სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    01.11.2017

     "ქართველთა მარშის" მიერ ფეხბურთის ფედერაციასთან მოწყობილი აქციის დროს პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, რომელთა შორისაც მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილია. აღსანიშნავია, რომ აქციაზე სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ. ამასთან, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო ტალღა, რომელიც გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდასაჭერ სამკლავურის გაკეთებამ გამოიწვია, ამით არ დასრულდება.

    "ქართული მარშის" წარმომადგენლებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს. პოლიციის მიერ მათ დაკავებას დაპირისპირება მოჰყვა.

    აქციის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია რამდენიმე საათში დასრულდა. მანამდე მათ ლგბტ დროშა დემონსტრაციულად დაწვეს.

    "ქართული მარშის" ლიდერთა განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ფეხბურეთის ფედერაცია არ მიიღებს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას ნაკრებიდან გაშვების გადაწყვეტილებას და ფედერაცია ბოდიშს საჯაროდ არ მოიხდის. ასევე, აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ "ქართული მარშის" წევრთა ნაწილს დაემუქრა დეპუტატი ლევან კობიაშვილი, რის გამოც ისინი ითხოვენ, კობიაშვილმა სადეპუტატო მანდატი დატოვოს.

    ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ, განმარტებები გააკეთოს თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ გუშინ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც ფეხბურთელ გურამ კაშიას საკითხს შეეხებოდა.

    აღსანიშნავია, რომ, როგორც გუშინ აქციის დაწყებამდე ლადო სადღობელაშვილი აცხადებდა, თუ გურამ კაშია ბოდიშს არ მოიხდიდა, ფედერაცია ცისარტყელას ფერებში შეიღებებოდა.

    "ცისარტყელას არც ერთი ფერი არ დაგვიწყნია. სხვათა შორის, გერმანული საღებავია და კარგად შეღებავს იქაურობას. ძალიან მოსწონთ ეს ფერები და იყვნენ ამ ფერებში," - აცხადებდა სადღობელაშილი, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული იდეის განხორციელება ვერ მოახერხეს.

    აღსანიშნავია, რომ კაშიას მიერ ლგბტ მხარდამჭერი სამკლავურის გაკეთებას პოლიტიკოსებიც აფასებენ, რომელთა შეხედულებაც განსხვავებულია. მაგალითად, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს "შეგნებულად შემოტანილი თემაა."

    "ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი შავია, თეთრია, ყვითელია... პრორუსია, პროამერიკელია თუ სექსუალური უმრავლესობის თუ უმცირესობის წევრია... რაც ახლა დასავლეთიდან მოდის, ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის პროპაგანდა და ეს არის მიუღებელი, თორემ დაცვა სჭირდება ყველა ადამიანს ერთნაირად მისი შეხედულებებისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად," - აცხადებს ბურჯანაძე დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" საუბრისას.

    თბილისის მომავალი მერი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრ გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიის კომენტირებისას აცხადებს: "მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი."

    საფეხბურთო კლუბ თბილისის "ლოკომოტივის" ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი მოიქცა ძალიან ადეკვატურად, რადგან ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოვიდა.

    "ვამაყობ, რომ გურამ კაშია არის ჩვენი ქვეყნის ვიცე-კაპიტანი. მე მოვიქცეოდი ზუსტად ისე, როგორც მოიქცა გურამ კაშია," - განაცხადა ყიფიანმა.

    "ქართული მარშის" წარმომადგნელები "გარყვნილების" მხარდაჭერაში ადანაშაულებენ ყველას, ვინც ფეხბურთელი გურამ კაშია გაამართლა. "მოღალატების", "გამყიდვლებისა" და "გარყვნილების პროპაგანდისტთა" რიგებში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, ჟურნალისტთა ნაწილი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან.

    "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე პრეზიდენტის მიერ კაშიას მისამართით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მოღალატეა და ის გურამ კაშიას მხარდაჭერით "გარყვნილების პროპაგანდას" ეწევა. ამასთან, ბრეგაძე სამომავლოდ აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც გეგმავს.

    "ე.წ. პრეზიდენტი მარგველაშვილი - ეს არის ნაძირალა, რომლის ადგილი არის არა სასახლეში, არამედ გლდანის სანაგვეზე, სადაც მალე გადააგდებს და მოისვრის ქართველი ერი. ე.წ. პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს ხორცმეტსა და ჭუჭყს, უნდა მოიკვეთოს. როცა ვაგროვდებდით ხელმოწერებს ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ, მან სულში ჩააფურთხა 250 ათას მოქალაქეს. როგორც ნაძირალა და ჰომოსექსუალების მხარდამჭერი, შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო ფურცელი, მისი დღეები დათვლილია და მისი გადაყენების მოთხოვნით აქციებს დავიწყებთ.

    "ფედერაციის შემდეგ აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან გავმართავთ. ყურებით გამოვათრევთ სააკაშვილის დატოვებული რეზიდენციიდან მარგველაშვილს. გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გარყვნილების პროპაგანდას," - ამბობს ბრეგაძე "პირველ რადიოსთან" საუბრისას.

    მანვე, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან, საუბრისას აღნიშნა, რომ მარში არ არის გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული. ხოლო მის მიერ ჟურნალისტისთვის დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა ლგბტ აქტივისტი, ტრაპაიძემ უპასუხა: "მე ვარ თანასწორობის მომხრე და დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი იმ სამკლავურს, რომელიც ეკეთა თამაშზე გურამ კაშიას," რაზეც სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ დღეს მას ქართული ჟურნალისტიკის სირცხვილთან აქვს საქმე.

    "ქართული ჟურნალისტიკა გაიყიდა გროშებზე, გურამ კაშია არ არის ის ფიგურა, რომ ჯერჯერობით მის წინააღმდეგ ვინმემ რაიმე აქცია გამართოს, არამედ ეს არის გარყვნილებისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონში 15 ოქტომბერს მოედანზე ლგბტ თემის მხარდამჭერი კაპიტნის სამკლავურით გამოვიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ლგბტ თემის მხარდამჭერი აქცია აქამდე რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის, შარშან ინგლისის პრემიერლიგაშიც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter