სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "პოლიტიკური ძალები ამ საკითხს პირადი ინტერესებისათვის იყენებენ"
    მარი გოცირიძე
    03.05.2016

     ხმაური ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირების გარშემო გრძელდება. რამდენიმე დღეა დავა პოლიტიკური ინტერპრეტირებით მიმდინარეობს და ნაკლებად ისმის მსჯელობა - რეალურად რაშია საქმე, რა მიწებზეა საუბარი და რა სარგებელს ან ზიანს მოუტანს ტერიტორიების გაცვლა როგორც ბოტანიკურ ბაღს, ასევე მთლიანად თბილისს უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი ქალაქის კეთილმოწყობას.

    ტერიტორიების კორექტირებით, როგორც ვიცით, ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღიანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, თაბორის მთის ვაკე ტერიტორია შეუერთდა.

    საბოლოოდ კი ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშირდება კრწანისი-შინდისის ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. როგორც ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.

    "ოქრო თუჯში გაიცვალა"

    ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ გაცვლა ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა. ფართის კორექტირების შედეგად ბაღმა შეიერთა მცენარეთა კოლექციის გაზრდისთვის ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად განხორციელებას. თაბორის მთის ვაკე ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია და მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისთვის დიდი პოტენციალი აქვს.

    გარემოსდამცველთა შეფასებით, ტერიტორიების კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება საუკეთესოა, რადგან ამით ბოტანიკურ ბაღს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცემა და ბუნების საფარი მთელ ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება. ასე ფიქრობს გარემოსდამცველი მურმან ქევანიშვილი, რომლის თქმითაც, საქმე კეთდება ისე, რომ ბოტანიკური ბაღი და ზოგადად თბილისი, კიდევ უფრო განვითარდეს.

    "ამ საკითხზე დავაც წარმოუდგენელი მეჩვენება. ვინმე თუ შემეკამათება და მეტყვის, რომ რამდენიმე ხე მოიჭრა და ამით ბუნებას ცუდად შევეხეთ, სამაგიეროდ, ათჯერ და ასჯერ მეტი ხე დაირგვება. ამით ბუნებას არაფერი დააკლდება. მომგებიანი და სასარგებლო გაცვლა მოხდა, რის შედეგსაც თბილისელები ძალიან მალე დაინახავენ. პროექტი გაკეთებულია, რითაც თბილისს მეტი ხიბლი შეემატება. უახლოეს რამდენიმე წელში თბილისიდან 2-3 კილომეტრში გვექნება ახალი მცენარეული საფარი, სადაც უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები გაშენდება.

    ამდენ ხანს უპატრონო, ხრიოკ ტერიტორიას ვუყურებდით და პროტესტის განცდა არავის გაგვჩენია. ძლივს საქმე კეთდება და სიტუაცია ლამის პოლიტიკურ დაპირისპირებამდე მიიყვანონ. ყველა მხრიდან გაუმართლებელი არგუმენტები ისმის და საქმის არსს რეალურად არავინ იცნობს", - აცხადებს მურმან ქევანიშვილი. მისი შეფასებით, პროექტის განხორციელება ხრიოკ ტერიტორიაც გადაარჩენს და, ფაქტობრივად, ახალ სიცოცხლეს მისცემს.

    "ადგილზე, რომელზეც დავაა, მცენარეული საფარის გაშენება არის ურთულესი საქმე. ძნელია ისეთი ჯიშების შერჩევა, რომელიც აქ გაიხარებს. ისე არ არის, რომ ხე დაირგვება და ბუნება გაზრდის, ამ ტერიტორიაზე თითო ბუჩქის გახარებაც კი სპეციალისტების დიდი მიღწევაა. თავის დროზეც დიდი შრომა ჩაიდო, მაგრამ რაც გვაქვს, საკმარისი ნამდვილად არ არის. კრიტიკისთვის მიზეზი ადვილად მოიძებნება. მთავარია, რამდენად გამართლდება იგი. ვფიქრობ, ეჭვის მცირე საფუძველიც არარსებობს. ტერიტორიების გაცლით მოხდა ისე, რომ ოქრო თუჯში გაიცვალა. ამით ყველაფერი ნათქვამია. ქართველი კაცი, თუ პატრონად გამოდგა, ოქროსაც მოუვლის და თუჯსაც", - ამბობს ქევანიშვილი.

    სიმართლე, თუ როგორ გაიყიდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია 9 წლის წინ

    გაცილებით ადრე, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "ფინსერვისს" 2007 წელს, თბილისის მერიისგან ბოტანიკური ბაღის კუთვნილი მიწის 4 ჰა ფართობი შეიძინა. ამით კომპანიას ბოტანიკური ბაღის მიზნებისათვის გამოუსადეგარი, ქვა-ღორღიანი ფერდობი გადაეცა, სანაცვლოდ კი 2007 წლიდან შპს "ფინსერვისმა" მერიისგან შეძინილ მიწის ნაკვეთზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედებით კანონი არ დარღვეულა.

    ამ ეტაპზე კი, ე.წ. ტერიტორიის კორექტირებით, ბოტანიკურმა ბაღმა მიიღო მოვლილი, ახალი ხეებით დარგული, სარწყავი სისტემებით განაშენიანებული, ვიზიტორთათვის საფეხმავლო ბილიკებითა და მიმართულებების მაჩვენებელი ნიშნებით მოწყობილი ტერიტორია.

    ტერიტორიების გაცვლის ყველა დეტალი კარგად ახსოვს ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს ნინო გოცაძეს, რომელიც უკვე დღეს უდროო, პოპულისტური აჟიოტაჟის შექმნაში სდებს ბრალს ნაცმოძრაობის აქტივისტებს და მათგან მოითხოვს პასუხს, იმ კითხვებზე, რომელიც სწორედ წინა ხელისუფლების დროს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისებას უკავშირდება.

    გაცვლილი მიწის ნაკვეთი, გოცაძის შეფასებით, აღჭურვილია სარწყავი სისტემით, უფრო მარტივად მოსავლელია, ზედ არსებობული ნარგაობა, ხეხილი და გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე ის, რაშიც გაიცვალა.

    "შპს "ფინსერვის" მიერ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის, რომელიც თაბორის ქედის გასწვრივ მდებარეობს და შეადგენს 10 ჰა-ს, შეძენა მოხდა 2007 წელს, ანუ ნაცმოძრაობის დროს, როცა სრული განუკითხაობა სუფევდა და არავის ახსოვს ირაკლი აბესაძისა და ნიკანორ მელიას მიერ უგულავას კარის პიკეტირება აღნიშნულის გამო. არც არასამთავრობოებს გამოუჩენიათ პროტესტით თავი", - აცხადებს ნინო გოცაძე.

    მისი თქმით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 7 ჰა არასაკოლექციო ნაკვეთებს უჭირავს (საკოლექციო - 57 ჰა). დამატებით 30 ჰა არის ყამირი, ლეღვთახევისა და თაბოროს ქედეს შორის მოქცეული, ძნელად მისადგომი ველური ბუნება, სადაც სარწყავი სისტემის მოწყობა და კულტურული სახის მიცემა კოლოსალურ თანხაზე გადის და ბოტანიკურ ბაღს ამის შესაძლებლობა კი არა, ოცნებაც უძნელდება.

    ვერ ვხედავ ცუდს იმაში, თუკი ინვესტორი 30-40 ჰა უპერსპქტივო ადგილის სანაცვლოდ ბოტანიკურ ბაღს სთავაზობს ალტერნატიულ, ნაყოფიერ ფართობს ქალაქში ან მასთან ახლოს და თავის თავზე იღებს მის კეთილმოწყობას, ხოლო ბოტანიკურისგან მიღებულ ფართობს შეუნარჩუნებს სარეკრეაციო ზონის სტატუსს შემდგომი განვითარებისთვის. რა არის ამაში ცუდი, მიუღებელი ან კატასტროფული? პირიქით, მისასალმებელია და მეტსაც ვიტყოდი, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ის ადამიანი, რომელიც უკვე მეორე ათეული წელია ინახავს ბოტანიკურ ბაღს და მის თანამშომლებს, დღესაც უანგაროდ აგრძელებს ამ საქმეს", - აცხადებს ნინო გოცაძე.

     თავის მხრივ, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს 2007 წლის 1-ლი ოქტომბრის #3/182 ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის - ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას, რომელიც ძეგლის სტატუსის მინიჭების დროისთვის, ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წლის 2 მარტს გაცემული ბოტანიკური ბაღის პირობითი საორიენტაციო საზღვრების გეგმით წარმოადგენდა 815 000.00 კვ/მ-ს. დღეის მდგომარეობით ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას წარმოადგენს 966452.00 კვ/მ, თუმცა მომატებულ ფართობს, რომელიც 2007 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ წლებში იქნა მიერთებული, არ მინიჭებია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ეს ნაწილი არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ობიექტს - ძეგლს.

    ყბადაღბული აუქციონი...

    დღეს დასრულდება აუქციონი, რომელზეც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 30 ჰა მიწის ნაკვეთი გაიყიდება. ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელზეც კრწანისი-შინდისის გზა უნდა გაშენდეს. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი 6 მილიონ 272 ათასი ლარია.

    "აუქციონის გამარჯვებული ვალდებული იქნება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ აუქციონი არის ღია, გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეუძლია მიიღოს მასში მონაწილეობა", - განმარტავს კარლო ლაფერაძე.

    გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული მიწის გაყიდვით შეიძლება შეფერხდეს გზის მშენებლობა, ლაფერაძის განცხადებით, მცდარია. მაგისტრალის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და აუცილებლად დასრულდება. საუბარია მაგისტრალის მარცხნივ არსებული ნაწილის გასხვისებაზე:

    "მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და, შესაბამისად, ის ტერიტორია განვითარდება, სადაც ეს გზა გადის. გზის მომიჯნავედ არის უამრავი კერძო ტერიტორია. ამიტომ არ შეიძლება შეიზღუდოს ტერიტორიის განვითარება, ოღონდ, ცხადია, იმ ჩარჩოში, იმ ნორმებში, რა ნორმასაც ეს ზონა ითვალისწინებს. ცალსახად და კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ქონება, რომელსაც ვყიდით, არასდროს ყოფილა ბორტანიკური ბაღის შემადგენელი ნაწილი", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კარლო ლაფერაძე.

    თბილისს სჭირდება რაც შეიძლება ბევრი ურბანული ცენტრი

    გარდა იმისა, რომ ახალი გზის მშენებლობა მოძრაობას განტვირთავს, იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივაც. ამიტომ მთავარი, როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი განმარტავს, ტერიტორიის სრულყოფილად ათვისება და განვითარებაა.

    "მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია. სპეციალისტების მთელი ჯგუფი მუშაობდა პროექტზე, რომ სწორად განვითარდეს ინფრასტრუქტურა ამ ტერიტორიაზე და ხარისხიანი გზა გაშენდეს. ვიცით, რა პრობლემებიც არის გზებზე. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოძრაობის განტვირთვა მოხდეს. ასათიანის და ამაღლების ქუჩებზე ამ მხრივ კატასტროფაა. წარმოიდგინეთ, ამაღლების ქუჩაზე ალტერნატიული მისასვლელიც კი არ გვაქვს.

    საცობების განტვირთვის გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხელს შეუწყობს ამ ტერიტორიების შემდგომ განვითარებასაც. მხედველობაში მაქვს ქვედა ტერიტორიები - შინდისი წავკისი, კოჯორი და სხვა, რომელთა შემოერთება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. პროექტის განხორციელებით ჩვენ შევძლებთ, რომ მთელი ამ ტერიტორიის სრულყოფილად ათვისება და განვითარება მოხდეს", - აცხადებს გივი კუბლაშვილი და დასძენს, რომ პროექტი 4 თვეში დასრულდება.

    კიდევ ერთი სიკეთე, რასაც თბილისს ახალი გზის მშენებლობა მოუტანს, სპეციალისტების შეფასებით, ტურიზმის განვითარებაა. მთავარია, რამდენად სწორად გაიგებს პროექტის მნიშვნელობას თბილისის მოსახლეობა. ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე თვლის, რომ პროექტი მთლიანად ეკონომიკური მნიშვნელობისაა და პოლიტიკურ კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება.

    "არანაირ განსჯას არ ექვემდებარება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფილად ამოქმედება ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრისთვის ეს თემა პოლიტიკური დავის ობიექტი გახდა, მაგრამ წმინდა რაციონალური პრაგმატული მიდგომით, სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვის მატარებელია. ხაზს ვუსვამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მნიშვნელობას, გზის მშენებლობას და ამ გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციას. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ეს საკითხი განსაკუთრებული ინტერესის, პრიორიტეტის საფუძველი უნდა გახდეს და ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება დაუშვებელია", - აცხადებს კალანდაძე.

    ექსპერტის შეფასებით, ქალაქის ურბანული განვითარებისთვის თბილისს სჭირდება ახალი ცენტრები, რის პირობასაც პროექტი იძლევა.

    "ტურიზმი არის ჩვენთვის ერთ-ერთი გამოწვევა და სახელმწიფო პოლიტიკა უნდა მოვარგოთ ტურიზმს, ეს ცხადია. როცა ვსაუბრობთ, რომ გვჭირდება სავალუტო შემოდინენების გაზრდა, დასაქმების უზრუნველყოფა და ზოგადად ფინანსური სტაბილურობა, ტურიზმის განვითარების გარეშე არ მიიღწევა. ამისთვის კი გარკვეული ცენტრები გვჭირდება. ამიტომ ქალაქის ურბანულ განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისში უნდა გაჩნდეს ძალიან ბევრი ურბანული ცენტრი, რომელიც დამატებითი სტიმული იქნება ტურისტების მოსაზიდადაც.

    გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ საკითხს პირადი ინტერესებისათვის იყენებენ, თუმცა საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაცია გვჭირდება, რომ პროექტის სარგებლიანობა მოსახლეობას სწორად დავანახვოთ. ხალხს სჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია პროექტს. ამიტომ საზოგადოების სხვადასხვა წრესთან უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო", - აცხადებს ლევან კალანდაძე.

    ამდენად, თბილისის ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ ცხრება. "ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიგეწოდებინა უშუალოდ იმ ადამიანებისგან, რომლებიც არა მარტო ბოტანიკური ბაღის, ზოგადად თბილისის აღმშენებლობის პროცესთან სხვადასხვა რაკურსით არიან დაკავშირებული. მათ იციან, რეალურად რა სარგებლობის მოტანა შეუძლია პროექტს და რამდენად წაადგება იგი თბილისის შემდგომ განვითარებასაც.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გელანდენვაგენი   (03.05.2016)
    დასწრებაზე არიან, საქართველოში მიწის პრიხვარიზაცია საერთოდ აკრძალული იყოს, დადგება ეგ დროც. ქართული მიწა არ იყიდება, გაიგეთ თქვე ჩურჩუტებო! https://www.youtube.com/watch?v=zOm1LVvSKhQ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×