სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მმართველი პარტიიდან თბილისის საკრებულოს ყოფილ წევრებს, სავარაუდოდ, სხვადასხვა სამინისტროში გადაანაწილებენ
    ეკატერინე ბასილაია
    28.10.2017

     "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოსთვის დაწუნებული დეპუტატებისთვის სასათბურე პოსტების შეთავაზებაზე ფიქრობს და ექსდეპუტატების ნაწილი ამას ელოდება კიდეც. პარტიის მმართველობამ საკრებულოს ყოფილი დეპუტატების ნაწილს თანამდებობები უკვე შესთავაზა.

    სიაში პირველი თედო კობახიძეა. ასევე შეთავაზება მიღებული აქვს ია მაკასარაშვილს. დანარჩენებს - ჯერ არა. საკრებულოს ყოფილ დეპუტატებში ერთადერთი ნუგზარ მალაღურაძეა, ვისთვისაც საერთოდ გაუგებარია, რატომ უნდა შესთავაზონ რაიმე პოსტი - "მემკვიდრეობით მეკუთვნის რამე?!"

    ოქტომბრის მეორე ნახევრიდან თბილისის ახალი საკრებულო მუშაობას დაიწყებს და "ქართული ოცნება" წინა მოწვევის საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც ახლა პარტიის სიის მიღმა დარჩნენ, დასაქმებას შეჰპირდა სხვადასხვა სამინისტროსა და მერიის სტრუქტურებში, სხვადასხვა სსიპ-სა და აიპ-ში ისე, როგორც ეს მოხდა ყოფილი პარლამენტარებისთვის.

    საკრებულოს დეპუტატებიდან სულ 15 ადამიანი ვერ მოხვდა "ოცნების" ახალ სიაში და ამ დაწუნებულთა შორის ნაწილმა დასაქმებაზე შეთავაზება უკვე მიიღო, თუმცა ჯერ არ ასახელებენ, ვის მიერ და კონკრეტულად რომელ უწყებაში.

    "პირველი რადიოს" ინფორმაციით, მართალია, არჩევნებამდე ექსდეპუტატებს პარტიის ცენტრალური ოფისი შეჰპირდა, რომ ისინი მუშაობას მერიის სხვადასხვა სამსახურში განაგრძობდნენ, თუმცა მათ მერიის სტრუქტურებში დანიშვნას ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ეწინააღმდეგება. სააგენტოს ცნობით, არსებობს მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში, თუ კალაძემ ყოფილი დეპუტატების დასაქმებაზე უარი თქვა, მათთვის ადგილები სხვადასხვა სამინისტროში ან სსიპ-ში გამოიძებნოს.

    "რეზონანსთან" საუბარში თედო კობახიძე, რომელიც ჯერ ისევ საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა, ადასტურებს, რომ მან პარტიიდან დასაქმებაზე შეთავაზება უკვე მიიღო, მაგრამ არ იტყვის არაფერს.

    "შეთავაზება ალბათ ნაწილთან იყო, ნაწილთან - არა. ვისთან იყო საუბარი, მე ყველასგან ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ასეთი, რაიმე ერთობლივი შეხვედრა არ ყოფილა და ინდივიდუალურად ვის რა შეხვედრა ჰქონდა, არ ვიცი.

    "ჩემთან იყო საუბარი, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ და შემდეგ ვნახოთ. ახლო მომავალში გაიგებთ, დღეს ამ თემაზე ლაპარაკს არ ვაპირებ," - ამბობს კობახიძე.

    მას არც იმაზე სურს საუბარი, კონკრეტულად ვისგან იყო სამსახურზე შეთავაზება - "დეტალებისგან თავს შევიკავებ".

    ახალ საკრებულოში ასევე ვერ მოხვდა სამგორის მაჟორიტარი ია მაკასარაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მოლოდინი აქვს, მაგრამ "მოვლენებს დაველოდოთ".

    "მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, რომ ნათქვამი და მოლოდინი ერთმანეთს დაემთხვეს. მე პარტიის თავმჯდომარე ვარ და განუწყვეტელი კონტაქტი მაქვს ჩემს ლიდერებთან. ასე რომ, მოლოდინიც მაქვს და რომც არ დაემთხვეს ჩემი მოლოდინი შემოთავაზებას, მე ჩემი პროფესია მაქვს, ყოველთვის ძალიან წარმატებული ვიყავი და რაც უნდა იყოს, იმედგაცრუებული არ ვარ.

    "სადაც ვიყავი, რა პოსტზეც ვიყავი, ხალხს ძალიან ვუყვარდი და არ ვფიქრობ, რომ სასწაული მოხდება, თუ თვითმმართველობაში არ ვიქნები. ისეთი სასწაული განცდები და მოლოდინი არ მაქვს, ყველაფერი კარგადაა და ჩემს ქვეყანას და ჩემს ხელისუფლებას გვერდით ვუდგავარ," - ამბობს მაკასარაშვილი.

    ერთადერთი ნუგზარ მალაღურაძე მიიჩნევს, რომ გაუგებარია სადმე დასაქმების შეთავაზება - "მემკვიდრეობით მეკუთვნის რამე?"

    "მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ჩემს სამუშაო ადგილს მე თვითონ ვირჩევ. რატომ უნდა მქონდეს შემოთავაზება? მემკვიდრეობით მეკუთვნის რამე თუ რა?! შემოთავაზებას არც ველოდები და არც მიმაჩნია, რომ ეს სწორია, რომ რაღაც უნდა შემომთავაზონ, რომ ამგვარი საუბარი უნდა შემდგარიყო," - აცხადებს მალაღურაძე.

    გოჩა ბაბუნაშვილს რაიმე შეთავაზება დასაქმებაზე არ მიუღია.

    "ჩემთან არაფერი არ ყოფილა, ერთი ზარიც არ ყოფილა. სხვების ამბავს ვერ გეტყვით. არაფერს არ ველოდები, თუ დამირეკავენ, დამირეკონ, არა და - კარგად იყონ," - აღნიშნავს იგი.

    საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ და კახა კალაძის შტაბიდანაც იყო განცხადებები, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ძველ კადრებს გამოიყენებდნენ.

    "იყო საუბარი, რომ ვინც საკრებულოში აღარ გააგრძელებენ მუშაობას, მათი შესაძლებლობა სხვა მიმართულებით იქნება გამოყენებული. ბუნებრივია, ეს რესურსი არ უნდა დაიკარგოს. ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე შეიძლება გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ კონკრეტულად ვის რა შესთავაზეს, ვერ გეტყვით.

    "თუ ვინიცობაა და შეთავაზება იქნება, ეს გადაწყვიტა ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა.

    "არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, მეორე ტურია 6 რაიონში, კონკრეტულად საუბარი რთულია. მაგრამ მზაობა არის. პრემიერმაც თქვა, ამის თაობაზე ისაუბრეს ბატონმა კახამ და მისმა შტაბმაც და კონკრეტიზაცია იქნება. მოვლენებს ნუ დავაჩქარებთ," - აცხადებს სამუშია, თუმცა ასევე ამბობს იმასაც, რომ ამ თემაზე ამბის ატეხვა არასერიოზულია.

    "ფეისბუქზე" იყო ატეხილი ამბავი... მე ძალიან კარგი სამსახური მაქვს, რომლითაც ვამაყობ. თსუ-ში სრული პროფესორი და საქართველოს ისტორიის სპეციალისტი ვარ. ვარ რამდენიმე ათეული წიგნის ავტორი და რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ მაინცდამაინც ვინმე სამსახურს ითხოვს?

    "მე პოლიტიკაში ცარიელ ნიადაგზე არ მოვსულვარ და არც უსაქმური ვარ ახლა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ რაღაც პოზიციაზე საჭირო ვარ, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ," - ამბობს სამუშია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter