სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    17.07.2017

     "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებები გარიგებაზე წავიდნენ და სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დააყენონ.

    როგორც დეკანოიძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას განაცხადა, სააკაშვილი არამხოლოდ უკრაინის, საქართველოს ოლიგარქიული მმართველობის მტერიც არის, ამიტომ ამ საკითხზე ორი ქვეყნის ხელისუფლებების მხრიდან მანიპულაციები მოსალოდნელია.

    "მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პარტია გააქტიურდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციის ლიდერი უკრაინაში და პირველად ამხილა, როგორც პოლიტიკოსმა, ყველაზე დიდი კორუფციული სქემები სახელმწიფოსა და ოლიგარქიულ ჯგუფებთან, იქიდან დაიწყო საქართველოსთან უკრაინის ურთიერთობის დათბობა.

    "ეს ურთიერთობა დათბა იმიტომ, რომ სააკაშვილი გააქტიურდა უკრაინაში და, შესაბამისად, წარმოიშვა ასეთი ორმხრივი ვიზიტები, მანამდე არ ყოფილა ასეთი ვიზიტები. როგორც კი გაცხადდა სააკაშვილის ოპოზიციური ლიდერობა უკრაინაში, მაშინვე შედგა კვირიკაშვილის, კალაძის და სხვათა ვიზიტები უკრაინაში," - განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიცია დაუშვებელია კონსტიტუციით, მაგრამ "არაფერია გამორიცხული ამ ხელისუფლების მხრიდან."

    "გახსოვთ ალბათ ჩუგოშვილის განცხადება. ის წერდა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან ოფიციალური მოთხოვნა მიიღო, რომ დაებრუნებინათ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა. შესაბამისად, ასეთი საკითხი კორუფციულ და ოლიგარქიულ მთავრობებს შორის მოლაპარაკების საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო სკანდალი როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ხელისუფლებისთვის და, რაც მთავარია, იქნება უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა," - ამბობს დეკანოიძე.

    აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვევა. იგი ოჯახის წევრებთან, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოდის.

    პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, სააკაშვილის ფაქტორს არ უნდა ემოქმედა ქვეყნების ურთიერთობაზე და ორივე მხარეა დამნაშავე იმაში, რომ ვიწროპარტიული ინტერესები გვერდზე არ გადადო.

    "პირველ რიგში, მივესალმები უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლას. ძალზე სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში არ შედგა არც საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტი უკრაინაში და არც პირიქით.

    "სააკაშვილის ფაქტორს არ უნდა ემოქმედა ქვეყნების ურთიერთობაზე. მე ორივე მხარეს ვადანაშაულებ იმაში, რომ ორივე მათგანმა ვიწროპარტიული ინტერესები არ გადადო გვერდზე და სახელმწიფოებრივი არ დააყენა წინა პლანზე," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    რაც შეეხება შესაძლო ექსტრადირებას, პოლიტოლოგის აზრით, ეს ნეგატიურად აისახება როგორც უკრაინის ეროვნულ, ისე საქართველოს ინტერესებზე.

    "ორივე ქვეყანა ისწრაფვის, რომ გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო, მოხდეს ორივე ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში მაქსიმალური ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში კი ევროინტეგრაციის პროცესი ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად შეფერხდება, ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს მხარდაჭერა აქვს დასავლეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ელიტურ წრეებში და ვიცით, რომ ის სარგებლობს ავტორიტეტით.

    "გარდა ამისა, სამართლებრივ საკითხებსაც რომ შევეხოთ, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და არა საქართველოსი. უკრაინის კანონმდებლობით კი, საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა აკრძალულია. თუ მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხს განვიხილავთ, ამ შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები უნდა არსებობდეს, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვას," - აცხადებს ნიკა ჩიტაძე და აღნიშნავს, რომ ერთი პიროვნების ფაქტორმა არ უნდა შეაფერხოს ორი ქვეყნის ურთიერთობა.

    "თუ ექსტრადირება მოხდება, ეს ორივე ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება და შესაძლოა, სავალალო შედეგებიც კი მოიტანოს," - აცხადებს პოლიტოლოგი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (17.07.2017)
    სსრკ-ში ყველაზე დიდი რესპუბლიკა იყო უკრაინა, უკრაინა განუდგა რუსეთს, ეს მაჩვენებელია იმისა, რომ რუსეთის იმპერიამ კრახი განიცადა...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter