სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    (12.01.2017)

     "2012 წლის შემდეგ შექმნილი ვითარების დატოვება "ნაციონალური მოძრაობისთვის" მარგინალიზაციის პირდაპირი გზაა. თუ ისინი 2003 წლის რეალიების მობრუნების გულუბრყვილო გზით ივლიან, ასეთი შედეგი გარდაუვალია" - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელსაც "რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

    "რეზონანსი": რთული პროცესები მიმდინარეობს "ნაციონალურ მოძრაობაში". თქვენი აზრით, რა მომავალი აქვს ამ ძალას?

    ზაზა ფირალიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ურთულესი ამოცანის წინაშეა. მან თავისი ადგილი უნდა მოძებნოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. 2012 წლის არჩევნების შემდეგ ეს იოლ ამოცანად მიაჩნდათ. მაგრამ შემდეგ თანდათან ცხადი გახდა, თუ როგორი რთულია ეს. ბევრ ადამიანს ზედმეტად მძიმე მოგონება აკავშირებს მათი მმართველობის წლებთან. აღარ გავიხსენებ დეტალებს. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობს, გათავისუფლდეს იმ ლიდერებისაგან, ვისაც რიგითი მოქალაქეების უარყოფითი განწყობები უკავშირდება. ეს არც ისეთი იოლია ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური აქტორების პიროვნული მესიანიზმი და საკუთარი თავისათვის არაადეკვატური მნიშვნელობის მინიჭება ჩვეული მოვლენებია. შეიძლება ვცდები, მაგრამ, როგორც მგონია, დღევანდელ ბატალიებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ეს. დრო გვიჩვენებს, ჰქონია თუ არა ამ პოლიტიკურ ძალას იმის რესურსი, რომ თავი დაეღწია დღევანდელი კრიზისისათვის. ერთი ცხადია: დღევანდელი ბატალიები "ნაციონალურ მოძრაობას" შანსს აძლევს, ლამის მონოპოლურად განაგოს საინფორმაციო სივრცე და საკუთარი თავის მიმართ ინტრიგა შეინარჩუნოს.

    "რ": ამ ვითარებაში აქტიური პოლიტიკური როლის შანსი ეძლევა გიგი უგულავას...

    ზ.ფ: გიგი უგულავას გათავისუფლებას ძირითადად ორი მიზეზით ხსნიან. ბევრი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამით სააკაშვილს მიაყენა დარტყმა და "ნაციონალებში" მისი ალტერნატივა "შეუშვა". როგორი სწორიც არ უნდა იყოს ეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორიც: ამერიკელი სენატორების ვიზიტი და მათი პოზიცია. მაკეინმა ადრეც მიანიშნა, რომ სააკაშვილმა ამოწურა თავისი პოლიტიკური რესურსი. ამ ვითარებაში უგულავა ყველაზე ადეკვატური ჩამნაცვლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ცხადია, მის წინაშეა რეაბილიტაციის ამოცანა და სწორედ აქ ითამაშებს როლს ის შეცდომები, რომლებიც "ოცნების" ხელისუფლებამ მისი დაპატიმრებისას დაუშვა. არ ვგულისხმობ, რომ უდანაშაულოდ იქნა დაპატიმრებული. ვგულისხმობ იმას, რომ მის დაპატიმრებას ზედმეტად დაედო პოლიტიკური დაკვეთის ელფერი. თითქოს საგანგებოდ იქნა პროვოცირებული ვითარება, როდესაც მისი დაჭერა წმინდა სამართლებრივი აქტის ფარგლებიდან გავიდოდა. დღეს უკვე კარგად გამოჩნდა, თუ ვის ინტერესებში იყო ეს შეცდომა.

    "ნაციონალების" რიგებიდან ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოყოფამ შედეგი ვერ იქონია. ამ ჯგუფებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი პოლიტიკური რესურსი. შეცდომაზე მეტია, როდესაც საქართველოში ცხოვრების ტრადიციული ფორმების ქვეყანაში შენს პოლიტიკურ იდენტობას კანაფის დათესვით განსაზღვრავ. თუ დამიჯერებთ, "გირჩის" ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. პროგრამები ერთეულებს თუ ეცოდინებათ. სამაგიეროდ, ძალზე ბევრს ეხსომება კანაფის საზეიმო დათესვის ფაქტი.

    ესაა ტიპური შეცდომა, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში უშვებენ: მომხრეთა ვიწრო წრისა და პიარის საეჭვო სპეციალისტების მოწონებას საერთო სახალხო აღტაცებად იაზრებენ ხოლმე. არადა, "გირჩის" ბედში სასიხარულო ბევრი არაფერია. მის ლიდერებს შორის რამდენიმე ადამიანია, ვინც უკეთეს პოლიტიკურ ბედს იმსახურებს. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: 2012 წლის შემდეგ შექმნილი ვითარების დატოვება "ნაციონალური მოძრაობისათვის" მარგინალიზების პირდაპირი გზაა. თუ ისინი 2003 წლის რეალიების მობრუნების გულუბრყვილო გზით ივლიან, ასეთი შედეგი გარდუვალია.

    "რ": ბევრისთვის მოულოდნელად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. თქვენი აზრით, რა შედეგი მივიღეთ?

    ზ.ფ: ვასილს სტუდენტობიდან ვიცნობ. ცხადია, მას ჰქონდა და აქვს თავისი პოლიტიკური სიმპათიები. თავისი ბიოგრაფიის ბევრ ეპიზოდში ის უმალ პოლიტიკოსი იყო, ვიდრე პუბლიცისტი. ამ წლების განმავლობაში ჩვენი პოზიციები ზოგჯერ რადიკალურად იყო განსხვავებული, ზოგჯერ ემთხვეოდა. სამართლიანობის გამო უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკაში ყოფნისას იგი ყოველთვის ახერხებდა, წესიერების საზღვრები დაეცვა. თანაც, სად შეიძლება გვეგულებოდეს ყოველგვარი სიმპათიისაგან თავისუფალი ადამიანი? ცხადია, "ზეციურ საქართველოს" არ ვგულისხმობ. მთელი საქმე სიმპათიების არქონა კი არ არის, არამედ ის, რომ ამ სიმპათიებმა სამართლიანობაზე არ გათქმევინოს უარი და უკეთური ნაბიჯები არ გადაგადგმევინოს.

    ამ თვალსაზრისით, ეგებ, აჯობოს კიდეც, წინასწარ ვიცოდეთ ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის პოლიტიკური სიმპათიების შესახებ, ვიდრე ჯაშუშთა ომის მდგომარეობაში ვიგრძნოთ თავი. ჩემზე კარგად ახალმა გენერალურმა დირექტორმა იცის, თუ რა პასუხისმგებლობა იტვირთა თავად და რა ეჭვები გამოითქვა. ალბათ იმაზეც უფიქრია, როგორ დააღწიოს ამ ეჭვებს თავი თავის ახალ პოზიციაზე საქმიანობით გამოცდილი და გონიერი ადამიანია და ვფიქრობ, ამ ვითარებაში ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

    "რ": ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებზეც მინდა გკითხოთ. რას შეიძლება ჩვენთვის აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ნიშნავდეს?

    ზ.ფ: აპოკალიფსური სურათის დახატვას მოვერიდებოდი. 20 იანვარს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგება. მთელი პოლიტიკური სამყარო დაძაბული ელის ამ დღეს, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი რადიკალური ცვლილებებიც შეიტანოს კაცობრიობის ცხოვრებაში. ამ ეტაპზე ჯერ ძნელია თქმა, აშკარაა, რომ მთელი პოლიტიკური და არაპოლიტიკური სამყარო ელის, თუ რა რეალურ შედეგებს მოიტანს დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად.

    ნამდვილად არ ვიზიარებ მომხდარის აპოკალიფსურ აღწერას. თუ იდეოლოგიურ კლიშეებს თავს დავაღწევთ, ყველაფერს შეიძლება ველოდეთ. ჩემთვის ერთი რამ ფაქტია: დემოკრატები თავისი რიტორიკისა და მათ მიერ ბოლო რვა წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების მძევლები აღმოჩნდნენ. მათი წყალობით ჩამოყალიბებული პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმი უაღრესად ხელსაყრელი აღმოჩნდა რუსული იმპერიალიზმისათვისაც და ისლამური რადიკალიზმისთვისაც. ერთიც და მეორეც ახერხებდა, ესარგებლა ზერელე დოქტრინული რიტორიკით. ამან დღევანდელი რუსული იმპერიალიზმი ჩამოაყალიბა. ტრამპის არჩევა ამ ვითარებისაგან თავის დაღწევის მცდელობაა.

    ჯერ ძნელია თქმა, რას მივიღებთ. რაღაც განსაკუთრებით ცუდისა და ამერიკულ-რუსული ალიანსის ჩამოყალიბების მოლოდინი არ მაქვს. ტრამპის დღევანდელი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა ნიადაგის მოსინჯვა და ერთგვარი ახალი დიპლომატიური ჰორიზონტის შექმნის მცდელობა. ამგვარ რამეს რუსეთი ყოველთვის ტლანქი იმპერიული ეგოიზმითა და რუსული "ლაგერების" ლუმპენური მორალით პასუხობდა. ძნელი წარმოსადგენია, ამჯერად რაიმე სხვა მოხდეს. ჰოდა, როგორც მგონია, ტრამპი ობამა არ არის, რომ ლიბერალი დოქტრინერის კეთილგანწყობით შეხვდეს ყველაფერ ამას.

    მოკლედ, უახლოეს თვეებში გამოჩნდება, თუ რა მივიღეთ. რუსული ისტებლიშმენტის საზეიმო განწყობებს სერიოზულად ნუ შევხედავთ. პუტინის მიზანია, მთელ სამყაროს ისე დაუხატოს საქმის ვითარება, თითქოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი ყველაფერი თავისი სცენარით ვითარდებოდა. პროპაგანდისტული თვალსაზრისით მას უაღრესად აწყობს ამერიკელი დემოკრატების მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არჩევნებში რუსული კვალის შესახებ. რომ არ არსებობდეს კიდეც ეს კვალი, ხელოვნურად უნდა შეექმნა, რადგან მისთვის ეს აჟიოტაჟი ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბზარის შეტანის სერიოზული საშუალებაა.

    როგორც ჩანს, თავად დემოკრატებიც გრძნობენ, რომ მათ სტრატეგიაში რაღაც სერიოზული ნაკლი იყო და ამიტომ აქვთ დამარცხების გამო ასეთი მძაფრი რეაქცია. თითქოს თავისი შეცდომების გადაფარვას ცდილობენ. ერთი რამ ფაქტია: ამერიკელ ამომრჩეველს ჯანსაღმა ინსტინქტმა უკარნახა, რომ თუ რაღაც მკვეთრად არ შეიცვლებოდა, დემოკრატების მიერ ჩამოყალიბებული პარადიგმების ფარგლებში ყველაფერი რაღაც ცუდისკენ მიდიოდა. ცხადია, არსებობდა და არსებობს კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სწორედ ესაა და ამ საეჭვო სვლას ხომ ჩვენც ვგრძნობდით აქ - ამერიკისაგან საკმაოდ შორს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter