სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ხელისუფლება ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებზე თავისი მოსაზრებების მიწოდებას კიდევ ერთხელ სთავაზობს
    ეკატერინე ბასილაია
    13.09.2017

     თვის ბოლოს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით და საბოლოოდ დაამტკიცებს. თუმცა, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის განახლებაზე მზადყოფნა გამოაცხადა, პროცესის ჩიხში შეყვანაში კი ოპოზიცია დაადანაშაულა.

    თან, საგულისხმოა ის, რომ ირაკლი კობახიძემ დიალოგის მზადყოფნაზე შეთავაზება გააკეთა თბილისში გამართულ მაკკეინის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ და სადაც ოპოზიცია კონსენსუსის არარსებობაზე პრეტენზიების გამოთქმას გეგმავდა.

    ოპოზიციაში ამ შეთავაზების რეალურობის არ სჯერათ. უპირველესად იმის გამო, რომ კობახიძისთვის ოპოზიციას პრინციპულ საკითხებზე შენიშვნები რამდენჯერმე აქვს გადაგზავნილი, სადაც უმთავრესი პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნებია, რაზეც უკვე ცნობილია, რომ უკან დახევას და მათ მოსმენას "ოცნებაში" არ აპირებენ. ამიტომ მიიჩნევენ, რომ კობახიძე ამ ნაბიჯით პარტნიორებისა და საერთაშორისო ექსპერტების წინაშე დიალოგის იმიტაციის შექმნას ცდილობს.

    გუშინ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე შეკითხვა კონსტიტუციის მიღებისას კონსენსუსის აუცილებლობაზე დაისვა და მოდერატორის კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზად არის, ოპოზიციურ პარტიებს "კიდევ ერთი შანსი" მისცეს, რათა მათ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები მიაწოდონ.

    "ჩვენ უკვე გვქონდა რამდენჯერმე კონტაქტი ოპოზიციურ პარტიებთან, დავსვით საკითხი, რომ მოეწოდებინათ თავიანთი ვერსია, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ვფიქრობ, წინასწარი განზრახვა იყო ოპოზიციისა, რომ არ ყოფილიყო კონსენსუსი. ოპოზიციას არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში. ოპოზიციას ჰქონდა შანსი, რაიმე სიკეთე გაეკეთებინა, მაგრამ მათ პოზიტიური როლი ვერ შეასრულეს", - განაცხადა კობახიძემ.

    რა იგულისხმება დიალოგის დაწყებაში - ოპოზიცია უნდა დათანხმდეს იმას, რაც 2 მოსმენითაა მიღებული, თუ "ოცნება" გამოიწვევს არსებულ პროექტს და ხელახლა დაიწყებს საპარლამენტო განხილვებს, ეს, რა თქმა უნდა, არც უხსენებია. პროექტის უკან გამოწვევის მოლოდინი კი რეალურად არც არავის აქვს და რას ემსახურება ეს შეთავაზება, გაუგებარია.

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, მათი მოთხოვნები "ოცნებისთვის" ცნობილია და თუ უნდათ, ისევ გააჟღერებენ, ამის პრობლემა არ აქვთ.

    "ოპოზიციის მოთხოვნები ყველასთვის გასაგებია და ის არ შეცვლილა. თუ ხელისუფლება მზად არის, გახსნას დიალოგი ამ გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, დავიწყოთ საუბარი. თუმცა არ ვიცი, ბატონი კობახიძის განცხადება კიდევ ერთი უბრალო პიარ-ჟესტია, რომლითაც ცდილობს, უპასუხოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან მტკიცე გზავნილს იმაზე, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია პრობლემებს შეუქმნის ამ ქვეყანას, თუ რეალური პოლიტიკური ნება აქვს ხელისუფლებას, რომ რაიმე დიალოგზე წამოვიდეს. ეს უახლოეს დღებში გამოჩნდება," - ამბობს სამადაშვილი.

    "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მას არ აქვს არანაირი ოპტიმისტური პროგნოზი, რომ კონსტიტუციაში ოპოზიციური პარტიების შენიშვნებს მმართველი გუნდი გაითვალისწინებს.

    "ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, იმდენი მოკლეფეხებიანი ტყუილი და სულელური განცხადება გააკეთა - თითქოს იყო მზად ცვლილებებისთვის და მეორე დღეს იქვე აკეთებდა განცხადებას, რომ არანაირი ცვლილებები არ შევა პროექტში.

    "ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია "ევროპული საქართველო", ყოველთვის მზად ვიყავით, მონაწილეობა მიგვეღო ამ დისკუსიაში, მიუხედავად ცუდი საფუძვლისა და პროგნოზისა. ახლაც არ გვაქვს არანაირი პროგნოზი, რომ არსებობს ივანიშვილის გუნდში პოლიტიკური ნება, რომ არსებითი ცვლილება შეიტანონ საარჩევნო სისტემაში მაინც, რომელზეც შეიძლება, შემდგარიყო კონსენსუსი.

    "თუ გადადგამენ ამ ნაბიჯს, ბურთი მათ მოედანზეა, გამოიწვიონ კონსტიტუცია, არ მიიღონ მესამე მოსმენით და უნდა იყვნენ მზად რეალური დიალოგისთვის. ვნახოთ, თუმცა ამჯერადაც არანაირი საფუძველი ოპტიმისტური პროგნოზისა მე პირადად არ მაქვს", - განაცხადა ბოკერიამ.

    "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზადაა და თანაც, კონსტიტუციის საკითხზე გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა პირადად კობახიძესაც კი რამდენჯერმე გადაუგზავნეს დოკუმენტი, სადაც მათი მთავარი შენიშვნები წერია და პარლამენტის თავმჯდომარეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, როცა ამბობს, რომ მან ითხოვა და ოპოზიციისგან დოკუმენტი არ მიუღია.

    მისი თქმით, ხელისუფლებას თუ დიალოგი ნამდვილად სურს, ის უნდა დაუბრუნდეს საკონსტიტუციო კანონპროექტის იმ ვერსიას, რაზეც იმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ, რაც საყოველთაო-სახალხო განხილვებზე გაიტანეს და რაც ვენეციის კომისიას გადაუგზავნეს და სადაც მთავარი საკითხი იყო, რომ ქვეყანა 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, პარლამენტში კი 2 მოსმენით სულ სხვა, შეცვლილი პროექტი მიიღეს.

    "არავისთვის არ უკითხავთ თანხმობა, როცა 2 მოსმენით მიიღეს და ახლა ყველას გვთხოვს - დაეთანხმეთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის კარგი და ამას დავარქვათ კონსენსუსი?! პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდეს 2020 წელს და გავაგრძელოთ საუბარი.

    "11 სექტემბერს პრეზიდენტთან იყო შეხვედრა, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ახალი დოკუმენტით, რაღაც წინადადებებით ისევ მივმართოთ. ხუთშაბათს ისევ იქნება შეკრება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ახალი საფიქრალი გვექნება, რა სიახლე უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რანაირად უნდა მივმართოთ. ულტიმატუმის წინაშე გვაყენებს "ქართული ოცნება" - ან იმას, რაც მე მოვინდომე დაარქვით შეთანხმება, ან ვიტყვი, რომ თქვენ არ გინდათ შეთანხმება. თქმა ყველაფრის შეიძლება", - ამბობს შავგულიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (13.09.2017)
    კარგით რა, თქვენ კიდევ რამის იმედი გაქვთ, ეს ახალგაზრდა ქოც-კომკავშირლები, რომლებიც სამოთხეში აღმოჩნდნენ, როგორ ფიქრობთ რამეს დათმობენ? მაგათი მოშორება მხოლოდ ჭინჭრის რევოლუციით იქნება შესაძლებელი! ეს მოღალატეთა ჯგუფი კი ე.წ. ქოც-ევროპელები მხოლოდ სიძულვილს იმსახურებენ, მიშას სახელით მოთრეულები პარლამენტში ჭკვიანი სახეებით გვაბრიყვებენ, ერთი უგულავა არ გაიყიდა და მეორე ბოკერია, კარგად გვახსოვს ბიძინას ნათქვამი, რა უყო ბოკერიამ 20 მილიონსო, რაზედაც აღიძრა საქმე, დღეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა, ამიტომაა მისი ისტერიჩკა მეუღლე ჩორგოლა მხოლოდ მიშას ლანძღვაზე გადავიდა! რა უჭირთ არიან მილიონერები, შეთანხმების თანახმად, მხოლოდ ის ევალებათ ლანძღონ ბიძინა და სამაგიეროდ აღიარონ გაყალბებული არჩევნები, როგორც 2016 წელს. ვაი თქვენს პატრონს ვითომ"პატრიოტებო", ფულს დახარბებულო ტიპებო!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter