ირაკლი ღარიბაშვილი: "სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათ მიმართ, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას"
თაკო მათეშვილი
10.04.2015

 ხელისუფლების პირობას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელის მკვლელობის გამო კრიმინალურ სამყაროს უმკაცრესი პასუხი გაეცემა, იურისტები, უფლებადამცველები და ექსპერტები უსაფრთხოების საკითხში აკრიტიკებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ "უმკაცრეს პასუხში" პოლიციისათვის უფლებების გაზრდა, ან რამე დამატებითი ღონისძიებების გატარება არ იგულისხმება.

მათი ნაწილი აცხადებს, რომ სახელმწიფოსა და პოლიციას ისედაც საკმარისი უფლება, რესურსი და ყველა ხელშემწყობი ფაქტორი აქვს იმისათვის, რომ კრიმინალს ებრძოლოს, ჩადენილი დანაშაული გამოიძიოს და დამნაშავეები სათანადოდ დასაჯოს. ნაწილი კი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე გვესაუბრება, რაც სახელმწიფომ ასეთი შემთხვევების დროს უნდა გადადგას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამნისტიით გათავისუფლებულებს, რომელთაც სახელმწიფოს ჰუმანური ნაბიჯი ვერ დააფასეს, დაჰპირდა, რომ სახელმწიფო მათ მიმართ დაუნდობელი იქნება.

"ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს იქნენ შეწყალებულნი, ეს ვერ დააფასეს, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, მე პირობას ვაძლევ ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, რომ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი მათი მისამართით. ამის პირობას ვდებ საჯაროდ და აქვე გეტყვით, რომ ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენ შორის, ჩვენს ხალხს შორის. მე დავავალე უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველას, რომ მაქსიმალურად დროზე გაასუფთავონ ყველა ასეთი კრიმინალი ჩვენი საზოგადოებიდან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა."ყველა დანაშაულს, რომელსაც კრიმინალური სამყარო განიზრახავს, უმკაცრესი პასუხი გაეცემა", - ეს განცხადება კი ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა, რომელიც ქაშუეთის ტაძარში მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მსგავსი შინაარსის განცხადებები, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი მაღალჩინოსნისაგან მოვისმინეთ. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ არაა გამორიცხული, ხელისუფლებამ კრიმინალის აღსაკვეთად ისეთ ღონისძიებებს მიმართოს, როგორიც რეიდებია.

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტები და იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონის მხრივ ყველაფერი წესრიგშია და რომ მისი გამკაცრება, ან შეცვლა საჭირო არაა. მათი აზრით, მონდომების შემთხვევაში, სახელმწიფო კრიმინალს არსებული კანონმდებლობის ფარგლებშიც დაარეგულირებს.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ხელისუფლება დანაშაულს დემოკრატიული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების აბსოლუტური დაცვით უნდა ებრძოლოს. სხვა შემთხვევაში კი, მისი თქმით, საქართველო ისეთივე გახდება, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს - როცა კრიმინალის დონე დაბალი იყო, მაგრამ ადამიანები თავს დაცულად მაინც არ გრძნობდნენ.

"დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა აბსოლუტურ შესაძლებლობას იძლევა იმისა, რომ ყველა საქმე და ყველანაირი კრიმინალი, რაც ქვეყანში ხდება, გამოძიებულ იქნას, დამნაშავე კი - სათანადოდ დასჯილი. ამისათვის ყველა პირობაა შექნილი.

"თუ ჩვენ პოლიციური სახელმწიფოს შექმნა და იმ წარსულში დაბრუნება გვინდა, რომლიდანაც ძლივს გამოვედით, სხვა საქმეა. ასეთი ხელისუფლება უკვე გვყავდა. ვინმეს თუ იმის დაკანონება უნდა, რასაც ისინი უკანონოდ აკეთებდნენ, არ ვიცი", - აცხადებს კაკაბაძე.

იგი პოლიციისათვის უფლებების გაზრდის წინააღმდეგია და ამბობს, რომ ის უფლებებიც აბსოლუტურად საკმარისია, რაც დღეისათვის გააჩნია. მეტი უფლების მინიჭება კი, მისი თქმით, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიციურ და ტირანულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ.

"პოლიციას უფლებები თუ გაეზრდება, დემოკრატიას პრობლემები შეექმნება და ამ უფლებების ისევ ჩამორთმევას მოვინდომებთ, რაც ძალიან ძნელი იქნება. მერე კი, ეს ძალაუფლება რომელიმე მთავრობამ შესაძლოა ძალიან ცუდად გამოიყენოს და ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ის, რაც დაკანონებული იქნება, აღარ შეცვალოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარებაა, პოლიციისთვის უფლებების გაზრდა არ უნდა მოვითხოვოთ, ეს ძალიან სარისკოა. სახელმწიფომ კეთილი ინებოს და კრიმინალი იმ უფლებების ფარგლებში აღმოფხვრას, რაც დღეს გააჩნია", - აღნიშნავს უფლებადამცველი.

მოსაზრებას ეთანხმება იურისტი, "პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" ხელმძღვანელი ამირან გიგუაშვილიც. ამბობს, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ და საზოგადოების დაცვის საბაბით პოლიციას იარაღის ნებისმიერ დროს გამოყენების უფლება არ უნდა მივცეთ.

მისი თქმით, მათ ისედაც საკმარისი უფლებები აქვთ და ის, რაც მოხდა, კანონის პრობლემურობის გამო არ მომხდარა. ფიქრობს, რომ სისტემური ცვლილებები არაა განსახორციელებელი და სახელმწიფომ ზომიერების პრონციპი უნდა დაიცვას, რათა დაცულად თავს პოლიციაც გრძნობდეს და საზოგადოებაც.

"არანაირად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებულად მკაცრი ღონისძიებები უნდა გაატაროს და რეიდების ჩატარება ან რამე მსგავსი დაიწყოს. არც ნულოვანი ტოლერანტობის დაბრუნებას ვემხრობი. მე ვეთანხმები კანონიერებას, წესრიგს, დისციპლინასა და პროფესიონალიზმს. სწორედ ამ კრიტერიუმების შეჯერებით მიიღწევა ქვეყანაში უსაფრთხო გარემო.

"ქუჩაში ადამიანებს და მათ შორის პოლიციელებს თუ ხოცავენ, ეს რეიდების ჩატარებითა და კანონების გამკაცრებით არ გამოსწორდება. ამას პროფესიონალიზმის ამაღლებით ეშველება. პოლიციელებს ისედაც საკმარისი უფლებები აქვთ იმისათვის, რომ საკუთარი თავი ან მოქალაქეები დაიცვან", - აღნიშნავს ამირან გიგუაშვილი.

განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს ჩვენთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია და ამბობს, რომ კრიმინალთან ბრძოლის საკითხს სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს. პირველ რიგში, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინსტროში რეფორმებია საჭირო.

"აუცილებელია გაიმიჯნოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემები. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფორმატში კრიმინალთან ბრძოლის მობილური ინსტიტიტუტები უნდა შეიქმნას. მაგალითად, სამინისტროში არსებობდეს სადაზვერვო სისტემა, რომელიც სწორედ დანაშაულის პრევენციაზე იმუშავებს. ასევე ანალიტიკური სამსახურები უნდა შეიქმნას, რომელიც ინფორმაციას დაამუშავებს და ა.შ.

"გარდა ამისა, თავად პოლიციელებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მათი უსაფრთხოება მეტად იყოს დაცული. პირველ რიგში, ჯავშანჟილეტებია აუცილებელი. რაც შეეხება რეიდებს, ზომიერების ფარგლებში ის ცუდი არაა. მთავარია, მან მასობრივი ხასიათი არ მიიღოს. თუკი ეს საზოგადოებას დაიცავს, ალბათ არც ხალხი იქნება წინააღმდეგი", - აცხადებს "რეზონანსთან" მაისაია.

მოგეხსენებათ, შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით შალვა აბულაძე შეაჩერეს. აბულაძემ მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. იგი გუშინ დაკრძალეს. ვალერიან გრძელიშვილს კი სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.

მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შალვა აბულაძის დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×