტომაც პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში, დიდი ალბათობაა, კალაძის კანდიდატურა დასახელდეს.

    ამბობს, რომ ზაფხულამდე ალბათ არ დასახელდება კანდიდატი, მაგრამ მომავალი წლის ადრეული გაზაფხულიდან უკვე შეგვეძლება ვიგრძნოთ, ვის დასახელებას აპირებს მმართველი ძალა, რადგან სავარაუდო კანდიდატი ამ დროიდან გააქტიურდება და პოლიტიკურ პროცესებშიც უფრო წინა პლანზე გადმოვა.

    "წარდგენას რაღაც უვერტიურა ექნება და ალბათ ვიგრძნობთ, საით უბერავს ნიავი," - დასძენს საყვარელიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (08.11.2017)
    ყოველ არჩევნებზე გაყალბდას და სახელისუფლებო რესურსები იქნა გამოყენებულის შეძახილებს, როგორ უნდა მოეღოს ბოლო, თორემ კანდიდატები კი მოიძებნება... დროა შეიცვალოს კენჭისყრის პროცედურები, ხომ არ გადავიდეთ ელექტრონულ კენჭისყრაზე, პაპილარების გამოყენებით, ამასაც ექნება უარყოფითები, მაგრამ კარუსელები და სხვა ტიპის მაქინაციები გამორიცხული იქნება...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter