სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ოფიციალური მოსკოვი 2011 წლის შეთანხმების ამოქმედებას იწყებს
    თიკო ოსმანოვა
    04.11.2017

     რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის - ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ნოემბერში უნდა გაიმართოს, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2011 წლის ხელშეკრულება და მისი შესრულების დაწყება იქნება. ამ შეხვედრამდე ორიოდე კვირით ადრე კი რუსულმა მხარემ და სეპარატისტებმა უკვე დაიწყეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე "საბაჟოების" გახსნა.

    შეგახსენებთ, რომ საუბარია 6 წლის წინ გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტვირთის შესვლა-გამოსვლის მონიტორინგი ნეიტრალურმა კომპანიამ უნდა განახორციელოს. ამ მიზნისათვის შერჩეულია შესაბამისი პროფილის შვეიცარიული კომპანია და შეთანხმების ასამოქმედებლად რუსული მხარის მზადყოფნაა საჭირო.

    ცნობისათვის, ეს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, პრაქტიკულად, საქართველოს ნაწილად აღიარებს. სპეციალისტთა შეფასებით, სწორედ ამიტომაც ამ შეთანხმების ამოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    რუსული მხარე სხვადასხვა საბაბით მუდმივად თავს იკავებდა და დროს აჭიანურებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ოფიციალური მოსკოვი უკვე მზადაა, შეთანხმების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთოს.

    სპეციალისტთა შეფასებით, ამის პირველი ნიშანი ისაა, რომ ორი დღის წინ ცნობილი გახდა მდინარე ფსოუზე "განსაკუთრებული დანიშნულების" ახალი საბაჟოს გახსნის შესახებ. საქმე ისაა, რომ ფსოუზე რუსული საბაჟი აქამდეც იყო, ახალი საბაჟო კი იხსნება არა რუსეთის, არამედ დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე.

    ახალი საბაჟო რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურს დაექვემდებარება. მის შესახებ ოფიციალური წყაროებიდან კიდევ ისაა ცნობილი, რომ იგი "აღჭურვილი იქნება სხვადასხვა ოპერაციისა და პროცედურის ჩატარების უფლებამოსილებით გარკვეული სახეობის საქონელზე, რომელთა სიასაც რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახური შეიმუშავებს აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტთან ერთად".

    აღსანიშნავია, რომ აფხაზური საზოგადოების მხრიდან ამ ცნობას უკვე მოჰყვა უარყოფითი შეფასება, რადგანაც სეპარატისტულ წრეებში საქართველო-რუსეთის 2011 წლის შეთანხმებას "აფხაზეთის სუვერენიტეტის შელახვად" აღიქვამენ.

    აფხაზეთის გარდა, შესაძლოა, ასევე, 2011 წლის შეთანხმების ამოქმედების მოახლოებასთან იყოს დაკავშირებული ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილება ახალგორთან "საბაჟოს" გახსნის შესახებ, რასაც თბილისში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

    ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელ მურატ ცხოვრებოვის განცხადებით, პუნქტის გახსნის მიზანი ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლია. მისივე თქმით, წლების განმავლობაში "საქართველოდან შეტანილი ტვირთი საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალი იყო და საბაჟო პუნქტის გახსნის გადაწყვეტილება ტვირთის მოცულობის მონიტორინგის შედეგად მიიღეს".

    ცხოვრებოვის განცხადებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე საბაჟო ვერ გაიხსნება, რადგან საქართველოს რუსეთთან საზღვარი არა საოკუპაციო ხაზთან, არამედ კავკასიონის ქედზე აქვს.

    "საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე, ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ აქ არ არის საზღვარი. საქართველოს საზღვარი აქვს რუსეთთან კავკასიონის ქედზე. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება და ტვირთბრუნვა კი არ შეიზღუდოს, არამედ გამარტივდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს და ე.წ. ფორმულირებებს, რომ აქ შეიძლება იყოს საბაჟო, ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით არის შეუძლებელი, არალეგიტიმური, ვინაიდან საქართველოს საზღვარი აქ არ აქვს," - განაცხადა ციხელაშვილმა.

    ახალგორთან ე.წ. საბაჟოს გახსნით უკმაყოფილოა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც.

    "ვერანაირ საბაჟოებს ვერც ცხინვალის და ვერც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები ვერ შექმნიან. საბაჟოები არსებობს ორ სახელმწიფოს შორის საზღვარზე. ჩვენ საზღვარი გვაქვს რუსეთთან. ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ არიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. ამიტომ ამას არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური საფუძველი არ აქვს.

    "დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისედაც გართულებული თავისუფალი გადაადგილება, იქნება ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს საკითხი მწვავედ დააყენოს საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა დონეზე. ასევე ყველა სხვა შესაძლებლობას გამოიყენებს დიპლომატიური არხების საშუალებით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

    კითხვაზე, ფსოუზე რუსების მიერ ახალი "სპეცდანიშნულების" საბაჟოს გახსნა და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება თუ არა კავშირში იყოს 2011 წლის შეთანხმების ამოქმედებასთან, აბაშიძე გვპასუხობს:

    "ჯერ ასეთი კომენტარისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ახლო მომავალში სურათი უფრო გამოიკვეთება.

    "2011 წლის შეთანხმება ითვალისწინებს 3 სავაჭრო დერეფნის შექმნას. ერთი დერეფანი გადის აფხაზეთის ტერიტორიაზე, მეორე - ცხინვალის, ხოლო მესამე - ყაზბეგი-ლარსის საბაჟო გამშვებ პუნტქზე. კორიდორების დასაწყისში და ბოლოში უნდა დადგნენ შვეიცარიული კომპანიის მონიტორები".

    აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება, სადაც ქართულ მხარეს შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა. უფრო კონკრეტულად კი, კარასინი აცხადებდა, რომ საქართველო ყველანაირად თავს არიდებს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სავაჭრო კორიდორების ბოლოებში - გორთან და ზუგდიდთან - შვეიცარიელი მებაჟეების განლაგებას და სურს, რომ ეს მხოლოდ რუსულმა მხარემ დაუშვას ფსოუსა და როკის გვირაბთან.

    "დოკუმენტი რუსეთსა და საქართველოს ავალდებულებს, შვეიცარიული კომპანიის მონაწილეობით სავაჭრო ნაკადების სპეციალური საბაჟო ადმინისტრირების წესი გამოიყენონ. სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, თბილისის პოზიცია არ შეცვლილა. იქ დღემდე სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, ხოლო საკუთარ ვალდებულებაზე საუბარიც კი არ უნდათ. ასე არ გამოვა. თბილისს მოვუწოდებთ, განაცხადოს მზაობა საერთაშორისო ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაზე", - აღნიშნა ცოტა ხნის წინ გრიგორი კარასინმა.

    ცნობისთვის, რუსეთსა და საქართველოს შორის 6 წლის წინ მიღწეული შეთანხმება ტვირთის გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რისი მეშვეობითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება.

    აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გააფორმა.

    უკვე ერთ წელზე მეტია, ქართული მხარე აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულების ასამოქმედებლად ყველაფერი შესრულებულია და რუსული მხარისგან ელოდება საბოლოო პასუხს, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდება შვეიცარიულ კომპანიასთან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (04.11.2017)
    საინტერესოა საბაჟოზე ფსოუზე და როკთან იქნება თუ არა საქართველოს დროშა...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter