სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ალბათობა, რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, საკმაოდ მაღალია"
    ეკატერინე ბასილაია
    05.10.2017

     აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და სირიას შორის ურთიერთობა უფრო და უფრო აქტიურდება და ბოლო სამი თვის განმავლობაში, აგვისტოში ჯერ აფხაზი "მინისტრები" ჩავიდნენ დამასკოში და ახლა უკვე სირიის ოფიციალური წარმომადგენლები ეწვივნენ სოხუმს.

    პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, სირიამ აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიაროს. აფხაზეთი "სახელმწიფოდ" აღიარებული ჰყავს რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და ტუვალუს. იქნება თუ არა მეექვსე ქვეყანა სირია, ეს, ალბათ, მომავალში გაირკვევა. თუმცა ეჭვი იმაში, რომ სირიას ოკუპირებული აფხაზეთი არა თავისი ნებით, არამედ რუსეთის "დახმარებით" გაახსენდა, თბილისში არც ხელისუფლებას და არც ექსპერტებს არ ეპარებათ.

    სირიის არაბული რესპუბლიკის სახალხო საბჭოს დელეგაცია სოხუმში ამჯერად 27 სექტემბერს ჩავიდა, "სამამულო ომის" დასრულების 24 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

    გუშინ კი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდნენ, სადაც მჭიდრო პარტნიორობა-მეგობრობაზე გაკეთდა განცხადებები.

    შეხვედრაზე ხაჯიმბამ განაცხადა, რომ სოხუმში კარგად იციან ის პროცესები, რომლებიც სირიაში მიმდინარეობს და ის ბოლომდე მხარს უჭერს სირიის ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთს სურს, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთის მეგობარ სახელმწიფოებთან, რომლებიც მზად არიან, ითანამშრომლონ აფხაზეთთან.

    სირიის სახალხო საბჭოს დელეგაციის წევრებმა სურვილი გამოთქვეს, "ორ ქვეყანას შორის" შემდგომშიც გაგრძელდეს ურთიერთობა და მეგობრობის ნიშნად ხაჯიმბას საჩუქრად ვერცხლის ხელნაკეთი დოქიც გადასცეს.

    საგარეო უწყება სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. ვიზიტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

    "საგარეო უწყება დაუყოვნებლივ რეაგირებს საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და ახორციელებს საქმიანობას აღიარების რისკების პრევენციის მიზნით.

    როგორც ხსენებული ე.წ. ვიზიტის, ასევე აგვისტოს თვეში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების სირიაში "ვიზიტისას" შესაბამისი არხებით შედგა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან", - აცხადებენ საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტში.

    განიხილეს თუ არა "აღიარების" საკითხი, ამაზე ხმამაღლა არაფერი თქმულა, თუმცა ჯერ კიდევ აგვისტოში, მას შემდეგ, რაც სირიიდან აფხაზების ე.წ. დელეგაცია სოხუმში დაბრუნდა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დამალეს, რომ "აღიარების" პერსპექტივა გამოჩნდა, მაგრამ მოვლენებს წინ არ გაუსწრებდნენ და ამაზე განცხადებების გაკეთება საჭირო არ იყო.

    ექსპერტები კი საუბრობენ იმაზე, რომ სირიის ეს გააქტიურება რუსეთის მოთხოვნით ხდება, ამიტომაც ამ შეხვედრაზე "აღიარების" საკითხი აუცილებლად იქნებოდა განხილული და ძალიან დიდია ალბათობა, ეს მოხდეს.

    ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უახლოეს მომავალში აღიაროს.

    "როგორც ჩანს, სირიის დღევანდელი ხელმძღვანელობა რუსეთს ანგარიშს უწევს და ამ ნაბიჯს აქედან გამომდინარე დგამს. მართალია, სირიაში აფხაზები ცხოვრობენ, მაგრამ ეს ის მასა არ არის, რომელიც გავლენის თვალსაზრისით გადამწყვეტი იქნებოდა, რათა სირიას აფხაზეთთან დასაახლოებლად პროცედურები დაეწყო. როგორ ჩანს, ეს რუსეთის მოთხოვნით მოხდა.

    "იმის ალბათობა, რომ სირიამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, საკმაოდ მაღალია", - აცხადებს არეშიძე, რომელიც დასძენს, რომ სირიის მხრიდან ამ ამბის დაბლოკვა თბილისს არ შეუძლია.

    არეშიძის თქმით, თუ სირიამ ეს ნაბიჯი გადადგა, იმ შემთხვევაში ჩვენც გზა გახსნილი გვექნება და თუკი ჩრდილოეთში მყოფი ქურთები დამოუკიდებლობას მოინდომებენ, შეგვეძლება, ამას მხარი სავსებით თავისუფლად დავუჭიროთ.

    "მე მგონი, ოფიციალურმა დამასკომ, თუ მას ტვინი აქვს, ეს უნდა გათვალოს", - აღნიშნავს არეშიძე.

    "ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, სირიის დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა და თუ რუსეთს დასჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის გასაღიზიანებლად, ეს აღიარება იქნება.

    "აღიარების შანსი საკმაოდ მაღალია იმიტომ, რომ ახლა სირიაში სიტუაცია უფრო გამძაფრებულია, უფრო გამოკვეთილია მხარეები, ერთ მხარეს სირიის ხელისუფლება და რუსეთია, მეორე მხარეს - დასავლური სახელმწიფოები და შესაძლოა, რუსეთმა სირიის მიერ აფხაზეთის "აღიარების" თემა დასავლეთის დასჯის მექანიზმად გამოიყენოს.

    "ეს როდის იქნება, არ ვიცი. გააჩნია, რა კონტექსტი დაჯდება საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. იქიდან გამომდინარე იმოქმედებს რუსეთი", - მიიჩნევს ცქიტიშვილი.

    მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებიდან სირიასთან მუშაობა დიდი ხანია, მიმდინარეობს. სირიაში ძალიან ბევრი აფხაზური წარმომავლობის ადამიანია, მათ შორის - ხელისუფლებაშიც და, დიდი ალბათობით, აფხაზები და რუსები ამ კონტაქტებს იყენებენ იმისათვის, რომ სირიის ხელისუფლება "აღიარებაზე" დაითანხმონ.

    "სირიაში მოქმედი ხელისუფლება დაპირისპირებულია აშშ-სა და ევროკავშირთანაც და შესაძლოა, მიიღოს კიდეც მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ", - დასძენს ცქიტიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter