სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    10 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების გადატანის მოთხოვნით ერთიანდება
    მარი ოთარაშვილი
    (19.07.2010)
    მამუკა კაციტაძე: "კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო მიღება უნდა მოხდეს თავისუფალ გარემოში არჩეული ახალი პარლამენტის მიერ"

    10 ოპოზიციური (როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო) პარტია სპეციალური განცხადებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს. "ქვეყნის კონსტიტუცია აუცილებლად საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს. კონსტიტუცია უნდა იყოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტი, რომელიც უნდა გამოხატავდეს არა მხოლოდ ერთი პარტიის, არამედ ყველა პოლიტპარტიისა და მთელი საზოგადოების ნებას", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას "მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე. 
      საბოლოოდ აღნიშნულ განცხადებას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობამდე მივყავართ, რადგან, როგორც კაციტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ახალი კონსტიტუციის მიღება დღეს არსებულ ერთპარტიულ პარლამენტს არ შეუძლია. განცხადების ტექსტს "მთელი კვირა" აქვე გთავაზობთ. 
      მამუკა კაციტაძე: "ეს განცხადება გამოხატავს ერთიან პოზიციას პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. მას ხელს აწერს 10 პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიცია.
      "მთელი კვირა": რა არის განცხადების მიზანი?
      მ. კ:
    მიზანი არის გამოხმაურება იმ პოლიტიკური პროცესის მიმართ, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების დაგეგმვა ხელისუფლების მიერ, რომელიც ჯერ კიდევ წელიწადზე მეტია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნით დაიწყო და, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. ანუ ეს არის ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის მიმართ გამოხმაურება და ერთიანი პოზიციის დაფიქსირება აღნიშნულ პროცესთან მიმართებაში 10 პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან.
      "მ.კ": რას მოითხოვთ ხელმომწერი პარტიები?
      მ. კ:
    რამდენადაც ქვეყანაში შექმნილი ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მნიშვნელოვანწილად კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი და, ამასთან ერთად, ხელისუფლების ბალანსის შექმნის აუცილებლობა დღის წესრიგში დგას, საჭირო არის სერიოზული საკონსტიტუციო ცვლელებების განხორციელება. განცხადებაზე ხელმომწერი ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მას ვაფიქსირებთ, რომ ქვეყნის კონსტიტუცია აუცილებლად საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, რაც დაადასტურა ყველა ხელმომწერმა პარტიამ იმ მიზნით, რომ ქვეყანაში შეიქმნას ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსი, რაც არ არსებობს. ამ არარსებობის სამართლებრივ ბაზას სწორედ კონსტიტუცია წარმოადგენს. 
      აღნიშნული სახის ცვლილებებთან დაკავშირებით ერთსულოვანია ყველა ხელმომწერი ორგანიზაცია. ჩვენ ვაფიქსირებთ იმას, რომ კარგა ხანია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში მომწიფდა საზოგადოებრივი ცვლილებების აუცილებლობა ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის აღდგენის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვეთანხმებით და ვაფიქსირებთ ჩვენს მიდგომას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამოქალაქო თანხმობის ნორმატიული აქტი, კონსენსუსის დოკუმენტი და არ უნდა გამოხატავდეს მხოლოდ ერთი - მმართველი პარტიის ნებას. აქედან გამომდინარე, ვერ ვიწონებთ, უფრო მეტიც, არ ვეთანხმებით და ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას ვაფიქსირებთ იმ პროცედურის მიმართ, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ.
      "მ.კ": კერძოდ, რას გულისხმობთ?
      მ. კ:
    გასული წლის ივლისში შექმნილ საკონსტიტუციო კომისიას. აქედან მოყოლებული, ეს 1 წელი მიმდინარეობდა თითქოსდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, რომელიც მუშაობას ივლისის ბოლოს ამთავრებს, ამის დემონსტრირება კი მოხდება ხვალ ან ზეგ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დამთავრებასთან ერთად პრეზიდენტის მიერ პარლამენტში მყისიერად მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რომლის თანახმად ივლისის ბოლოს პარლამენტი გამოაცხადებს ერთთვიან საყოველთაო-საჯარო განხილვას. ეს იქნება აგვისტოში. ჯერ ერთი, რომ 1 თვე ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჯეროვნად მოხდეს საერთო-სახალხო განხილვა; მეორეც - აგვისტოს თვეში როგორ წარმოგიდგენიათ საჯარო განხილვა მაშინ, როცა ყველას მოეხსენება, რომ მკვდარი პოლიტიკური პერიოდია? სექტემბერში კი გამიზნულია სამი მოსმენით საკონსტიტუციო მოსმენა განხორციელდეს.
      "მ.კ": რატომ ასეთი გადარბენით?
      მ. კ:
    იმიტომ, რომ უნდათ, პრობლემის ლოკალიზაცია მოხდას, რათა რაც შეიძლება მალე მოიშორონ თავიდან. ამ პროცედურასთან დაკავშირებით გვაქვს ერთმნიშვნელოვნად კრიტიკული დამოკიდებულება. გარდა ამისა, ამ განცხადებით ვამბობთ იმასაც, რომ პარლამენტმა და საერთოდ ხელისუფლებამ, დადგენილი კანონის თანახმად, უნდა უზრუნველყოს სერიოზული ხანგრძლივი საერთო-საჯარო განხილვის ორგანიზება ქვეყნის მასშტაბით, რომლის პროდუქტიც შემდეგ უნდა იყოს ერთიან თანხმობასა და კონსენსუსზე დაყრდნობილი კონსტიტუციის კონკრეტული პროდუქციის შექმნა.
      "მ.კ": რამდენად შესაძლებელია, ეს მოხდეს?
      მ. კ:
    რამდენადაც ამ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა არის ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის მფლობელი ძალა, ამ თვალსაზრისით ეს პარლამენტი ვერ ჩაითვლება კონსტიტუციის მარეგულირებელ ფართო ორგანოდ. ამიტომაც ყველა ხელმომწერი ორგანიზაცია აფიქსირებს იმას, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოო მიღება უნდა მოხდეს თავისუფალ გარემოში არჩეული ახალი პარლამენტის მიერ. თითოეული ხელმომწერი ორგანიზაცია წინააღმდეგია დღეს არსებული პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალ რედაქციის საბოლოოდ მიღებისა. 
    ყველა ამ წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ, ყველა ხელმომწერი პოლიტიკური მოძრაობა, ვაცხადებთ მზაობას, თანხმობასა და აქტიურ ჩართულობას, რაც, ჩვენი აზრით, უზრუნველყოფს ისეთი დოკუმენტის შექმნას, რომელიც შეიძლება გახდეს ერთი მხრივ თანხმობის მადემონსტრირებელი და მეორე მხრივ, პოლიტიკური სტაბილურობის მაჩვენებელი. ადგილობრივი არჩევნების საბოლოო დასრულების შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების თემატიკა არის უმნიშვნელოვანესი, უპრიორიტეტულესი პოლიტიკური რეალობისთვის და თვისობრივად ამ პროცესში ყველა ერთიანად ვიწყებთ ამ პრინციპების განხორციელებისთვის ბრძოლას.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    კომენტარის დატოვებისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია(თუ ხართ "რეზონანსის web–კლუბის წევრი), ან გაიაროთ რეგისტრაციის უმარტივესი პროცედურა და შემდეგ –– ავტორიზაცია.
          შესაბამის ველები საიტის ზედა ზოლშია

    Copyright © 2006-2010 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter