სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სიტუაციების მართვის სააგენტო საზღვაო სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს
    გვანცა ღვედაშვილი
    17.07.2017

     ზაფხულის დადგომასთან ერთად ტემპერატურაც იმატებს და სულ უფრო მეტი ადამიანი მიისწრაფვის ზღვისკენ, წყალსაცავებისა და მდინარეებისაკენ. სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონში ყველაზე მეტად იმატებს წყალში დაღუპულთა რაოდენობა, მიზეზები კი ძირითადად გაუფრთხილებლობა, დაწესებული შეზღუდვების გაუთვალისწინებლობა და წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში შესვლაა.

    "რეზონანსი" რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ:

    5 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გავრცელებული ინფორმაციით, არხში მამიდა და მისი მცირეწლოვანი ძმისშვილი დაიხრჩვნენ.

    7 ივნისს მაშველებმა მარტვილში, მდინარე აბაშისწყლიდან, 65 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადიდებულ მდინარეში იგი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა და მდინარემ გაიტაცა.

    29 ივნისს მდინარე არაგვში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. ბიჭი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

    30 ივნისს ზღვაში 17 წლის გოგონა დაიხრჩო. შემთხვევა დაბა ჩაქვში, მდინარე ჩაქვისწყლისა და ზღვის შესართავთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, და-ძმა მდინარეში ბანაობდა, მდინარის დინებამ კი მოზარდები ზღვაში გაიყოლა. 8 წლის ბიჭი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს, გოგონა კი დაიხრჩო.

    3 ივლისს თბილისის ზღვაში დაიხრჩო ცოტნე ცქიტიშვილი, ცნობილი უფლებადამცველის, ალეკო ცქიტიშვილის, ვაჟი.

    8 ივლისს - რუსთავში 9 წლის ბიჭი ტბაში დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი უფროს ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

    8ივლისს - მარტვილის რაიონში 18 წლის ბიჭი მდინარეში დაიხრჩო. აბაშისწყალში დაიხრჩო ასევე მაშველი, რომელიც მოზარდის, მიხეილ ბერიშვილის, გადარჩენას ცდილობდა.

    12ივლისს - გვიან ღამით განმუხურის ტერიტორიაზე ზღვაშიშუახნის მამაკაცი დაიხრჩო. სამაშველო სამსახურმა ფაქტზე რეაგირება მალევე მოახდინა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

    14 ივლისს - გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში, მამა-შვილი დაიხრჩო. მამა 57 წლის იყო, შვილი კი - 6-ის. სამაშველო სამსახურმა ორივე გარდაცვლილის ცხედარი იპოვა.

    უბედური შემთხვევების თავიდან ასარიდებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

    - ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე დამონტაჟებულ ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს;

    - არ გასცდეთ მაშველთა პატრულირების არეალს და დაემორჩილეთ მათ მითითებებს;

    - ნუ შეხვალთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში/ნაბახუსევზე;

    - ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს/მოზარდებს, ნუ დატოვებთ მათ მეთვალყურეობის გარეშე;

    - კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს;

    ასევე, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც:

    - არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი,

    - არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი და ამკრძალავი ნიშნები,

    - არ არის შექმნილი პირობები უსაფრთხო ცურვისთვის.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter