სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სომეხ სამოქალაქო აქტივისტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი სომხეთის ეკლესიის მიერ კუმურდოს ქართულ ეკლესიად აღიარებას აპროტესტებს
    ეკატერინე ბასილაია
    06.11.2017

     ჯავახეთის სოფელ კუმურდოში საეკლესიო თემაზე, შესაძლოა, ახალი სკანდალი და დაპირისპირება მზადდებოდეს. ჯავახეთში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკმაყოფილებას არ მალავს და აპროტესტებს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის განცხადებას, რომ კუმურდოს ტაძარზე პრეტენზია სომხეთს არ აქვს და მოითხოვენ, ტაძრის კუთვნილებაზე ხელახალი შესწავლა დაიწყოს. ისინი იმასაც აცხადებენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია გამოცხადდეს და ამით "საქართველოს ეკლესიის აგრესიული ამბიციების შეკავება მოხდეს".

    მათი განცხადებით, "ჯავახეთის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხი ხდება" და სომხეთის მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს მხარში დგომას სთხოვენ.

    "სპუტნიკთან" საუბარში ახალქალაქში მოქმედი ორგანიზაცია "ჯავახკის" ლიდერი ნორიკ კარაპეტიანი ამბობს, რომ კუმურდოს ეკლესია სომხურია. ამიტომაც კუმურდოს კუთვნილებაზე სომხური ეკლესიის "ნაჩქარევი განცხადების შემდეგ" ადგილობრივი მოსახლეობა უკამყოფილებას არ მალავს და ამის გამო სახალხო მოძრაობა "ჯავახკმა", ასევე საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "ჯავახკმა" და პარტია "ვირქმა" წერილი მისწერეს სომხეთში არსებულ ყველა ეკლესიას, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს გარეგინ ||-სა და უზენაესი სასულიერო საბჭოს კილიკიის დიდი სახლის კათალიკოსს მხადაჭერა სთხოვეს, რათა კუმურდოს ეკლესიის კუთვნილების საკითხი ხელახლა გაირკვეს და ჯავახეთში ახალი ეპარქია შეიქმნას.

    კარაპეტიანი ამბობს, რომ მათ წერილს აშშ-სა და ევროპაში მცხოვრები სომხები უკვე გამოეხმაურნენ და პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერაც აღუთქვეს.

    წერილი ორი დღის წინ სომხურ მედიაში გავრცელდა. მიმართვის ავტორები უპირველესად საუბრობენ იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი აღშფოთება, პირველ რიგში, გამოიწვია სარესტავრაციო სამუშაოებმა, როცა ქართველმა რესტავრატორებმა 700 წლის სომხური სამარხები გაანადგურეს და ეკლესიის ეზოდან ტრადიციული სომხური ქვაჯვარი - ხაჩკარი აიღეს.ორგანიზაციების განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ "ჯავახეთში ცალკე ეპარქიის გამოცხადება აუცილებელია" როგორც იქ არსებული ეკლესიების დიდი რაოდენობის, ისე მოსახლეობის რიცხოვნობის გამო, რადგან სომხური მოსახლეობა დაახლოებით 200 000-ია და ეს ყველაფერი ამ მოთხოვნას შეესატყვისება.

    "გარდა ამისა, მაღალი რანგის სასულიერო პირის ყოფნა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აგრესიული ამბიციების რეალური შემაკავებელი იქნება. თუ ჩვენ ამ კუთხით მხარს დაგვიჭერს კილიკიის დიდი სახლის კათალიკოსი არამ პირველი, მისი ძალიან დიდი მადლიერები ვიქნებით. ჩვენ გთხოვთ, რომ იფიქროთ საქართველოში სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის ეპარქიის ფუნდამენტურ შექმნაზე. ჯავახეთის სომხური მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხი ხდება და ამაში მხარდაჭერას გთხოვთ," - ნათქვამია განცხადებაში.

    ახალქალაქის სოფელ კუმურდოში არსებული მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის თემაზე დიდი დაპირისპირება 30 სექტემბერს მოხდა ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. დაპირისპირების დროს ექვსი პოლიციელი და სოფელ კუმურდოს ექვსი მკვიდრი დაშავდა.

    კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ტაძრის რესტავრაციის დროს ეზოში ნანახი ადამიანების ძვლების ისევ ეკლესიის ეზოში დამარხვა და ზედ სომხური ხაჩკარის - ქვაჯვრის აღმართვა გადაწყვიტა. სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი განზრახვა შსს-ის სპეციალურ რაზმთან დაპირისპირებით, ქვების სროლით, პოლიციისა და სასულიერო პირების ავტომობილების დალეწვით დასრულდა.

    მას შემდეგ, რაც თბილისი აპირებს, ეკლესია იუნესკოს დაცვის ქვეშ მოაქციოს, ორგანიზაციის კანონების თანახმად, ქვაჯვრის დადგმა დარღვევად მიიჩნევა და სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება.

    ინციდენტი ადგილზე შს მინისტრის ჩასვლის შემდეგ განიმუხტა. მოგვიანებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ მხარეები შეთანხმდნენ, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ყ საუკუნის ეკლესიის ეზოში ქვაჯვრის აღმართვის საკითხს გადაწყვეტს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას არ აქვს ეჭვი, რომ კუმურდო ქართული მართლმადიდებელი ტაძარია.

    მას შემდეგ ჯერჯერობით კუმურდოში სიმშვიდეა, თუმცა ამ წერილის შემდეგ სომხურ მედიაში კონფლიქტის ახალ ტალღაზე უკვე წერენ.

    როგორც ახალქალაქელი ჟურნალისტი რიმა ღარიბიანი ამბობს, 30 სექტემბრის ინციდენტის შემდეგ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი სოფლის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ განუცხადა, რომ რესტავრაციის დასრულებას უნდა დაელოდონ და შემდეგ ხაჩკარი ეკლესიის ეზოში აღიმართება. რესტავრაცია კი უნდა დასრულდეს 2-3 წლის შემდეგ.

    "მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელ არნოლდ სტეპანიანის განცხადებით, სად აღიმართება ქვაჯვარი, ეს გადაწყვეტილი ისევ არ არის. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქვაჯვარი ეკლესიის ეზოს გარეთ უნდა დააყენონ, ხოლო სომხური მოსახლეობა ამბობს, რომ ეკლესიის ეზოში უნდა აღიმართოს, რადგან საფლავები იყო ეზოში.

    "ახლა სიტუაცია დაწყნარებულია, მაგრამ ისეთი ფორმულა, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში დააწყნარებს სიტუაციას, ჯერ მოფიქრებული არ არის," - ამბობს სტეპანიანი.

    მისი თქმით, ეკლესია ქართულია და ვინც ისტორია ცოტათი მაინც იცის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ საუკუნეებია, ამ სოფელში მხოლოდ სომხური მოსახლეობა ცხოვრობს, ამ ეკლესიაში ლოცულობს და თავისთავად აღქმა აქვთ, რომ სომხური ტაძარია, რასაც წყლის ასამღვრევად ის ორგანიზაციები იყენებენ, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს.

    "ბევრი სხვადასხვა ძალაა ამ სოფელში, რომელსაც მოსახლეობაზე გავლენა აქვს. მათგან ზოგი რუსეთშია, ზოგიც - სომხეთში. ვერსიაა, რომ დაპირისპირება იმართება ქვეყნის გარედან, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ და ამგვარი მესიჯებით გარკვეულ ქულებსაც იწერენ.

    "თუმცა, ასევე, არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ უსამართლობა ხდება, ეკლესია სომხურია და, შესაბამისად, უფლება აქვთ ამ ეკლესიაზე.

    "ძვლების ისტორია რომ არ ყოფილიყო, კონფლიქტის ფორმალური მიზეზი არ იქნებოდა. არანორმალური ნაბიჯი იყო, არაცივილიზებულია ძვლების ასე ამოყრა, თუმცა მაინც არ მჯერა, რომ ამ კონფლიქტის ისევ განვითარება მოხდება და რაიმე დიდ დაპირისპირებაში გადაიზრდება," - ამბობს სტეპანიანი.

    რაც შეეხება ჯავახეთის ეპარქიის გამოცხადებას, სტეპანიანი ამბობს, რომ ეს იდეა სომხურ ეკლესიაშიც არსებობს - რომ საქართველოში არა ერთი, არამედ ორი ეპარქია უნდა იყოს, რადგან ჯავახეთში სომხები კომპაქტურად ცხოვრობენ და ეპარქიას უფრო კარგად მიხედავენ. თავად მისთვის კი ეს არგუმენტი არადამაჯერებელია, რადგან ჯავახეთის თბილისიდან მართვაც არ არის რთული.

    "რაც ამ წერილშია ნათქვამი, ეს არასერიოზულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ახალქალაქში არსებული ორგანიზაციები ასე ფიქრობენ. ამ განცხადების მიზანი ისაა, რომ საინფორმაციო სივრცეში იყვნენ, სხვა ვერაფერს გააკეთებენ. სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლის ქვეშაა," - ამბობს სტეპანიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter