
სოხუმის აეროპორტიდან რეისები მაისიდან განხორციელდება. ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა, 26 მარტს კრიტიკით უპასუხა. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ქართულმა მხარემ საჭიროა კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას.
საქართველოს საავიაციო სააგენტოს კომენტარი სააგენტო BMG-მ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს".
აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში წერია:
„ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შაბლონური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობისგან შორს მყოფი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც მოსაწყენი გახდა და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელისუფლების მორიგი თავდასხმები შეუქცევადი პროცესების შეფერხების მცდელობას წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის მაისში დაიწყება. საცდელი ფრენა აფხაზეთის მიმართულებით ავიაკომპანია „UVT Aero"-მ განახორციელა.
2023 წლის ზაფხულში „UVT Aero"-ს ყაზახეთის რეისზე საქართველომ არ გასცა ნებართვა, რომელსაც ქვეყანაში ფეხბურთელები უნდა ჩამოეყვანა. მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანია სანქციების ქვეშ იმყოფებოდა და ევროკავშირის შავ სიაში იყო შეტანილი და შეზღუდვები მის თვითმფრინავებზეც ვრცელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 12 თებერვალს პირველად 32 წლის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში სამოქალაქო თვითმფრინავი პირველად დაჯდა.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.
რეისების მიმართულება, დანიშნულება და მიზანი
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სოხუმიდან რეისები მხოლოდ რუსეთის მიმართულებით განხორციელდება.
„ვფიქრობ, ვარაუდი არ სჭირდება, თუ სად განხორციელდება სოხუმიდან ფრენები. ერთადერთი სახელმწიფო იქნება რუსეთი - ვერსაიდან ვერ განხორციელდება სხვა რეისები, რადგან ამას არ მისცემს ნებართვას საერთაშორისო სამართალი.
იქნება მხოლოდ შიდა რეისები რუსეთის ფარგლებში. არავითარი საერთაშორისო კავშირი მას არ ექნება. ასეთი რეისები ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც არაღიარებულია ტერიტორიები და ერთი ქვეყნიდან ხდება ფრენები. ასე რომ, ვფიქრობ, ამას ბევრი ფილოსოფოსობა არ სჭირდება."
ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ აეროპორტის და განხორციელებული რეისების ძირითადი მიზანი „დასანქცირებული ნივთების" რუსეთამდე მიტანა იქნება.
„რუსეთი განახორციელებს კვირაში ერთ-ორ რეისს მოსკოვიდან, როსტოვიდან. ამ აეროპორტის ძირითადი დატვირთვა არა სამგზავრო, არამედ სატვირთო იქნება. ამ აეროპორტიდან მიიღებენ და გაუშვებენ აკრძალულ, დასანქცირებულ ნივთებსა და საქონელს, რომელიც აფხაზეთში მოხვდება. გალში უკვე სპეციალური ტერმინალი შექმნილია. რუსულ ტვირთებს დააფასოებენ და რკინიგზით წაიღებენ რუსეთში. თუმცა სასწრაფო და გადაუდებელ ნივთებს, შორსმავალ საქონელს ისევ გაუშვებენ თვითმფრინავებით - ამისთვის არის გაკეთებული ეს აეროპორტიც.
რეისები, რა თქმა უნდა, ზაფხულში იქნება, როცა გაიხსნება ტურისტული სეზონი. რუსული რეისები დაჯდება სოხუმში. სავსებით შესაძლებელია, კვირაში 2-3 რეისი იყოს " - განაცხადა ზაქარეიშილმა
პაატა ზაქარეიშვილმა აეროპორტის პოლიტიკურ მნიშნელობაზეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეისების განხორციელება და აეროპორტის ამუშავება, უკვე არის პოლიტიკის ნაწილი.
„პოლიტიკური მნიშვნელობა ამ აეროპორტის ამუშავებაში უკვე არსებობს. უკვე არის გამოკვეთილი,ფაქტობრივად, საქართველო თმობს აფხაზეთს და უთმობს რუსეთს - ეს ყველაფერში ჩანს.
„რუსეთი ახორციელებს ანექსიურ პოლიტიკას. საქართველო არ აღიარებს აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ ამავე დროს დუმს - არც აღიარებს და არც პროტესტს გამოთქვამს. ეს აეროპორტიც ამ პროცესის ნაწილია.
„თუ ვეძებთ პოლიტიკურ განზომილებას, ეს უკვე არსებობს და გაგრძელდება კიდეც. ვფიქრობ, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს გარკვეული შეთანხმება - ალბათ, უფრო ზეპირი. საქართველო არ შეუშლის ხელს რუსეთს, აითვისოს აფხაზეთი და არ დაგმობს ამ პროცესს."
ზაქარეიშილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან კონკრეტული ზემოქმედება საჭიროა, რომელიც მკაფიო მესიჯებში გამოიხატება, რაც მსოფლიოს დაანახებს, რომ საქართველო აფხაზეთისთვის „ბრძვის."
„რაც შეეხება ზემოქმედების ბერკეტებს, ვფიქრობ, ეს აუცილებელია და საჭიროა. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველო აფხაზეთისთვის იბრძვის. თუ საქართველოს არ ადარდებს, მაშინ მსოფლიოს რატომ უნდა ადარდებდეს? სწორედ ესაა მთავარი საფრთხე. თავისი დუმილით საქართველო ხელს შეუწყობს არაღიარების პროცესების გაღრმავებას" - განაცხადა ზაქარეიშილმა