სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მათ ადგილას რუსებისთვის საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებენ
    მარი ოთარაშვილი
    19.09.2009

    იმ გარემოებამ, რომ წლევანდელ პირველ სექტემბერს (ახალგორში სწავლა წელს პირველ სექტემბერს დაიწყო) ახალგორის 3 სკოლას ერთად მხოლოდ ერთი პირველკლასელი ჰყავდა და მოსწავლეთა საერთო რაოდენობა კი სამივე სკოლაში ერთად 80-ს არ აღემატება, "ოფიციალური" ცხინვალის განათლების სამინისტრო ერთ დასკვნამდე მიიყვანა: მოსწავლეთა ასეთი მცირე რაოდენობისთვის 1 სკოლა სრულიად საკმარისია.
    "ახალგორში 3 სკოლიდან მხოლოდ ერთი დარჩება. ეს კი იმან გამოიწვია, რომ სამივე სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა 80-ზე მეტი არ არის. ასეთ ცოტა კონტინგენტს კი ერთი სკოლაც ჰყოფნის. ეს ერთი სკოლა 1-ელი სკოლის შენობაში მოიყრის თავს და პირველიც ეს იქნება და მეორეც და მესამეც. მესამე და მეორე სკოლების შენობებს დაანგრევენ და სანაცვლოდ კორპუსებს ააშენებენ, სადაც რუს სამხედროებს შეასახლებენ. გაერთიანების შედეგად 2 ცვლაში იქნება სწავლება თუ ერთ ცვლაში, აზრზე არ ვარ", -ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ახალგორის ერთ-ერთი მკვიდრთაგანი.
    ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ამ დღეებში ახალგორელი დირექტორები და მასწავლებლები ცხინვალიდან სეპარატისტული მთავრობის განათლების მინისტრს ელოდნენ. ამ უკანასკნელს უნდა ჩამოეტანა "დედაქალაქიდან" ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ახალგორში ან სამ სკოლას ერთად გადააქცევდნენ, ან მხოლოდ 1 სკოლა გაუქმდებოდა. მაგრამ ქსნისხეობელი მასწავლებელბი გუშინწინ, როგორც ჩანს, ამაოდ ელოდნენ მინისტრს. მიუხედავად ამისა, როგორც თავად მასწავლებლები აცხადებენ, მათი სკოლების ბედი უკვე გადაწყვეტილია.
    "გუშინ ცხინვალიდან აქაური სკოლის დირექტორები განათლების მინისტრს ელოდებოდნენ. მას უნდა ჩამოეტანა ამბავი, როგორ გადაწყდებოდა ამ სკოლების ბედი. საუბარია იმაზე, რომ ან 2 სკოლა დატოვონ და 2 ცვლაში იყოს სწავლა, ან სამივე სკოლა გაერთიანონ, 2 გააუქმონ და სწავლა ერთ ცვლაში მიმდინარეობდეს. მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ აქაური მმართველობა იძულებულია, 1 სკოლა დატოვოს. ფიზიკურად სამივე სკოლაში ერთად 80-ზე მეტი ბავშვი არ არის. ყველაზე ბევრი მოსწავლე მესამე სკოლას ჰყავს. გაერთიანებული 3 სკოლა კი არსებობას პირველ საჯარო სკოლაში განაგრძობს", - განაცხადა ახალგორის ერთ-ერთმა მასწავლებელმა. ეს უკანასკნელი იმსასც დასძენს, რომ ახალგორის მესამე სკოლის სასკოლო ინვენტარისგან დაცარიელება უკვე მიმდინარეობს:
    "მესამე ნაციონალურ სკოლას (სადაც ოკუპაციამდე და მას შემდეგაც სწავლა ქართულ, ოსურ და რუსულ ენაზე მიმდინარეობდა) უკვე აცარიელებენ. შენობა 4-სართულიანია. მის ეზოშივე არის სამსართულიანი შენობაც. ლამაზი ეზო აქვს. გვერდზე კი სტადიონი ახლავს, რომელსაც ვერტმფრენების დასაფრენად იყენებენ. ამბობენ, რუსი სამხედროებისთვის საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდესო, რომელთაც დიდი ხანია, საკუთარი ოჯახის ჩამოყვანა გადაწყვიტეს. ორივე შენობას სწორედ ამისთვის ანგრევენ. მეორე სკოლაში რა იქნება, არ ვიცი".
    საგულისხმოა, რომ ახალგორელთაგან ზოგიერთს აქვს ინფორმაცია, რომ დე-ფაქტო მმართველობამ სკოლების გაერთიანება მომავალ წლამდე გადადო, რადგან ამით, როგორც ამბობენ, ახალგორში მყოფი მასწავლებლები უმუშევრობისგან დაინდო. მომავალ წელს კი, თუ მოსწავლეთა რაოდენობამ არ მოიმატა, სკოლების გაერთიანება უკვე გარდაუვალი იქნება:
    "რამდენადაც ვიცი, სკოლების გაერთიანება წელს არ იგეგმება. მომავალი წლიდან კი, თუ მოსწავლეთა რაოდენობა ასეთი მცირე იქნება, მაშინ გააერთიანებენ. წელს დატოვეს სამივე საშუალო სკოლა. ბავშვების რაოდენობა კატასტროფულად ცოტაა, მაგრამ რადგანაც მასწავლებლები რჩებოდნენ უმუშევრად, შეღავათი გაუკეთეს და სამივე სკოლა დატოვეს. მომავალ წელსაც თუ ასე ცოტა მოსწავლე იქნება, სკოლების გაერთიანება უკვე აუცილებლად მოხდება".
    ახალგორის 3 სკოლიდან მარტო 1-ღა რომ დარჩება და გაუქმებული სკოლის შენობების ადგილას რუსი სამხედროების საცხოვრებელი კორპუსი რომ დაიჭერს, ყოველივე ამაში, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თვალსაზრისით, ლომის წილი ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმს კი არა, სააკაშვილის ხელიუსფლებას მიუძღვის.
    პაატა ზაქარეიშვილი: "ჩვენმა ხელისუფლებამ წეროვანში ახალგორელ მასწავლებლებს ყველა პირობა შეუქმნა, რომ ოკუპირებულ ქსნის ხეობაში აღარ გაჩერებულიყვნენ. მასწავლებლებს გამოჰყვა მათი მოსწავლეთა დიდი რაოდენობა. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების პოლიტიკა წარმართულიყო იმ მიმართულებით, რომ ახალგორში როგორმე ქართველები გაჩერებულიყვნენ და იქ ჩვენი ხალხი შეგვენარჩუნებინა, ხელისუფლებამ საპირისპირო გააკეთა და ამ პოლიტიკას ახლაც აგრძელებს.
    მოგეხსნებათ, ახალგორში ოსები ქართველებს არ დევნიან; პირიქით, აძლევენ იმის საშუალებას, მშვიდად იცხოვრონ. მაგრამ საქართველომ თავისას მიაღწია: მსოფლიოს "დაუმტკიცა", რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია და ქართველები ამით "ბედნიერები" ვართ. ბედნიერები კი არიან ოსები, რომელთაც შერჩათ გამოცარიელებული სახლები, სკოლები და ყველაფერი, რაც იქ არის. დღეს ახალგორში 3 სკოლის გაერთიანებაზე რომ მიდის ლაპარაკი და შესაძლებელია, გამოცარიელებული შენობების ნაცვლად, მათ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსები ააშენონ, ამაში დამნაშავე, ცალსახაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაა, რადგან ყველანაირად ვიცი, რომ ოსური ხელისუფლება მაქსიმალურად დაინტერესებულია იმით, რომ ახალგორში ქართველი მოსახლეობა დაბრუნდეს და იცხოვროს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter