სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია, წაუყენოს ულტიმატუმი ნავთობსადენის ოპერატორ კომპანიას, ასევე - საქართველოსა და აზერბაიჯანს"
    ნინო ქეთელაური
    21.09.2017

     აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დასაცავად ისრაელის ანტისარაკეტო სისტემების განლაგებას იწყებს - ამის მიზეზი სომხეთის მიერ რუსეთისგან მძლავრი დამრტყმელი სარაკეტო სისტემა "ისკანდერის" შეძენა გახდა.

    ოფიციალური აზერბაიჯანი თვლის, რომ, სარაკეტო დატყმების შემთხვევაში, მთავარი საფრთხე სწორედ ნავთობსადენს ემუქრება, ამიტომაც სადღეისოდ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ანტისარაკეტო სისტემას - "რკინის გუმბათს" დედაქალაქსა და სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში განათავსებს.

    აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანმა სამხედრო თანამშრომლობა ისრაელთან დაიწყო და ანტისარაკეტო სისტემებსაც მისგან შეიძენს.

    როგორც საერთაშორისო სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, აღნიშნულ სისტემას "ისკანდერის" სარაკეტო დარტყმების მოგერიება თავისუფლად შეუძლია, რაც კარგი თავდაცვითი საშუალება იქნება.

    ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთსობსადენს ემუქრება.

    მისი თქმით, თუ რუსეთს დასჭირდა, მან შესაძლოა, ნავთობსადენის დაბომბვა მოახდინოს.

    "მას არაერთხელ გაუკეთებია ეს. როგორც იცით, საქართველოში სწორედ რუსეთმა განახორციელა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა, რის შედეგადაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის მწყობრიდან იყო გამოსული.

    "ამიტომ, ამის გამეორება აბსოლუტურად შესაძლებელია, რისგანაც აზერბანიჯანი თავს იზღვევს", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    მისი თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან თავდაცვითი სისტემების მობილიზება გამოიწვია რუსეთის მხრიდან ახალი, თანამედროვე "ისკანდერის" გამოცდამ, რომლის მასშტაბები გაცილებით დიდია.

    "რუსეთმა ახლახან გამოსცადა თანამედროვე ტიპის "ისკანდერი", რომლის რადიუსი დაახლოებით 700 კილომეტრამდეა. მართალია, მას 480 კილომეტრი უწერია, მაგრამ, სინამდვილეში, მას შეუძლია, უფრო დიდი ფართობის ტერიტორიებზეც მოახდინოს გასროლა. მაგალითად, მას დარტყმის მიყენება ვლადიკავკაზიდანაც შეუძლია.

    "მეორეც, ამ ნავთობსადენების სისტემას რუსები უკვე კრიტიკულ ზღვარზე მიუახლოვდნენ. მათ ხელში ჩაიგდეს ბაქო-თბილისი-სუფსის მონაკვეთი. დაახლოებით, 2 კილომეტრამდე მონაკვეთს ისინი აკონტროლებენ.

    "შესაბამისად, რუსეთს ნებიმიერ დროს შეუძლია, წაუყენოს ულტიმატუმი ამ ნავთობსადენის მომსახურე ოპერატორ კომპანიას, ისევე როგორც თვითონ საქართველოსა და აზერბაიჯანს.

    "ამიტომაც, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ისრაელისგან თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა "რკინის გუმბათი" შეიძინა, რომელსაც შეუძლია, ძალიან ეფექტურად მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტის დაჭერა და ამით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დაცვა მოახდინოს", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    მისივე თქმით, როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, დაიცვას ნავთობსადენი საკუთარ ტერიტორიაზე, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე მის დაცვას აზრი ეკარგება.

    "რუსი ოკუპანტები ჩვენთან უკვე 400 მეტრში არიან, უშუალოდ გორი-თბილისის მაგისტრალთან მიმართებით. აქვე გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ქართული მონაკვეთი, ამიტომ, რუსებს არ გაუჭირდებათ, ერთი დივერსიული აქტით მწყობრიდან გამოიყვანონ ქართული მონაკვეთი. თუმცა, აქ უკვე საქართველოს ევალება, რომ ამ დივერსიული ჯგუფების გაუნებელყოფა შეძლოს.

    "აზერბაიჯანი კი, თავის მხრივ ცდილობს, დაიცვას რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი. ეს არის: მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგური, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და ნავთობტერმინალები, რომლებიც განთავსებულია ბაქოს გარეუბნებში.

    "აზერბაიჯანი გაცილებით წინ წავიდა თავდაცვის უზრუნველყოფის საქმეში, ვიდრე საქართველო. ჩვენ ელემენტარულად არათუ რაკეტსაწინააღმდეგო, არამედ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც კი არ გაგვაჩნია საიმისოდ, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე დავიცვათ", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ილჰამ ალიევი, ერთი მხრივ, შიდა დღის წესრიგიდან გამოდის, მეორე მხრივ, მსჯელობს წინა ომების გამოცდილებიდან გამომდინარე.

    "როგორც მკითხველს ახსოვს, აგვისტოს ომის დროს იყო მილსადენებზე სარაკეტო იერიშების მიტანის მცდელობები.

    "რა თქმა უნდა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, სარაკეტო იერიშები ენერგოობიექტებზე, მათ შორის მილსადენებზეც იქნება მიტანილი, თუმცა, სანამ რუსეთ-თურქეთი ურთიერთობების ასეთ დონეს შეინარჩუნებენ, ომი არ იქნება.

    "შესაძლებელია, იყოს შეტაკებები, რომლებსაც მალე ჩააცხრობენ, როგორც ეს შარშან მოხდა", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

    ანალიტიკოსის შეფასებით, თუ დარტყმები ნავთობსადენზე განხორციელდა, ეს აუცილებლად გადაიზრდება ან ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში, ან განხორციელდება საპასუხო სარაკეტო იერიშები. თუმცა, ამირან სალუქვაძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე საქმე აქამდე არ მივა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა   (13.06.2019)
    საქართველოსაც ხომ შეეძლო და შეუძლია შემოიტანოს თავის საკუთარ საომარ გამოცდილებაზე გაყრდნობით იგივე, ან სხვა მაგალითად ფრანგული ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო და ამავე დროს რაკეტსაწინააღმდეგო საშუალო სიშორის დანადგარები მაგალითად ისეთი როგორიცაა ASTER 30 SAMP/T ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო და ამავე დროს რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარი (თუნდაც 3 კომპლექტი) რომელიც მთელი საქართველოს ტერიტორიას ერთხელ და სამუდამოდ დაიცავს როგორც თვითმფრინავებით დაბობმბვისაგან, ასევე ისკანდერებისაგან. სწორედ ეს დანადგრები შეიძინა ჩვენმა მეზობელბა სახელმწიფომ აზერბაიჯანმა. დღეს ამ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის არქონა ნიშნავს საჰაერო საზღვრის სრულ დაუცველობას და ეს რასაც ნიშნავს სამხედროებს ჰკითხეთ... დღეს საქართველოს ჰაერივით ესაჭიროება (მის რერიტორიებზე რუსეთის ბაზების არსებობის გამო და სხვა ამოცანების გადასაჭრელადაც) მიწა-მიწა ტიპის (ისკანდერის მაგვარი) სარაკეტო სისტემების შეძენა, მაგალითად MGM 140 ATACMS (3 კომპლექტი), რომელიც შესაძლებელს გახდიდა ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხვევაში განგვეხორციელებინა საქართველოში არსებულ რუსულ ბაზებზე პრევენციული სარაკეტო იერიში, რომელიც მათ ისკანდერებს გაანადგურებდა, ასევე საქართველოს ნებისმიერ წერტილში გაანადგურებდა მტრის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს. ამ სისტემების (საჰაერო და მიწა-მიწა) ჯამური ღირებულება 2 მილიარდი ლარის ფარგლებშია და საქართველოს თავისი საიმედო თავდაცვისათვის ამ თანხის გადახდა თავისუფლად შ ე უ ძ ლ ი ა !!! რამდენად ამაღლდებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა თავად წარმოიდგინეთ... მაგრამ ეს არ კეთდება ისმის კითხვა, რატომ ? მრავალი პასუხი აქვს ამ კითხვას და ყველა ეს პასუხი ერთ აზრამდე დაიყვანება, რომელიც მ თ ა ვ ა რ მიზეზს წარმოადგენს !!!

    მოქ.   (21.09.2017)
    ჩვენ რომ ფრანგული ანტისაჰაერო, რომ უნდა შეგვეძინა , ამ ამბავმა რატომ დაიძინა და რა მდგომარეობაა ამ მხრივ, რატომ არ კითხულობს ვინმე და საერთოდ რა მდგომარეობაა ჩვენს ჯარში შეიარაღების მხრივ , ან რას აკეთებს ჩვენი დელტა, რატომ არაფერი ისმის...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×