თაკო მათეშვილი
10.03.2016

 "აფხაზეთში რუსეთი არ უნდათ, მაგრამ არც ჩვენ ვუნდივართ," - ამბობს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერი, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე საუბრისას და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მის დასარეგულირებლად ხედვა საერთოდ არ გააჩნია.

იგი სიცრუეს უწოდებს შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ განწყობა იცვლება, რომ ქართული პასპორტების აღებითა თუ ჩვენთან დაახლოებით დაინტერესებული არიან და დასძენს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ სიტუაცია არათუ დაალაგა, არამედ კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა.

პაატა დავითაია: კონფლიქტის მოსაგვარებლად არც ამ და არც წინა ხელისუფლებებისგან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. ფაქტი სახეზეა - წინ ერთი მილიმეტრითაც კი არ წაგვიწევია. პირიქით, მუდამ უკუსვლა გვაქვს. უკვე არა მხოლოდ ოკუპაცია გვაქვს სახეზე, არამედ ანექსიაც.

ხელისუფლებას კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით არანაირი ხედვა არ გააჩნია. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას თბილისში თავმჯდომარე არ ჰყავს. უკვე მესამე წელია, ვახტანგ ყოლბაიაა მოვალეობის შემსრულებელი, რაც ნონსენსია. მთავრობამ თავმჯდომარეც კი ვერ შეარჩია. ეს ცხადყოფს, რომ ამ საკითხისადმი საქართველოს ხელისუფლების ინტერესი ნულია.

აქედან გამომდინარე, არანაირ წინსვლაზე არ შეიძლება საუბარი. საქართველოს მთავრობას არც არავინ ელაპარაკება. პირიქით, აფხაზურ პრესაში მას დასცინიან. არც აფხაზური ე.წ. ოპოზიცია განიხილავს ჩვენთან ურთიერთობას. რა წინსვლაზეა ლაპარაკი?

ერთადერთი, რაც მუშაობს, ჯანდაცვის პროგრამაა, რადგან უჭირთ და იძულებულები არიან, აქეთ გადმოვიდნენ. ენერგეტიკას რაც შეეხება, საქართველო აფხაზეთს ყოველთვის ამარაგებდა. იმასაც გეტყვით, რომ ამით ფული კეთდება. აფხაზებს საქართველო იმდენ ელექტროენერგიას აწვდის, რასაც 1 მილიონი ადამიანი მოიხმარს. არადა, აფხაზეთის მოსახლეობა 200 ათასს შეადგენს. სად მიდის ელექტროენერგია? სად იყიდება? უამრავი კითხვაა.

"რ": წარმატებებზე საუბრისას მინისტრი აცადებს, რომ იმ 3 წლის განმავლობაში, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, ქვეყანას არ ჰყავს არც ერთი დამატებითი დევნილი და აღარ დაუკარგავს არც ერთი დამატებითი ქალაქი თუ სოფელი. ასევე, სიტუაცია სტაბილურია და არაა განცდა, რომ მალე შეიძლება ომი დაიწყოს.

პ.დ: ყველაფერი ოკუპირებულია, ვინც აფხაზეთში დარჩა, ყველამ აფხაზური პასპორტი აიღო, და როგორღა გვეყოლება დევნილები? ვინღაა გამოსადევნი?

"რ": ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი ქართულ პასპორტებს არ იღებენ?

პ.დ: სისულელეა. დამისახელეთ აფხაზი, ვინც ქართულ პასპორტს იღებს. ასეთი შეიძლება მაქსიმუმ 5-6 კაცი იყოს. ფე-ეს-ბე თავიდან ბოლომდე ყველაფერს აკონტროლებს და ვინ აიღებს ქართულ პასპორტს? ბატონი ზაქარეიშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები ქართულ პასპორტებს იღებენ.

"რ": თქვენი აზრით, ეს პორცესი ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგაც არ გააქტიურდება?

პ.დ: სიტუაციას გააჩნია. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სიტუაცია იქნება მაგ დროისათვის შიგნით.

"რ": ხელისუფლება ამბობს, რომ ჯანდაცვის პროგრამით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბევრი სარგებლობს და მათი აზრით, ეს იქაური მოსახლეობის ჩვენდამი დამოკიდებულებას ცვლის, დაახლოების პროცესს უწყობს ხელს.

პ.დ: ეს ყველაფერი სისულელეა. ჯანდაცვის პროგრამა ბევრ რამეს უწყობს ხელს, მაგრამ დაახლოებას და ხალხის შემობრუნებას ნამდვილად არა. აქ ჩამოსვლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ უჭირთ და უფასო ან იაფი მკურნალობის მიღება ესაჭიროებათ. ამას ეუბნებიან ფე-ეს-ბესაც და სწორედ ამიტომ, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხალხს დართო ნება, რომ სამკურნალოდ თბილისში იარონ. ეს სეპარატისტების თანხმობით ხდება და არა კეთილი სურვილებით.

"რ": ანუ, მიიჩნევთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაუცხოება კიდევ უფრო გაღრმავდა?

პ.დ: რა თქმა უნდა. თავად განსაზღვრეთ - აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდა თაობას ჩვენთან შეხება არ ჰქონია და შესაბამისად, ურთიერთობა საერთოდ არ უნდათ; ძველი თაობა ვერაფერს წყვეტს; პროცესებს კი საშუალო თაობა მართავს, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. ყველაფერი მარტივია - სად ხედავთ დაახლოებას? ვინმემ დამისახელოს მაგალითი, რომლითაც ჩანს, რომ მათ ჩვენთან ურთიერთობა უნდათ. აფხაზეთში რუსეთი არ უნდათ, მაგრამ არც ჩვენ ვუნდივართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×