სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი ფუტკარაძე
    19.09.2009

     არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უკვე ხელისუფლებასთან დიალოგს იწყებს და გაზაფხულზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვისაც ემზადება, ხოლო მეორე ნაწილი არჩეული კურსის არა, მაგრამ სტრატეგიის ცვლილებას კი გეგმავს.
    ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნით ოპოზიციაში სერიოზული დაბნეულობა შეიტანა - მიიჩნევენ ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ არც ოპოზიცია გამოირჩევა აქტიურობით და ხედვების სიუხვით. არასაპარლამენტო ოპოზიცია ვერ სთავაზობს მოსახლეობას ქმედით გეგმას - ასეთია მათი შეფასება.
    პარლამენტს გარეთ დარჩენილთა გზები იყოფა
    არასაპარლამენტო ოპოზიციის შედარებით რადიკალური ფრთა კვლავ გეგმავს, რომ არჩეულ კურსს გაჰყვეს, თუმცა სტრატეგიის კორექტირების აუცილებლობაზე მაინც ამახვილებს ყურადღებას, რადგან საზაფხულო სტრატეგიამ მათ გამარჯვება ვერ მოუტანა და ახლა განიხილავს, როგორ და ვისთან ერთად აგრძელებს ბრძოლას.
    მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" გენმდივანი ეკა ბესელია ამბობს, რომ მთავარი მიზანი - სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა და სისტემური ცვლილებები დარჩება იგივე, თუმცა როგორ შეეცდებიან მიზნების განხორციელებას, საბოლოო პოზიცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
    "ჩვენი კურსი არ შეიცვლება, ვიქნებით თანმიმდევრულები და ხალხის ზურგს უკან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ის, რაც ერთად გავიარეთ, იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ტაქტიკასა და სტრატეგიაში საჭიროა ცვლილებები. ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და ემზადება არჩევნებისთვის, პოლიტიკურად ცდება, რადგან ამით გამოდის, რომ ეგუება სააკაშვილის მმართველობას და ის მეტ კომპრომისს არ მოისურვებს", - ამბობს ბესელია და იქვე დასძენს, რომ მას არ მიაჩნია სწორად ადგილობრივი არჩევნებისთვის სამზადისი.
    ალასანიას ალიანსი კი უკვე წინა საარჩევნო ხედვების გაცნობაზე იწყებს მუშაობას. ალიანსის წევრი "მემარჯვენე" მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ თუ ისინი მიაღწევენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების გარანტიებს, საჭიროა, მოემზადონ კიდეც და სტარტეგიაც გამოკვეთონ.
    "ამ პერიოდს მოვახმართ იმას, რომ მივაღწიოთ გარემოს გაუმჯობესებას.
    ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოხერხდება ამის მიღწევა, თუმცა ამის გარდა სხვა აქციებსაც ვგეგმავთ.
    ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ პროგრამაზე და გაანალიზებული გვაქვს ეკონომიკური მდგომარეობა და უახლოეს ხანებში მოგვეცემა საშუალება, საზოგადოებას ხედვები გავაცნოთ", - ამბობს ნაჭყებია და აცხადებს, რომ კონსულტაციები გაგრძელდება სხვა პარტიებთან და შედეგების მიხედვით შეიძლება ცვლილებებიც შეიტანონ.
    ხედვები ოპოზიციურ პოლიტიკაზე
    ოპოზიციის სამომავლო გეგმების შეფასებისას პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნით ოპოზიციაში დაბნეულობა შეიტანა და ისინი დაქსაქსა, თუმცა იქვე დასძენენ, რომ არც ოპოზიცია გამოირჩევა აქტიურობით და ხედვების სიუხვით.
    პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის რიგებში დაბნეულობაა, ზოგიერთი მათგანი წამოეგო სააკაშვილის ანკესს ადგილობრივი არჩევნების შესახებ.
    "ვინც დიალოგზე არ მიდის, ხედავს, რომ ტაქტიკა არ უვარგათ. როდესაც 9 აპრილს უზარმაზარი მასა გამოვიდა, ეგონათ, რომ სააკაშვილი გაიქცეოდა. ეს არ მოხდა და აღმოაჩინეს, რომ გეგმაც არ აქვთ. ის, ვინც არჩევნებისთვის არ ემზადება, ფიქრობს აქციებზე, მაგრამ რა გამოუვათ, ძნელი სათქმელია", - ამბობს კლიმიაშვილი.
    პოლიტოლოგი ეჭვს გამოთქვამს, რომ შეიძლება, საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, ვინაიდან, მისი თქმით, ხელისუფლების ხალხში გასვლა ძალიან ჰგავს საარჩევნო კამპანიას. მოსაზრების არგუმენტად კლიმიაშვილი იმასაც იშველიებს, რომ სააკაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციები და აშშ-ს ხელისუფლება ერთპარტიულ პარლამენტს საყვედურობს.
    "კითხვა ისმის ასე, თუკი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, არის კი ოპოზიცია მზად, რომ იგივე საარჩევნო პირობებში იბრძოლოს? საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლება 9 აპრილს მზად იყო, მაგრამ ოპოზიციამ წამოაყენა ლოზუნგი სააკაშვილის გადადგომაზე და წააგეს კიდეც, ამიტომ შემდეგი ნაბიჯები კარგად უნდა გათვალონ", - ამბობს ის.
    რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ მოლოდინი იმისა, პროცესების გამწვავება მოხდეს, არ შეიმჩნევა. საყვარელიძე ამბობს, ჯერ ოპოზიციიდან არ იგრძნობა იმპულსი გარდა ერთი ფრაზისა, რომ გეგმას გააცნობენ ხალხს.
    "ამჯერად არც მოსახლეობაში ჩანს მუხტი, თუმცა საპროტესტო განწყობილება არის. თუ ხელისუფლება რაიმე მნიშვლოვან შეცდომას დაუშვებს, მაშინ იმპულსი შეიძლება გაჩნდეს", - აცხადებს პოლიტოლოგი, რომელიც თვლის, რომ ამ გადმოსახედიდან სხვასთან შედარებით მეტი პოტენციალი "ფორუმს" და "ნაცმოძრაობას" აქვს, რადგან ძალიან აქტიურობენ.
    სოსო ცინცაძის თქმით, არასაპარალმენტო ოპოზიცია ვერ სთავაზობს მოსახლეობას ქმედით გეგმას და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ საპარლამენტო ოპოზიციის შანსები ბევრად გაიზრდება.
    "არასაპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს ერთიანი სტრატეგიული გათვლები და თუ ისინი მზად არ არიან, რომ ზაფხულზე დადებული პირობა განახორციელონ და აქციებს დაიწყებენ მოუმზადებლად, წააგებენ. სეგმენტიზირებული აქციები მათ არ აწყობთ", - ამბობს ცინცაძე.
    მისი თქმით, მაშინ, როცა ოპოზიციის ერთი ნაწილი მიდის დიალოგზე და მეორე ნაწილი ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებასთან პირდაპირ თანამშრომოობას იწყებს, დარჩენილი ნაწილი კარგად უნდა დაფიქრდეს გეგმებზე.
    "მგონია, რომ ოპოზიცია მაისის არჩევნებს შეხვდება დაქსაქსული და სერიოზულ წარმატებას ვერ ვუწინასწარმეტყველებ. მართალია, ხელისუფლებისადმი სიმპატია არ გაზრდილა, მაგრამ ამით ვერც ოპოზიცია დაიკვეხნის, რადგან ხალხამდე ვერ მიიტანეს კრიზისიდან გამოსვლის გეგმები", - ამბობს ცინცაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter