სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბაქო-თბილისი-ყარსის სამგზავრო-ტურისტული პოტენციალი
    ნინო ქეთელაური
    02.11.2017

     ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, სადაც პირველმა მატარებელმა ორი დღის წინ უკვე გაიარა, სამგზავრო დანიშნულებაც ექნება და სავარაუდოდ, 2018 წლიდან ბაქო-სტამბულის მიმართულებით ივლის.

    როგორც ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, პროექტის სრულად ამუშავების შემდეგ, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვებს, სახელმწიფოსთვის დიდი შემოსავლების მიიღება შეუძლია, რაც მოსახლეობაზეც აისახება.

    აღსანიშნავია, რომ პირველი მატარებელი ხორბლით დატვირთული 32 კონტეინერისგან შედგებოდა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ კოსტანაიდან 24 ოქტომბერს გამოვიდა და მისი დანიშნულების პუნქტი თურქეთის ქალაქი მერსინია.

    საქართველოზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის, აქედან 29 კილომეტრის მაგისტრალი სრულიად ახალია.

    ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.

    საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ, საპროექტო მონაცემებითა და სხვადასხვა გათვლით, აღნიშნულ მაგისტრალზე შესაძლებელი იქნება მილიონამდე მგზავრის გადაყვანა.

    "მარშრუტის მოხერხებულობა, მგზავრთა რაოდენობა და სხვა საკითხები დამოკიდებული იქნება მის ოპერირებაზე. ყველა მოთხოვნა უნდა განვითარდეს ერთდროულად, როგორც სატრანზიტო, ანუ საქართველოს გავლით, ასევე საქართველოში ან საქართველოდან მგზავრობა.

    "სხვათა შორის, სარკინიგზო მგზავრობას თავისი მოყვარულები ჰყავს და ამ კუთხით ტურისტული შესაძლებლობები ძალიან დიდია. რუსეთთან კონფლიქტის გამო ჩვენ ფაქტობრივად აქამდე არ გვქონდა შორი სარკინიგზო მარშრუტები და სიამოვნებით ვიმგზავრებდი რამდენიმე დღე მატარებლით.

    "მატარებელს თავისი ხიბლი აქვს. არიან ადამიანები, რომლებსაც საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობა უჭირთ. მოკლედ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი სწორად წარიმართოს და მისი მეშვეობით მგზავრობის ყველა მიმართულება, კერძოდ ბიზნესის, სავაჭრო თუ ტურისტული, წარმატებით იქნას განვითარებული", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარისის სამგზავრო მატარებლის ამოქმედებით საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩენილ ახალ პერსპექტივებს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ალბათ, ბანალური იქნება, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი აბრეშუმის გზით უნდა დავიწყოთ.

    "მკითხველმა იცის ჩინეთის ახალი ინიციატივა - "ერთი სარტყელი, ერთი გზა". დღეს ამ ინიციატივაში თავისი ადგილის პოვნას ბევრი სახელმწიფო ცდილობს, მათ შორის - რუსეთი, რომელიც მოხერხებულია იმ მხრივ, რომ პირდაპირ აკავშირებს ევროპასა და აზიას, კერძოდ - იმავე ჩინეთს.

    "ამ სატრანზიტო მიმართულების პლუსია ნაკლები საბაჟო და სასაზღვრო ბარიერი, რადგან აზიიდან ევროზონამდე მხოლოდ ერთი სახელმწიფოს გადალახვა არის საჭირო. თუმცა დაინტერესებული მხარეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული გზების არსებობა, რადგან არ იყვნენ დამოკიდებული რუსეთზე.

    "ამასთან, ტვირთების შესაძლო რაოდენობა იმდენად დიდია, რომ სამუშაოც და შემოსავლებიც ყველა სატრანზიტო ხაზს ეყოფა. ამ შემთხვევაში მხოლოდ სამგზავრო შესაძლებლობებზე მეკითხებით და ამ მხრივაც იმავეს ვიტყვი.

    "ვიმეორებ, აქ მნიშვნელოვანია სწორი ოპერირება, სწორი სატარიფო პოლიტიკა და მაღალი სერვისი. ეს უნდა იყოს არა აზიური ან კავკასიური, არამედ ევროპული სტანდარტის სერვისი, მაღალი უსაფრთხოება.

    "მგზავრობა სარკინიგზო ტრანსპორტით "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე უნდა იყოს გაცილებით, ვიმეორებ, გაცილებით იაფი, ვიდრე საჰაეროთი, რადგან რკინიგზის მინუსია მგზავრობის დიდი დრო, რაც ხარჯების ეკონომიით უნდა ანაზღაურდეს.

    "საუბრობენ, რომ ამ მაგისტრალის ამუშავება იმოქმედებს ჩვენი საზღვაო პორტების დატვირთვაზე. თუ სამგზავრო კუთხით შევხედავთ, ასევე იმოქმედებს მგზავრთა ავტოგადაზიდვებზე.

    "თუმცა ჩვენს მოქალაქეებს საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა უწევთ თურქეთის მიმართულებით. ვიცით, რამდენი შემთხვევა ხდება ავტობუსების მონაწილეობით. სამგზავროდაც საკმაოდ მომქანცველია.

    "ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ყარსის გავლით სტამბულამდე მგზავრთა გადაყვანა ორგანიზებული რკინიგზის მეშვეობით. მოკლედ, პერსპექტივები დიდია და თუ ამ პროექტს ვიწრო პოლიტიკურ შემადგენელს მოვაშორებთ, მას ცოტა მოწინააღმდეგე უნდა ჰყავდეს.

    "პროექტის სრულად ამუშავების შემდეგ, ვგულისხმობ როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო გადაზიდვებს, სახელმწიფო დიდ შემოსავლებს მიიღებს, რაც ასევე აისახება მოსახლეობაზე", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვლი ფიქრობს, რომ სამგზავრო დანიშნულების თვალსაზრისით, ყყ| საუკუნეში მას ისედაც ბევრი ალტერნატივა აქვს, თუმცა მას გარკვეულწილად ბაქო-თბილისი-ყარსის მატარებელიც მიეხმარება.

    ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ პროექტი უფრო მეტად პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია, ხოლო რაც შეეხება ეკონომიკურ ნაწილს, ხუხაშვილი მის რისკებზე ამახვილებს ყურადღებას.

    "ძირითადად ეს მაინც სატვირთო გადაზიდვებია. ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, პროექტი არის მნიშვნელოვანი, თუმცა არსებობს სერიოზული რისკები, რაზეც ხელისუფლება მუდმივად უნდა ფიქრობდეს.

    "პირველი არის ის, რომ ამ მიმართულებით გადაზიდვა საკმაოდ ძვირად ღირებული იქნება, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რამდენად ძვირია ამ პროექტის განხორციელება თავისი ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე და ამ ინვესტიციის ამოღება რომ ძალიან პრობლემატური იქნება.

    "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფული ჩვენი ჯიბეებიდან გადასახდელია. გარდა ამისა, რისკია ისიც, რომ ფაქტობრივად ტვირთების გარკვეული ნაწილი გადამისამართდება ამ მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ტვირთების ამ რაოდენობას დაკარგავენ ქართული პორტები.

    "ესეც სერიოზული პრობლემაა. ასე რომ, პოლიტიკური მნიშვნელობა მისასალმებელი და გასაგებია, მაგრამ ძალიან სერიოზული ეკონომიკური რისკები ახლავს მას. ფინანსურზე აღარ ვიპალარაკებ, თუმცა ესეც საკმაოდ მაღალია. ანუ დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ რისკებზე ფიქრობს თუ არა ხელისუფლება, რთულად სათქმელია", - ამბობს გია ხუხაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter