სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ნუ ჩავთვლით, რომ ყველაფერი მისი სურვილით ხდება"
    თაკო მათეშვილი
    (12.01.2017)

     "ნაციონალ-მენშევიკებსა" და "ნაციონალ-ბოლშევიკებს" უპირველეს მტრად ერთმანეთი მიაჩნიათ და წინასაარჩევნო პერიოდს ერთმანეთთან ბრძოლაში ატარებენ," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და დასძენს, რომ ამ ყველაფრით სხვა ოპოზიციური ძალები და უპირველესად ყოვლისა, ხელისუფლება სარგებლობს.

    ცისკარიშვილი ამბობს, რომ "მენშევიკებს", ანუ ბოკერია-უგულავას ფრთას, მეტი ინტელექტუალური პოტენციალი აქვს, ხოლო "ბოლშევიკებს", ანუ, სააკაშვილის მხარეს დარჩენილებს, ემოციებისა და პოპულისტური ნაბიჯების ხარჯზე - წარმატების მიღწევის მეტი შანსი.

    "რეზონასნთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი გაზპრომსა და საქართველოს შორის შეცვლილ უროერთობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ენერგეტიკის მინისტრს ბევრი რამ აქვს ასახსნელი. პირველ რიგში კი ის, თუ რატომ დათანხმდა კომპანიის შემოთავაზებას ახლა, როდესაც წინა წლებში ამის წინააღმდეგ მიდიოდა.

    მოგეხსენებათ, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველომ გასპრომისაგან საინტეერსო შემოთავაზება მიიღო.

    "ძირითადად საუბარი იყო ფინანსურ ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. წინა შეხვედრაზე იმდენად განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან, რომ საერთოდ საუბარს აზრი არ ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული შემოთავაზება საინტერესოა და ამაზე ვიმსჯელებთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

    სოსო ცისკარიშვილი: საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, არახალია. ათეული წლების განმავლობაში გაზოპრომსა და საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდათ, საერთო ხედვა მოეძიათ. ეს თემა 2015 წლის დეკემბრისათვის ძნელად გადასალახი გახდა. მაშინ ახალბედა ენერგეტიკოსი ბატონი კალაძე გვარწმუნებდა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენ იმ ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, რასაც საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთი იღებდა, თანხა მიგვეღო. სხვადასხვა პროფესიონალისგან ამაზე უამრავი შენიშვნა იქნა გამოწვეული და ახსნილიც იყო, თუ რატომაა ეს დაუშვებელი როგორც ეკონომიკური და ფინანსური, ისე პოლიტიკური კუთხით.

    ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენმა იმარჯვა, საკუთარი ენერგია გაიხსენა და ის მივიღეთ, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვიღებთ - რაიმე სახის ფულის ტრიალი გვერდზე იქნა გადადებული და იმ 10%-ს დავჯერდით, რაც საქართველოს გაზსადენიდან სომხეთისაკენ მიეშურებოდა. ეს, ბატონი კალაძის მიერ გამარჯვებად წარმოჩინდა და რეალურად ასეც იყო.

    გამოხდა ხანი და ახლა, დიამეტრულად განსხვავებული შედეგის პირობებში, ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი კვლავ გახარებულია. ცდილობს, ყველა დაგვარწმუნოს, რომ ძალიან კარგი იქნება ფული მივიღოთ და ბუნებრივი აირი რუსეთისაგან შევიძინოთ. რას ეყრდნობა მისი ასეთი ოპტიმისტური განწყობა, საზოგადოებისათვის უცნობია.

    იმაზე საუბარი, რომ "გაზპრომის" წარმომადგენლები ბუნებრივ აირს ევროპასთან შედარებით უფრო იაფად მოგვაწვდიან, ჩვენთვის არაფრისმთქმელია, რადგან ამ 10%-ში ფულს არ ვიხდიდით, ეს ჩვენი წილი იყო. ახლა კი არავინ იცის, შეთანხმების კონკრეტული ნაწილი რა ციფრებით იქნება ასახული, რომელი ვალუტით - ლარით, რუბლით თუ დოლარით. ვინაა იმის გარანტი, რომ ისეთი ცვლილებები არ მოხდეს, რითიც ჩვენ უბრალოდ ამ 10%-ის გარეშე დავრჩებით, რადგან პროდუქტს შესაბამისი ფასი აღარ ედება.

    ამ ყველაფერთან ერთად, მაშინ, როცა უამრავი არგუმენტი გახლდათ ბატონი კალაძის იარაღი უკანასკნელი მოლაპარაკებებისას 2015 წელს, ახლა რატომ აღარ ამუშავდა? ამაზე პასუხი არ არის. ანდა, რა განსხვავებაა გაზპრომისათვის, რომ თანაშრომლობისათვის სხვადასხვა ფორმატს გვთავაზობენ? ბატონ მინისტრს არც ამაზე პასუხი არ აქვს.

    "რეზონანსი": თქვენი ვარაუდი როგორია, რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი?

    ს.ც: ბატონი კალაძის ასეთი აღტკინებული გამომეტყველებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ 2018 წელს ის ენერგეტიკის მინისტრი აღარც იყოს. კიდევ უფრო გახალისდება, თუკი იგი წელსვე მოიპოვებს უფრო მშვიდ სავარძელს. მაგალითად, თბილისის მერისას. თუკი მადა უფრო გაეზარდა, იქნებ 2018-ში მზერა პრეზიდენტის სავარძლისკენაც გაექცეს.

    სხვა საკითხები, რასაკვირველია, განსჯის საგანი იქნება. პროფესიონალმა თავდამცველმა, არა მხოლოდ ფეხბურთში, მისთვის ამ ძალიან სასიამოვნო ამბის ჩამოტანისას აეროპორტშივე ბრძანა, რომ ამ თემას არც ერთი ექსპერტი არ ფლობს, რომ მათ პროექტთან შეხება არ აქვთ, არაკვალიფიციურები არიან და შესაბამისად, არაფერი ეკითხებათ.

    მოდით, ბატონი კახი სხვა კუთხითაც შევაფასოთ - ის თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია, რომელსაც ზოგჯერ საკუთარ კარში გოლების გატანა უწევს, შეიძლება, ამჟამადაც გარკვეული ზეწოლის მსხვერპლი იყოს. ვაითუ ბატონი კალაძეც ვინმეს ზეწოლის ქვეშაა?

    "რ": ვისი ზეწოლის ქვეშ შეიძლება იყოს?

    ს.ც: მე მგონი, ეს ჩვენი მკითხველის გასარკვევი თემაა - ვის შეიძლება ჰქოდნეს ძალაუფლება მილიონერი კახა კალაძის თავისუფლების კოეფიციენტის შესამცირებლად და თავად ისიც ხომ არაა ჩრდილოეთში ვინმესგან ვალდებული. ნუ ჩავთვლით, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი კალაძის სურვილითა და სიჯიუტით ხდება.

    "რ": ფიქრობთ, რომ კალაძეს მერის პოსტისთვის ამზადებენ?

    ს.ც: მმართველი პარტიის წარმომადგენლებისაგან სრულიად ღიად გაჟღერდა არაერთი განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი თბილიასის მერის თანამდებობაზე სხვა კანდიდატს დაუჭერენ მხარს. რა ჰქვია და რა გვარია ეს სხვა, თავის დროზე გავიგებთ, თუმცა, გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ადამიანი, რომლის ცნობადობაც ამჟამად ნულოვანია.

    "რ": ანუ, ფიქრობთ, რომ არსებული სახეებიდან შეარჩევენ?

    ს.ც: იქიდან გამომდინარე, თუ ვინ ვისი მძევალია და ვინ ვის რა კატეგორიებით ემსახურება. შემდგომ შევაფასებთ კიდეც, რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესის საკადრო პორტფელი.

    "რ": "ნაციონალურ მოძრაობაში", პარტიაში, რომელიც ყველაზე შეკავშირებულ პოლიტიკურ ძალად ითვლებოდა, მოვლენების ასე სწრაფად და დრამატულად განვითარებას ელოდით?

    ს.ც: როდესაც რაიმე პროცესი სამართლებრივ სივრცეში ვერ ეტევა, იქ ყველაფერი მოსალოდნელია. დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა უმრავლესობას ვერ გააგებინეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს შესაძლებლობას, რომელიმე პარტიის თავკაცი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. მოწმენი ვართ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მისი 90-მდე წლის წინაპარი პარტია, "ბოლშევიკებად" და "მენშევიკებად" დაიშალა.

    რაიმე სახის სიახლე - პოზიტიური თუ ნეგატიური, ჯერ უმცირესობაში იბადება ხოლმე და მისი ტირაჟირება შემდგომ ხდება, თუკი ეს უმრავლესობისათვის მისაღებია. ამიტომ, დღევანდელ "მენშევიკთა" ჯგუფში, ჩემი აზრით, უფრო მეტი შესაძლებლობაა ახალი იდეების წარმოშობისა, ვიდრე ამას ბოლშევიკები თვლიან.

    გარედან დანახული ცნობიერებიდან გამომდინარე, მე მათ სხვანაირი მეტსახელებითაც მოვიხსენიებდი - ჩემი აზრით, ბოლშევიკები "ნაციონალ-რადიკალები" გახლავან, ხოლო მენშევიკები - "ნაციონალ-რეალისტები". რეალისტები, როგორც ჩანს, კონსტიტუციაში უფრო ხშირად იყურებიან და პარტიის დატოვების შემთხვევისათვის სხვადასხვა სახის სამართლებრივი გამოსავალი წინასწარაც მოუმზადებიათ.

    "რ": "მენშევიკებში", რა თქმა უნდა, ბოკერია-უგულავას ჯგუფს გულისხმობთ?

    ს.ც: დიახ. მეორე ნაწილი ხომ ამდენს ტრაბახობს, ჩვენ უფრო მეტნი ვართო. ამის დათვლას აზრი არ აქვს, რადგან ბოლშევიკებს რაოდენობა აინტერესებთ, მენშევიკებს კი - ხარისხი. ეს ზოგადი მიდგომაა და არა მხოლოდ "ნაციონალ-რეალისტების" გამოგონება.

    ასევე, ინტელექტუალური შემადგენელი, როგორც წესი, მენშევიკების საკუთრება უფრო არის ხოლმე, ვიდრე ბოლშევიკების. სამაგიეროდ, ამ უკანასკნელებს, არცთუ სრულად გაცნობიერებული მოსახლეობის პირობებში მეტი შესაძლებლბა ეძლევათ ემოციური გადაწყვეტილებების მიღებისა და არჩევნებში გამარჯვებისა, ვიდრე მენშევიკებს, რომლებიც უფრო თეორიული საკითხებით არიან დაკავებულნი, ვიდრე აქციებით ქუჩებსა და ტყე-ღრეში.

    "რ": ანუ, სააკაშვილის მხარეს დარჩენილებს წარმატების მეტი შანსი აქვთ?

    ს.ც: თუკი ვინმე ამ ფაქტით გამარჯვებულია, უპირველეს ყოვლისა, არსებული ხელისუფლება. ასევე სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომელთაც ადგილობრივ არჩევნებში მეტი შანსი ეძლევათ, რადგან "ნაციონალ-მენშევიკებსა" და "ნაციონალ-ბოლშევიკებს" უპირველეს მტრად ერთმანეთი მიაჩნიათ და წინასაარჩევნო პერიოდს ერთმანეთთან ბრძოლაში ატარებენ.

    "რ": გიგი უგულავას ლიდერობის უნარებსა და შესაძლებლობეებზე რას ფიქრობთ. შეძლებს ამომრჩევლის გადაბირებას?

    ს.ც: რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა, რომ ბატონ გიგის დასვენებისათვის ორიოდ კვირა მაინც ჰქონოდა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ზუსტი შეფასებებისათვის, დრო გამოენახა. როგორც ჩანს, დრო არ ითმენს. ერთი და იგივე ავტორიტეტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად არავის გააჩნია. თავის დროზე იყვნენ გამსახურდია, სააკაშვილი, მაგრამ მას მერე უფრო რეგიონებმა თავიანთი ლიდერების მხარდაჭერა დაიწყეს.

    ამიტომ, ნუ გაგვიკვირდება, თუკი თბილისსა და მაგალითად ფარცხანაყანებში ბატონ უგულავას სხვადასხვა წარმატება ექნება, ისევე როგორც მის თანაგუნდელებს. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა "მენშევიკები" საკუთარი ინტელექტუალიზმის სწორ და დროულ გამოყენებას.

    "რ": გაყოფილი პარტია რამდენად ეფექტურად შეძლებს, ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს?

    ს.ც: ჯერ კიდევ თვეებია საჭირო, რომ ერთმანეთთან მტყუან-მართალი გაარჩიონ. ეს ხომ ყველა ადგილობრივ პოლიტიკურ უჯრედში ცალკე გასარკვევია. აგერ, სამცხე-ჯავახეთი ყრილობაში მონაწილეობას არ აპირებს, აჭარის სერიოზული ნაწილი კი უკვე დაიძრა მასში მონაწილეობის მისაღებად.

    ამიტომ, სანამ ეს დალაგდება, მანამდე შეიძლება ბატონი სააკაშვილიც მიხვდეს, რომ "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს". მით უმეტეს, ამ დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მედიასივრცეში მისი ერთი შეხედვით წარმატებული ვოიაჟის შემდეგ.

    ვფიქრობ, რომ მან სატელევიზიო კომუნიკაციებისას ამერიკის საზოგადოებასთან მთლიანად მოიოხა გული და პრაქტიკულად არბიტრობა იკისრა აშშ-ის ყოფილი, დღევანდელი, და რუსეთის პრეზიდენტების ურთიერთობის დასახასიათებლად. გამიკვირდება, თუკი ეს სიუჟეტები რუსულ სატელევიზიო სივრცეში გაიელვებს, მაგრამ საკუთარი სათქმელი ბატონმა მიხეილმა ბრძანა და ახლა ველოდოთ, რომელი ქვეყანა იქნება იმისთვის მზად, რომ მას მოქალაქეობა შესთავაზოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    მარინა   (12.01.2017)
    რეალურად რახდება ქვეყანაში?იცის ვინმემ?

    ნონა   (12.01.2017)
    მართლაც არ გამიკვირდება თუკი კალაძეს ეს გადაწყვეტილება დააძალეს


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter