სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "არ ვიცნობ ქვეყანას, სადაც თავდაცვის მინისტრს ქურდებთან ბრძოლის ნიშნით არჩევენ"
    თამთა ქარჩავა
    19.09.2009

    რა მესიჯი გაუგზავნეს მას და რა რეაქცია ჰქონდა ამერიკის ადმინისტრაციას ბაჩო ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით? ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს ესაუბრა.
    "რეზონანსი": ქალბატონო ნინო, რა გეგმები აქვს ოპოზიციას. შეწყვიტავთ ბრძოლას?
    ნინო ბურჯანაძე: არა. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ ბრძოლის შენელებას. ვერც მორალური, ვერც ფიზიკური და ვერც მატერიალური წნეხით სააკაშვილი ვერ მაიძულებს იმას, რომ შევაჩერო ბრძოლა ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიულობისათვის. სააკაშვილის ხელში ეს ქვეყანა მარტო ტერიტორიებს კი არ კარგავს, არამედ თანდათან უკვე სუვერენიტეტსაც კარგავს. რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება სააკაშვილის მმართველობა, მით უფრო მძიმე იქნება ქვეყნის მომავალი პერსპექტივების შენარჩუნება.
    "რ": მართლაც მოვიდა თქვენს პირად მობილურზე გზავნილი, რომ თუ ბრძოლას შეწყვეტთ, თქვენი ქონება არ გავა აუქციონზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქონებას დაკარგავთ?
    ნ.ბ: იყო ასეთი მესიჯი ნამდვილად. საუბარი იყო, რომ პრობლემები არ იქნება ქონებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ მე არ ვიქნები თანმიმდევრული და მკვეთრი ამ ბრძოლაში. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სასწორის ერთ მხარეს დევს ჩვენი ქვეყანა და ამ სასწორს ვერანაირად ერთი კი არა, მთელი მსოფლიოს სახლები ვერ გადაწონის. ამით ვერ გამაჩერებენ, ბრძოლას ვაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება.
    "რ": გასულ კვირას თქვენ შეხვდით მეთიუ ბრაიზას შემცვლელს, რაზე ესაუბრეთ თინა ქეიდინაუს, თუ ფლობს ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
    ნ.ბ: მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ელჩი სულ ახლახან იქნა დანიშნული ამ თანამდებობაზე, მან გამოავლინა ძალიან ღრმა ცოდნა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც რთული არაა ანალიზის გაკეთება და ფასადის მიღმა რეალობის დანახვა. ეს არის ადამიანი, რომლისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობები და რომელსაც არანაირად არ სჭირდება იმის ახსნა, რომ ფასადური დემოკრატიით ქვეყანაში დემოკრატია შენარჩუნებული ვერ იქნება.
    ბუნებრივია, შეხვედრაზე ხაზგასმით ვისაუბრე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებთი, თუ რამ მიგვიყვანა იმ უმძიმეს პრობლემებამდე, რომლის წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, თუ რა სერიოზული შეცდომები აქვს ხელისუფლებას დაშვებული. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ბატონი ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, არა მხოლოდ არანაირი შეპირებები არ შესრულებულა, არამედ პირიქით, უკან იქნა გადადგმული ნაბიჯები დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით.
    "რ": ფაქტია, რომ ბაიდენის ვიზიტი ხელისუფლების მხარდამჭერად ჩაითვალა...
    ნ.ბ: აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, რომ სააკაშვილი შეეცადა, ბაიდენის ვიზიტი გამოეყენებინა მხოლოდ მისთვის სასარგებლო ვიზიტად. მინდა, გითხრათ, რომ ბატონმა ბაიდენმა საქართველოში ამერიკის საელჩოს და მთელ რიგ პიროვნებებს სთხოვა, მათი სუბიექტური აზრი და შეფასება მიეწოდებინათ ბაიდენის სამსახურებისათვის, თუ როგორ გაშუქდა და როგორ იქნა გამოყენებული მისი ვიზიტი. ბატონი ბაიდენი მუდმივად ხაზს უსვამდა იმას, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს და არა - საქართველოს ხელისუფლებას, ან რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი ეს მესიჯი უკუღმა იქნა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან.
    ქალბატონ ელჩთან შეხვედრისას აღვნიშნე, რომ სააკაშვილი ცდილობს, საზოგადოებას აჩვენოს, თითქოსდა ბაიდენის ვიზიტის შემდეგ მწვანე შუქი აქვს ანთებული აშშ-ს ადმინისტრაციისაგან ყველა იმ უკანონობაზე, რასაც ის აკეთებს. შემთხვევითი არაა, როდესაც სააკაშვილმა ბაიდენის ვიზიტის შემდეგ გააგრძელა პოლიტიკური ტერორი, გააგრძელა ადამიანებზე ფიზიკური თუ ფინანსური ზეწოლები. მას ეყო თავხედობა და თავდაცვის მინისტრად დანიშნა ახალაია, გამოუშვა გირგვლიანის მკვლელები, "პირველი არხი" და "იმედი" აბსოლუტური კონტროლის ქვეშ მოაქცია.
    ამით მან სცადა, ორი კურდღელი დაეჭირა - რაც შეიძლება, სწრაფად, შემოდგომის დადგომამდე მოელია საქმეები და მეორეს მხრივ, საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში, რომ თითქოსდა ამ ყველაფერზე მას აქვს მწვანე შუქი. მინდა, გითხრათ, რომ ასე არაა. ყველა ეს ფაქტი უკიდურეს შეშფოთებას იწვევს აშშ-ის ადმინისტრაციაში, რომელიც უფრო და უფრო მეტად იცვლის დამოკიდებულებას საქართველოსთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური რეაგირება.
    "რ": როგორ ფიქრობთ, რატომ არ გააკეთა ამ ცვლილებაზე განცხადება უცხოეთის რომელიმე სახელმწიფომ?
    ნ.ბ: როდესაც ახალაიასნაირი ოდიოზური ფიგურა ინიშნება და ამაზე განცხადებას არ აკეთებს უცხოეთის არც ერთი სახელმწიფო, ეს არის აბსოლუტურად სწორი და ბუნებრივი რეაქცია მათი მხრიდან. ისინი ვერ ჩაერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გააკეთებენ იმას, რომ გამოვიდეს აშშ-ს და ევროპის რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი და თქვას, რომ არ მოსწონთ პრეზიდენტის გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით.
    "რ": თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ შეფასდა ეს საკადრო ცვლილება როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში?
    ნ.ბ: ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ჰქონდათ შოკისებური რეაქცია. არ მინდა, ვინმეზე მივანიშნო, მაგრამ საელჩო იყო შოკში, როდესაც ახალაიას დანიშვნა გაიგეს. ასევე ნატოს ყველა სახელმწიფოში, რომელთაც მიაწოდეს ინფორმაცია, რამდენად ოდიოზურ ფიგურაზეა ლაპარაკი, იყვნენ ძალიან აღშფოთებული ამ გადაწყვეტილებით. სააკაშვილმა ამ ცვლილებით ყველას გვითხრა, რომ მას ჯარი არ სჭირდება საკუთარი მოსახლეობის დასაცავად. არამედ, ჯარი სჭირდება მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და პირადი მიზნების დასაცავად, რომ, რაც შეიძლება, დიდხანს შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად.
    სასაცილოა, ნატო-ს სტანდარტებზე ილაპარაკო, მაშინ, როცა ახალაია გყავს თავდაცვის მინისტრად. ეს არის გამოწვევა, როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, მან, უბრალოდ, სილა გააწნა საკუთარ ხალხსაც და საერთაშორიო თანამეგობრობასაც. მაგრამ, ასეთ სილებს არ პატიობს ხელისუფალს არც საკუთარი ხალხი და არც საერთაშორიო თანამეგობრობა.
    "რ": როგორ ფიქრობთ, ახალაიას დანიშვნა ავტომატურად ნიშნავს ძალის დემონსტრირებას?
    ნ.ბ: მისი ტიპაჟიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალის დემონსტრირება და ეს მან გამოავლინა ყველგან, სადაც კი მივიდა. ეს არის კაცი, რომლისთვისაც არაფერს არ წარმოადგენდა კანონი და ადამიანის ღირსება. დამისახელეთ რომელიმე პოზიტიური კრიტერიუმი, რითაც არის ახალაია შერჩეული. ქურდებთან ბრძოლით? ქურდებთან ბრძოლა ახალაიას არ დაუწყია, ეს დაიწყო ბარამიძემ. მე არ ვიცნობ არც ერთ ქვეყანას, რომელიც თავდაცვის მინისტრს ნიშნავს ქურდებთან ბრძოლის ნიშნით.
    სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი პოლიციელების მიმართ საზოგადოებაში არსებულ განსხვავებულ შეფასებებზე ლაპარაკობს. მან, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუსვას შეკითხვა - თუ რა არის ამის მიზეზი. საზოგადოებაში პოლიციისადმი დადებითი განწყობის ცვლილება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ადეკვატურად არ იმოქმედა და კანონის სრული დაცვით არ დასაჯა ისინი, ვინც დაგეგმა და აღასრულა სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელობა, არ დასაჯა კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სპეცოპერაციის ავტორები და ზურა ვაზაგაშვილის მკვლელები.
    ხელისუფლებამ პოლიციის დისკრედიტაცია დაიწყო მაშინ, როცა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისგან ზონდერ-ბრიგადებს ქმნიდა და ბრძანებას აძლევდა, უმოწყალოდ გასწორებოდნენ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ. მაშინ, როცა წესრიგის დამცველებს უკანონო ბრძანებებს ასრულებინებდა და მიშა, მიშას აძახებინებდა. რა თქმა უნდა, პოლიციელმა უნდა გამოიყენოს იარაღი იქ, სადაც ეს მართლაც კრიმინალთან ბრძოლისთვის არის საჭირო და უკიდურესად აუცილებელია, როცა ქვეყანაში გამოძიება ობიექტურია, მაშინ საზოგადოებაში სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ კითხვის ნიშნები არ ჩნდება, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში შექმნილი რეალობა სრულიად საპირისპიროა. ამას გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის და სხვათა მკვლელობის ფაქტებზე ხელისუფლების რეაგირება ცხადყოფს.
    "რ": სააკაშვილის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ბოძებზე აკრავენ პოლიციელების სურათებს და შემდეგ მათ ოპოზიციის აქციებზე აკრიტიკებენ...
    ნ.ბ: არასოდეს, არც ერთ ოპოზიციურ აქციაზე არ ყოფილა კეთილსინდისიერ პოლიციელებზე რამე თქმული - პირიქით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ყოველთვის პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზირებას აპროტესტებდნენ და მუდამ ხაზს უსვამდნენ, რომ მათი პრეტენზია ძალოვნების მხოლოდ მცირე ჯგუფს ეხება. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი დაპირისპირების მცდელობა ხალხსა და პოლიციას შორის. თუ ვინმე ცდილობს ამას, ეს, სამწუხაროდ, სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter