სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    06.11.2017

     მომავალ შაბათს საქართველოს 6 ქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ხელახალი არჩევნები ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატარდება და არ არის გამორიცხული, რომელიმე რეგიონში "ოცნებას" ძალაუფლების დათმობა მოუწიოს და თიანეთის ანალოგიური სცენარი განვითარდეს.

    პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, ყველაზე ცხარე დაპირისპირება ბორჯომსა და ოზურგეთში გაიმართება, სადაც კონკურენტებს ერთნაირი შანსი აქვთ.

    აღსანიშნავია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ჩამოთვლილი 6 რეგიონიდან მთავარი ოპოზიციური ძალა მხოლოდ 2 რეგიონში უწევდა "ოცნებას" კონკურენციას - ქუთაისსა და მარტვილში.

    როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს, ბოიკოტი არაფერს ცვლის და ბიულეტენებში ჩვეულებრივ დაიბეჭდება კანდიდატის სახელი და გვარი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვა ამ რეგიონში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გამარჯვებულს უფლება აქვს, დაწეროს განცხადება და უფლებამოსილება მოიხსნას ან ჩვეულებრივ შეუდგეს საქმიანობას.

    შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატებმა, 7 რეგიონის გარდა, ყველგან გადალახეს 50%-იანი ბარიერი. ერთგან - "თიანეთში" "ოცნებამ" მერის არჩევნები დრამატულად, მხოლოდ 1 ხმით წააგო. დანარჩენ 6-ში კი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ხმათა უმრავლესობა მიიღეს, მაგრამ ამ ხმების რაოდენობა პირველსავე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

    უფრო კონკრეტულად კი მერის არჩევნების პირველი ტურის ოფიციალური შედეგები ამ 6 რეგიონში ასეთია:

    აყაზბეგი: "ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი - 44,62%, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი სანდრო ყამარაული - 26,85%;

    ხაშური: "ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი - 42,24%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 18,48%;

    ბორჯომი: "ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია - 40,35%, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე - 40,15%;

    ოზურგეთი: "ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 43,35%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 41,86%;

    მარტვილი: "ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა - 49,76%; "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა დანელია - 35,81%;

    ქართული ოცნების" წარმომადგენელს პირველ ტურში მოსაგებად ხმების მცირე რაოდენობა დააკლდა ქუთაისში.

    ქუთაისი: "ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია - 48,75%, "ნაცმოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 26,89%.

    "ოცნება" ყოფილი თანაპარტიელების წინააღმდეგ

    აღსანიშნავია, რომ ამ 6-დან 2 რეგიონში "ქართული ოცნების" კანდიდატებს მეორე ტურში ყოფილ თანაპარტიელებთან მოუწევთ დაპირისპირება.

    ბორჯომში "ქართული ოცნების" კანდიდატ ლევან ლიპარტიას მეტოქე ზაზა ჩაჩანიძე 2014 წელს "ქართული ოცნების" წევრი იყო და 3 წლის განმავლობაში ადგილობრივ საკრებულოს ხელმძღვანელობდა, ამჯერად კი "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იყრის კენჭს.

    ოზურგეთში "ოცნების" წარმომადგენელ ბეგლარ სიორიძის კონკურენტი კი ასევე "ოცნების" ყოფილი წევრი და ოზურგეთის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძეა, რომელსაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის რეგიონულ წარმომადგენლობაში ახლაც საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

    მაგალითად, გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ სოფელ ნასაკირალში ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბი რამდენიმე კოორდინატორმა დატოვა. "გურია ნიუსის" ცნობით, მათი უკმაყოფილების მიზეზი სიორიძის განცხადება გახდა. როგორც კოორდინატორები ყვებიან, შტაბის წევრებთან შეხვედრის დროს მან თქვა, რომ სოფელ კონჭკათის შტაბს პრემიები გამოუყო, ნასაკირალის შტაბის წევრები კი პრემიას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუკი მეორე ტურში ნასაკირალში სიორიძის მიერ 21 ოქტომბერს ნაჩვენები შედეგი გაუმჯობესდება.

    კოორდინატორებმა, რომლებმაც ბეგლარ სიორიძის შტაბი ამ სიტყვების შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვეს, სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდებზე დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის, მხარდასაჭერი მოწოდებები უკვე დადეს.

    ოზურგეთის გარდა, "ოცნების" კონკურენტს თავად "ოცნების" წევრთა შორის მხარდამჭერები ხაშურშიც გამოუჩნდა. ხაშურის მერობისათვის მეორე ტურში "პატრიოტთა ალიანსის" სახელით იბრძოლებს რამაზ ნოზაძე. იგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან", 2017 წელს კი აქტიურად მონაწილეობდა გაერთიანება "ქართული მარშის" ღონისძიებებში.

    ორიოდე დღის წინ მას არჩევნებზე მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა "ქართული ოცნების" ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მოქმედ წევრთა ჯგუფმა.

    პროგნოზები

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ მმართველი პარტია მეორე ტურში ყველა დარჩენილ რეგიონში შეძლებს გამარჯვებას, რადგანაც რეგიონებში ადმინისტრაციული რესურსი განსაკუთრებულად კარგად მუშაობს.

    "ოცნების" დამარცხებას არსად ველოდები. ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს და ოპოზიციის გამარჯვებას არ დაუშვებს. ისე, "ოცნებისთვის" მისი დემოკრატიულობის დამტკიცების თვალსაზრისით ურიგო არ იქნებოდა, წაეგო მეორე ტური. ერთი-ორით ნაკლები დეპუტატი სადღაც პროვინციაში მას არ გააღარიბებს და არც გაამდიდრებს. სამაგიეროდ, სათქმელი ექნებოდა - რა ადმინისტრაციული რესურსი, ხომ ხედავთ, დავმარცხდიო.

    "ჩვენთან პირადულია ყველაფერი. ოპოზიციის კონსოლიდაცია ხდება დასავლეთში, როდესაც რომელიმე დეპუტატის მოწინააღმდეგეები ერთიანდებიან რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერად. ჩვენთან მეორე ტურში პირიქით ხდება ხოლმე, მმართველი პარტია უფრო მეტს იღებს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ცინცაძე.

    პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი, არჩევნების პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით, არ გამორიცხავს, რომ ბორჯომში ან ოზურგეთში თიანეთის ანალოგიური მოვლენები განმეორდეს.

    "რამდენიმე ოლქში ძალიან ახლოსაა შედეგები და გამორიცხული არ არის, იქ თიანეთის სურათი განმეორდეს. თუკი "ნაციონალები" და "ოცნება" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს მთავარი ოპოზიციური ძალისთვის წამგებიანი იქნება. ისე, როგორც თბილისის არჩევნებზე ნარმანიას არჩევის დროს მოხდა, ხმები გადალაგდება ამ პარტიის საწინააღმდეგოდ.

    "რაც შეეხება იმ ოლქებს, სადაც "ნაციონალები" არ არიან და "ოცნებას" სხვა ოპოზიციური პარტია უპირისპირდება, იქ, მე მგონი, შეიძლება ბრძოლა საინტერესო იყოს. თუკი ოპოზიციის კონსოლიდაცია მოხდა, შეიძლება ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს - ამის შანსი არის. ასეთი კონსოლიდაცია თვითონ მმართველი პარტიის კანდიდატის გარშემო მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი მეტოქე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იქნება", - გვითხრა საყვარელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter