სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    13.09.2017

     მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი "ოცნების" სახელით მებრძოლ ყოფილ "ნაციონალებს" არაერთ რეგიონში იხილავს. ეს გარემოება თავად მმართველი პარტიის წევრთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ირწმუნებიან, რომ აქცენტი ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს შორის გააკეთეს და პარტიული ნიშნის გამო ვერავის დაჩაგრავდნენ.

    აღსანიშნავია, რომ ყოფილი "ნაციონალები" არა მხოლოდ "ოცნების" რეგიონალურ პროპორციულ სიებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არიან, არამედ "ოცნების" მიერ დასახელებულ მერობისა და გამგებლობის კანდიდატებს შორისაც.

    კონკრეტული მაგალითები

    "ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატი გიორგი კაპანაძეა. იგი 2012 წლის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მაჟორიტარი კანდიდატისა და ასევე ყოფილი გამგებლის, ანდრო კალანდაძის დისშვილია.

    გიორგი კაპანაძე, ვინც ახლა 50 000 ლარი გადაურიცხა "ქართულ ოცნებას", მანამდე "ნაციონალურ მოძარობას" აფინანსებდა და იყო ამ პარტიის აგიტატორი და "ნაციონალების" მმართველობის დროს სხვადასხვა უწყებაში მაღალი თანამდებობები ეკავა.

    ახმეტაში "ოცნების" სახელით ასევე კენჭს იყრის კიდევ ერთი ყოფილი "ნაციონალი" სოსო ქარუმაშვილი.

    "ახმეტაში "ნაციონალები" ბრუნდებიან ისევ. ვისაც უნდა ეზრუნა რაიონზე, იმან გადაწყვიტა ასე, დაუკითხავად", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.

    აღსანიშნავია, რომ სოსო ქარუმაშვილი 2009-2010 წლებში მუშაობდა მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულად ქალაქ ახმეტის ტერიტორიულ ორგანოში. 2010 წელს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარდგენით გახდა ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოში 4 წლის მანძილზე ეკავა ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარის თანამდებობა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ის იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ გელა სამხარაულის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

    ოზურგეთის მერობის კანდიდატ ბეგლარ სიორიძის პოლიტიკური კარიერაც "ნაციონალური მოძრაობიდან" იწყება.

    პორტირებულ "ნაციონალებს" ასევე იხილავთ იმერეთის "ოცნების" მაჟორიტარების სიაშიც. თუმცა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია კონკრეტული სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს.

    "ყოფილ "ნაციონალებს", რა თქმა უნდა, იმერეთის "ქართული ოცნების" სიაშიც შეხვდებით. თუმცა, სახელისა და გვარების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. ეს არცაა გასაკვირი, ფიზიკის კანონია ასეთი, რომელსაც დიფუზია ეწოდება - ორი მყარი სხეული, რომელიც უძრავად არის დადებული, ერთმანეთს შეერწყმებიან, მოლეკულები გავა ერთმანეთში.

    "რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი არა იმიტომ, რომ ყოფილი "ნაციონალია" და "ოცნებაში" გადავიდა. არა, საერთოდ მედროვე ადამიანები არიან საშიშნი. ისინი თავის კომფორტს ეძებენ და ღირებულებები არ გაჩნიათ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გოგი წულაია.

    "აქცენტი გაკეთდა პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტზე..."

    "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ აქცენტი ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმზე გააკეთდა და პარტიის ნიშნის გამო ვერავის დაიწუნებდნენ.

    "კონკრეტულად ნამდვილად არ ვიცი, ვინ მოხვდა და ვინ - არა, მაგრამ ზოგადი დამოკიდებულებაა ასეთი - ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა მართავდეს ადამიანი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს.

    "საქმე ისაა, რომ ჩვენ ვერ ავუკრძალავდით ადამიანებს წინა ხელისუფლებასთან ან ნებისმიერ სხვასთან მუშაობას. მთავარია, ამ ადამიანს რაიმე უკანონობა არ ჰქონდეს ჩადენილი და ადამიანები არ ჰყავდეს უსამართლოდ გამწარებული. ასეთი ადამიანი ცხადია, ჩვენს სიაში არ უნდა მოხვდეს. მარტო იმის გამო დავიწუნოთ ადამიანი, რომ იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ან აქტივისტი, არასწორია, თუმცა, ცხადია, ამ პარტიაზე დიდი წარმოდგენის არ ვარ.

    "რეგიონებში გვინდა ისეთი კადრები გვყავდეს, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და მართვა. ჩვენთვის მთვარი გამოწვევაა ეკონომიკის განვითარება და რაიონების ფეხზე დაყენება და არა - ოპოზიცია.

    "ასე რომ, აქცენტი გაკეთდა პროფესიონალიზმსა და ავტორიტეტზე, თუ ვის შეუძლია რაიონის მოვლა. ამისთვის კი მარტო პარტიის გულმხურვალე წევრობა არ კმარა, მთავარია, იყოს პროფესიონალი და ავტორიტეტული, რომ წინ წაიყვანოს რაიონის საქმე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მაღრაძე.

    ამომრჩეველი ამას უკვე მიეჩვია

    ის, რომ ყოფილი "ნაციონალები" წელსაც მრავლად არიან "ოცნების" საარჩევნო სიაში, არ გაჰკვირვებია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს. მისი თქმით, ამომრჩეველი ასეთ გადახტომ-გადმოხტომებს უკვე დიდი ხანია, მიეჩვია.

    "ეს არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედებს, ვინაიდან ჩვენი ამომრჩეველი კარგა ხანია, მეიჩვია ასეთ გადახტომ-გადმოხტომებს. ამაზე რეაგირება რომ ჰქონოდა საზოგადოებას, მაშინ შარშანდელ არჩევნებში არც ერთ ყოფილ "ნაციონალს" არ გაამარჯვებინებდა. მაგრამ, როგორც ცნობილია, პრაქტიკულად ყველამ გაიმარჯვა.

    "ასე რომ, არც ამჯერად იმოქმედებს შედეგებზე. ჩვენს საზოგადოებას ფასეულობრივი ჰიგიენის მწვავე დეფიციტი აქვს. აღარავის აღარ ახსოვს, ვინ ვის ეხმარებოდა და ებრძოდა.

    "პრეტენზია ასეთ კადრებთან იმდენად არ მაქვს, რამდენადაც ელექტორატთან. ამიტომაც ვამბობ, ჩვენთან საზოგადოება თავისი ცივილიზებული დატვირთვით კარგა ხანია, აღარ არსებობს. არიან ამომრჩევლები, რომლებიც ხმას კი არა, რჯულსაც და ენასაც გაყიდიან", - გვითხრა ცინცაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (13.09.2017)
    მედროვეები ყველა დროისათვისაა დამახასიათებელი, მაგრამ აქ ერთი რამაა აღსანიშნავი, ქოცების მიერ გაკეთებული საქმე ამ 5 წელიწადში ვერავინ დაინახა, განა არ უნდოდათ, მაგრამ იმდენად უსახური და გაუნათლებელი ხალხითაა ეს პარტია დაკომპლექტებული, რომ დღეს იძულებულები არიან ისევ ნაცები დაასაქმონ, რომლებსაც საქმის გაკეთება ძალუძთ!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter