სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    (29.07.2010)
    მამუკა კაციტაძე: "ძველი ანდაზისა არ იყოს, სიკვდილის ბუზი დააჯდაო, სწორედ ასეა - ამ ადამიანებს უკვე დააჯდათ სიკვდილის ბუზი"8 სოსო ცისკარიშვილი: "ვერ გეტყვით, რომელ მინისტრს რომელი ჩაენაცვლება, მაგრამ ამ სუბელიანს რას აწვალებენ, არ ვიცი"

      ბოლო დღეებში საკმაოდ გააქტიურდა საუბრები მთავრობაში დაგეგმილ მორიგ საკადრო ცვლილებებზე. ამ ვარაუდს თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა საფუძველი კახეთში გამართულ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული ხმაურიანი განცხადებებით. 
      გარდა ამისა, სხვადასხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ახალი საკადრო დანიშვნები სექტემბრისთვის იგეგმება. ამას "რეზონანსს" სათავრობო წრეებთან დაახლოებული სხვადასხვა წყაროებიც უდასტურებენ. რაც ყველაზე საინტერესოა, ცნობებს მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აღარც საპარლამენტო უმრავლესობა უარყოფს.
      უკვე სახელდება კონკრეტული მინისტრები, რომლებსაც თანამდებობიდან გაშვება ელით, და მათი სავარაუდო შემცვლელებს.
      "რეზონანსის" ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმება. გოგა ხაჩიძის უწყება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დეპარტამენტად ჩამოყალიბდება. თავად ხაჩიძე ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება არაკვალიფიციური და არათანმიმდევრული იდეაა.
      "რეზონანსის" წყაროს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია ჯანდაცვისა და ლტოლვითა და განსახლების მინისტრების ბედი. მისივე თქმით, კვიტაშვილისა და სუბელიანის მოხსნას სააკაშვილი ივნისის ბოლოს აპირებდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაწყვეტილება შეიცვალა, თუმცა ამბობს, რომ ეს ცვლილება სექტემბერში მოხდება.
      რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, სანდრო კვიტაშვილს, მის შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება, სამეგრელო ზემო-სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გიორგობიანი.
      ამასთან, უკვე გადაწყვეტილია კობა სუბელიანის ბედი, რომელსაც სააკაშვილმა მთავრობის გასვლით სხომაზე უკვე მეორედ უსაყვედურა. თავდაპირველად ივნისის ბოლოს ბათუმში, მმართველი პარტიის გასვლით სხდომაზე პრეზიდენტმა სუბელიანს შენიშვნა მისცა და "სირცხვილი" უწოდა იმ ფაქტს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
      მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას უმრავლესობის წევრები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ: "ცვლილებები იქნება, მაგრამ მასშტაბური სახის არა."
      ცვლილება, რომ მასშტაბური არ იქნება, ამას თავად მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ადასტურებს. სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება გაქსუებულ ადამიანებს მაღალ თანამდებობებზე არ შეინახავს. მან რამდენიმე მინისტრი საჯაროდ დატუქს კიდეც.
      "ქვეყნის მთავარი პრობლემა მთელ რიგ სამინისტროებში არაპროფესიონალიზმი და ბიუროკრატიზმია. ეს ყველა სამინისტროს ეხება. მთავრობის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქმის გვერდის ავლით და საკითხების გვერდზე გადადებით არის დაკავებული და ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. კაბინეტი არაა მხოლოდ ყავის სასმელი და სიგარეტის მოსაწევი ადგილი. კაბინეტი არის საქმის გასაკეთებელი ადგილი.
      გარემოს დაცვის მინისტრის გასაგონად ვამბობ, რომ ტყეებს ამ დრომდე საშველი არ დააყენეთ. ჯანდაცვისა და ლტოლვილთა სამინისტროს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სხედხართ ხალხი, ვისთვისაც საუკეთესო პოზაა არაფრის კეთება, ნაცრის ქექვა და მახათის ერთ ადგილზე გაყრა. გეგონებათ მაძღარი ქვეყნის მთავრობის მინისტრებს წარმოადგენთ. მე ამის მოთმენას არ ვაპირებ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
      ასეთი განცხადებების შემდეგ, სექტემბრისთვის საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების განხორციელების მოლოდინში არიან "ქრისტიან-დემოკრატები". გიორგი ახვლედიანი სააკაშვილს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას, კერძოდ, მთავრობის რამდენიმე წევრის გადაყენებას ურჩევს და ამ კონტექსტში ყურადღებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებზე ამახვილებს.
      "ამ ორი მიმართულებით მთავრობის პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. უმძიმესია როგორც დევნილთა მდგომარეობა, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში შექმნილი ვითარება. ასე რომ, სრული საფუძველი არსებობს იმისა, რომ კობა სუბელიანი და ბაკურ კვეზერელი თანამდებობებიდან გაათავისუფლონ.
      "საერთოდ, ბოლო დღეების ფაქტების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილმა რეალურად გადაწყვიტა, მთავრობაში მკაცრი ხელის არსებობის დემონსტრირება მოახდინოს და არ არის გამორიცხული, მთელ რიგ სამინისტროებთან მიმართებაში კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ამას ჩვენ სექტემბრისთვის ველოდებით," - განაცხადა სააგენტო "პირველთან" საუბრისას გიორგი ახვლედიანმა.
      საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ცვლილება დაგეგმილია სექტემბერის თვეში, როდესაც მისი თქმით, დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რათა ყურადღება ცვლილებეზე გადაიტანოს.
      "გამოიკვეთა ის მინისტრები, რომელთა თავები დაიყრება სექტემბერში. თვიონ დაასახელა ეს ადამიანები სააკაშვილმა და შემდეგ უკვე არასასიამოვნო ეპითეტებით შეამკო ისინი. ჩემი ინფორმაციით, ცვლილება შეეხება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ლტოლვილთა სამინიტროს.
      "ძალოვან უწყებების ხელმძღვანელებს ადეიშვილ-მერაბიშვილს არაფერი უმუქრება. რაც შეეხება სუბელიანს, მისი უწყებიდან რაღაცა ელემენტარულ კითხვაზე პასუხის გამოტანაც კი საკმაოდ დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული და ამას არ სჭირდება სააკაშვილს თქმა, ეს ასეა," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი ცაგარეიშვილმა.
      ცვლილებების მოლოდინში არიან არასაპარლამეტო ოპოზიციის წევრები. "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მინისტრი საქართველოს მთავრობაში.
      "უნდა შეიცვალოს სააკაშვილი და სამინისტროსაც მერე დაედება ფასი. დღეს ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი არის სააკაშვილი. ახლა გაახსენდათ სუბელიანი? ასეთივე პრეტენზიები იყო ხევიაშვილის მიმართ. მისი შეცვლით რამე შეიცვალა? იგივე ხდება დღესაც.
      "საერთოდ, დევნილების მიმართ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სწორი დამოკიდებულება და მისი მინისტრებიც იქნებიან ორიენტირებული იმაზე, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ. სუბელიანი როდესაც კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, მაშინ კეთილსინდისიერად მოხდა ფულის დახარჯვა, მერე მინისტრად რომ დანიშნა?
      "ეს ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება, დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქის ბიუჯეტის და მათ შორის ლტოლვილთა სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვაში ჩვენ აღმოვაჩენთ უზარმაზარ დარღვევებს და ამ დარღვევებს აუცილებლად დაუკავშირდება სუბელიანიც და უგულავაც. 130 მილიონი მაშინ არაკეთილსინდისიერად დაიხარჯა. ამაზე არსებობს კონტროლის პალატის დასკვნაც. არავინ არ იცოდა მაშინ, რაზე დახარჯეს ეს თანხები," - აცხადებს ზვიად ძიძიგური.
      "ყვარელში გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომას თუ გავიხსენებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვიტაშვილს, სუბელიანს, ხაჩიძეს და კვეზერელს ახლო მომავალში შეეხება ცვლილებები. მე მათ დავამატებდი პრემიერ გილაურსაც," - აცხადებს "ახალი მემარჯვენეების" წევრი მამუკა კაციტაძე, რომლის თქმით, არაა აუცილებელი პრეზიდენტმა დაგტუქსოს და "წკიპურტი" ჩაგარტყას თავში, რათა დაინახო ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის ჯერი მოვიდა.
      "ცვლილებები განხორციელდება. ჯერ ერთი იმის გამო, რომ სააკაშვილმა მორიგი სისხლის გადასხმის იმიტაცია შექმნას ხელისუფლებაში და მეორე მხრივ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს მინისტრები არიან გამორჩეულად მიუღებელი სააკაშვილისთვის ან საკუთარი უნიათობით, ან გარკვეული დამოუკიდებლობის ხარისხით, რაც არ შედის სააკაშვილის ინტერესებში.
      "ძირითადად საკადრო ცვლილებები მთავრობაში ხორციელდება სამ ჯგუფს შორის, ნდობის და ბალანსის გამყარების თვალსაზრისით. ეს არის პირობითად მერაბიშვილის ჯგუფი, პირობითად "თავისუფლების ინსტიტუტის" ჯგუფი და ეს არის სააკაშვილის ნება. სწორედ ეს არის მთავარი არგუმენტები.
      "მაგალითად, დევნილთა დამოკიდებულება სუბელიანის მიმართ ყოველთვის იყო პრეტენზიული, მაგრამ ამის აფიშირება საინფორმაციო საშუალებებით არ ხდებოდა. ხელისუფლება მაქსიმალურად კლავდა დევნილების უკმაყოფილების ამ ფონს, იმიტომ, რომ დღის წესრიგში არ იდგა სუბელიანის გაშვების საკითხი.
      "მაგრამ როგორც კი ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, მაშინვე დაიწყო მედიაფონის შექმნა - დევნილების განწყობა სუბელიანთან მიმართებაში. 
      "რაც შეეხება ხაჩიძეს, როცა "მიშა მაგარიას" წერდა, მაშინ მაგარი მინისტრი იყო. დღეს უკვე ტყეებს ვეღარ უვლის. ძველი ანდაზისა არ იყოს, სიკვდილის ბუზი დააჯდაო, სწორედ ასეა - ამ ადამიანებს უკვე დააჯდათ სიკვდილის ბუზი," - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
      ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა ცვლილება მთავრობის მენტალობაში და არა სახელებისა და გვარების განახლება.
      "ეს არის ხელისუფლების გადახალისების ყველაზე მდარე ფორმა, რომელსაც იყენებენ მაშინ, როცა სხვა არავითარი გზა არა აქვთ. ამიტომ პერიოდულად უბრუნდებიან ცნობილ არითმეტიკულ სავარჯიშოს, რომელიც ბრძანებს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ცვლილება, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მთავრობის მენტალობაში და არა სახელებისა და გვარების განახლება.
      "ვერ გეტყვით, რომელ მინისტრს რომელი ჩაენაცვლება, მაგრამ ამ სუბელიანს რას აწვალებენ, არ ვიცი. საქართველოში მიცვალებულის პატივისცემა არის უდიდესი ტრადიცია და საქართველოს ჭირისუფლად გამოადგება. ყოჩაღი ბიჭია, გულიანია და შრომა არ ეზარება. ნახეთ, როგორი ერთგულება შეუძლია. მიხედოს იმას, რაც გამოსდის. ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა არაა მისი სპეციალობა," - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
      მთავრობის რამდენიმე წევრი და მათ შორის კობა სუბელიანი რომ განწირულია, ამას ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებს.
      "უგულავა ახლა წარმატებულია, მან გაიმარჯვა მერის არჩევნებში. როგორ გაიმარჯვა - ეს სხვა საკითხია. სააკაშვილი ვერ იტანს, როცა ვიღაცა მასზე პოპულარულია. აშკარად ჩანს, რომ უგულავამ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს.
      "ამ ფონზე სააკაშვილს სჭირდება უნიათო პოლიტიკოსი და ამის შესაბამისად, გათვლას აკეთებს ისეთ ადამიანზე, რომელიც მას ხელისუფლებას ვერ წაართმევს. წარმატებული უგულავა ქალაქის მერი და პლუს წარმატებული ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი - ეს სააკაშვილისთვის ყოვლად მიუღებელია. ის დაინტერესებულია, რომ უგულავას ჩამოაშოროს წარმატებული ადამიანები, ვინც პოპულარულობას იხვეჭენ საზოგადოებაში.  
    "სუბელიანმა დევნილების ხმები მოუტანა სააკაშვილს. ის აკონტროლებს დევნილების ხმებს. წარმატებული მინისტრი სულაც არაა, მაგრამ მნიშვნელოვანი მინისტრია. ის ხმებს აკონტროლებს. ამიტომ, სააკაშვილს იქ სჭირდება სხვა ხალხი, ვინც მის ოპონენტს არ მისცემს ხმებს და ამ შემთხვევაში უგულავას," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter