გვანცა ღვედაშვილი
17.08.2017

 "უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის - ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას" - აცხადებს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, რასაც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაჩი ცაგურიას განცხადება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც პროფკავშირების წინააღმდეგ მიმართული ანტიკამპანია, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.

დაჩი ცაგურია კი ამბობს, რომ რკინიგზელები შეცდომაში არიან შეყვანილები და მათ სამუშაო ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

"ადამიანების ჯგუფი, წლებია - მას შემდეგ, რაც სააკაშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, ცდილობს, მუდმივად მოაწყოს პროვოკაციები, ხოლო მის დროს სიამის კატასავით ფეხებს უთბობდა სააკაშვილს და მის გუნდს. მაშინ არასოდეს გახსენებია მშრომელთა უფლებები. დღეს ასეთი გულადი გახდა. ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილები პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ. ეს ადამიანები არ არიან რკინიგზელთა ინტერესებზე ორიენტირებული, ისინი რკინიგზელთა ფულით აფინანსებდნენ ყოველთვიურად ირაკლი პეტრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ჩვენ ამას ვხედავდით. ირაკლი პეტრიაშვილმა ერთი პროცენტიც კი ვერ მოაგროვა, ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი და შანსი არა აქვს და არც არასოდეს ექნება.

"ეს ადამიანები იმავე ხელფასით არიან გადაყვანილები ახალ სამუშაო ადგილზე. განცხადებები, თითქოს მათ საცხოვრებლითა და ტრანსპორტით არ უზრუნველვყოფდით, არის სიცრუე. მივმართავ თხოვნით, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადდნენ, ვინაიდან საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ. მათ უნდა შეასრულონ ლიანდაგის შემოწმება, რადგან იქ ტვირთთან ერთად სამგზავრო მატარებელი დადის. ვთხოვ, რომ კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, დროულად გამოცხადდნენ სამსახურში, რადგან ჩვენ უკვე იძულებული ვიქნებით, რაღაც გადაწყვეტილება მივიღოთ. მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან პეტრიაშვილის პროვოკაციებს, რადგან პეტრიაშვილი თავის გრანტებს და რკინიგზელების ფულს ისევ წაიღებს და იმ თავის სქელ ქონს კიდევ უფრო მეტად გაისქელებს", - განაცხადა ცაგურიამ.

მის საპასუხოდ რკინიგზის ახალი პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე "პირველ რადიოსათან" აცხადებს, რომ ცაგურია არის პროვოკატორი.

 "არავინ მოშიმშილეებთან არ გამოსულა და მათთვის პასუხი არ გაუცია. ამის ნაცვლად, ცაგურია გამოდის პროვოკაციული განცხადებებით. არ მოსულა არც ერთ დასაქმებულთან და არ უთქვამს, შემობრძანდით და გავარკვიოთ ყველაფერიო. რკინიგზა არის სახელმწიფო ორგანიზაცია, სადაც ჩინოვნიკებს ნიშნავს ქვეყნის მთავრობა. ისეთი ჩინოვნიკის განცხადება, როგორიც დაჩი ცაგურიაა, პროფკავშირის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეიძლება აღქმული იქნეს როგორც პროფკავშირების წინააღმდეგ მიმართული ანტიკამპანია, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. ეჭვი მაქვს, ცაგურია ამას აცნობიერებდეს, იმიტომ, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობის ადამიანები ასეთ რაღაცებს ვერ ხვდებიან. სახელმწიფო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან ძალიან ცუდი განცხადებებია. ცაგურია არის პროვოკატორი და ეს არის პროვოკაცია საქართველოს პროფკავშირების წინააღმდეგ," - აცხადებს გიორგაძე.

რაც შეეხება მიმდინარე აქციას, გიორგაძე ამბობს, რომ მოშიმშილეებს ხელმძღვანელობასთან დაკავშირების მცდელობა გასულ ღამესაც ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ.

"მოშიმშილეებს წუხელაც ჰქონდათ მცდელობა, დაკავშირებოდნენ ხელმძღვანელებს, მაგრამ ისინი ტელეფონს არ იღებდნენ. ხომ ამბობენ, მოვიდნენ სამსახურშიო? მოსულია ეს ხალხი სამსახურში - რკინიგზის დეპარტამენტის შენობის წინ და ელოდებიან ხელმძღვანელების მხრიდან განმარტებებს, სად წავიდნენ და აკმაყოფილებენ თუ არა მათ მოთხოვნებს."

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×