სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გერმანიის ელჩის, ბეტინა კადენბახის განცხადებით, გერმანია-საქართველოს ურთიერთობები საუკეთესო და ძალიან დინამიკურია
    აკაკი გვიმრაძე
    30.10.2015

     "ალიანსის წევრობის საკითხში არ არსებობს მესამე ქვეყნების მიერ ვეტოს დადების უფლება, ამგვარ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები - ოღონდ ეს გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნეს მიღებული", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.

    ქალბატონ ელჩთან საუბარი აგრეთვე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღების მოლოდინს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების ტემპსა და ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკას შეეხო.

    "რეზონანსი": ქალბატონო ელჩო, ახლახან აღინიშნა გერმანიის გაერთიანების 25 წლის იუბილე, რაც უმნიშველოვანესი მოვლენა იყო თანამედროვე სამყაროში. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, მსგავსი მოდელი გამოყენებულ იქნას სხვა ქვეყნებშიც, რომელთა ტერიტორიაც ოკუპირებულია. რა გზით შეიძლება, საქართველომ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა?

    ბეტინა კადენბახი: ვფიქრობ, ისტორიული შედარებებისას ყოველთვის საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. გერმანიის გაყოფა ხომ სხვა ისტორიულ ფონზე მოხდა და მას თავისი სპეციფიკური მიზეზები ჰქონდა. ასევე სფეციფიკური იყო გერმანიის გაერთიანებისაკენ მიმავალი გზაც.

    ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან გვიხარია და მადლობლები ვართ, რომ 1989 და 1990 წლებში პოლიტიკური პირობების შექმნა მოხერხდა, რათა განხორციელებულიყო გერმანიის გაერთიანება, რომელიც დასავლეთგერმანული ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციაში 1949 წლიდან, ანუ 41 წლის განმავლობაში, დაპირების სახით იყო პრეამბულაში დაფიქსირებული.

    საქართველოს შემთხვევაში ძნელია რამე მზა რეცეპტის შეთავაზება. ჩვენი აზრით, ძალიან დიდ როლს თამაშობს ჟენევის მოლაპარაკებები, რომლებიც ქმნის ჩარჩოს, სადაც კონფლიქტის ყველა მხარე ერთ მაგიდას უზის. ჩვენ მხარს უჭერთ შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს და მივესალმებით ინიციატივებს, რომლებიც კონფლიქტის მხარეებს ერთმანეთთან აახლოვებს.

    "რ": საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას ცდილობს და ამ მხრივ 2016 წელი მეტად მნიშვნელოვანია. გთხოვთ კონკრეტულად გვითხრათ, რა შანსები აქვს საქართველოს მომავალ წელს მიიღოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და მაპი ნატოს ვარშავის სამიტზე?

    ბ.კ: საქართველომ ვიზალიბერალიზაციის გზაზე ძალიან ბევრს მიაღწია. მაგრამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ შენგენის ყველა სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში.

    მანამდე ევროკავშირის კომისიამ უნდა წარადგინოს თავისი ანგარიში რეკომენდაციებით ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ეს 15 დეკემბერს მოხდება - მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მონაწილე ქვეყნებში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.

    რაც შეეხება ნატოს: საქართველოს მომავალშიც იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ გერმანია ისევ გააგრძელებს საქართველოს ნატოსთან დაახლოების მხარდაჭერას. ტაქტიკური საწვრთნელი ცენტრის (ოწშტე ეკფშტშტპ ფტვ უმფდგფეშწტ სუტეკუ - ოეუს) გახსნა ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის თანდასწრებით ძალიან მინიშვნელოვანი მოვლენა იყო.

    ეს ცენტრი არის ნატოს მხრიდან მკაფიო ნიშანი და ერთობლივი წვრთნები თავის წვლილს შეიტანს ქართული შენაერთების ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და რეგიონის პარტნიორი სახელმწიფოების საჯარისო დანაყოფებთან ერთობლივი მოქმედებისას თავსებადობის ხელშეწყობის პროცესში.

    გარდა ამისა ნატოს ბოლო სამიტმა უელსში საქართველოს გაუხსნა ნატოსთან კიდევ უფრო მეტად დაახლოვების სხვა შესაძლებლობები. საქართველოსა და ნატოს შორის ერთობლივი მოქმედების ფარგლებში შემუშავებულ იქნა თორმეტი პროექტისაგან შემდგარი პაკეტი.

    ეს ეგრეთ წოდებული "თგითეფტეშფდ ტფეწ-პუწკპშფ ზფსლფპუ" ახლა ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს ფართო მხარდაჭერით იქნება საქართველოში განხორციელებული. ეს პაკეტი ნატოს პარტნიორისთვის უნიკალურია თავისი მოცულობითა და სიღრმით! საქართველოსთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას უელსში ნატოს სამიტზე მიღებული პაკეტის განსახორციელებლად.

    ახლა ნაადრევია იმ გადაწყვეტილებებზე საუბარი, რომლებიც მიღებულ იქნება ნატოს შემდეგ სამიტზე ვარშავაში.

    "რ": ახდენს თუ არა რუსეთის ფაქტორი ზეგავლენას ამ პროცესებზე?

    ბ.კ: ერთი რამ სრულიად ნათელია: ალიანსის წევრობის საკითხში არ არსებობს მესამე ქვეყნების მიერ ვეტოს დადების უფლება.

    ეს არის დაფიქსირებული ასევე 1949 წლის ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში, რომლის მე-10 მუხლში წერია, რომ წევრ სახელმწიფოებს ერთხმად შეუძლიათ თანხმობა განაცხადონ ალიანსში ისეთი ქვეყნის გაწევრიანებაზე, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ნატოს ხელშეკრულების პრინციპებს და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების საკითხში.

    ამგვარად გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები - ოღონდ ეს გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნეს მიღებული.

    "რ": როგორ აფასებთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და რა მთავარ პრობლემებს ხედავთ ამ მიმართულებით?

    ბ.კ: ჯერ საკმარისი დრო არ ვარ რომ ეს პროცესები გადაჭრით შევაფასო, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველომ უკვე განვლო დემოკრატიზაციის ძალიან შთამბეჭდავი გზა მას შემდეგ, რაც 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

    2003 წლის მშვიდობიანი რევოლუცია, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება, 2014 წელს წარმატებულად ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადებითად იქნა შეფასებული, მხოლოდ რამდენიმე ეტაპია ამ გზაზე. ასევე წინ მიდის ინსტიტუციური ჩამოყალიბების პროცესები.

    ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ თავის თავზე აიღო სხვა შემდგომი რეფორმების გატარების ვალდებულება.

    როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანული საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებაზე ვფიქრობ, ვხვდები, რამდენად დადებითი როლი ითამაშა მაშინ აქტიურმა და ძირითადად კონსტრუქციულმა დიალოგმა სახელისუფლებო თუ ოპოზიციურ, პარტიებს შორის.

    ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარმა მოვლენებმა ჩემი აზრით გვიჩვენა, რომ ასეთი დიალოგისადმი მზადყოფნა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში იმდენად არ არის გამოკვეთილი, როგორც ეს ქართული საზოგადეობის მრავალფეროვნებას შეესაბამება.

    ეს გულისხმობს ასევე ყველა პოლიტიკური ძალის მიდგომას მედიასთან. თავისუფალ მედიას, რომელსაც "მეოთხე ძალაუფლებას" ვუწოდებთ, დიდი, აუცილებლად გასათვალისწინებელი მნიშვნელობა აქვს ცოცხალი, მოქმედი დემოკრატიისათვის.

    "რ": როგორ ვითარდება ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის სადღეისოდ. რა კეთდება საიმისოდ, რომ ჩვენს ხალხებს შორის მეტი კონტაქტის საშუალება იყოს?

    ბ.კ: ურთიერთობები საუკეთესოა და ძალიან დინამიკური. გერმანიამ 1992 წლის აპრილში დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საელჩო გახსნა. გერმანიის საელჩოში დღესაც მუშაობენ კოლეგები, რომლებიც მაშინ მოვიდნენ საელჩოში სამუშაოდ, რითიც რა თქმა უნდა ძალიან ვამაყობთ.

    ჩვენი კულტურული ურთიერთობებიც საუკეთესოა. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ მრავალი კულტურული პროექტი, რომლებსაც ვანხორციელებთ, ასევე დაახლოებით 2300 ქართველი სტუდენტი, რომლებიც ამჟამად გერმანიაში სწავლობენ, მაგრამ ასევე გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ახალი შენობის დაგეგმილი მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი გადასცა.

    ეკონომიკური თვალსაზრისით თანამშრომლობისათვის კარგი საფუძველი შევქმენით და მისი კიდევ უფრო განვითარება გვსურს. განვითარების სფეროში არსებული თანამშრომლობის კუთხით გერმანია საქართველოში რიგით მეორე დონორს წარმოადგენს.

    ჩვენი მთავარი სფეროები აქ არის: გარემოს დაცვა, ენერგია, სამართლებრივი სახელმწიფო და კომუნალური განვითარება - ეს არის სფეროები, რომლებსაც ადამიანებისათვის უშუალოდ მოაქვთ სარგებელი.

    ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. ჩვენ გამოვგზავნეთ ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებით დაინიშნა, რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვითუნარიანობა და მისი ნატოსთან თავსებადობა.

    ჩვენ წარვადგენთ ასევე პროექტის ხელმძღვანელს ვში-სკოლის ("ვუაუტთუ შტთეშეგეშწტ იგშდვშტპ თსრწწდ") ჩამოსაყალიბებლად და მონაწილეობას მივიღებთ ტრენინგებისა და ევალუირების ერთობლივი ცენტრის მუშაობაში, რომელიც გაიხსნა ნატოს გენერალური მდივნის სტოლტენბერგის თანდასწრებით.

    გარდა ამისა, ჩვენ თავიდანვე ვიღებთ მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ეს გვიჩვენებს, რომ საქართველო და გერმანია ერთად ინტენსიურად მუშაობენ სხვადასხვა სფეროში.

    "რ": ევროპისათვის ახლა ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი ლტოლვილების თემაა, რომელთა უდიდესი ნაწილისთვის დანიშნულების ძირითადი პუნქტი სწორედ გერმანიაა. თუ აქვს ევროკავშირს შემუშავებული გეგმა, როგორ გაუმკლავდეს ამ პრობლემას მაშინ, როდესაც თავად წევრ ქვეყნებს ამ საკითხისადმი განსხვავებული პოზიციები აქვთ?

    ბ.კ: ლტოლვილების აქტუალური კრიზისი ევროკავშირის ქვეყნებისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამ საკითხში მართლაც არსებობს სხვადასხვა აზრი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დიალოგი.

    ძირითადად ამ დიალოგით ხდება პოზიციების შეჯერება, როგორც ეს გვიჩვენა ამას წინათ გამართულმა მინი-სამიტმა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრას დიდი იმედებით არ უყურებდნენ, მაინც მოხერხდა 17-პუნქტიანი შეთანხმების მიღწევა და ახლა დაგეგმილია მისი ერთობლივად განხორციელება.

    გარდა ამისა დეკემბერში დაგეგმილია სამიტი ევროკავშირსა და აფრიკულ ქვეყნებს შორის, რათა ლტოლვილების საკითხი ამ ფორმატშიც იქნეს განხილული. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯებია იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ პრობლემის გადაჭრის საკითხში.

    "რ": როგორ აფასებს გერმანია ბოლო პერიოდში სირიაში განვითარებულ მოვლენებს. ვგულისხმობ რუსეთის ჩაბმას საომარ მოქმედებებში და მისი თვითმფრინავების მხრიდან ნატოს წევრი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას. როგორ აპირებს ალიანსი, დაიცვას თავისი წევრები?

    ბ.კ: რუსულმა ჩარევამ კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია სირიაში. ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა დონეზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს პრობლემის მოსაგვარებლად. ნატოს ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ალიანსმა უკვე გააკეთა მკაფიო განცხადება და აქ დასამატებელი არაფერი მაქვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter