სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თაია არდოტელი
    23.04.2015

     პრორუსული ჯგუფების შესამჩნევი გააქტიურების ფონზე შეიცვალა თუ არა ხალხის განწყობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით? ამ კითხვით "რეზონანსმა" მიმართა პოლიტოლოგსა და სოციოლოგს, რომლებსაც, მართალია, დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკების მიმართ გააჩნიათ სიმპათია, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ბევრი ობიექტური ფაქტორისა, საქართველოში საგარეო პოლიტიკის კუთხით მოსახლეობის განწყობა არ შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველი.

    "ასეთი (პრორუსული) მოსაზრებები ადრეც იყო, მაგრამ ხმამაღლა ნაკლებად გამოითქმებოდა. მსგავსი ტიპის მტკიცებისთვის რაოდენობრივი ტიპის კვლევებია საჭირო," - ამბობს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია.

    შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში, პრორუსული ძალების გააქტიურებაზე რამდენიმე დღის წინ "რეზონანსთან" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც საუბრობდა.

    "კონკრეტული ჯგუფები რეგიონებში ძალიან აქტიურად ეწევიან ნატოსა და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდას. ხვდებიან მოსახლეობას, ბეჭდავენ ბუკლეტებს, სადაც შერჩეული სამიზნე ჯგუფებისთვის კონკრეტული გზავნილებია იმ "უარყოფით" შედეგზე, რასაც რეგიონის მოსახლეობას ასოცირებისა თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეუქმნის. მსგავსი კამპანია კი განსაკუთრებულით ეფექტურია, რადგან ადამიანებს იმ გზავნილებით და იმ ენაზე ესაუბრებიან, რაც მათთვის გასაგები და მნიშვნელოვანია," - უთხრა "რეზონანსს" გიგაურმა.

    ნიუ იორკის გამოცემა "ევრაზიანეტმა", რომელიც პოსტსაბჭოეთის ამბებს აშუქებს, რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა პოლ რიმპლის სტატია სათაურით "რამდენად ძლიერია რუსეთის "რბილი ძალა" საქართველოში", სადაც ავტორი წერს, თითქოს საქართველოში იზრდება იმედგაცრუება დასავლეთის მიმართ და ძლიერდება პრორუსული განწყობა.

    "საქართველოში ბოლო დროს თავი წამოჰყვეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთაც "ნატოსაკენ აღებული ბილეთის" გაუქმება სურთ," - წერდა გამოცემა.

    შეინიშნება თუ არა ქვეყანაში პრორუსული ძალების მომრავლება, გაიზარდა თუ არა ხალხში ნატოს საწინააღმდეგო, პრორუსული განწყობა, ან თუ არსებობს ამის საშიშროება - "რეზონანსი" ამის შესახებ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარეს, გია ნოდიასა და საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელს, ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.

    მიუხედავად იმისა, ეს ორი სპეციალისტი პოლიტიკური სიმპათიებით საპირისპირო ბანაკებს წარმოადგენენ, ორივე სკეპტიკურად უყურებს მოსაზრებას, თითქოს საქართველოს მოსახლეობაში რუსეთის მიმართ განწყობა საგრძნობად შეიცვალა.

    "ასეთი (პრორუსული) მოსაზრებები ადრეც იყო, მაგრამ ხმამაღლა ნაკლებად გამოითქმებოდა. მსგავსი ტიპის მტკიცებისთვის რაოდენობრივი ტიპის კვლევებია საჭირო. მე ვერ ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით რომელიმე რაოდენობრივი კვლევა ამას ადასტურებდეს, - ამბობს გია ნოდია, - მაგალითად, აირაის მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთს კვლავ მტრად ან საფრთხის წყაროდ განიხილავს, ხოლო მოქალაქეთა თითქმის იგივე მაჩვენებელი, რაც წინა წლებში იყო, დაახლოებით, 70-80%, ისევ ევროინტეგრაციასა და ნატოში ინტეგრაციას უჭერს მხარს.

    "რაც შეეხება ზოგადად ამ თემის გააქტიურებას, მსგავსი შეხედულებების უფრო თამამად გამოხატვა შეიძლება მთავრობის შეცვლას დავუკავშიროთ, რადგან სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამის თქმა შეიძლება ეშინოდათ ან ერიდებოდათ. შეიძლება რუსეთის გააქტიურებითაც იყოს გამოწვეული, რომელიც ამ მესიჯების გამავრცელებელ გარკვეულ ჯგუფებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს.

    "უნდა ითქვას ისიც, რომ შეიძლება ამ თემის გააქტიურებამ მართლაც გამოიწვიოს საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაძლიერება. თუმცა მიმაჩნია, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება წლების განმავლობაში იმდენად სტაბილური იყო, რომ ასე მარტივად არ შეიცვლება," - ამბობს გია ნოდია.

    საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის "ფსიქო პროექტის" დამფუძნებლის, ზურაბ ბიგვავას თქმით კი, კვლევის ჩატარების გარეშე მოქალაქეთა განწყობის ცვლილებაზე საუბარი არასერიოზულია.

    "შეიძლება ტენდენციაზე ვისაუბროთ, რომ ბოლო ხანებში რაღაც არასამთავრობოები გაჩნდა, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ეს შეიძლება მედიის თავისუფლების ხარისხის ამაღლებითაც იყოს გამოწვეული. ისეთი გამოცემები გაჩნდა, რომლებიც რუსეთის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავენ. ეს უფრო დემოკრატიის მაჩვენებელია, ვიდრე იმის, რომ მოსახლეობამ დამოკიდებულება შეიცვალა. მაგრამ კვლევის ჩატარების გარეშე განწყობის ცვლილებაზე საუბარი არასერიოზული და არაპროფესიულია.

    "ყოველთვის არსებობდა რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი ჯგუფები, თუმცა ისინი ხმას არ იღებდნენ და არც საშუალება ჰქონდათ, რომ ბევრი ელაპრაკათ. დღეს კიდევ მედია- საშუალებებში სრული თავისუფლებაა. ერთი ტიპის მედიასაშუალება რომ იყოს, მაშინ შეიძლება საფრთხეებზეც ვისაუბროთ, რომ პრორუსული განწყობის გაზრდაზე საუბარი მოსახლეობის განწყობას შეცვლის, თუმცა ჩვენთან მედიასაშუალებები ძირითადად ქვეყნის დასავლურ კურსზეა ორიენტირებული, ამიტომ იმის ალბათობა, რომ საზოგადოებაში რუსეთისა და ევროპის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, მცირეა," - აღნიშნა ბიგვავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    Simon   (24.04.2015)
    xalxi brboa!

    dato   (24.04.2015)
    aba genaxat arasamtavrobo organizacia erisshvilebi.ge da mixvdebit rac unda knas xalxma


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×