სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა შავგულიძე
    (27.09.2010)

    საქართველოს მოქალაქეთა 53% დღეს სოფლად ცხოვრობს, 40% უშუალოდ ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, თუმცა, ადგილზე შექმნილი აგროპროდუქციის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8%-ია. შიდა ბაზრის მოთხოვნა მხოლოდ 12%-ით კმაყოფილდება. ამდენად, ჩანს, რომ სოფლად ჭარბად არის თავმოყრილი მშრომელი ძალა, რომელიც არ ან ვერ იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს. მიმდინარე წელს ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ "მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა დღემდე ვერ ხერხდება, სწორედ სოფლის მეურნეობის განუვითარებლობაა. მწარმოებლურობის დონე კვლავ ძალიან დაბალია. არასაკმარისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსებაც. აგროსექტორი რომ განვითარდეს, საჭიროა, მისი მოცულობა, სულ მცირე, სამჯერ გაიზარდოს".
    ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა სიღრმისეული რეპორტაჟი, სადაც ვაჩვენებდით სოფლის მეურნეობის სექტორში დღეს არსებულ ტენდენციებს და მათ გამომწვევ მიზეზებს.
    საკუთარ სამყაროში ჩაკეტილები
    კვირა, ორშაბათი და პარასკევი აბასთუმანში "ბაზრის დღეებია". დილის შვიდი საათიდან პატარა დახლები სოფლებიდან ჩამოტანილი პროდუქტით ივსება. ვაჭრობაც არ გჭირდება, ისეთი სიიაფეა. სახლისკენ მიდიხარ, ჩანთაში გასაღებს ეძებ და ხელში რაღაც რბილი და სასიამოვნო გხვდება - ძროხის ახლად მოწველილი რძით სავსე პლასტმასის, მეორადი მოხმარების ბოთლი... ისეთი თბილია და ვიტამინებით სავსე! გიხარია და ფიქრობ: ახლა წამოვადუღებ და ბავშვს დავალევინებ, ან ფაფას გავუკეთებ...
    "იქნებ, მეურნეობა შეგექმნათ, რამდენიმე კაცი შეკრებილიყავით და რძის შემგროვებელი პუნქტი გაგეხსნათ, ან გადამამუშავებელი მიკრო ქარხანა და დიდ ქალაქებში მიწოდება დაგეწყოთ?" - ვკითხე რამდენჯერმე აბასთუმნის ბაზარში მოვაჭრეებს - "არააა, არ გამოვა ეგ ამბავი, ძნელია, ასე გვირჩევნია". "რა მეურნეობა, რის მეურნეობა, დაინგრა ყველაფერი, ქალბატონოოოო, კომუნისტების მერე აღარაფერი აშენებულა და რაც იყო, ისიც სულ დაიშალა და განადგურდა!" - გამომეხმაურა შორიდან იქვე თაფლით მოვაჭრე ხნიერი მამაკაცი.
    იგივე ვკითხე, სოფელ კავთისხევში რომ მივდიოდი, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც 3 ძროხა ჰყავს და კვირაში სამჯერ თბილისში რძეს და მაწონს ეზიდება: "არ გირჩევნიათ, თქვენც მეზობლებთან, მიგრიაულების ფერმასთან გაერთიანდეთ და ერთად გაყიდოთ, საწარმოო-სადისტრიბუციო ქსელი ერთად ააწყოთ?" იმანაც იგივე მიპასუხა - არა, მე ჩემთვის მირჩევნია ყოფნაო. "არ ვიცი, ეს სოციალური თუ მენტალური ფაქტორია, მაგრამ ცხადია, რომ არის უდნობლობა, შიში, ხელჩაქნეულობა... ჩემი აზრით, გლეხების ნიჰილიზმი მათი ბრალი არ არის, გარემოებების ბრალია", - გვითხრა ახალციხეში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის "სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ჯინჭველაძემ. მისივე თქმით, სოფლის მეურნობაში ჩართული უნდა დარჩეს ის ხალხი, ვისაც ნამდვილად შეუძლია, საკუთარი მეურნეობა განავითაროს და ვისაც შესაბამისი უნარ-ჩვევები აქვს, არ აქვთ სტიმული, სოფლად იმუშაონ.
    "სოფელი უდაბნოა"
    გიოს ულამაზესი ცისფერი თვალები აქვს, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ჩემზე სთხოვა, ფერმამდე მიაცილეო. გიოს აცვია "ნაიკის" წინდები, მოდური შავი ფეხსაცმელები და ჯინსის ბრიჯები... "შენც ამ ფერმაში ხომ არ მუშაობ?"-მეთქი, ვკითხე. "არააა" - მიპასუხა და მივხვდი, რომ რაღაც უხერხული შეკითხვა დავუსვი, უფრო სწორად, ცოტა შეურაცხმყოფელიც კი. "აბა, სად მუშაობ?" - ისევ ვკითხე. "ქალაქში ვცხოვრობ, აქ ზაფხულობით ამოვდივარ ხოლმე", - მიპასუხა. "ქალაქში სად მუშაობ?" - ჩავეძიე. "ტკბილი ქვეყანა" რომ არის, ქარხანა, იქ პეჩენიებისთვის რომ ჯემი მზადდება, აი, იმ ჯემს ვურევ" - მიპასუხა. "აქ რომ გეცხოვრა და გემუშავა, არ გერჩია? შენს დოვლათს შექმნიდი, შენი მეურნეობა გექნებოდა". "აააქ???" - გაოცებულმა მითხრა - "აქ რა მინდა, მკვდარია ყველაფერი..." გავიხედე გარშემო და მართლაც მკვდარი მომეჩვენა ულამაზესი არემარე, რომელიც კავთისხევის თავზე ეზატის უბანში დამხვდა... იქ, სადაც ფერმა მეგულებოდა. არა, ადგილი უდაბური არ იყო, უბრალოდ, გარშემო ცარიელი სახლების, მწვანეში ჩაფლული მიტოვებული ეზოების, სიჩუმის და აუტანელი სიცხის გამო მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ უდაბნოს მსგავს ადგილას ვიმყოფებოდი.
    დოდო მიგრიაული ფერმაში ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მუშაობს. 90-იან წლებში ფერმა დაიშალა და საქონელი დაიტაცეს. დოდომ ქმართან ერთად საკუთარი ფერმა გააკეთა. მერე იყო მხედრიონი და სისხლიანი ბრძოლები საქონლის გადასარჩენად; მერე - სასამართლოები ქონების დასამტკიცებლად. 2008 წელს, როდესაც ფერმას რუსების თვითმფრინავებმა გადაუფრინა, თანასოფლელები ეძახდნენ, "გამოდი, დოდო, თავი შევაფაროთო", - "მე ჩემს ხბორებთან და ძროხებთან მირჩევნიაო", - ასე უპასუხა და რუსებთან ომის დღეებში ფერმა ერთხელაც არ მიუტოვებია. დღეს ორნი მუშაობენ, თანაც, სოფლის წყლის არხები მძიმე მდგომარეობაშია, მილი, რომლითაც წყალი ფერმაში უნდა მოხვდეს, დაზიანებულია. დოდო მზადაა, საქონელი სახორცედაც მოამზადოს და რძესაც ჩააბარებდა, სადმე ახლო-მახლო რძის შემგროვებელი პუნქტი რომ ეგულებოდეს, "მარა სადაა? არ არის, თვალით არ მინახავს არავინ მაგნაირი და..." - ამბობს ფერმერი ქალი. დღეს მას, მის ქმარს და მაზლისშვილს 50-მდე საქონელი ჰყავთ. ქალაქში 2-3 კვირაში ერთხელ დაახლოებით 75 კილოგრამ ყველს ძველი "24"-ით უკეთებენ "დისტრიბუციას". "ერთი მეზობელი მყავს, ჯან-ღონით სავსე ქალია, შევთავაზე, მოდი, იმუშავე ჩემთან, 500 ლარს გადაგიხდი-მეთქი და ასე მიპასუხა, სუნი ამივაო... განა, რა სუნი უნდა აუვიდეს ამისთანა, რომ სახელმწიფო დახმარების მოლოდინში ყოფნა ერჩიოს!" - ამბობს დოდო მიგრიაული - "თუ ამ ჩემს საქმეს გამგრძელებელი არ ეყოლება, გაჩერდება ყველაფერი, რამდენიმე სულ საქონელს დავიტოვებ და მეც სხვასავით ჩავალ ხოლმე ქალაქში".
    ნატურალური რძე რძის ფხვნილის წინააღმდეგ - სანამ ეტიკეტი შემოიღეს
    ახალციხის რაიონის სოფელ არალში რძის შემგროვებელი მცირე ცენტრის გახსნა ლეილა ჩილინგარაშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეზობელ სოფლებში ჭარბი რძე გაჩნდა. ორგანიზაციების "ქეარ" და "ამქორის" ძალისხმევით მცირე პუნქტი გაიხსნა. ძირითადად, რძე "ეკოფუდისთვის" უნდა შეეგროვილიყო, თუმცა, შემდგომ ლეილას უარი უთხრეს, - კახეთში მეტ რძეს მოვაგროვებთო, - და ქალმა სხვა გადამამუშავებელი საწარმოების ძიება დაიწყო. კომპანიამ "ვიმბილდამი" ("სოფლის ნობათი") რძის გამაცივებელი აპარატი გადასცა, "მერსი ქორფსმა" მაცივრიანი მანქანა გამოუყო, რომ შეგროვებული რძის ტემპერატურა ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს. ამის შემდეგ რძის მოგროვების დღიური ნორმა 250 ლიტრიდან 1400 ლიტრამდე ავიდა, თუმცა, საქმე მაინც ძნელად მიიწევს წინ: ახალციხის რაიონში რძის გადამამუშავებელი 4 ქარხანაა, ქარხნები პერიოდულად ჩერდება. თანაც, გლეხებიც ჭირვეულობენ: რძის ჩაბარება 40-45 თეთრად ეცოტავებათ. საქმე ისაა, რომ რძის გადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც ახალციხეში მუშაობს, ძირითადად, ყველს აწარმოებს და ამიტომ ხშირად ფასებით კონკურენციას ვერ უწევს ზაფხულობით გლეხების მიერ დამზადებულ იაფ ყველს, - რადგან საწარმოში ყველის დამზადება გაცილებით უფრო დანახარჯიანია, ვიდრე სახლის პირობებში. მაგალითად, ახალციხის ბაზარზე ზაფხულში კილოგრამი ყველის ფასი 2,5 ლარამდეც კი დაეცა.
    თანაც, მცირე წარმადობის გამო, გლეხები, ქარხნებისგან განსხვავებით, დღგ-ისგან გათავისუფლებული არიან. გამოსავალი ასეთი ქარხნებისთვის ბევრად ნაკლებდანახარჯიანი პასტერიზებული რძის წარმოება იქნებოდა, რომ არა კიდევ ერთი დაბრკოლება: დანადგარები ძვირი ღირს, ისევე, როგორც კრედიტი, რომლითაც მათი ყიდვაა შესაძლებელი. "მერსი ქორფსის" ადგილობრივი წარმომადგენლის გიორგი სადუნიშვილის თქმით, დარგის პრობლემა ისიცაა, რომ "ცოტაა ყველის შესანახი მეურნეობა, სადაც პიკურ პერიოდში გაიაფებული ყველი მოიყრიდა თავს და მას ბაზარზე გამოიტანდნენ მაშინ, როდესაც მოთხოვნა გაიზრდებოდა".
    მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნით, რძის პროდუქტებზე კომპანიებმა სავალდებულო ეტიკეტი განათავსეს, რომელზეც მითითებულია, რისგან არის დამზადებული პროდუქტი - ფხვნილისგან თუ ნატურალური რძისგან. სწორედ ამ ეტიკეტის გაჩენა იყო ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელმაც ნატურალურ რძეზე მოთხოვნა გაზარდა.
    რძის ინდუსტრია ამ ეტაპზე
    კიდევ ერთი ფაქტორი გახლდათ ის, რომ ბაზარზე გაჩნდა ახალი კომპანია "ვიმ ბილ დან საქართველო", ბრენდით ("სოფლის ნობათი"), რომლის რძეც ნატურალურია და რძის პროდუქტებიც. სწორედ მათი დაჟინებული მოთხოვნა იყო ფაქტორი, რომელმაც სურსათის უვნებლობის სამსახურს ამ მიმართულებით მუშაობა დააჩქარებინა. კომპანია სამცხე-ჯავახეთში დღეს რძის 4 შემგროვებელი პუნქტით სარგებლობს. მისი მთავარი მომწოდებლები ალპურ ზონაში განლაგებულ სოფელ არლოვკასა და ნინოწმინდაში არიან. რძის 20% თელეთის მეცხოველეობის ფერმიდან მოაქვთ. დღეს ამ კომპანიას ბაზრის 10%-ზე ოდნავ მეტი უკავია, მაშინ, როდესაც "სანტეს" - 50%, "ეკოფუდს" - 30%, ხოლო გლეხის რძეს - დაახლოებით 20%-მდე. "სანტეს" 17 შემგროვებელი ცენტრი აქვს; სხვებს - საკუთარი ბაზრის წილის პროპორციული რაოდენობა. თუმცა, ეს ციფრები მწირია ნატურალურ რძეზე მზარდ მოთხოვნასთან შედარებით.
    რძის ფხვნილი ბაზარზე გაძვირდა და დღეს 1 კგ - 9 ლარი ღირს, 1 კგ ფხვნილით 10 ლიტრი რძე გამოდის, შესაბამისად, გლეხის რძე უფრო იაფია: 1 ლიტრი საშუალოდ 50 თეთრი ღირს. კომპანიებს განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ, როდესაც წველადობა ძალიან დაბალია. "სანტეს" წარმომადგენლის, ერეკლე გამყრელიძის თქმით, მათ, როგორც ყველაზე დიდ კომპანიას, დღიურად 40 ტონა რძე სჭირდებათ. გამყრელიძე ასახელებს რამდენიმე მთავარ პრობლემას, რომლებიც ხელს უშლის რძის შემგროვებელი ცენტრების რაოდენობის გაზრდას და მთლიანად რძის ჩაბარებაზე ორიენტირებული გლეხური მეურნეობების განვითარებას: სახელწიფო არ აწვდის გლეხებს ინფორმაციას მეურნეობის ეფექტური განვითარების შესაძლებლობათა შესახებ. არადა, გლეხობა რძეს ზამთარშიც ჩააბარებდა, ანუ მაშინ, როდესაც რძე დეფიციტურია. გლეხობამ ცოტა რამ იცის ჯიშების გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ: საქონლის ჰიგიენის, მისი ჯანმრთელობის, მოვლის თანამედროვე სტანდარტები ძნელად ინერგება. არადა, ამ კომპონენტების არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი წველადობა საშუალოდ დღიური 8 ტონიდან 30-მდე გაიზრდებოდა.
    ჩაბარებული რძის ხარისხით თავდაპირველად არ იყვნენ კმაყოფილი არც "სოფლის ნობათის" წარმომადგენლები. "რძის პირველი პარტიები ხარისხის პარამეტრებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდა, მიზეზი ბევრი იყო, მათ შორის, ისეთი დაავადებები, როგორიცაა ბრუცელოზი, არასრულფასოვანი კვება, ჭურჭელი, რომელშიც მოწველილი რძე ხვდებოდა. დროთა განმავლობაში ხარისხი გამოსწორდა - რძის სინჯებს ადგილზე ვამოწმებთ და, ამდენად, მომწოდებლები უკვე თავად ზრუნავენ, რომ ჯანმრთელი და მოვლილი საქონელი ჰყავდეთ", - გვითხრა "სოფლის ნობათის" წარმომადგენელმა, ირმა ანთიამ.
    ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფო არ ახდენს გლეხური მეურნეობების თუნდაც მცირე დოზებით ფინანსურ ხელშეწყობას იმისთვის, რომ საქონელმა ზამთარში ელემენტარულად "არ იშიმშილოს". ამდენად, დაბალი წველადობით გამოწვეული რძის სიმცირე, არასტაბილური მიწოდება და, ზოგ შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელი ხარისხი არის ფაქტორები, რომელთა გამო კომპანიები, რომელთაც ბაზარზე წამყვანი ადგილი უკავიათ და, შესაბამისად, მასობრივად ჰყავთ პროდუქტებზე მომხმარებელი, რძის ფხვნილის გაიაფების დროს მომენატალურად შეამცირებენ რძის შესყიდვას გლეხური და ფერმერული მეურნეობებისგან.
    საქონლის და მისი პატრონის შიმშილის ზღვარზე არსებობის სხვა მიზეზები - რატომ შიმშილობს და ავადმყოფობს ძროხა
    საქმე ისაა, რომ გლეხებს დღეს არ აქვთ სახსრები, საქონელი მთელი წლის განმავლობაში კვებონ. ზამთრობით საკვები ძირითადად თივით შემოიფარგლება. არადა, ძროხას ნორმალური კვებისთვის დღეში 20 კილო სილოსი სჭირდება შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს ქართული ჯიშის ძროხებზე, რომელთა წველადობა საშუალოდ დღეში 7 ლიტრია. აღარაფერს ვიტყვით ევროპიდან ჩამოყვანილ შვიდსის და ჰოლანდიური ჯიშის მეწველ ძროხებზე, რომელთა წველადობა დღიურად 30 ლიტრს აღწევს.
    სხვა საკითხია საძოვრები და მათი ხელმისაწვდომობა. "რძე იგივე მიწაა, ჩვენი საძოვრების უდიდესი ნაწილი აუთვისებელია გზების და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ზოგი ისეთ ადგილზეა, სადაც ძროხა კი არა, კაცი ვერ ავა. განსაკუთრებით, ალპურ ზონებში. არადა, უშუალოდ მუნიციპალიტეტების საქმეა - ადგილებზე იზრუნონ ამ საკითხებზე. ეს მათი საძოვრები და სათიბებია. იგივე შეიძლება ითქვას სარწყავ მეურნეობებზე. ზოგან წყალი საერთოდ არასოდეს ყოფილა. აქ მთელი სოფლებია, ბოლო 20 წელია, წყალი რომ არ უნახავთ, სარწყავი სისტემები მთლიანად მოშლილია, - გვითხრა ექსპერტმა გურამ ჯინჭველაძემ.
    "16 სოფელი ბოლო 7 წელია, უწყლოდაა დარჩენილი, - მოგვითხრობს გლეხი ავთო უჩაძე ხონის რაიონის სოფელ კუხიდან, - ცხენისწყალი როდესაც ადიდდა, სათავე წაიღო და მას მერე ასეთ დღეში ვართ, ერთადერთი სიმინდის მოსავალი გვქონდა, სიმინდს და სოიოს ვფქვავდით წისქვილში და საქონელს ამას ვაჭმევდით. ახლა ისიც აღარ მოდის უწყლობის გამო. ბუნების იმედად ვრჩებით: თუ მოწვიმა, შეიძლება რამე გვეშველოს, თუ არადა..." ამ სოფელში 25 ოჯახიდან 17-ის წევრი საზღვარგარეთ წავიდა, ფულს იქიდან უგზავნიან ახლობლებს. სოფლელები ამბობენ, ძროხები საძოვრების ნაცვლად ქუჩაში დაეხეტებიან იმის იმედად, რომ იქნებ პატრონმა საიდანმე თივა მოუტანოს, იმდენად გადამხმარი და გავერანებულია სიცხისგან და უწყლობისგან სოფელი. "ზოგი ვიცი, ყველს თვითონ არ ჭამს და ყიდის, რომ იმ ფულით ძროხას საჭმელი აჭამოს", - ამბობს მანანა კუპრეიშვილი.
    დიდწილად იგივე მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოს ძირითად რეგიონებში. საქართველოს სამელიორაციო სისტემა დღეს სახელმწიფო შპს-ების ხელშია. "2004 წლიდან განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ღონისძიებების ჯამური ღირებულება შეადგენს 83.1 მლნ. ლარს, საიდანაც:
    ირიგაცია მოიცავს 54.5 მლნ ლარს;
    - დრენაჟი მოიცავს 7.8 მლნ ლარს;
    - წყალდიდობის საწინააღმდეგო და ხევების რეგულირების ღონისძიებებზე დახარჯულია 20.8 მლნ. ლარი.
    აღნიშნული ღონისძიებებით წყალუზრუნველყოფა უმჯობესდება 80.0 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე, ხოლო ჭარბი წყლის ევაკუაცია ხორციელდება 4.0 ათას ჰექტარ ფართობზე.
    ეს მთელი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 30%-ს შეადგენს". თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სახნავ-სათესი მიწები საქართველოში 810.000 ჰექტარია, ადვილი წარმოსადგენია, რამდენი აქვს კიდევ გასაკეთებელი სამელიორაციო დეპარტამენტს!
    შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ პატრონებთან ერთად შიმშილობენ ძროხებიც... შიმშილს თან ერთვის ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ციმბირული წყლული, თურქული, ბრუცელოზი. და, იმის მიუხედავად, რომ ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა კობა ძამაშვილმა გვითხრა: "სახელმწიფო აფინანსებს საქონლის გეგმურ აცრებს ჯილეხსა და თურქულზე და კერების მიხედვით ახდენს მონიტორინგს ბრუცელოზზე" - დაავადებათა კონტროლი ქვეყანაში პრაქტიკულად არ ხორციელდება. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთხმად აცხადებენ, რომ გლეხობა მათ ძირითადად მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების საკითხებზე აკითხავს. გლეხებს განსაკუთებით უჭირთ, როდესაც ადგილზე სახელმწიფო ვეტერინარს ვერ პოულობენ, რომელიც, მაგალითად, ახალციხის მთელ რაიონში სულ სამია. ხოლო თუ საქონელი ავად გაუხდა, კერძო ვეტერინარის მომსახურება გლეხს იმდენივე უჯდება, რაც ოჯახის წევრის მკურნალობა. დაავადებათა კონტროლის სისუსტეზე საქსტატ-ის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს: 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ძროხის სულადობა, 2006 წელთან შედარებით, 50 ათასი სულითაა შემცირებული. ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა ღორთან დაკავშირებით: 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ღორის სულადობამ შეადგინა 99 ათასი, ეს მაშინ, როცა 2006 წელს 345 ათასი სული ღორი გვყავდა.
    "თითქმის მთლიანად გაწყდა ღორი", - გვითხრეს კომპანიაში "მითანა", რომელიც არ მალავს, რომ პროდუქტს ღორის იმპორტირებული ხორცით ამზადებს (ღორის ხორცი ძეხვეულის დამზადებისას მთავარი ინგრედიენტია, 60-70%). მთლიანად იმპორტირებული ღორის და ნაწილობრივ ადგილობრივი საქონლის ხორცით მუშაობს ბაზრის ლიდერი "ნიკორა". ხოლო მწარმოებლები, რომელთაც ბაზარზე მცირე წილი უკავიათ, ისეთები, როგორებიც არიან "იოლი", "გუდვილი" და სხვები, ცდილობენ, ან საკუთარი მეურნეობები განავითარონ, ან ადგილობრივი ხორცი შეისყიდონ. თუმცა, მათი წილი ბაზარზე უმნიშვნელოა და მხოლოდ მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. საგანგაშოა ეკონომიკის სამინისტროს ვეგვერდზე მოტანილი მონაცემები, რომელთა მიხედვით, "ძირითადად, იმპორტირებულია დაბალი ხარისხის საქონლის ხორცი - დიდწილად კამეჩის ხორცი გადამამუშავებელი საწარმოებისა და იაფფასიანი რესტორნებისათვის". საქონლის და ღორის ხორცის მთავარი მომწოდებლები არიან: ინდოეთი, აშშ, დომინიკა, ბრაზილია და სხვ".
    გადასამუშავებელ ინდუსტრიაში იმპორტირებულ ხორცზე დამოკიდებულებას ექსპერტები იმავე პრობლემებით ხსნიან, რაც რძის ინდუსტრიაშია: საძოვრების სიმცირე, საქონლის არასრულფასოვანი კვება და საკვების სიძვირე, ჯიშების გაუმჯობესების შესაძლებლობების თაობაზე გლეხებს შორის ინფორმაციის ნაკლებობა, დაავადებების კონტროლის არარსებობა და სხვ.
    ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზემოთ მოტანილ საკითხებთან დაკავშირებით, აქვე ჩვენი კითხვა-პასუხიდან მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ,
    შეკითხვა: "ხომ არ აფინანსებს სამინისტრო ზამთრის პერიოდში საქონლის სრულფასოვანი კვებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს (სასილოსე მასალით შესაძლო უზრუნველყოფა, ან გლეხური ოჯახური მეურნეობების-მცირე ფერმების ასეთი მასალით უზრუნველსაყოფად ხდება თუ არა ინფორმირება, რა გზებით მიიღონ ცხოველთა სრულფასოვანი კვების ასეთი თანამედროვე საშუალება, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად ცხოველთა ხარისხის, მათ შორის. წველადობის გაობჯობესებას?"
    პასუხი: "სწავლული აგრონომების პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში დასაქმებული მეცხოველეობის სპეციალისტები ჩაატარებენ ტრეინინგებს და სემინარებს სილოსის და სხვა საკვები საშუალებების ფერმერული მეურნეობის პირობებში დამზადებაში".
    შეკითხვა: "აფინანსებს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლად უფასო კონსულტაციებს გლეხობისთვის სხვადასხვა მიმართულებით: ხელოვნური განაყოფიერების შესაძლებლობები, მცენარეთა მოვლის საშუალებები, მარკეტინგული ტრეინინგები (რა პროდუქტის გატანა უფრო მომგებიანია ბაზრებზე და რა დროს)? ანუ არსებობს თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრები?"
    პასუხი: "სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს წარმოების ინტენსიფიკაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მოხდება ფერმერებისათვის სასოფლო-სამურნეო კულტურების ახალი ტექნოლოგიებით მოვლა-მოყვანის მეთოდების გაცნობა სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის გზით. სადემონსტრაციო ფართობებში ხილისა და ბოსტნეულის ახალი ჯიშები გავრცელდება. უცხოელი და ადგილობრივი კონსულტანტები ჩაატარებენ სემინარებს და მინდვრის დღეებს, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების მიერ პრაქტიკული ცოდნის მიღებას და განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას. შედეგების რეკლამირებით გაიზრდება იმ ფერმერთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო წლებში გაიზიარებენ და დანერგავენ ახალ ტექნოლოგიებს".
    ზურაბ მასურაშვილს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში მცირე ფერმა აქვს. თავდაპირველად საქონელი ჰყავდა, შემდეგ, იმის გამო, რომ ღორის საკვები იაფი იყო, ხოლო ხორცი - ძვირი, ღორის მოშენება გადაწყვიტა. დღეს 100-მდე ქართული, რუსული და ინგლისური ლანდრას ჯიშის ღორი ჰყავს, მაგრამ ამ ზაფხულს მოულოდნელად ქატო გაძვირდა (ადრე ერთი ტომარა 5 ლარი ღირდა, დღეს 12 ლარი ღირს), წყლის არხების სისტემის გაუმართაობის გამო, საკუთარი სიმინდის, ქერის და ხორბლის ნათესები ვერც ერთხელ ვერ მორწყა და მოსავალი ვერ მოიყვანა, არადა, ღორს დღეში თითო ტომარა ქატოს გარდა, კომბინირებული საკვებიც სჭირდება, ამიტომ ბიზნესმა რენტაბელობა დაკარგა. ამდენად, არ არის გასაკვირი, რომ მასობრივი წარმოებისთვის შედარებით იაფ გაყინულ ხორცს იყენებენ, რომელიც კილო 4 ლარი უჯდებათ, მაშინ, როდესაც ერთი კილოგრამი ადგილობრივი ღორის ხორცი 7-8 ლარი ღირს.
    უწყლობის გამო დაეღუპა კაკაბეთელ ფერმერს 3 ჰექტარზე გაშენებული საზამთროს მოსავალიც. "ბავშვობიდან ვოცნებობდი, ფერმა მქონოდა, ქეიფი მიყვარს, პურიჭამა და მხიარულება, მიყვარს, როდესაც ცოლ-შვილი დაპურებული მყავს, აბა, ჩვენ სხვაგან არაფერსა ვყიდულობთ, ყველაფერი აქაურია, რასაცა ვჭამთ, მაგრამ ამ ზამთარს შიმშილს თუ გადავრჩებით, არ ვიცი. ვლოცულობ, იქნება ყურძენი მაინც მოვიწიოთ და კარგ ფასად ჩავაბაროთ", - გვითხრა ზურაბ მასურაშვილმა.
    "ათასწლეულის ფონდის" პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხის რაიონში ივლისში მცირე გადამამუშავებელი ქარხანა "თელა" გაიხსნა. მას 125 ათასი აშშ დოლარი გრანტის სახით გადაეცა. მოხდა საწარმოს განახლება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ "კომპანია უზრუნველყოფს სანიტარული ნორმების სრულად დაცვას წარმოების ყველა დონეზე, ისევე, როგორც - პროდუქციის შემოწმებას სრულად აღჭურვილ ლაბორატორიაში", დასანანია ერთი რამ: მისი ძეხვების და სოსისების 70% იმპორტირებული ხორცით მზადდება. "დღეს მოსახლეობაში ხორცი ფიზიკურად არ არის, როგორც კი გაჩნდება და ფასიც ადეკვატური იქნება, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხორცს შევისყიდით", - გვითხრა საწარმოს დირექტორმა თენგიზ გელაშვილმა.
    2008 წელს სახელმწიფო პროგრამის, "იაფი კრედიტის" ფარგლებში ასპინძის რაიონში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო "მესხეთი" გაიხსნა. საწარმო ადგილობრივი ხორცის ბაზაზე მუშაობს, აქვს სრული საწარმოო ციკლი, სასაკლაოს ჩათვლით. დაცული აქვს ყველა სტანდარტი და როგორც "მერსი ქორფსში" გვითხრეს, აუცილებლად მიიღებს ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც მომდევნო წლის იანვარში მსგავსი საწარმოებისთვის სავალდებულო გახდება. "მესხეთს" აქვს საკუთარი 130-სულიანი საქონლის ფერმა, საკუთარი საძოვრები, ცხვარი, რომლის მატყლის გასაღების ბაზრებზე ახლა ზრუნავენ. "მესხეთი" არის "იაფი კრედიტის" პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. "ჩვენი მიზანია, იმპორტი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ამისთვის დღედაღამ ვშრომობთ", - გვითხრეს საწარმოში.
    ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის, თეა ლოლაძის თქმით, "იმ ფონზე, როდესაც კომერციული ბანკები რეგიონებში სესხებს იშვიათად გასცემენ, სახელმწიფო სოფლის მეურნეობას ასეთი წესით დაეხმარა; იაფი კრედიტის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელისუფლო ინიციატივაა, რადგან დაფინანსებულ პროექტთაგან 80% დღეს ქმედუნარიანია და ვითარდება. თუმცა, "იაფი კრედიტის" პროგრამის დაფინანსება 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, დრამატულად შემცირდა (2008 წელს "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში მთლიანად დაფინანსდა 117 პროექტი, საერთო ღირებულებით 62.4 მლნ ლარი, ხოლო 2009 წელს დაფინანსდა სულ 17 პროექტი და გაცემული კრედიტის მოცულობამ შესაბამისად 2.5 მლნ ლარი შეადგინა), ხოლო წელს ეს პროექტი საერთოდ შეაჩერეს.
    თეა ლოლაძის თქმით, სახელმწიფოს ჩანაფიქრით, სხვა საწარმოების დაფინანსება უკვე განხორციელებული პროექტებიდან დაბრუნებული თანხით უნდა მომხდარიყო. სამინისტრომ 2008 წელს დაფინანსებულ საწარმოებს საშეღავათო პერიოდი 2, 3 წლით გაუხანგრძლივა, შესაბამისად, პროგრამა განახლდება მაშინ, როდესაც თანხების შემოსვლა დაიწყება, ანუ, წესით, 2011 წლიდან. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, პროექტებიდან დაბრუნებული თანხების გარდა (რომელიც 1 ივნისის მდგომარეობით 2 მილიონ ლარს შეადგენს), გამოყოფს თუ არა სახელმწიფო დამატებით რაიმე სახსრებს პროგრამის გასაგრძელებლად.
    რა აძვირებს ქართულ მოსავალს
    საქართველოში ნათესი ფართობების რაოდენობა კლებულობს, კერძოდ: საქსტატის ინფორმაციით, 2006 წელს მთლიანი ნათესი ფართობების რაოდენობა 330 ათასი ჰექტარი იყო; მომდევნო წელს - 297, 2008 წელს - 329, ხოლო 2009 წელს - 308 ათასი ჰექტარი. სხვადასხვა კულტურის მიხედვით კი სურათი ასეთია: 2008 წელს 80.3 ათასი ტონა ხორბალი იწარმოებოდა, 2009 წელს - 53.9 (ადგილობრივ ბაზარს ხორბალი მხოლოდ 9%-ით უზრუნველყოფს, შარშან საქართველოში სულ 80 ათასი ტონა ხორბალი იყო მოწეული იმ ფონზე, როდესაც 600-700 ათასი ტონა ხორბლის და ფქვილის იმპორტი ხდებოდა); 2008 წელს 49.3 ათასი ტონა ქერი იწარმოებოდა, ხოლო 2009 წელს - 19.9; 2008 წელს 328.2 ათასი ტონა სიმინდის მარცვალი იწარმოებოდა, ხოლო 2009 - წელს 291.
    შედარებით სტაბილური სურათია კარტოფილის წარმოებაში, თუმცა, კლების ტენდენცია ახასიათებს ბოსტნეულის წარმოებას: 2007 წელს - 190.3 ათასი ტონა, ხოლო 2009 წელს - 170.3 ათასი ტონა.
    ასეთ ფონზე გასაგები ხდება სოფლის მეურნეობის მწარმოებლურობის დონის დაბალი მაჩვენებლები ყველა მიმართულებით და სასურსათო უზრუნველყოფის საკითხში ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება. ის, რომ საქართველოში ზოგადად ნებისმიერი ტიპის მოსავლის მოყვანა, თუ ნებისმიერი სახის სასოფლო სამეურნეო აქტივობა "ძვირი ღირს", მოგზაურობის დროს ყველგან გვესმოდა: "1 ჰექტრის დახვნა - დათესვის ხარჯი - 60 ლარია, თან მთელ სოფელზე ერთი საბჭოური ტრაქტორია გამოყოფილი, რომელიც ხშირად ფუჭდება და "პაკრიშკა" 700 ლარი ღირს; კულტივაცია - 50 ლარი, სალიარკა - 60 ლარი, არადა, სალიარკა შარშან 1,5 ლარი ღირდა, წელს 2 ლარი გახდა! სასუქები 3 "პაჩკა" - 280 ლარი ღირს, ჰოდა, გამოდის, რომ 1 ჰექტარზე მოსავლის მოყვანა 600 ლარამდე ხარჯია, უკან კი 300 ლარის მოსავალს მოვიწევთ. თავს ვიქცევთ უბრალოდ, ასე გამოდის, ვითომ მოსავლის მოყვანით", - იმერელი გლეხის, ავთო უჩაძის ეს მარტივი კალკულაცია ერთიანი ტენდენციაა თითქმის ყველა აგრო დარგისთვის.
    "1 ჰექტარზე ამერიკული, გვალვაგამძლე ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლი რომ იყიდო, 25 კილო, ანუ 500 ლარი გჭირდება. მოყვანა 1500 ლარი ჯდება. ყველაფერს თესლის სიძვირე, საწვავის გასამმაგებული ფასი და ტრაქტორისტის ხარჯები აძვირებს. თანაც, თითო გამგეობაზე თითო "მიშას ტრაქტორია" გამოყოფილი, არ გვყოფნის ტექნიკა, თან ძვირია. გლეხები ამიტომ ცოტას თესავენ, მეტს გარისკავდნენ, რომ იცოდნენ, სად ჩააბარონ დიდი მოსავალი; ჰიბრიდულ ჯიშებს ისინი უფრო მეტს თესავენ, ვისაც ბევრი ჰექტარი აქვს, ფერმერები, ძირითადად 10-15 ჰექტარი მიწა ვისაც აქვს. გლეხებიც ცდილობენ, მაგრამ იმდენად ძვირი ჯდება ყველაფერი.. ბულგარულის 1 ცალი თესლი 8 თეთრი ღირს! ბოსტნეულისთვის 1 ჰა ტრაქტორით მიწის მოხვნა, დათესვა და კულტივირება 300 ლარია, ტრაქტორისტის ხელფასით და საწვავიანად. 0,3 ჰექტარზე 3 ტონა ყურძენი მოდის, ხარჯი - 500-600 ლარია, მარტო შესაწამლად ტრაქტორისტის დაქირავება და საწვავი 50 ლარი ღირს, არადა, 9-ჯერ სჭირდება შეწამვლა. გასულ წელს კილო ყურძენი 40 თეთრად გავყიდე, შემოსავალი 1200 ლარი მქონდა, მოგება 500 ლარი დამრჩა. მთელი ჩემი 1,25 ჰექტარი მეურნეობიდან წლიურად შემოსავალი 6-7 ათასი ლარი მაქვს, საიდანაც მოგება, რომელიც მთელი წელი უნდა ვიმყოფინოთ, მხოლოდ 1500 ლარი რჩება", - გვითხრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის მკვიდრმა, ჯიმშერ კაპანაძემ.
    ექსპერტები სიძვირის მიზეზების თაობაზე
    საქართველოში სათესლე მეურნეობები, ზოგადად, მეთესლეობა, როგორც სამეცნიერო დარგი, ჩამკვდარია. "სათესლე მეურნეობის შესაქმნელად საჭიროა სამეცნიერო გრანტების გაცემა მეცნიერებზე, ლაბორატორიების დაფინანსება. ჩვენთან ეს დარგი ადრე წარმატებული იყო, ახლა კი საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს ძვირიანი თესლი", - ამბობს ექსპერტი გურამ ჯინჭველაძე, - ანალოგიური მდგომარეობაა სასუქების და შესაწამლი ნივთიერებების დარგში - ყველაფერი იმპორტირებულია, ხოლო ადგილზე სამეცნიერო-საწარმოო პროცესის წახალისება არ ხდება; ძვირი და დეფიციტურია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (ერთი ტრაქტორი - 40 ათასი დოლარი ღირს). საქართველოს 3000 სოფელზე 1000 ტრაქტორი არსებობს, დეფიციტი ნათელია. ამ საერთო სიძვირის ფონზე, ძვირი ღირს მუშახელის დაქირავებაც; ძვირი და, ხშირ შემთხვევაში, მიუწვდომელია საბანკო კრედიტი, განსაკუთრებით, წვრილი ფერმერებისთვის და გლეხობისთვის".
    "1500 დოლარი დამჭირდა ერთხელ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, რომელიც ჩვენთანაა, ჩაიდო გირაოდ ჩემი ფერმა, 120 სული ცხვარი, 1 ჰექტარი ვენახი და ჩემი სახლ-კარი. მას შემდეგ იმათ გვერდზე როცა გავივლი, ტანზე ბუსუსები მაყრის. სხვა ბანკები კიდევ სესხს არ იძლევიან და...", - ამბობს კაკაბეთელი ზურაბ მასურაშვილი.
    "500 ლარი დამჭირდა ერთხელ და ჩვენთან ბანკში ვისესხე. ყველაფერი ხომ ჩაიდეს, რაც მაბადია და ზემოდან 38%-იანი წლიური სარგებელი დააწესეს. აბა, ეგაა ხელშეწყობა?" - ამბობს ლაგოდეხელი ჯიმშერ კაპანაძე.
    "34%-იანი სარგებელი, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს დაწესებული, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული", - აგვიხსნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, "ფინკას", ოპერაციათა დირექტორმა მამუკა მაისურაძემ, - "ბანკებთან შედარებით, ჩვენ გაცილებით მეტი საოპერაციო ხარჯი გვაქვს, საპროცენტო განაკვეთებს კი თავად ბაზარი გვკარნახობს".
    "ფინკაში" გვითხრეს, რომ ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი დღევანდელ აგროსექტორში არის ე.წ. ჯგუფური სესხი, რომელიც სოლიდარობის პრინციპებზეა აგებული და პასუხისმგებლობის გადანაწილებას რამდენიმე მსესხებელზე, რამდენიმე გლეხზე, ან ფერმერზე გულსხმობს. "ჩვენ გვყავს მომხმარებელი, ვისაც ერთი ან ორი ძროხა ჰყავს; თითოეული ასეთი გლეხი, ასე ვთქვათ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობით შევიდა ამ გაერთიანებაში, პრინციპი ასეთია: თუ ვერ იხდის ერთი, მას ეხმარება მეორე", - გვითხრა მამუკა მაისურაძემ.
    ექსპერტების უდიდეს ნაწილს მიაჩნია (ფერმერთა კავშირის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ზაზაშვილი საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარე როინ ადამაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "სასოფლო საკონსულტაციო სამსახური" აღმასრულებელი დირექტორი გურამ ჯინჭველაძე და სხვ), რომ პროდუქტის სიძვირის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი მეურნეობების დანაწევრებაა. შიდა ბაზარს დღეს 90%-ით ოჯახური მეურნეობები ასაზრდოებენ (შიდა ბაზრის მოთხოვნას, როგორც დასაწყისში ვთქვით, ადგილობრივი პროდუქცია 12%-ით აკმაყოფილებს, დანარჩენი იმპორტით ივსება), ხოლო სასოფლო სამეურნეო საწარმოებს, ანუ ფერმერულ მეურნობებს, შესაბამისად, უმნიშვნელო წილი უკავიათ. ამის მიუხედავად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას მომავალი მხოლოდ იმ შეთხვევაში აქვს, თუ მეურნეობები გამსხვილდება.
    ზოგი მიიჩნევს, რომ გლეხებმა მიწა შეძლებულ ფერმერებზე უნდა გაყიდონ, ზოგი ფიქრობს, რომ გამოსავალი გლეხობისთვის არა მიწების გაყიდვა, არამედ, მათი კოოპერატივების მსგავ საწარმოებში გაერთიანებაა, სადაც თითოეულს საკუთარი წილი ექნება. "რა თქმა უნდა, გაერთიანებებს მეტი პერსპექტივა და სიცოცხლისუნარიანობა აქვს, ვიდრე ინდივიდუალურ ფერმერულ მეურნეობებს. მიზეზი შემდეგია: გაერთიანების დროს წარმოების მოცულობა იზრდება და ამიტომ დანახარჯები ერთეულზე, მაგალითად, ერთ ჰექტარზე უფრო ნაკლებია, ვიდრე ინდივიდუალურ მეურნეობაში; ახლი ტექნოლოგიების მოძიება, შეძენა და დანერგვა ინდივიდუალურ მეურნეობებში ძნელი და ძვირია, გაერთიანებების შემთხვევაში კი ეს დანახარჯები მცირდება. ყველაფერი საბოლოო ჯამში წარმოებული პროდუქციის ფასზე აისახება და ამიტომაცაა, რომ კოოპერაციის პირობებში მიღებული პროდუქციის თვითღირებულება ნაკლებია", - ამბობს მცირე და საშუალო საწარმოთა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან კალანდაძე.
    სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც ჩაიშალა სამთავრობო ინციციატივა სოფლად 100 გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის თაობაზე: გლეხური მეურნეობები ბევრია, მაგრამ ზემოთ მოტანილი მიზეზების ერთობლიობის გამო, არასტაბილური მომწოდებლები არიან. მოსავალი რაც მოჰყავთ, საკუთარი თავის რჩენაზე მიდის, ხოლო მსხვილი ფერმერული გაერთიანებები, ანუ სასოფლო-სამეურნეო საწარმოები ქვეყანაში ძალიან ცოტააა საიმისოდ, რომ, ვთქვათ, 100 გადამამუშავებელ ქარხანასთან ერთიან საწარმოო ჯაჭვში ჩაებან.
    "მთავარი ის კი არაა, რამდენს ხარჯავს ბაკურ კვეზერელის უწყება ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რამდენი მოადგილე ჰყავს, ან რამდენჯერ წავიდა საზღვარგარეთ ერთი წლის განმავლობაში, მთავარია, ვინმემ გააანალიზოს, რა შედეგი მოუტანა აგრო სექტორს მაგალითად, 1000 ტრაქტორის, ან 500 ძვირად ღირებული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოყვანამ, ანუ ზოგადად - რა ეფექტის მომტანია ესა თუ ის ინიციატივა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებს, ანუ რამდენად ეფექტურია ასეთი დანახარჯები. ერთი სიტყვით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს აგროსექტორის განვითარების ერთიანი გეგმა და სტრატეგია. ასეთი გეგმა არ არსებობს, ამაშია საქმე. იმას გარდა, რომ გეგმა არ არსებობს, არ ჩანს სურვილი, რომ ასეთი შეიქმნას. არ არსებობს ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ფულის ჩადებისას დაიცავს. აი, მაგალითად, მე რომ მაწვნის ინდუსტრიაში, სიტყვაზე, ფული ჩავდო, არ არსებობს ხარისხის გამაკონტროლებელი კანონმდებლობა, არ არსებობს ცხოველთა ჯანმრთელობის გამაკონტროლებელი კანონმდებლობა, რა დანამატების გამოყენება შემიძლია ან არ შემიძლია მაწონში", - გვითხრა საერთაშორისო არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, "ქეარ საერთაშორისო კავკასიაში" დირექტორმა ჯონათან პადიფუტმა.
    ეს ორგანიზაცია ამჟამად ახორციელებს 6 სხვადასხვა პროექტს, რომლებიც სხვა ასპექტებთან ერთად მოიცავს სოფლის მეურნეობის განვითარებას. პროექტები ითვალისწინებს ფერმერთა ასოციაციების ჩამოყალიბებისთვის ხელშეწყობას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას (სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას, ახალი ჯიშების გამოყვანას და ა.შ.), სასოფლო ბიზნესში ჩართული მეწარმეების ტრენინგს, უშუალოდ ფერმერების კონსულტაციასა და ტრენინგს მათი ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით, ფერმერებზე შეღავათიანი კრედიტების და გრანტების გაცემას, ტექნიკის მიწოდებას და სხვა რესურსებით უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურის აღდგენას (აღდგენილია 100 სამელიორაციო არხი), ფერმერების ბაზრებთან დაახლოებას, სასოფლო ბიზნესის და საწარმოების თანადაფინანსებას, სათემო, მუნიციპალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ფერმერების ინტერესების და საჭიროებების ადვოკატირებას და ა.შ.
    სურსათის უვნებლობა, შიდა ბაზრის განვითარების და ექსპორტის პერსპექტივები
    საქართველოს სოფლის მეურნეობის წინაშე დღეს ორი ურთულესი ამოცანა დგას: პირველი - უნდა გაიზარდოს შიდა წარმოება იმ დონემდე, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა, თუნდაც, 50-60%-ით დააკმაყოფილოს; და მეორე - ადგილობრივ ბაზარზე უნდა შეიქმნას ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ გამიზნული, ევროკავშირის სტანდარტებს მორგებული ხარისხის პროდუქცია. ამასთან, მეორე ძალზედ ძნელი მისაღწევია, თუ პირველი პირობა არ შესრულდა, რადგან იმისთვის, რომ ექსპორტი დაიწყოს, ქვეყანაში სასურსათო უვნებლობის მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს.
    ამ ეტაპზე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედ საწარმოთა 90% საეჭვო ხარისხის საკვებს აწარმოებს. ამავე დროს, საქართველოს მთავრობა დღეს მოლაპარაკების პროცესშია ევროპულ ინსტიტუტებთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. საქართველოს ევროკავშირის პთზ% სისტემის ბენეფიციარის სტატუსი 2005 წელს მიენიჭა, რომლითაც ქართული წარმოშობის 7200-მდე დასახელების პროდუქტს დღესაც შეუძლია, შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო განაკვეთით, თუ, რა თქმა უნდა, ხარისხის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
    მიმდინარე წელს სურსათის უვნებლობის კანონის მოთხოვნები სწორედ ასეთი პროდუქციისთვის ამოქმედდა. 7200-მდე დასახელებიდან, დღეს ექსპორტზე, მათ შორის, ევროპაში გადის რამდენიმე სახეობის პროდუქტი, ესენია: თხილი, გამაგრილებელი სასმელები, ღვინო, მინერალური წყალი, საწებელი, ლიმონათი, მწვანილი. ამ საწარმოების უმრავლესობას უკვე დანერგილი აქვს ჰასპის სისტემა (სისტემა, რომელიც ხარისხის კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს პროდუქტის წარმოშობის მიკვლევადობას წარმოების ყველა ეტაპზე). ზოგს მიღებული აქვს კიდეც საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი პლობალ პაპ (კომპანია "ჰერბია", რომელიც მწვანილის ექსპორტს ძირითადად უკრაინაში ახორციელებს, თუმცა, მიმდინარე წელს საცდელ რეჟიმში პროდუქტი გერმანიაში, ბელგიაში და დიდ ბრიტანეთშიც შეიტანა) და, გავლილი აქვს სურსათის უვნებლობის ხარისხის შემოწმების ადგილობრივი ტესტიც.
    კანონი "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში ევროკავშირის მოთხოვნით მიიღო და ის 2006 წლის იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა, არის რიგი მუხლები, რომლებიც შეჩერებულია, კერძოდ, - რომლებიც საწარმოებში ჰასპი-ს პრინციპების დანერგვას და სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის ზედამხედველობას, ანუ საწარმოების ინსპექტირებას ეხება. შეჩერებულია იმის გამო, რომ არც სახელმწიფო და არც საწარმოები არ არიან მზად ამ პროცესების განსახორციელებლად, რადგან ის საკმაოდ სოლიდურ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.
    სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სამსახურის განცხადებით, ევროკავშირში ექსპორტზე ორიენტირებული სურსათის მწარმოებელ საწარმოთა შემოწმება 2011 წლის ბოლომდე მაღალი რისკის სურსათის მწარმოებლებიდან დაიწყება. მაღალი რისკის საწარმოებში იგულისხმება ხორცისა და რძის პროდუქტების, კონსერვებისა და ჩვილ ბავშთა საკვების წარმოება, ყველა დანარჩენი ტიპის საწარმოში კი 2015 წლიდან იქნება შესაძლებელი სრულყოფილი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, რაც დახლებზე არსებული პროდუქციის ლაბორატორიული წესით შემოწმებას ითვალისწინებს. ეროვნული სამსახური სურსათის ლაბორატორიულ კვლევას განახორციელებს კერძო, აკრედიტებულ ლაბორატორიებში. ლაბორატორიას ამა თუ იმ პარამეტრზე აკრედიტაციას ანიჭებს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. ამა თუ იმ სურსათს ჩაუტარდება ფიზიკო-ქიმიური (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, რადიაქტიური ნივთიერებები, ტოქსიური ნივთიერებები, მძიმე მეტალები) და მიკრობიოლოგიური (ბაქტერიები) კვლევა.
    არსებული რეალობის გათვალისწინებით, ანუ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის არარსებობის პირობებში, ძნელი წარმოსადგენია, როგორ გაივლის საქართველო ევროპის ბაზრებისკენ მიმავალ ურთულეს გზას.
    * * *
    ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შევეცდებით, ჩამოვაყალიბოთ მიზეზების ერთობლიობა, რომელიც ქმნის სოფლის მეურნეობაში დღეს არსებულ სურათს:
    *სახელმწიფო არ ახდენს გლეხობის ინფორმირებას იმის თაობაზე, რა თანამედროვე შესაძლებლობებით მოახერხებდნენ ისინი თავიანთი მეურნეობების განვითარებას ისე, რომ პროდუქციის მიწოდება იყოს სტაბილური, ხოლო ხარისხი - მუდმივად მაღალი.
    * სახელმწიფო არ სთავაზობს გლეხობას არჩევანს, როგორ აჯობებს, განავითარონ მეურნეობები - ერთად თუ ცალ-ცალკე; არ უხსნის - რა უპირატესობებს მოიცავს მცირე ზომის მეურნეობები და რა უპირატესობებს მოიცავს მსხვილი კოოპერაციები.
    * სახელმწიფო არ ცდილობს სამელიორაციო და საირიგაციო არხების მასობრივ რეაბილიტირებას.
    * სახელმწიფო არ აფინანსებს ისეთი აგრომეცნიერებების განვითარებას, რომლებიც სტიმულს მისცემდა მეთესლეობის, სასუქების წარმოების, შესაწამლი ნივთიერებების წარმოებას.
    * სახელმწიფო არ ან ვერ ზრუნავს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების იდენტიფიცირებაზე და არ ზრუნავს საქართველოს, როგორც აგრო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯის განვითარებაზე.
    * საქართველოს არ აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, შესაბამისად, სექტორში მისი მხრიდან ჩადებული ინვესტიციები არის ფრაგმენტული, უსისტემო და, შესაბამისად, არაეფექტური.


    ეს პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის დახმარებით. ამ პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი ლიკა შავგულიძე და ის არავითარ შემთხვევაში არ ასახავს ევროკავშირის ან პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების - გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა ასოციაციის, აირექს ევროპის, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, შეხედულებებს.

    This pubication has been with the assistance of the European Union. The contents of this publication are the sole responsibility of Lika Shavgulidze and can in no way be taken to reflect the European Union or the implementing partners: World Association of Newspapers (WAN-IFRA), IREX Europe, GRAMA and CDI.



    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter