სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კახა კალაძე: თბილისელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი უბნის განვითარების შესახებ
    ნინი საყვარელიძე
    06.09.2017

     "თბილისის ურბანული პოლიტიკის მოწესრიგება, ქართული ენის სათანადო დაცვა, ქალაქის განტვირთვა საცობებისგან და პარკირების მოწყობა", - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაშია თავმოყრილი. ამბიციური და ოპტიმისტური გეგმების განხორციელებას თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეტაპობრივად აპირებს. რაც მთავარია, ყველაფერი მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით იგეგმება.

    თბილისი არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ ეკუთვნის. ის ქალაქში მცხოვრები თითოეული მოქალაქისაა, შესაბამისად, ქალაქის განვითარებასა და მართვაში მოსახლეობის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

    "მუნიციპალური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაიხვეწება თბილისელთა მონაწილეობის მექანიზმები. დაინერგება ინოვაციური მოდელი, რომლის საფუძველზეც, თბილისელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი უბნის განვითარების შესახებ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავად გააკეთონ არჩევანი, თუ რომელი პროექტია მათთვის პრიორიტეტული“, - განაცხადა კალაძემ.

    4 სექტემბერს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში "სიცოცხლით სავსე ქალაქის" განვითარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, ეკოლოგია, განათლება, სოციალური საკითხები, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ეკონომიკა და მართვის პოლიტიკა ის ძირითადი მიმართულებებია, რომლის ფარგლებშიც "ქართული ოცნება" თბილისის განვითარებას და მისი ტურისტული პოტენციალის გაზრდას გეგმავს.

    ქალაქის განვითარების და აღორძინების პროგრამა 7 მიმართულებას მოიცავს, რომლის ფარგლებში დედაქალაქის გამწვანება, უბნების თანაბარი განვითარება, პარკირება და კეთილმოწყობა იგეგემება. პირველ რიგში, საფუძველი ჩაეყრება თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

    კახა კალაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება. მშენებლობის ზედამხედველობისას განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნებას დაეთმობა.

    როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პირველი პრობლემა, რაც დედაქალაქს აწუხებს, ეს არის ქალაქის ურბანული განვითარების, მათ შორის, მისი ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფციის არარსებობა. თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ კი ქალაქის ქაოსური განვითარებისა და განაშენიანების პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება.

    „უსახური შენობები, რომელიც ჩვენს ქალაქში მომრავლდა, მართლაც პრობლემას წარმოადგენს. შეიქმნება სტანდარტები ფასადებისთვის. გარდა ამისა, შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი, ეს იქნება ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია და გულისხმობს წარწერების, ვიტრინების, აბრებისა და ზოგადად, იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის სათანადო დაცვას“, - განაცხადა კალაძემ.

    პროგრამული ხედვის წარდგენისას მერობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქში ავარიული შენობების პრობლემას დაუთმო და აღნიშნა, რომ ავარიული და ძველი შენობების ინვენტარიზაციისა და გამაგრება-ჩანაცვლების ერთიანი გეგმა შემუშავდება.

    „ჩვენ ვიმუშავებთ რაიონების თანაბარ განვითარებაზე. ყველა უბანში გამოიკვეთება ცენტრები სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით, რომელთა განვითარებაზე იზრუნებს მერია კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

    რაც შეეხება ტრანსპორტის მიმართულებას აუცილებლად მოხდება მეტროს რეკონსტრუქცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება.

    „ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია თბილისის განვითარების კომპონენტში. განისაზღვრება ახალი სატრასნპორტო დერეფნები და გაფართოვდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემა. დღეს არის უბნები, სადაც არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან თუ მოძრაობს, დიდი ინტერვალით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

    უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ის უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ  პოპულარული. განხორციელდება მეტროსადგურების რეკონსტრუქცია და დაიგეგმება ახალი მიწისქვეშა ხაზები. განახლდება თბილისის ავტობუსისა და მიკროავტობუსების პარკი. სამომავლოდ დიდი ოდენობით ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ვიმუშავებთ, რომ მათი აწყობა-წარმოება მოვახერხოთ საქართველოში", - განაცხადა კახა კალაძემ.

    „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქალაქში საცობების პრობლემაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა პირობა შეიქმნება, რათა პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს.

    "საცობების განტვირთვის მიზნით ამუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა. გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები. მოწესრიგდება პარკირება და მოეწყობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი. ამუშავდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით სამუშაო ჩატარებული აქვს და სრული სურათი სახეზეა, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგი უნდა განხორციელდეს. არჩევნების შემდეგ აუცილებლად დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ყველა პირობა შეიქმნება, რომ პარკირების სისტემა უშუალოდ მუნიციპალურმა სამსახურმა განახორციელოს", - განაცხადა კალაძემ.

     დედაქალაქში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას კი "ქართული ოცნება" ავტომობილების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვით და მწვანე სივრცეების რეაბილიტაციით აპირებს.

    „თბილისში 1400-მდე პარკი და სკვერია, რომლებსაც მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დასვენება ყველასთვის სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დენდროლოგიური პარკის აღდგენას და კეთილმოწყობას. ეს პარკი დაახლოებით 200 ჰექტარზეა გადაჭიმული, თუმცა იქ არსებული სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. გპირდებით, ეს ადგილი თბილისისა და თბილისელებისთვის ძალიან მალე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

    მისივე თქმით, მოწესრიგდება ნაგავსაყრელები და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდება ნარჩენების გადამუშავების პროექტი. იგეგმება თანამშრომლობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რათა მოხერხდეს მტკვრის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება.

    ქალაქის ეკონომიკურ განვითარებასა და მისი პოტენციალის სათანადოდ ათვისებას კი საფუძვლად მუნიციპალური განვითარების გეგმა დაედება. აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაციაც განხორციელდება. ამის შემდეგ ეკონომიკური მიზნებისთვის მისი მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება მოხდება. კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ღამის ეკონომიკასა და ამ მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნაზეც.

    „ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ მუშაობა და გამონაკლისი ჩვენი ქალაქიც არ იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის წაახალისებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ჩამოყალიბდება და განხორციელდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც უბნების განვითარებას და ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.

    კახა კალაძეს დანაპირების განსახოციელებლად მართვის პოლიტიკის შემუშავების გეგმა და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებაც გააჩნია. აუცილებლად განხორციელდება მერიის სტრუქტურული ანალიზი, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის მართვის, კოორდინაციის, ანგარიშვალდებულებისა და კომუნიკაციის ახალი სისტემა განისაზღვრება.

    მერობის კანდიდატმა თბილისის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მთავრობასთან კოორდინაციით და საკუთარი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოხდეს.

    „არსებული ბიუჯეტით, რომელიც მერიას გააჩნია, მერწმუნეთ, შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რაზეც ვსაუბრობთ და გვაქვს დაგეგმილი. ამიტომ მთავრობასთან მოგვიწევს მუშაობა, რათა მოვახერხოთ ბიუჯეტის გაზრდა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყველა ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრები და დეპუტატები, რომლებმაც ასევე საკუთარი აზრი გამოთქვეს სრულიად ახალ პროგრამასთან დაკავშირებით.

    პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, კახა კალაძემ ძირითადი გზავნილები შვიდი მიმართულებით წარმოადგინა და შვიდივე კომპლექსურად მოიცავს იმ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის.

    "ვიცით, რომ დღეს თბილისელებს აწუხებს ქაოსური განაშენიანების პრობლემა, უსახური მშენებლობები, ზოგადად, ქალაქის უსისტემო განვითარება. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს დახვეწილი გენგეგმით, რომელიც საბოლოდ დამუშავდება თბილისის მერიის მიერ და დამტკიცდება დედაქალაქის საკრებულოს მიერ. მნიშვნელოვანია მართვის პოლიტიკის სრულყოფა და ამ კუთხითაც ძალიან დეტალურად და სწორად იყო წარმოდგენილი შესაბამისი ხედვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    "ქალაქის ეკონომიკა განვითარდება ისე, რომ ქალაქის ძველი ისტორიული ნაწილი იქნება დაცული, ხოლო ახალი, ევროპული თბილისი საუკეთესო სახით შემოვა ჩვენს ცხოვრებაში", - ეს განცხადება კი კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამული ხედვის შეფასებისას გაკეთა.

    მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის შემოსავლები გაიზარდოს, ეკონომიკა ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრით განვითარდეს და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას.

    „ჩვენ ვაპირებთ, ხელი შევუწყოთ ტურისტული პოტენციალის გამოყენებას და განვახორციელოთ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს. იმავდროულად კი ისეთი სერვისები განვითარდება, რომელიც თბილისისა და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×