სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    (12.01.2017)

     ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციისთვის იყო განკუთვნილი და მისი რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. თუ რომელი სამთავრობო უწყება განთავსდება ამ შენობაში, ამ დრომდე გაურკვეველია. ეკონომიკის სამინისტროში "რეზონანსს" უთხრეს, რომ სიახლე არაფერია.

    აღსანიშნავია, რომ ათონელის ქუჩის რეზიდენციის მშენებლობა მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წლის 20 აპრილს დაასრულა. მაშინ საუბარი იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადასვლაზე, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. რაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების საგანიც გახდა.

    შენობა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, და მის ფუნქციაზე მთავრობას უნდა ემსჯელა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ამ დრომდე არ მომხდარა. რადგან აღნიშნული შენობა კვლავ უფუნქციოა.

    "კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი იგი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა?! ჩემი მთავარი საზრუნავი არის ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და არა ის, რომელ რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს პრეზიდენტი. ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნების რესურსი. თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ. ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ! ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი უმსგავსი შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენს მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძვნია", - განაცხადა იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    ამ საკითხს ქონების მართვის სააგენტოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შენობა სპეციფიკური ხასიათისაა, რომელიც დაპროექტებულია, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია, რის გამოც მისი შესყიდვით არავინ დაინტერესებულა.

    მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო, თუმცა ესეც არ მოხდა და დროებით შენობა ფილმის გადასაღებ მოედნად აქციეს.

    ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გასულ წელს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სერიალი "ჰეროკრატია" გადაიღო.

    მაშინ ჟურნალისტები შეეცადნენ გაერკვიათ, აქვს თუ არა სერიალის გადამღებ კომპანია შპს "ლეხაინდრაო პროდაქშენს" გადაღების ნებართვა და რა საფასურის სანაცვლოდ გადაეცა მას ათონელის რეზიდენცია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან მაშინ გაირკვა, რომ "ლეხაინდრაო პროდაქშენს" ათონელის რეზიდენცია გადასაღებ მოედნად მთავრობის განკარგულებით გადაეცა. თუმცა სამინისტრომ არ გაავრცელა ინფორმაცია, გადაიხადა თუ არა რაიმე გადასახადი კომპანიამ.

    "შპს "ლეხაინდრაო პროდაქშენმა" ათონელის #25-ში მდებარე შენობაში გადაღებების წარმოების ნებართვის მიღების თხოვნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" მიმართა. სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, აღნიშნული საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას არაერთხელ გაუცია ნებართვა სხვადასხვა შემოქმედებითი თუ სარეკლამო ჯგუფებისთვის გადაღებების ხელშეწყობისთვის, შპს "ლეხაინდრაო პროდაქშენის" შემთხვევაშიც აღნიშნული პრაქტიკით იხელმძღვანელა და კომპანიის თხოვნა ათონელის #25-ში მდებარე შენობაში გადაღებების ნებართვის მიღების თაობაზე დააკმაყოფილა." - წერდა მაშინ ეკონომიკის სამინისტრო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter